მიხეილ ქარელი და ეკატერინე ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიხეილ ქარელი და ეკატერინე ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/1695
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016808
2/2/1695
17/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
000000000.00.000.016808
მიხეილ ქარელი და ეკატერინე ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/2/1695

2023 წლის 17 მარტი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: მიხეილ ქარელი და ეკატერინე ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1695) მომართეს მიხეილ ქარელმა და ეკატერინე ქარელმა. №1695 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 21 აპრილს. №1695 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.

2. №1695 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მიხეილ ქარელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – შეცვალა პატიმრობით ორი თვის ვადით, გირაოს სახით შეტანილი თანხა 10000 ლარის ოდენობით გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ქონებას, კერძოდ, ეკატერინე ქარელის კუთვნილ ქალაქ გორში მდებარე საცხოვრებელ ბინას, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მდებარე გაიოზ ქარელისა და ზინა გოდერძიშვილის საცხოვრებელ სახლს და გაიოზ ქარელის კუთვნილ შპს „კომპლექტ გორის ბაზის“ ქონებას, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, მოეხსნა ყადაღა. აღნიშნული ქონება სსიპ – საფინანსო სააგენტოს მეშვეობით გადაეცა სახელმწიფოს.

6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, განაჩენისგან განსხვავებული საპროცესო დოკუმენტის ან სასამართლოს განკარგულების/განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, მოითხოვოს გირაოს შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინების გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ გირაოს შესახებ განჩინება უკანონოდ იქნა მიღებული. აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა №1683 კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც ითხოვს საპროცესო შესაძლებლობას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გაასაჩივროს განაჩენისგან განსხვავებული საპროცესო დოკუმენტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება, ხოლო განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საკუთრების უფლების დაბრუნების მატერიალური შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ითვალისწინებს ბრალდებული პირის მიერ გადახდილი გირაოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ან უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევას. სადავო ნორმის მიზნად კი მითითებულია ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რათა მან არ დაარღვიოს გირაოს პირობები/კანონი და არ მოხდეს მის მიერ უზრუნველყოფილი ქონების/თანხის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა. განსახილველ შემთხვევაში, მიხეილ ქარელის მიერ გირაოს პირობების დარღვევა მოხდა მისი პოლიტიკური დევნის გამო. შესაბამისად, სადავო ნორმატიული შინაარსის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება იმაზე მითითება, რომ ეკატერინე ქარელს, როგორც გირაოს თანხის გადამხდელს, ჰქონდა ვალდებულება, პოლიტიკური დევნის პირობებში, მოეხდინა საკუთარი ძმის - ბრალდებული მიხეილ ქარელის - სათანადო ქცევის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა ქონების დაკარგვის მოლოდინი.

8. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს, რომ №1683 კონსტიტუციური სარჩელი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე დავობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლისა და 3321 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, გაერთიანდეს №1695 კონსტიტუციურ სარჩელთან, რადგან მოცემულ სარჩელებში წარმოშობილი პრობლემა ურთიერთდაკავშირებულია.

 II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას უფრო მკაცრი ღონისძიებით. ასევე, ამავე განჩინებით, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელით, მიზნად ისახავს საკუთრების დაბრუნების მატერიალური შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მოსარჩელის პოზიციით მისი უფლებები ირღვევა იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ უშვებს, გირაო დარღვევის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და ქონების/თანხის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო გადახედვის შესაძლებლობას.

4. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების - გირაოს - შეცვლას უფრო მკაცრი ღონისძიებით და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხისა და უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევას. სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება გირაოს აღკვეთის ღონისძიების დარღვევისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების განსაზღვრით, და არ არეგულირებს ხსენებული განჩინების გადასინჯვის საკითხს. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებიდან ირკვევა, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ განჩინების გადასინჯვაზე უარი დაეფუძნა არა სადავო ნორმას, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310 და 3321 მუხლებს (იხ. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №3761-21, აბზაცი 11). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან.

5. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). სწორედ, სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ექცევა იმგვარი საკითხის მოწესრიგება, თუ რა ფორმითა და რა ფარგლებში შეიძლება მოითხოვოს პირმა სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა. საკუთრების უფლებასთან მიმართება კი შეიძლება, ჰქონდეს მოთხოვნას მაშინ, როდესაც პირი დავობს კანონმდებლის მხრიდან უშუალოდ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების არასწორად განსაზღვრაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ გირაოს პირობების დარღვევა არ უნდა იწვევდეს გირაოს სახით წარდგენილი თანხის/ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცევას. იგი მიუთითებს, მხოლოდ პროცედურული ასპექტის- გადაწყვეტილების გადახედვის შეუძლებლობის არაკონსტიტუციურობაზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ასევე არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება არც სადავო ნორმას და არც კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელთან მიმართებითაც მოსარჩელე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. შესაბამისად, №1695 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1695 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ქარელი და ეკატერინე ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

 მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში