ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/1697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016809
2/3/1697
17/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
000000000.00.000.016809
ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/3/1697

2023 წლის 17 მარტი

  ბათუმი

 

  

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-12, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1697) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1697 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 6 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.

2. №1697 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია ესაა ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა წარმოადგენს ისეთ სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ტოტალიტარულ რეჟიმს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, მე-12 მუხლით რეგლამენტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მე-17 მუხლით დაცულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლეების უფლებები, ხოლო 22-ე მუხლი უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებას.

5. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით განსაზღვრული კომუნისტური იდეოლოგიის განმარტების შინაარსი არ შეესაბამება იმ კომუნისტურ იდეებს, შეხედულებებსა და მიზნებს, რომლებიც გაცხადებულია კომუნისტური დოქტრინით. შესაბამისად, ადგილი აქვს კომუნისტური იდეოლოგიის მიზანმიმართულ დამახინჯებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ იქნება მიღებული, თუ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას.

3. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებს. სადავო ნორმები განმარტავენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასა და სიმბოლიკას. მისი პოზიციით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ კომუნისტური იდეოლოგიის დეფინიციით, ხდება კომუნისტური იდეებისა და მიზნების გამიზნული დამახინჯება. იგი მიუთითებს, რომ არც ერთი იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი არ განმარტავს კომუნისტურ იდეოლოგიას როგორც ტოტალიტარულს.

4. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ განსახილველი სადავო ნორმები შემოიფარგლება ტერმინთა განმარტებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/9/1477 განჩინება საქმეზე „ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-4). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. მისი მიზანი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ტერმინების -„კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის“ და „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის“ შინაარსის განსაზღვრაა. გასაჩივრებული რეგულაციები არ ადგენენ რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ ქმნიან უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ როგორ და რა ფაგლებში შეიძლება შეზღუდოს სადავო ნორმებმა სარჩელში მითითებული კონსტიტუციური უფლებები.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1697 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

        

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1697 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში