„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 32-39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016718
32-39
07/07/2021
ვებგვერდი, 22/03/2023
480610000.03.030.016718
„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის

შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ 


საქართველო და პოლონეთის რესპუბლიკა,

სურთ რა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის გაფართოება,

მიზნად ისახავენ, შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების დადებას, გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან არიდების მეშვეობით (საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომელთა მიზანია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით ირიბი სარგებლობა მესამე სახელმწიფოების რეზიდენტების მიერ) დაუბეგრაობის ან გადასახდების შემცირების შესაძლებლობების შექმნის გარეშე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

 

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

i) მოგების გადასახადი;

ii) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი„);

b) პოლონეთის შემთხვევაში:

i)  საწარმოს მოგების გადასახადი;

ii) ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „პოლონეთის გადასახადი„).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1.  ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „პოლონეთი“ ნიშნავს პოლონეთის რესპუბლიკას და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიას და მის ტერიტორიულ წყლებთან მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, რომლის მიმართ პოლონეთს შეუძლია განახორციელოს წიაღსა და სახმელეთო სივრცეზე ბუნებრივი რესურსების კვლევითი და მოპოვების უფლებები, პოლონეთის კანონმდებლობის საფუძველსა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან პოლონეთს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;

e) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ  პუნქტებს  შორის  და საწარმო,  რომელიც  ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციას, არ წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საწარმოს;

i)    ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

ii) პოლონეთის შემთხვევაში: ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

j)    ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა; და

ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;

k) ტერმინი „ეკონომიკური   საქმიანობა“   მოიცავს   პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებულ წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არცერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ ის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის რეზიდენტადაც უნდა იქნეს მიჩნეული ასეთი პირი ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მისი ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა არსებითი ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება.

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ძირითადად მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ქარხანას;

e) სახელოსნოს, და

f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) - e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სასოფლო-სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო-სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო ხომალდები,საჰაერო ხომალდები, სახმელეთი და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

 

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან პროდუქციის მხოლოდ შეძენის საფუძველზე მიღებული მოგება.

5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება მოიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

 

მუხლი 8

საერთაშორისო გადაზიდვა

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1.  იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხი. ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

 

მუხლი 11

პროცენტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი პროცენტი შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხი.

3. როდესაც პროცენტის მიმღები და ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, ასეთი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა“ მოიცავს:

a) საქართველოს შემთხვევაში:

i)    საქართველოს მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;

ii) საქართველოს ეროვნულ ბანკს; და

iii) საქართველოს სხვა ნებისმიერ სამთავრობო ორგანოებს, პოლიტიკურ ქვედანაყოფებს ან ინსტიტუტებს, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით;

b) პოლონეთის შემთხვევაში:

i)    პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;

ii) პოლონეთის ეროვნულ ბანკს; და

iii) პოლონეთის სხვა ნებისმიერ სამთავრობო ორგანოებს, პოლიტიკურ ქვედანაყოფებს ან ინსტიტუტებს, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.

4. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6.    პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი როიალტი შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხი.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერი საავტორო უფლებით, მათ შორის ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული აღჭურვილობის ან სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.

4. პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.

6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავალი, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებით ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი უფლებების, როგორიც არის წილები ამხანაგობაში ან ტრასტში, გასხვისებით მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ნებისმიერ დროს გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში, ამ აქციების ან მსგავსი უფლებების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი, პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილი იყო მე-6 მუხლით განსაზღვრული, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან.

5. პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს; და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და

c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც მიღებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის, როგორც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი შემადგენლობის წევრის მიერ დაქირავებით მუშაობით, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, გარდა საზღვაო და საჰაერო ხომალდებისა, რომელთა ექსპლოატაცია ხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

 

მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს   რეზიდენტი,   როგორც   მეორე   ხელშემკვრელი    სახელმწიფოს   რეზიდენტი კომპანიის მმართველობითი, საზედამხედველო ან სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გავრცელდება იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამგვარი ვიზიტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში სრულიად ან უმეტესად (50%-ზე მეტი) ფინანსდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საჯარო ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.

 

მუხლი 17

პენსიები

მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 18

საჯარო სამსახური

1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3. მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ სამსახურთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიებსა და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

 

მუხლი 19

სტუდენტები

ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის, მოსწავლის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 20

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

 

მუხლი 21

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1. როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს პოლონეთში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც პოლონეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

2. როდესაც პოლონეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, პოლონეთი დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში.

3. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამის მიუხედავად, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

 

მუხლი 22

დისკრიმინაციის აკრძალვა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, თითქოს ეს დავალიანება საწარმოს გააჩნია პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომლის კაპიტალს პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობს ან აკონტროლებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტი, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნე გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება სხვა სახელწმიფოს რეზიდენტი გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს ან მოქალაქეებს.

7. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე.

 

მუხლი 23

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. საქმე წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

 

მუხლი 24

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).

4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

5. მე-3 პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.

 

მუხლი 25

შეღავათებით სარგებლობაის უფლება

ამ შეთანხმების სხვა დებულებების მიუხედავად, ამ შეთანხმების ფარგლებში შემოსავლის ელემენტზე დაწესებული შეღავათი მასზე არ გავრცელდება, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით ჩაითველბა, რომ ნებისმიერი გარიგების ან ტრანზაქციის ერთ- ერთი ძირითადი მიზანი იყო შეღავათების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში აღნიშნული შეღავათის მინიჭება შეესაბამება ამ შეთანხმების შესაბამისი დებულების არსსა და მიზანს.

 

მუხლი 26

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 27

ძალაში შესვლა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარეები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების მესამე თვის პირველ დღეს. ეს შეთანხმება იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

3. ამ მუხლის დებულებებათა მიუხედავად, 24-ე მუხლის (ინფორმაციის გაცვლა) დებულებები იმოქმედებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, იმ საგადასახადო პერიოდის მიუხედავად, რომელსაც ეკუთვნის განსახილველი საკითხი.

4. „1999 წლის 5 ნოემბერს, ქ. ვარშავაში ხელმოწერილი პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება წყვეტს მოქმედებას წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, იმ შემოსავლებზე რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების თანახმად.

 

მუხლი 28

მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2021 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით                                       პოლონეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)                                                            (ხელმოწერილია)

 

ოქმი

 

„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

ამ შეთანხმებასთან მიმართებაში:

საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ ან „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“ ნიშნავს „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს“ ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს“;

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2021 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით                                     პოლონეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)                                                           (ხელმოწერილია)