დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 31/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.281 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.281
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №66/2003
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, 2004 წლის 4 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დღეს, მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საარჩევნო უბნებში, სადაც მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები, კენჭისყრის დღედ განისაზღვროს 2004 წლის 2 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, რომელსაც უშუალოდ დაადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.
მუხლი 2
საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლის პროცედურები განხორციელდეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათ შესაბამის საარჩევნო ოლქებში ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებისას.
მუხლი 3
თუ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვერ მოესწრო ამ საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის/ხმის დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია პირდაპირ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და შესაბამისად, ცესკოს მიერ განხორციელდება აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შეჯამება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი ქიტოშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები