გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/15/1739
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016805
1/15/1739
17/03/2023
ვებგვერდი, 23/03/2023
000000000.00.000.016805
გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/15/1739

ქ. ბათუმი

2023 წლის 17 მარტი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი კოლეგიის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე წევრი;

გიორგი თევდორაშვილი წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1739) მომართა გიორგი გიგაურმა. №1739 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 20 ოქტომბერს. №1739 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.

2. №1739 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის ზოგად წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი ადგენ ს, რომ „ დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე ბრალდებულია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობისთვის და მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. მოსარჩელე მხარეს, საქმის არსებით სხდომაზე, არ მიეცა შესაძლებლობა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევამდე მოეთხოვა თავისი მოწმეების გამოძახება და სასამართლოს პროცესზე დაკითხვა.

6. მოსარჩელის განმარტებით, ბრალდების მხარე შეგნებულად თავს არიდებდა საქმის ძირითადი მოწმეების დაკითხვას. თუმცა სადავო რეგულაციის საფუძველზე, დაცვის მხარეს უარი ეთქვა თავისი მოწმეების დაკითხვაზე მანამ, სანამ არ მოხდებოდა ბრალდების მხარის მიერწარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება. მოსარჩელე აღნიშნულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და თვლის, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს თავისი მოწმეების დაკითხვის უფლება, მიუხედავად იმისა, დასრულებულია თუ არა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 31-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გარანტირებული უფლებები. ამასთან, მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ, თუ არ იარსებებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულებამდე, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების საკითხიც გართულდება.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1739 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

4. სადავო ნორმა ადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მას არ ეძლევა შესაძლებლობა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევამდე მოითხოვოს თავისი მოწმის დაკითხვა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ზღუდავს სადავო ნორმა ზემოთ დასახელებულ, შინაარსობრივად ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს). მოსარჩელე არ ასაბუთებს, თუ რა კუთხით არღვევს სადავო ნორმა მისი თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს, ისევე, როგორც არ მიუთითებს, რატომ იწვევს გასაჩივრებული რეგულაცია ბრალდებულის იმ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას, რომლის საფუძველზე, მას შეუძლია, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს მოეთხოვება, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაბამისი უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება და თითოეულ იდენტიფიცირებულ უფლებასთან მიმართებით სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა, რაც კონსტიტუციურ სარჩელში არ იკვეთება. სადავო ნორმის მოწესრიგება შემოიფარგლება მხოლოდ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობის წესის დადგენით და ნორმას სხვა შინაარსი არ გააჩნია. არც გასაჩივრებული რეგულაციის და არც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება, თუ რა შინაარსობრივი მიმართებაა სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებთან.

5. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს სამართლიანი სასამართლოს ზოგად კონსტიტუციურ უფლებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესთან, მის ინიცირებასა თუ აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურულ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

7.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ, ტოტალურ გათანაბრებას, არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, დაცვის მხარის აღჭურვას იმგვარი საპროცესო უფლებებით, რომ შეძლოს ბრალდების მხარესთან კონკურენცია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ კონტექსტში არ უნდა არსებობდეს იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მიანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება და დაცვის მხარე არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

8. სადავო ნორმით დადგენილია მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობა სისხლის სამართლის პროცესში საქმის არსებითი განხილვის დროს. აღნიშნული წესის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი იწყება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით. მას შემდეგ, რაც დასრულდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, იწყება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ის გარემოება, რომ ერთ-ერთ მხარეს გააჩნია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის უფლება, თავისთავად, არ გულისხმობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, თუკი მეორე მხარეც აღჭურვილია იმავე შესაძლებლობით, გონივრულ დროს, სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიაზე წარადგინოს თავისი მტკიცებულებები გამოსაკვლევად. ერთი მხარისათვის დროში ან რიგითობაში უპირატესობის მინიჭება ვერ გამოიწვევს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას, თუ მეორე მხარესაც ექნება მოგვიანებით ანალოგიური პროცედურის განხორციელების უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, თუკი მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, გონივრულ დროს სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიაზე გამოიკვლიოს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხში მხარეთა შორის რიგითობის დაწესება და რომელიმე მათგანისთვის პირველადი გამოკვლევის უფლების დადგენა არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და მხარე აყენებს არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გვექნება სახეზე, თუ სადავო ნორმა ბრალდების მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში, ანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება.

9. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მან, სადავო მოწესრიგების პირობებში, ვერ მოახერხა თავისი მოწმეების დაკითხვა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის დასრულებამდე. როგორც უკვე აღინიშნა, თავისთავად, ამგვარი მოწესრიგება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ვინაიდან დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ეძლევა იგივე შესაძლებლობა - წარადგინოს მტკიცებულებები გამოსაკვლევად. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე საერთოდ არ ასაბუთებს, თუ როგორ უქმნის აღნიშნული წესი საფრთხეს დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის მსგავსად წარადგინოს მტკიცებულებები და სასამართლო პროცესზეჰქონდეს მისი პოზიციის დასაბუთების თანაბარი შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დაანახვებდა, რომ, თუ დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევამდე არ ექნება თავისი მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გართულდება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა და საფრთხე შეექმნება საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, იმის მიუხედავად, თუ პირველად რომელი მხარე წარადგენს მტკიცებულებებს გამოსაკვლევად, ეს გავლენას ვერ მოახდენს საქმის სამართლიანად გადაწყვეტაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ როგორ ზღუდავს სადავო რეგულაციიდან მომდინარე წესი სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

10.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1739 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1.  არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1739 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.   განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.   განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

  კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე