„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016499
11
21/04/2023
ვებგვერდი, 24/04/2023
010250050.35.149.016499
„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2023 წლის 21 აპრილი

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 010250050.35.149.016493) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1-ლ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.   კასპის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება და დადგინდეს ამ წოდების მინიჭების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს  წესი  განსაზღვრავს  კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.

 2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდება მისივე თანხმობით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი  შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტთან  მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

3.  კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.


მუხლი 2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.


მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი  კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის  კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების უფლება ენიჭება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.

4.  კასპის მუნიციპალიტეტის მერი  „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  ბრძანების სახით.

5.  კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის ფორმას:

ა)  ბრძანებით ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) დამზადებას უზრუნველყოფს  კასპის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას შესაბამისი კანდიდატურის სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ კანდიდატურის წარმდგენი  კასპის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას, კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათს ზომით 3X4 და   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს.

2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია. 

3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე კასპის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს  კასპის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება  კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.

5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „კასპის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის  ვებგვერდზე.

6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს  კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები,  თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).


მუხლი 5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების საფუძვლები
1. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება გაუქმდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:  

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;  

ბ) ქმედება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება ასევე შესაძლებელია საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის საკუთარი სურვილით.

3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების უფლება აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.