„სს პსპ დაზღვევა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

„სს პსპ დაზღვევა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/16/1772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/03/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016806
1/16/1772
24/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
000000000.00.000.016806
„სს პსპ დაზღვევა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/16/1772

2023 წლის 24 მარტი

ქ. ბათუმი

 

  

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: „სს პსპ დაზღვევა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-11 მუხლთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1772) მომართა „სს პსპ დაზღვევამ“. №1772 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 27 თებერვალს. №1772 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 24 მარტს.

2. №1772 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3.      „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, „სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს“. ამავე წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უბრუნდება ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს. უფრო კონკრეტულად, ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება, თუ „ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კი განამტკიცებს თანასწორობის უფლებას.

5. №1772 კონსტიტუციური სარჩელის ავტორია იურიდიული პირი, რომლისთვისაც პრობლემურია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის ის რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმიდან მომდინარე სამართლებრივ შედეგებსა და ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისთვის უკან დაბრუნების შესაბამის პირობებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ამ წინადადების მიღების დაწყებიდან ნებისმიერ ეტაპზე, ის კარგავს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, რაც, მისი მოსაზრებით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებას ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის დანაწესიც, რომელიც კრძალავს ელექტრონული გარანტიის დაბრუნებას პრეტენდენტისთვის ისეთ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.

6. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების შეუსაბამობა/უზუსტობა, რაც ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და დაექვემდებარება ელექტრონული გარანტიის მისთვის უკან დაბრუნებას, წარმოიშობა დისკრიმინაციული ვითარება, კერძოდ, კონკრეტული ტენდერის სახეობიდან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში ერთი და იმავე საფუძვლით ელექტრონული გარანტია არ ექვემდებარება პრეტენდეტისთვის უკან დაბრუნებას, ხოლო მეორე შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერი ტარდება პრეკვალიფიკაციით ან ელექტრონული ტენდერის განსხვავებული წესით და მოქმედებს ელექტრონული გარანტიის უკან დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი.

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის მიზანია შესყიდვების პოზიტიური შედეგებით დასრულება, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ცალმხრივია და ფინანსური სანქციები და შეზღუდვები დაწესებულია მხოლოდ მიმწოდებლებისთვის, თუნდაც სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო შემსყიდველები აღჭურვილი არიან უფლებით, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ტენდერი ფინანსური სანქციების დაკისრების გარეშე.

8. მოსარჩელე მხარისთვის მისაღებია ის მოცემულობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენას. თუმცა კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ხარვეზია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე მიბმული ელექტრონული გარანტიის 1 (ერთი) პროცენტის ოდენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1772 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-11 მუხლთან მიმართებით.

9. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით მომართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისას და სასამართლო აქტების საჯაროდ გამოქვეყნებისას დაიფაროს მოსარჩელის პერსონალური მონაცემები.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

3.  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე.

4. განსახილველ შემთხვევაში, №1772 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია იურიდიული პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის მეორე წინადადებისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1772 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

6. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც კრძალავს ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისთვის უკან დაბრუნებას ამავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის შემთხვევაში.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „...თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით, ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქეების უფლება, თანასწორ პირობებში შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიზანია „უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე „იმსჯელებს იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტები საქართველოს მოქალაქეებს რომელიმე მითითებული ნიშნის მიხედვით აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/10/560 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიზანია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ქალი და მამაკაცი თანაბარი შრომითა და უნარებით თანაბარ წარმატებას მიაღწევენ. ხსენებული კი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს სქესთან დაკავშირებული და მისგან მომდინარე წარმატებისთვის ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს არ აღჭურავს უფლებამოსილებით, სათანადო ფაქტობრივი საჭიროების გარეშე გადაუხვიოს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოთხოვნებიდან და გამოიყენოს რომელიმე სქესის წახალისებისკენ მიმართული ღონისძიებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).

11. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და ამგვარად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზება. შესაბამისად, იმისათვის, რომ სადავო ნორმა განაპირობებდეს ხსენებული უფლების შეზღუდვას, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მის უფლებას და რომ სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევა. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, სახეზე იყოს მოსარჩელის უფლების მზღუდავი ქცევის წესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1426 განჩინება საქმეზე „გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-25).

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ გამოკვეთოს შესადარებელ სუბიექტთა იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი წრე, წარმოაჩინოს კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით აღნიშნულ პირთა წრის არსებითად თანასწორობა, შემდგომში კი – დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორი პირების მიმართ ან თანასწორი მოპყრობა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ, ისევე, როგორც, გარკვეული ხარისხით, მიუთითოს დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობაზე, არაკონსტიტუციურობაზე. ამის საპირისპიროდ, №1772 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც, ზემოხსენებული ელემენტების გათვალისწინებით გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვაზე მიუთითებდა.

13.  გარდა ამისა, განსახილველი საქმის ფარგლებში, №1772 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ რომელიმე უმცირესობას მიეკუთვნება და მის მიერ სადავოდ ქცეული აქტი საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შედარებით მოსარჩელეს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე საერთოდ არ არის წარმოდგენილი დასაბუთება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, №1772 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

15. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შუამდგომლობაზე სარჩელის განხილვისას და სასამართლოს აქტების გამოქვეყნებისას მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში – რეგლამენტი) 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს – პლენუმი, კოლეგიის აქტებზე – შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

18. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

19. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვისა და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ.. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).

20. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ითხოვს მისი პერსონალური მონაცემების დაფარვას, თუმცა არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას, თუ რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ ამ მხრივ 1772 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის თაობაზე მსჯელობის განვითარების აუცილებლობა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ვერ დარწმუნდა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებიდან მომდინარე რაიმე სახის პოტენციური საფრთხის არსებობაშიც კი და მოსარჩელე მხარე მხოლოდ და მხოლოდ შემოიფარგლა შუამდგომლობის დასახელებით, ყოველგვარი დასაბუთების წარმოდგენის გარეშე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში და საქმის განხილვისას მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

 

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1772 კონსტიტუციური სარჩელი („„სს პსპ დაზღვევა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ“).

2. №1772 კონსტიტუციურ სარჩელზე არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე