ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/3/1751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016800
1/3/1751
22/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
000000000.00.000.016800
ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/3/1751

2023 წლის 22 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე წევრი;

გიორგი თევდორაშვილი წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1751) მომართა ირაკლი მარგველაშვილმა. №1751 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 16 დეკემბერს. №1751 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.

2. №1751 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

5. №1751 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო საპატრულო სამმართველოს ვაკის მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის ლეიტენანტის სანდრო წიკლაურის მიერ 2021 წლის 10 იანვარს შედგა ირაკლი მარგველაშვილის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის №აჟ 000026450 ოქმი, რომლის თანახმად, 2021 წლის 10 იანვარს 16:20 საათზე, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე შეჩერებული იქნა ირაკლი მარგველაშვილი, რომელმაც პირადი გასინჯვისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარადგინა რკინის კონსტრუქციის (მეტალის) დასაკეცი, მრავალფუნქციური, სავარაუდოდ, ცივი იარაღი - დანა, რომელიც დაილუქა №20 ლუქით და მასზე დაფიქსირდა შესაბამისი ხელმოწერები.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის №4/4023-21 დადგენილების საფუძველზე, ირაკლი მარგველაშვილს არ დაუდასტურდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 10 იანვრის №აგ 000010173 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 19 მაისის MIA 9 21 01247403 დადგენილება, ირაკლი მარგველაშვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილი (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ფორმალურია და ნორმის აღსრულების პრაქტიკული ასპექტების გააზრებასაა მოკლებული. კერძოდ, იგი ადგენს, ერთი მხრივ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკური პირებისთვის, მოქმედების განუჭვრეტელ ფარგლებს. აღნიშნული ნორმა არ უთითებს შესაბამის ნორმატიულ და ფაქტობრივ საფუძვლებს სამართალდამცავთათვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა კონკრეტულ კრიტერიუმებსა და მოცემულობაზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბონ პირის მიერ ცივი იარაღის მართლზომიერად/არამართლზომიერად ფლობის ვარაუდი, იმოქმედონ ნორმის შესაბამისად, ჩამოართვან სავარაუდო დამრღვევს ცივი იარაღი და საქმის ჯეროვანი გამოკვლევის შემდეგ შეუფარდონ ადმინისტრაციული სახდელი სამართალდარღვევისთვის ან, პირიქით, მიიჩნიონ იგი ნორმის შენიშვნით გათვალისწინებულ პირად, რომელიც ცივ იარაღს ფლობს მართლზომიერად და, შესაბამისად, არ წარმოადგენს სანქცირებული დისპოზიციის სუბიექტს.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სადავო ნორმის (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შენიშვნის შესაბამის ნაწილებზეც, რომლებიც, ერთი შეხედვით, მკაფიოდ კვეთს იმ მიზნებსა და საქმიანობებს, რომელთა მისაღწევად/განსახორციელებლად ცივი იარაღის ტარება მართლზომიერად ჩაითვლება. თუმცა მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული კავშირში არაა სადავო ნორმასთან, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილი (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მოკლებულია ნორმის აღსრულების პრაქტიკული ასპექტის გააზრებას, რაც გამოიხატება მუხლის პირველ ნაწილსა და შენიშვნას შორის შეხების წერტილის არარსებობაში. მაგალითად, თუ პირი ქუჩაში გადაადგილდება დანით, რომელსაც პირი იყენებს საკვების მოსამზადებლად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა მისი ფლობა/ტარება მაინც შესაძლოა ჩათვალოს ცივი იარაღის არამართლზომიერ ტარებად, ვინაიდან დანას ცივი იარაღის მახასიათებლები აქვს. მოსარჩელის განმარტებით, კანონი არ უთითებს, რომ პირი მოექცევა მართლზომიერების ფარგლებში, თუ წარმოადგენს მოპოვებულ საკვებს მტკიცებულების სახით ან ეცმევა სალაშქრო ტანსაცმელი. შესაბამისად, ნორმა მართლზომიერების განსჯას მთლიანად სამართალდამცავ ორგანოს ანდობს. ხოლო ეს უკანასკნელი, მხოლოდ თავისი სუბიექტური შეფასებით ვარაუდობს, რომ პირი დანას არ იყენებდა მის მიერ დასახელებული მართლზომიერი მიზნით, რის გამოც სამართალდამცავს შეუძლია ჩამოართვას პირს ცივი იარაღი და დააჯარიმოს.

9. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა დაჯარიმების ნებართვას იძლევა ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც არ უთითებს რაიმე კრიტერიუმს, რომლითაც სამართალდამცავმა ცივი იარაღის ფლობის არამართლზომიერება უნდა ივარაუდოს. მაშასადამე, ნორმის განუსაზღვრელი ხასიათი არ გამორიცხავს და, შესაბამისად, უშვებს ცივი იარაღის ტარების ნებისმიერი ფაქტის უკანონო ქმედებად ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც, არასწორია. დანა, როგორც ცივი იარაღი, მისი მახასიათებლებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ინსპექციისა და კონტროლის ისეთივე სტანდარტს, როგორსაც ექვემდებარება ბევრად მაღალი საფრთხის მატარებელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების გამო, რიგ შემთხვევაში, მხოლოდ ფაქტზე დაყრდნობითაც შესაძლებელია კანონდარღვევისა თუ დანაშაულის ფაქტის დადგენა.

10. ამრიგად, სამართალდამცავს შეუძლია სამართალდამრღვევად ცნოს ნებისმიერი პირი მხოლოდ დანის საჯარო სივრცეში ფლობის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რა განმარტებას იღებს იგი ამ ფაქტზე და იმოქმედოს საკუთარი სუბიექტური აღქმის საფუძველზე. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და კონკრეტულ შემთხვევაში არღვევს ადამიანის უფლებას, სწორად აღიქვას კანონის შინაარსი, ისარგებლოს განჭვრეტადი და გასაგები ნორმით და არ აღმოჩნდეს სამართლებრივი გაურკვევლობის მდგომარეობაში.

11. №1751 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველ ნაწილში (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იკვეთება დაუშვებელი უზუსტობები, რომელთა განსაზღვრა და გათვალისწინება შეუძლებელია. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათ აღმოსაფხვრელად, ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს შესაბამის წარმომადგენელს აძლევს უფლებას, კონკრეტული სტანდარტისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე, ივარაუდოს და დაასკვნას პირის მიერ ცივი იარაღის არამართლზომიერად ფლობა და შემდგომში მხოლოდ ხსენებული ვარაუდისა და დასკვნის საფუძველზე, სხვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რომლებიც დაადასტურებდნენ პირის მიერ დანის არამართლზომიერ ფლობას ან მიზნობრიობას (მაგალითად, პირის ქცევა საჯარო სივრცეში, ცივი იარაღის სპეციფიკა და ა. შ.), გამოსცეს სამართალდარღვევის ოქმი, ასევე, ადმინისტრაციული სახდელი დაადოს პირს საჯარო სივრცეში ცივი იარაღის ტარების გამო იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საჯარო სივრცეში ხვდება სამართალდამცავის მოთხოვნის საფუძველზე, მანქანიდან გადმოსვლის, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლის ან სხვა არასაჯარო სივრცის (სამართალდამცავის მოთხოვნისამებრ) დატოვების შემდეგ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილი (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლსა და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

2. №1751 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს შესაბამის წარმომადგენელს აძლევს უფლებას, კონკრეტული სტანდარტისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე, ივარაუდოს და დაასკვნას პირის მიერ ცივი იარაღის არამართლზომიერად ფლობა და შემდგომში მხოლოდ ხსენებული ვარაუდისა და დასკვნის საფუძველზე, სხვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რომლებიც დაადასტურებდნენ პირის მიერ დანის არამართლზომიერ ფლობას ან მიზნობრიობას (მაგალითად, პირის ქცევა საჯარო სივრცეში, ცივი იარაღის სპეციფიკა და ა. შ.), გამოსცეს სამართალდარღვევის ოქმი, ასევე, ადმინისტრაციული სახდელი დაადოს პირს საჯარო სივრცეში ცივი იარაღის ტარების გამო იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საჯარო სივრცეში ხვდება სამართალდამცავის მოთხოვნის საფუძველზე, მანქანიდან გადმოსვლის, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლის ან სხვა არასაჯარო სივრცის (სამართალდამცავის მოთხოვნისამებრ) დატოვების შემდეგ.

3. აღსანიშნავია, რომ №1751 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის №2294-IXმს-Xმპ კანონით“, დასახელებული კოდექსის 1811 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და გამკაცრდა სანქციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ახალი რედაქციის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას არა 200 ლარის, არამედ 500 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კონტექსტში, არამედ ცვლილების თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

5. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).

6. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის იდენტურად გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

7. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი ქმედებისთვის პირის სამართალდამრღვევად ცნობისას სამართალდამცავი ორგანოები არ იკვლევენ ფაქტობრივ გარემოებებს და სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე, უპირობოდ ცნობენ პირს სამართალდამრღვევად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა, მისი განუსაზღვრელი ხასიათიდან გამომდინარე, არ იძლევა ობიექტური განმარტების შესაძლებლობას და უფლებამოსილ ორგანოს აძლევს ფართო მიხედულების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონმდებლობით, სამართალდამცავ ორგანოს არ ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაასაბუთოს ცივი იარაღის უკანონო ტარების მიზანი და, ამასთანავე, არ არის ვალდებული, გადაამოწმოს სადავო ნორმის შენიშვნის შესაბამისი ნაწილებით დადგენილი გამონაკლისების არსებობა/არარსებობა. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა განაპირობებს პასუხისმგებლობის დაკისრებას სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე და განუსაზღვრელი ნორმის საფუძველზე, რაც არღვევს მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ადმინისტრაციული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.

8. აღსანიშნავია, რომ №1751 კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის №4/4023-21 დადგენილება ირაკლი მარგველაშვილის საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე. ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაასკვნა, რომ ირაკლი მარგველაშვილის მიერ ავტომანქანით გადაადგილების გარემოება ვერ ჩაითვლებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად სადავო ნორმის მიზნებისთვის. შედეგად, დადგინდა, რომ მოსარჩელის მხრიდან ცივი იარაღის ტარებას ადგილი არ ჰქონია და კონკრეტულ მომენტში მოსარჩელეს არ გამოუწვევია საჯარო წესრიგის დარღვევა ან/და არ შეუქმნია ამის აშკარა საფრთხე. აქედან გამომდინარე, ირაკლი მარგველაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. მაშასადამე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ირაკლი მარგველაშვილი გამართლდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საქმეში. შესაბამისად, მის მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ დარღვეულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის შემოტანის მომენტში, მოსარჩელის უფლების დარღვევის რაიმე პოტენციალი გამორიცხული იყო. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი არგუმენტაცია ან/და მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა სადავო ნორმის, მის მიერ იდენტიფიცირებული შემზღუდველი ნორმატიული შინაარსით, გამოყენების შესაძლებლობას.

9. ამდენად, აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც ამ კონკრეტულ სარჩელთან მიმართებით, ისედაც არსებობს საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.

10. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1751 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

  III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 27მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1751 კონსტიტუციურ სარჩელზე („ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე