„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 30-77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016726
30-77
01/04/2023
ვებგვერდი, 12/04/2023
480610000.03.030.016726
„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,           

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის მიზნით,           

ესწრაფვიან რა, განავითარონ თანამშრომლობა ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში, ამასთან ხელმძღვანელობენ რა ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პრინციპებითა და ნორმებით,

აღიარებენ რა, შეთანხმებული მუშაობის აუცილებლობას ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში,

ხელმძღვანელობენ მხარეთა სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესებით,

თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეთა შორის თანამშრომლობა ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში ხორციელდება ამ შეთანხმებისა და მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები არიან:

საქართველოს მხრიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

უზბეკეთის მხრიდან – უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური რეგულირების სააგენტო.

ზემოთ მითითებული ორგანოების სახელის ან ფუნქციების ცვლილების შემთხვევაში, მხარეები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 3

  1. მხარეები, ურთიერთაღიარებენ რა სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისა და შესაბამისობის შეფასების მოქმედ ეროვნულ სისტემებს, ამ შეთანხმების მე-2 მუხლში განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფენ თანამშრომლობას, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით:
  1. ტექნიკური რეგულირება:

ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო მოთხოვნებს;

ინფორმაციის გაცვლა მოქმედი ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების შესახებ.

  1. სტანდარტიზაცია:

ეროვნული სტანდარტების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე;

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სტანდარტიზაციის სფეროში.

  1. შესაბამისობის შეფასება:

მხარეები აღიარებენ მეორე მხარის აკრედიტებულ და/ან დასახელებულ (უფლებამოსილ) შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს, საგამოცდო ლაბორატორიებსა და ცენტრებს, მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს და გამოცდის შედეგებს ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე;

პროდუქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი, ხოლო შესაბამისობის შეფასების სამუშაოების შედეგების უტყუარობაზე – აკრედიტებული და/ან დასახელებული (უფლებამოსილი) ორგანო;

მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ იმ იმპორტირებული პროდუქციის შერჩევითი კონტროლი, რომელზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, მხარეთა  კანონმდებლობის შესაბამისად. პროდუქციაში ისეთი ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მის გამოყენებას სახიფათოს ხდის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, საკუთრების ან გარემოსათვის, მხარეები მიმართავენ მათი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამის ზომებს.

  1. მეტროლოგია:

მხარეები აღიარებენ:

ტიპის დამტკიცების, დამოწმების, დაკალიბრების, გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური ატესტაციის სახელმწიფო გამოცდების შედეგებს (სერტიფიკატებს, მოწმობებს);

უფლებამოსილ და აკრედიტებულ ლაბორატორიებსა და ცენტრებს, რომლებიც ახორციელებს გაზომვის საშუალებების დამოწმებას, დაკალიბრებას, მეტროლოგიურ ატესტაციას;

ნივთიერებათა და მასალათა შემადგენლობისა და თვისებების სტანდარტულ ნიმუშებს, სტანდარტულ საცნობარო მონაცემებს ფიზიკურ მუდმივებსა და ნივთიერებათა და მასალათა თვისებების შესახებ, ორივე მხარის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სიდიდეთა ერთეულის სახელმწიფო ეტალონებს.

  1. ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება საქართველოსა და უზბეკეთის ტერიტორიაზე წარმოებულ პროდუქციაზე.

მუხლი 4

მხარეები შეთანხმდნენ გაცვალონ:

  1. ინფორმაცია საკანონმდებლო აქტების შესახებ, ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში;
  1. სასწავლო პროგრამები, სემინარები და კონფერენციების პროგრამები ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში.

მუხლი 5

მხარეები ითანამშრომლებენ კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, სპეციალისტთა გაცვლის, საწარმოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების საკითხებზე ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში სამუშაოების ორგანიზებისათვის და უზრუნველყოფენ ხელსაყრელი პირობების შექმნას ამ ურთიერთთანამშრომლობისათვის.

მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობას, მიღწეული სამეცნიერო-ტექნიკური შედეგების შესახებ, თუ გადამცემი მხარე აფრთხილებს ასეთი კონფიდენციალურობის შესახებ.

დოკუმენტაცია და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა მხარემ მიიღო თანამშრომლობის პროცესში ამ შეთანხმების ფარგლებში, შეიძლება მესამე მხარეს გადაეცეს, მხოლოდ ამ დოკუმენტაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გადმომცემი მხარის წერილობითი თანხმობით.

მუხლი 7

მოცემული შეთანხმების დებულებების რეალიზაციისათვის ამ შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებულ ორივე მხარის უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი უწყებათაშორისი დოკუმენტები.

მუხლი 8

ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებაში მხარეებს შორის წარმოშობილი დავა და უთანხმოება გადაწყდება მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 9

ეს შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან.

მუხლი 10

მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 11

ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის დაფინანსება ხორციელდება მოცემული შეთანხმების მე-2 მუხლში განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

მუხლი 12

1. წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუკი ერთ-ერთი მხარე მორიგი ვადის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებას წყვეტს საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 28 მაისის შეთანხმება.

შესრულებულია ქ. ტაშკენტში, 2023 წლის 1 აპრილს, ორ დედნად, თითოეული  ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერ მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ჯამშიტ ხოჯაევი

ვიცე-პრემიერ მინისტრი