საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/14/1680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/03/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016804
1/14/1680
15/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
000000000.00.000.016804
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

  განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/14/1680

2023 წლის 15 მარტი

. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილისხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძეწევრი;

გიორგი თევდორაშვილიწევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი.

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება : საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი : უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1680) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1680 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. №1680 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 მარტს.

2. №1680 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი.

3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეაშრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ერთი მხრივ, იმ არაკომერციულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც არ ახორციელებენ საგანმანათლებლო ან სამედიცინო საქმიანობას (ასეთ შემთხვევაში, საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000-ლარიანი წლიური ბრუნვა თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე), ხოლო, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ არაკომერციულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებს (ასეთ შემთხვევაში, საწარმოს წლიური ბრუნვა არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე).

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფებს შორის. კერძოდ, არაკომერციულ იურიდიულ პირებში დასაქმებული უცხოელებისათვის, შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ადგენს განსხვავებულ მოთხოვნას იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ არაკომერციულ იურიდიულ პირებში დასაქმებული უცხოელები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმ არაკომერციულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებთან მიმართებით, რომლებიც არ ახორციელებენ საგანმანათლებლო ან სამედიცინო საქმიანობას, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თვალსაზრისით.

7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნისა და ფუნქციონირების დანიშნულება, უმთავრესად, არის არაკომერციული ხასიათის საქმიანობა რაიმე განსაზღვრული, არამატერიალური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციებს, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ერთი და იგივე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მიზანი გააჩნიათ, რის გამოც ამ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, სადავო ნორმის მიზნებისთვის, არსებითად თანასწორ პირებად უნდა განიხილებოდნენ.

8.  მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე, ვინაიდან, ერთი მხრივ, დიფერენციაციის ნიშანს არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით ჩამოთვლილი დისკრიმინაციის აკრძალული ნიშანი, ხოლო, მეორე მხრივ, დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალი არ არის, რომ მკვეთრად აშორებდეს შესადარებელ პირებს შრომითი ბინადრობის მიღების თანაბარი შესაძლებლობებისგან.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაციით, ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ანაზღაურებასთან დაკავშირებული მინიმალური თანხობრივი ზღვრის დაწესება, უდავოდ, ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც არის, ფიქციური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვა. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, ამ მხრივ, დიფერენციაციის მიზანი შესაძლოა, იყოს საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისათვის შეღავათის მიცემა იმისთვის, რომ მათ აღნიშნულ სფეროებში, საჭიროებისამებრ, მარტივად შეძლონ უცხოელი სპეციალისტების დასაქმება.

10.  მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, მართალია, სადავო რეგულაცია, უდავოდ, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას, თუმცა იგი არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი ღონისძიება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვის საჭიროება არ განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ეწევა არაკომერციული იურიდიული პირი. მისი განმარტებით, თუ აღნიშნული მიზნის მიღწევა საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ნაკლები წლიური ბრუნვის მოთხოვნის დაწესებით, გაუგებარია, სხვა ორგანიზაციებთან მიმართებით, მაგალითად, საქველმოქმედო ორგანიზაციების შემთხვევაში, იგივე მიზნის მისაღწევად, რატომ არის საჭირო უფრო მაღალი წლიური ბრუნვის მოთხოვნის განსაზღვრა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ორივე შემთხვევაში, უცვლელია დასაქმებულ უცხოელთა შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურების კანონით დადგენილი ოდენობა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამედიცინო სფეროებში დასაქმებულ უცხოელ სპეციალისტთა შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დაბალი არ არის.

11.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება დისკრიმინაციულია იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც დასაქმებული არ არიან საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ დიფერენცირებას საფუძვლად არ უდევს რაიმე სახის რაციონალური დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა ამგვარი განსხვავებული მიდგომის მაქსიმალურ რეალისტურობასა და გარდაუვალობას. შესაბამისად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავოდ ხდისუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტს, რომელიც აწესრიგებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. კერძოდ, იმ უცხოელისათვის, რომელიც დასაქმებულია არასაგანმანათლებლო ან არასამედიცინო დაწესებულებაში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის აუცილებელია, მის დამსაქმებელ საწარმოს/დაფუძნებულ საწარმოს ჰქონდეს წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უცხოელისთვის ზემოაღნიშნული თანხობრივი ცენზი 35 000 ლარს შეადგენს. მოსარჩელე მხარე აღნიშნულ დიფერენცირებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობა წარმოადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლისქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზესომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-13). ამდენად, ზოგადად, მიგრაციის კონტროლი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია და კანონმდებლის ფართო დისკრეციის ფარგლებშია გადასაწყვეტი, თუ როგორ, რა მექანიზმების გამოყენებით და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით განისაზღვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესვლისა და ცხოვრების საკითხი.

4. 2019 წლის 30 მაისამდეუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონი შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის თანხობრივ ცენზს არ ადგენდა. „„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასიური მიგრირების შემცირება. სადავო ნორმით დადგენილი თანხობრივი ცენზი არის ერთგვარი ფინანსური გარანტია იმისა, რომ საწარმო არ არის ფიქციურად დაარსებული და რეალურად შესწევს უნარი, სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელი. ამგვარი მოწესრიგება მნიშვნელოვანი ბერკეტია, ფიქციური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვისთვის.

5. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განხილვისას, გამოიკვეთა სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების საჭიროება. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის შედარებითი დაბალი თანხობრივი ცენზის დაწესება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნულმა დაწესებულებებმა შეძლონ, უფრო მეტი უცხოელი თანამშრომლის დასაქმება და საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ხარისხიანი მომსახურება მოცემულ სფეროებში. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული განათლების მიღების უფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზერუსეთის მოქალაქეები ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15-21; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №2/3/1559 გადაწყვეტილება საქმეზეარჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-1-4). სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ვინაიდან მის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზერუსეთის მოქალაქეები ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). განათლების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, სრულად დააფინანსოს ზოგადი განათლება და შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება. საქართველოს კონსტიტუციის 28- მუხლი განამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. სახელმწიფოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებიდან გამომდინარეობს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი). ამდენად, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში რიგი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

6. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი კანონის განმარტებითი ბარათისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, აშკარაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის თვითმიზნური ხასიათის და განპირობებულია ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს ინტერესი, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს მისცეს შესაძლებლობა, ადგილობრივებთან ერთად დაასაქმოს კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებიც, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. ამავდროულად, სადავო ნორმა, უდავოდ, ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც არის ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის შემცირება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც იმ პრობლემების გარდაუვალობა, რომლის წინაშეც დადგება სახელმწიფო უკონტროლო და მასიური მიგრირების შემთხვევაში. იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგულაცია აშკარად თვითმიზნური არაა, მოსარჩელემ, სადავო რეგულაციით გამოწვეული დიფერენცირების ფაქტის მიღმა, ნათლად უნდა წარმოაჩინოს, თუ რატომ მიიჩნევს, რომ დადგენილი დიფერენცირება დისკრიმინაციულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზეთეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის მოწესრიგებისას სახელმწიფო ფართო მიხედულების ფარგლებით სარგებლობს. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თუ რატომ არის სახელმწიფო ვალდებული, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროს მსგავსად, პრიორიტეტულად განიხილოს მომსახურების სხვა სფეროები და იქ დასაქმებული უცხოელებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები დაადგინოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. მოსარჩელე მხარე არც იმას ასაბუთებს, რომ დადგენილი შეზღუდვა იმდენად არაგონივრულია, რომ მის საფუძველზე, შეუძლებელია უცხოელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება, პირიქით, მოსარჩელე მხარე თავადაც მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის მაღალი ინტენსივობის და მკვეთრად არ აშორებს შესადარებელ პირებს შრომითი ბინადრობის მიღების თანაბარი შესაძლებლობებისგან.

7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1680 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 21- მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 43- მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1680 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.  განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე