დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2613-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.020835 |
|
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 161-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლით საკუთარი აქციების შეძენისთვის დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციებს უზრუნველყოფის საშუალებად იყენებენ კომერციული ბანკები, მიკრობანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.“. 2. 167-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება ითვალისწინებს ახალი აქციების კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის ან საბროკერო კომპანიისთვის გამოშვებას იმ ვალდებულებით, რომ ის მიღებულ აქციებს შესთავაზებს სააქციო საზოგადოების აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებისთვის.“. 3. 225-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის – რეგისტრატორი) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს ამ თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი ადგენს ყველა რეგისტრირებული მესაკუთრის სიას გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით (ამ სიაში მიეთითება მათი ვინაობა, მისამართები და მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა რაოდენობა) (გამოსყიდვის რეესტრი) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქმედებათა განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, აქციათა გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენის საფუძველზე ყველა აქციას მყიდველის სახელზე გადააფორმებს. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2613-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები