საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 20/08/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, II, 31/08/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
20/08/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, II, 31/08/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს  დეკრეტი 

ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ეს დეკრეტი ადგენს იმ ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესს, რომელიც წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით, შეთანხმებით) მომუშავე პირებსა და საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შრომის შესახებ სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე, აგრეთვე აწესრიგებს მუშაკისათვის შრომის ახალი პირობების დადგენას ან არსებული პირობების შეცვლას. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციად ითვლება ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით აკისრია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ოპერატიული მართვის ფუნქციები, მიუხედავად მათი სახეობისა, საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმისა (ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები, საწარმოს საბჭო, გამგეობა ან სხვა ორგანო, რომელსაც დელეგირებული აქვს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვის უფლება).

ამ დეკრეტით დადგენილი შრომითი დავის განხილვის წესი არ ვრცელდება დავაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებების მუშაკთა ხელფასიანი თანამდებობიდან ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით ვადამდე გათავისუფლებას.

მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე შრომითი დავის განხილვის თავისებურებანი განისაზღვრება კანონმდებლობით.

მუხლი 2. შრომით დავას შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულების და შრომის შესახებ სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ:

1. შრომითი დავის კომისიები;

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციების ორგანოები (ტექსტში შემდგომ პროფკავშირის კომიტეტები);

3. რაიონის (ქალაქის) სასამართლოები.

ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომით დავას ცალკეულ საკითხებს განიხილავენ ზემდგომი ორგანოები (ამ დეკრეტის პირველი მუხლის მესამე ნაწილი 38-25-ე მუხლები).

შრომით დავას მუშაკისათვის შრომის ახალი პირობების დადგენის ან არსებული პირობების შეცვლის გამო წყვეტს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია და შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტი მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

II. შრომითი დავის კომისიის მუშაობის ორგანიზაცია და წესი

მუხლი 3. შრომითი დავის კომისიას ირჩევს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითი კოლექტივის საერთო კრება (კონფერენცია), რომელშიც მუშაობს არანაკლებ 15 კაცისა.

კომისიის შემადგენლობაში არჩეულად ითვლებიან პირები, რომელთაც ხმა მისცა საერთო კრებაზე (კონფერენციაზე) დამსწრეთა ნახევარზე მეტმა.

კომისიის არჩევის წესს, შემადგენლობას, წევრთა რაოდენობას და უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს. დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითი კოლექტივის საერთო კრება (კონფერენცია).

შრომითი დავის კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მდივანს.

მუხლი 4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითი კოლექტივის საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილებით შრომითი დავის კომისია შეიძლება შეიქმნას ამ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ქვედანაყოფებში. კომისიას ირჩევს ქვედანაყოფის კოლექტივი და იგი მოქმედებს იმავე წესით., როგორითაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითი დავის კომისია.

ქვედანაყოფის შრომითი დავის კომისია დავას განიხილავს ქვედანაყოფის უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 5. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ქვედანაყოფში წამოჭრილი შრომითი დავის განხილვის პირველად ორგანოს შრომითი დავის კომისია წარმოადგენს, გარდა იმ დავებისა, რომელთა მიმართ დაწესებულია განხილვის სხვა წესი. ეს არ ეხება ისეთ დავას, რომლის განსახილველად დადგენილია სხვა წესი.

შრომითი დავის კომისია დავას განიხილავს, თუ მუშაკმა დამოუკიდებლად ან მისი ინტერესების გამომხატველი პროფკავშირის ორგანოს მეშვეობით უშუალო მოლაპარაკებით ვერ მიაღწია შეთანხმებას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან.

მუხლი 6. მუშაკს შეუძლია შრომითი დავის კომისიას მიმართოს სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მან გაიგო ან უნდა გაეგო თავისი დარღვეული უფლებების შესახებ.

დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში, შრომითი დავის კომისიას შეუძლია აღადგინოს იგი და არსებითად გადაწყვიტოს დავა.

შრომითი დავის კომისიაში მუშაკის მიერ შეტანილი განცხადება ტარდება რეგისტრაციაში.

მუხლი 7.  შრომითი დავის კომისია ვალდებულია შრომითი დავა განიხილოს ათი დღის ვადაში განმცხადებლისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობის საფუძველზე.

დავის განხილვა განმცხადებლის დაუსწრებლად დაიშვება მხოლოდ მისი წერილობითი განცხადებით.

კომისიის სხდომაზე მუშაკის გამოუცხადებლობისას განცხადების განხილვა გადაიდება, ხოლო მეორედ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განცხადების განხილვის საკითხი მოიხსნას, თუმცა ეს არ ართმევს მუშაკს უფლებას, ხელმეორედ შეიტანოს კომისიაში განცხადება.

მუხლი 8. შრომითი დავის კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

დაინტერესებულ მუშაკს და ადმინისტრაციას უფლება აქვთ კომისიის ნებისმიერ წევრს მისცენ მოტივირებული აცილება. აცლების საკითხი წყდება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

შრომითი დავის კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 9. შრომითი დავის კომისიას უფლება აქვს სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, მოიწვიოს სპეციალისტები, პროფკავშირის და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის მოთხოვნით საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია წარუდგინოს მას საჭირო გაანგარიშებანი და საბუთები.

მუხლი 10. შრომითი დავის კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილებაში აღინიშნება: საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დასახელება, განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი, დავის არსი, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა, ადმინისტრაციის და პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენელთა გვარები, კენჭისყრის შედეგები და კომისიის მოტივირებული გადაწყვეტილება.

კომისიის გადაწყვეტილების პირი სამი დღის ვადაში ბარდება მუშაკს და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

მუხლი 11. დაინტერესებულ მუშაკს ან ადმინისტრაციას შეუძლია გაასაჩივროს შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით,  21-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან უშუალოდ სასამართლოში მათთვის კომისიის გადაწყვეტილების პირის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში.  ამ ვადის გაშვება არ არის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს, აგრეთვე სასამართლოს, თუ საპატიოდ ჩათვლიან, შეუძლიათ აღადგინონ ეს ვადა და დავა განიხილონ არსებითად.

თუ მოდავეთაგან ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას და მიმართავს პროფკავშირის კომიტეტს, ხოლო მეორე მხარე - სასამართლოს, დავას გადაწყვეტს სასამართლო.

მუხლი 12. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითი დავის კომისიას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

მუხლი 13. შრომითი დავის კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია.

III. შრომითი დავის განხილვა საწარმოს დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ

მუხლი 14. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი შრომით დავას განიხილავს იმ მუშაკის ან ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე, რომელიც არ ეთანხმება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, გარდა ამ დეკრეტის მე-11 მუხლის მეორე ნაწილით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითა და 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 15. იმ მუშაკის ან ადმინისტრაციის განცხადების განხილვისას, რომელიც არ ეთანხმება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფ კავშირის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება დავის არსის გამო.

მუხლი 16. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი შრომითი დავის შესახებ განცხადებას განიხილავს მისი შეტანის დღიდან ათი დღის ვადაში, ამ კანონის მე-7 მუხლით, მე-8 მუხლის მესამე ნაწილითა და მე-9 მუხლით დადგენილი წესის დაცვით.

პროფკავშირის კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.

პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება მიღებულ უნდა იქნეს იმავე წესით, რა წესითაც ხდება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილების მიღება (მუხ. 10).

დადგენილების პირი სამი დღის ვადაში ჩაბარდება დაინტერესებულ მუშაკს და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

მუხლი 17. პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში დაინტერესებული მუშაკის ან ადმინისტრაციის მიერ დადგენილების მიღების დღიდან ათი დღის ვადაში.

IV. შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების აღსრულების წესი

მუხლი 18. შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება უნდა აღსრულდეს ადმინისტრაციის მიერ სამი დღის ვადაში მათი გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული ათი დღის ვადის გასვლის შემდეგ (ამ კანონის მე-11 და მე-17 მუხლები), გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 19. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილების ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების დაწესებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში (ამ კანონის მე-18 მუხლი) მუშაკს მიეცემა შესაბამისად შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის მიერ მოწმობა, რომელსაც აღმასრულებელი ფურცლის ძალა აქვს.

მოწმობაში აღინიშნება შრომითი დავის გამო გადაწყვეტილების ან დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება, გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებისა და მოწმობის გაცემის თარიღი. მუშაკის სახელი, მამის სახელი, გვარი, გადაწყვეტილება დავის არსის შესახებ. მოწმობას ხელს აწერს შრომითი დავის კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე ანდა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და დასტურდება შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის ბეჭედით.

მოწმობა არ გაიცემა, თუ მუშაკმა ან ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში შრომითი დავის გადასაწყვეტად განცხადებით მიმართვა პროფკავშირის კომიტეტს ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოს (ამ კანონის მე-11 და მე-17 მუხლები).

მუხლი 20. შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე, რომელიც წარდგენილია სასამართლოში არა უგვიანეს სამი თვის ვადისა, სასამართლო აღმასრულებელს შრომითი დავის გადაწყვეტილება ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება მოჰყავს სისრულეში იძულებითი წესით.

მუშაკის მიერ დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში შრომითი დავის კომისიას ან პროფკავშირის კომიტეტს შეუძლია ამ ვადის აღდგენა.

V. შრომითი დავის განხილვა რაიონის (ქალაქის) სასამართლოში

მუხლი 21. რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას განიხილავს:

1. მუშაკის, ადმინისტრაციის ან პროფკავშირის კომიტეტის განცხადების საფუძველზე, თუ ისინი არ ეთანხმებიან შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას.

2. მუშაკის ან ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე, თუ ისინი არ ეთანხმებიან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას.

3. მუშაკის ან ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე, თუ ისინი არ ეთანხმებიან შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, როცა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში არის რამდენიმე პროფკავშირი.

4. პროკურორის განცხადების საფუძველზე, თუ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

მუხლი 22. რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას შრომითი დავის კომისიასა და პროფკავშირის კომიტეტში მისი განხილვის გარეშე უშუალოდ განიხილავს შემდეგ შემთხვევებში:

1. იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაკის განცხადების საფუძველზე, სადაც შრომითი დავის კომისიები არ აირჩევა.

2. მუშაკის განცხადებით სამუშაოზე აღდგენის შესახებ (მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებისა), დათხოვნის თარიღისა და მიზეზების ფორმულირების შეცვლის შესახებ, იძულებით გაცდენილი ან ნაკლებადანაზღაურებული სამუშაოს შესრულების დროის კუთვნილი თანხების გადახდევინების შესახებ, გარდა იმ მუშაკთა დავებისა, რომლებიც მითითებულია ამ დეკრეტის პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში და მეორე მუხლის მეორე ნაწილში.

3. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მუშაკის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე.

4. მუშაკის განცხადების საფუძველზე შრომის კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილი იყო მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში განიხილება აგრეთვე დავა იმ პირთა სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომლებიც გადმოყვანის წესით მოწვეული არიან სამუშაოდ სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან; სხვა პირებისა, რომლებთანაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია დადოს შრომის ხელშეკრულება.

მუხლი 23. განცხადება შრომითი დავის გადაწყვეტის შესახებ შეაქვთ უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მუშაკმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი დარღვეული უფლებების შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეებზე - ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მას ჩააბარეს დათხოვნის შესახებ ბრძანების პირი ან შრომის წიგნაკი.

მუშაკის მიერ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხებზე ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მუშაკის მიერ მიყენებული ზარალის გამოვლენის დღიდან ერთი წლის ვადაში.

მუხლი 24. მუშაკები, რომლებიც მიმართონ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებით, თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სახელმწიფოს სასარგებლოდ.

VI. მუშაკის დათხოვნისა და სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო დავის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანა და მისი აღსრულება

მუხლი 25. შრომითი დავის განმხილველმა ორგანომ წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკი.

შრომითი დავის განმხილველი ორგანო მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მუშაკისათვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ხელფასის სხვაობის გადახდის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

სამუშაოდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირების არასწორად ცნობის ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია შეცვალოს იგი და გადაწყვეტილებაში მიუთითოს დათხოვნის მიზეზები მოქმედ კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობითა და კანონის სათანადო  მუხლის (პუნქტის) მითითებით. თუ შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზების უსწორობამ ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ფორმულირებამ ხელი შეუშალა მუშაკს ახალ სამუშაოზე მიღებაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მისთვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

მუხლი 26. შრომითი დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკანონოდ დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

თუ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ დააყოვნა უკანონოდ დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, გამოაქვს დადგენილება მუშაკისათვის დაყოვნების დროისათვის საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობის გადახდის შესახებ.

მუხლი 27. ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომითი დავის განხილვისას, გარდა მუშაკისათვის იძულებით გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასის გადახდის ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ხელფასის სხვაობას მიცემის მოთხოვნისა (ამ კანონის 25-ე და 34-ე მუხლები), ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება, მუშაკისათვის იმ თანხის მიცემის შესახებ, რომლებიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს სამი წლისათვის.

VII. შრომითი დავის განხილვა ზემდგომი ორგანოების მიერ

მუხლი 28. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომი ორგანოები განიხილავენ იმ ხელმძღვანელი მუშაკების შრომით დავას, რომლებსაც თანამდებობაზე ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მათი გათავისუფლების, აგრეთვე გათავისუფლების მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ანაზღაურების მიცემისა და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე.

მუხლი 29. მუშკს განცხადება შეაქვს სამი თვის ვადაში ზემდგომ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა, ხოლო დათხოვნის საკითხებზე - ერთი თვის ვადაში, მისთვის სასჯელის გამოყენების შესახებ დადგენილების, ბრძანების (განკარგულების) პირის ჩაბარების დღიდან ან შრომის წიგნაკის მიცემის დღიდან. საპატიო მიზეზით დადგენილი ვადის გაშვებისას ზემდგომ ორგანოს შეუძლია აღადგინოს ვადა და შრომითი დავა განიხილოს არსებითად.

მუხლი 30. ზემდგომი ორგანო ვალდებულია შრომითი დავა განიხილოს განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დავა განიხილება მუშაკის თანდასწრებით. მუშაკის გარეშე დავის განხილვა იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის მისი წერილობითი განცხადება ან , თუ იგი საპატიო მიზეზის გარეშე მეორე გამოძახების შემდეგაც არ გამოცხადდა.

დავის განმხილველ ორგანოს შეუძლია მოიწვიოს სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო სადავო გადაწყვეტილება, აგრეთვე პროფკავშირისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მუხლი 31. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება შრომითი დავის თაობაზე უნდა იყოს კანონიერი და მოტივირებული.

მუხლი 32. მუშაკის დათხოვნას ან მის მიმართ დისციპლინური სასჯელის უკანონოდ გამოყენების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას დადგენილების, ბრძანების (განკარგულების) გაუქმების შესახებ.

მუხლი 33. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების პირი დავის არსებითად განხილვის შემდეგ სამი დღის ვადაში ეგზავნება ან ბარდება დაინტერესებულ მუშაკს, აგრეთვე იმ ორგანოს, რომლის მოქმედებაც იყო გასაჩივრებული.

დისციპლინური სასჯელის შესახებ შრომითი დავის განხილვისას ზემდგომ ორგანოს უფლება არა აქვს მუშაკის მიმართ გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სასჯელი, მაგრამ შეუძლია გამოყენებული დისციპლინური სასჯელის ზომა შეცვალოს უფრო მსუბუქით, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის კონკრეტული გარემოებები, რომლის დროსაც ჩადენილ იქნა დისციპლინური გადაცდომა, აგრეთვე მისი წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

მუხლი 34. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილებით წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება ხელფასი იძულებით გაცდენილი დღეებისათვის სამუშაოდან დათხოვნის დღიდან ან აუნაზღაურდება ხელფასი დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

მუხლი 35. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, აგრეთვე მისთვის იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

ზემდგომი ორგანოს შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებისას, საშუალო  ხელფასის ან ხელფასის სხვაობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს ორგანო.

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე                                               ე. შევარდნაძე

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს მდივანი                                                         ვ. გოგუაძე

 

თბილისი,

1992 წლის 20 აგვისტო