დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა წვრილმანი სპეკულაციისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 30/06/1969 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1969 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
წვრილმანი სპეკულაციისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
წვრილმან სპეკულაციასთან, ე. ი. გამორჩენის მიზნით კერძო პირების მიერ ფართო მოხმარების საგნების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, სასაქონლო დოკუმენტების, სანახაობრივი დაწესებულებათა ბილეთების, წიგნების, ნოტების და სხვა ფასეულობათა მცირე ოდენობით შესყიდვასთან და გადაყიდვასთან ბრძოლის გასაძლიერებლად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაწესდეს, რომ წვრილმანი სპეკულაცია, თუ იგი ჩადენილია პირველად, ისჯება პატიმრობით ათიდან თხუთმეტ დღემდე, ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე, სპეკულაციის საგნების კონფისკაციით.
2. წვრილმანი სპეკულაციის მასალებს ერთპიროვნულად განიხილავს სახალხო მოსამართლე დღე-ღამის განმავლობაში ამ მასალების მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილებიდან (სამმართველოდან) სასამართლოში მიღების შემდეგ, სპეკულაციის ჩამდენი პირის თანდასწრებით და საჭირო შემთხვევებში გამოიძახებს მოწმეებს.
3. სახალხო მოსამართლის დადგენილება წვრილმანი სპეკულაციის გამო ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შესახებ საბოლოოა, მისი გასაჩივრება არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
4. სახალხო მოსამართლეს შეუძლია, დამრღვევის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით, დამრღვევის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად მასალა განსახილველად გადაუგზავნოს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მშრომელთა კოლექტივს ან ამხანაგურ სასამართლოს, რომლებიც დამრღვევის მიმართ გამოიყენებენ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებებს. ადმინისტრაცია ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალეა ათი დღის ვადაში აცნობოს სახალხო მოსამართლეს დამრღვევის მიმართ მიღებული ზომების შესახებ.
ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების ყველა შემთხვევას სახალხო მოსამართლე აცნობებს ადმინისტრაციას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას დამრღვევის მუშაობის, სწავლის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. წვრილმანი სპეკულაციისათვის დაპატიმრებული პირები პატიმრობას მოიხდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. დაპატიმრებულთ გადახდებათ კვების და რჩენის ღირებულება; პატიმრობაში ყოფნის დროს არ ეძლევათ ხელფასი მუდმივი მუშაობის ადგილზე.
დაპატიმრებულთ შრომის აუნაზღაურებლად იყენებენ ქუჩების, ეზოების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დასასუფთავებლად და სხვა ფიზიკურ სამუშაოზე. წვრილმანი სპეკულაციისათვის დაპატიმრებულ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაცია ეკისრება მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს.
6. თუ დაპატიმრებულმა თავი აარიდა პატიმრობის მოხდას ან ბოროტად დაარღვია დაწესებული რეჟიმი, პატიმრობის ადგილის ადმინისტრაციის ან მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების (სამმართველოს) უფროსის წარდგინებით სახალხო მოსამართლეს შეუძლია დამრღვევს გაუგრძელოს პატიმრობის ვადა. ამასთან, წვრილმანი სპეკულაციისათვის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ დღეს.
7. წვრილმანი სპეკულაციისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში შეიძლება მიცემულ იქნენ ის პირნი, რომელთაც ასეთი გადაცდომის ჩადენამდე შეუსრულდათ 16 წელი.
8. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წვრილმანი სპეკულაცია, თუ იგი ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დამნაშავის მიმართ ასეთივე მოქმედებისათვის გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება, _
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1969 წლის 30 ივნისი.
დოკუმენტის კომენტარები