ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/5/1616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016790
1/5/1616
22/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.000.016790
ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგია განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/5/1616

2023 წლის 22 თებერვალი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს“ და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1616) მომართა ნიკოლოზ ლომიძემ. №1616 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 02 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.

2. №1616 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლი აწესრიგებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომში, საბჭო) მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესსა და ცალკეულ პროცედურულ ასპექტებს. №1616 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმია, მათ შორის, დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს საბჭოს მხრიდან ყურადღების გამახვილებას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

5. №1616 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 თებერვლის №02/21-0027 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილება, არსებითად, ეფუძნებოდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის კრიტერიუმს. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შეამოწმა მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერება და წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებზე მითითებით ძალაში დატოვა საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სასჯელის მთავარი მიზანი და დანიშნულება არა დამნაშავის დასჯა, არამედ მისი გამოსწორებაა. საბჭოს საქმიანობის მიზანს და ფუნქციას მხოლოდ დამნაშავის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების დაცვა წარმოადგენს. მოსარჩელის მითითებით, მართალია დანაშაულებრივი ქმედებისათვის პირის დასჯას აქვს პრევენციული ეფექტი დანაშაულის ჩადენის მსურველი ყველა პოტენციური პირის მიმართ, თუმცა დამნაშავის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით, მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების გამოყენების პრაქტიკა, ფაქტობრივად, გამორიცხავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში რესოციალიზაციის მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ალტერნატიული მექანიზმების ეფექტიან რეალიზებას, ვინაიდან ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე და კატეგორია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ბოლომდე ვერ შეიცვლება და, შესაბამისად, მუდმივად იარსებებს მისგან მომდინარე ნეგატიური მოსაზრებები. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენის ზოგადი პრევენციის ინტერესი ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი არგუმენტი პირის მიმართ საშეღავათო ვადებში დარჩენილი სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზანშეუწონლობის დასასაბუთებლად, რამდენადაც ამგვარი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმი ვერ უზრუნველყოფს საპატიმრო სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, მათი აღსრულება არის პირის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.

8. მოსარჩელე, აგრეთვე მიუთითებს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ძირითადად, არ არის დასაბუთებული. საბჭო არ ამოწმებს და ყურადღებას არ აქცევს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესსა და შედეგებს, არ იკვლევს ხუთივე კრიტერიუმს და მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე მითითებით იღებს გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ამგვარი განხილვა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონსტიტუციური გარანტიების დაცვას, რაც ვერ ჩაითვლება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ფორმად. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტსაც.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმის არაეფექტიანობას განაპირობებს. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინოს შეფასების კრიტერიუმები. მოსარჩელის მითითებით, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების ფორმალურ შესაბამისობას კანონმდებლობასთან და დასაბუთების არსებობას, რაც ძირითადად გამოიხატება დანაშაულის ხასიათზე მითითებაში. ამასთანავე, საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საბჭოს გააჩნია შესაძლებლობა, კვლავ დანაშაულის ხასიათზე მითითებით, იგივე გადაწყვეტილება მიიღოს. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საბჭოს მხრიდან შეფასებისას ისეთი უცვლელი და წინასწარ დადგენილი ხასიათის მქონე კრიტერიუმის გათვალისწინება, როგორიც არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, იწვევს სასამართლოს გზით უფლების დაცვის შესაძლებლობის არაეფექტიანობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტს.

11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების პრაქტიკაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო დოკუმენტებზე.

12. №1616 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა კვლავ მოხდება შეფასების არაკონსტიტუციურ კრიტერიუმზე მითითებით, რაც გამოიწვევს არაერთი მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას, საბჭოს მიზნების ხელყოფას და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის შესაძლებლობის მოსპობას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1616 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმები საბჭოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ კრიტერიუმად პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს განსაზღვრავს. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული, ფაქტობრივად, გამორიცხავს მსჯავრდებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში რესოციალიზაციის მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ალტერნატიული მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც იწვევს ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციას სახელმწიფოს ხელში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგება სასჯელების ლეგიტიმურ მიზნებს.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების ხელშეუვალობის უფლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. კერძოდ, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში. შედეგად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ადამიანს განიხილავს მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).

4. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

5. შესაბამისად, სადავო ნორმების უფლებაშემზღუდველ ბუნებაზე მითითება, თავისთავად, არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული პოტენციური უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობას იმთავითვე არ აფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით. ბუნებრივია, ნებისმიერი ამგვარი ღონისძიება შესაძლოა, გარკვეული სახით, იწვევს დისკომფორტს და არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამატებითი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). ამრიგად, სადავო ნორმების ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია დასაბუთდეს, რომ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით იწვევს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.

6. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმების საფუძველზე, ღირსების უფლების შეზღუდვის წარმოჩენისკენ იქნებოდა მიმართული. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი რეგულირებულია იმდაგვარად, რომ მიისწრაფვის ისეთი ლეგიტიმური მიზნების რეალიზაციისაკენ, როგორიცაა დანაშაულის ზოგადი და სპეციალური პრევენცია, ისევე როგორც დამნაშავის დასჯა. ამ მიზნის სწორი რეალიზებისთვის ითვალისწინებს არაერთ სუბიექტურ თუ ობიექტურ კრიტერიუმს, რომელიც ერთობლიობაში თავისთავად ვერ ჩაითვლება აშკარად სასჯელის მიზნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი არგუმენტაცია, რატომ იწვევს ადამიანის სახელმწიფოს ხელში მიზნის მიღწევის საშუალებად გადაქცევას და, შესაბამისად, რა თვალსაზრისით ზღუდავს, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინება ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სადავო ნორმები არ ქმნის პირისათვის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის/სანქციის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, არამედ, მხოლოდ ითვალისწინებს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ამგვარი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ კრიტერიუმს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარეს არც ის დაუსაბუთებია, რატომ ან რა მხრივ უტოლდება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ინდივიდისათვის სასჯელის დაკისრებას და, მით უმეტეს, რატომ გააჩნია მას არაადამიანური ან დამამცირებელი ხასიათი.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, №1616 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, პრაქტიკაში, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი, მხედველობაში, უმთავრესად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი მიიღება და მნიშვნელობა არ ენიჭება მსჯავრდებულის მიერ სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ამდენად, საბჭოს მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ფორმად. ამასთანავე, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სადავო ნორმებით დადგენილი კრიტერიუმის გათვალისწინება ზღუდავს სასამართლოს მიერ საკითხის შეფასების ფარგლებს და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, აგრეთვე არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

12. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, ისევე, როგორც 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა/ნორმები ზღუდავს მისი დაცვის საპროცესო მექანიზმით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.

13. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია სადავო ნორმების სამართლებრივი ბუნებისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მათი მატერიალური წინააღმდეგობის დასადასტურებლად. მოსარჩელე განმარტავს, რომ მიზანშეუწონელია გასაჩივრებული კრიტერიუმის არსებობა და მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს მხრიდან ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკაზე, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი მყარი არგუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ მას ხელი ეშლება საპროცესო უფლებებით სარგებლობაში. სადავო ნორმა არ არეგულირებს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებს, არამედ განსაზღვრავს შინაარსობრივ კრიტერიუმს, რომელსაც მხედველობაში იღებს საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვა მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას დასახელებულ სადავო ნორმებსა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს შორის.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1616 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

15. №1616 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოთხოვნილია, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

16. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განსაზღვრავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/8/1470 განჩინება საქმეზე „ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). იმავდროულად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული საქმის ფარგლებში, ყოველ ჯერზე, აფასებს კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობასა და თავად ამ შეზღუდვის შესაბამისობას თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.

18. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნით ბოჭვის ვალდებულება, თავისთავად, მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული თითოეული უფლებიდან და წარმოადგენს ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვითმყოფად საშუალებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს უფლების დაცვის ძირითად მსაზღვრელ პრინციპს და არა თავად უფლებას, რომელთან მიმართებითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც, უსაფუძვლოა.

19. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №1616 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1616 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე