რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/2/1447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016787
1/2/1447
22/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.000.016787
რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/2/1447

2023 წლის 22 თებერვალი  

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებისა და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1447) მომართა რემზი შარაძემ. №1447 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 19 სექტემბერს. №1447 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.

2. №1447 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის კონკრეტულ წესსა და პროცედურას. კერძოდ, „თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი“. სადავო წინადადების თანახმად კი, „მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, „თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი“.

4. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს პირველი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ მეორე განმეორებით აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყის ფასს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, არაკონსტიტუციურია ის დანაწესიც, რომლის შესაბამისად, 5000 ლარზე ნაკლები საბაზრო ღირებულების ქონებაზე ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი და გამარჯვებულის არგამოვლენის შემთხვევაში მოქმედებაში შემოდის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადენილი წესი.

5. სარჩელის დასაბუთების მიზნით, მოსარჩელე აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებაზე საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება, რომელიც განსაზღვრავდა პირველი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ მეორე განმეორებით აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყის ფასს ნული ლარის ოდენობით. მოსარჩელის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს იმავე შინაარსის საკითხს, რომელიც ერთხელ უკვე გადაწყვეტილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისად, არ არსებობს №1447 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის არსებითად განხილვის საჭიროება. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

6. №1447 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო დანაწესით იზღუდება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, კერძოდ, ხდება საკუთრების განკარგვის უფლების უგულებელყოფა. მოსარჩელე სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ასევე მიუთითებს სადავო ნორმების სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის თაობაზე, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან შეუსაბამობა. მოსარჩელის მოსაზრებით, უძრავი თუ მოძრავი ქონების გატანა აუქციონზე კომპეტენტური ორგანოს მიერ ქონების ღირებულების 5%-ის ოდენობით, პირველ რიგში, არის ნულოვანი აუქციონის არსებობა, რომელიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. იგი განმარტავს, რომ კანონი უშვებს იმის ალბათობას, რომ შესაძლებელია ქონება გაიყიდოს მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმებით. სააღსრულებო ბიურომ მოვალეს ქონება არ უნდა დაუყადაღოს, არამედ უნდა მისცეს გონივრული ვადა, გაყიდოს ნივთი რეალურ ფასად და კრედიტორის მოთხოვნა მთლიანად ან უმეტესწილად დააკმაყოფილოს.

7. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, ასევე ითხოვს უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამის დანაწესზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

 

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების აქტუალურ დროში დარღვევაზე ან მომავალში შესაძლო დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

3. №1447 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე რემზი შარაძე ერთხელ უკვე იყო №867 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი. აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელზეც, განსახილველი სარჩელის მსგავსად, დავის საგანს წარმოადგენდა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმა, განსახილველი №1447 კონსტიტუციური სარჩელისგან განსხვავებით, ადგენდა, რომ „მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს“. როგორც ცნობილია, „„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №441 ბრძანების საფუძველზე, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, დადგინდა, რომ „მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს“. ცხადია, რომ აღნიშნული ცვლილება ემსახურებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას, ვინაიდან, საკუთრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის უფრო გვიანდელი ვადა, კერძოდ, 2019 წლის 31 აგვისტო.

4. აღსანიშნავია, რომ №867 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უფლებამოსილი იყო, ედავა 2019 წლის 30 აგვისტომდე არსებული რეგულაციის კონსტიტუციურობის თაობაზე. თუმცა როგორც განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე რემზი შარაძეს №1447 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, იგი კვლავ გახდა ახლად შექმნილი სადავო ნორმის ადრესატი და, შესაბამისად, დაირღვა მისი საკუთრების უფლება ან ამ უფლების რომელიმე კომპონენტი. ამავდროულად, №1447 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არც ის დაუსაბუთებია, რომ სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იგი იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, უფრო მეტიც, არ წარმოუდგენია სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი, რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა. ამგვარად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიმართ ჯერ არ გავრცელებულა სადავო ნორმების მოქმედება, ასევე მოსარჩელე ვერ ასაბუთებს განჭვრეტად მომავალში უფლების დარღვევის ობიექტურ პოტენციალს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რემზი შარაძე არ არის „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებისა და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობის შესახებ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის უფლებამოსილი სუბიექტი.

5. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1447 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1447 კონსტიტუციური სარჩელი („რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე