აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/41
10/02/2023
ვებგვერდი, 14/02/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/41

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2023 წლის 30 იანვრის №419/09 განცხადება – ,,ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  გამოარკვია:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა. ამასთან, მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მოცემულ პროექტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით.

პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კვაშტაში მცხოვრები სერაპიონ გათენაძის (პ/ნ №65002012193) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 314 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №21.06.33.432). დასახელებულ პირს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც უარი განაცხადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ,,ახალციხე-ბათუმიის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვაშტაში მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სერაპიონ გათენაძე (პ/ნ65002012193).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა სერაპიონ გათენაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 314 კვ.მ (ს/კ 21. 06.33.432).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. ,,ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კვაშტაში მდებარე სერაპიონ გათენაძის (პ/ნ 65002012193) საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 314 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №21.06.33.432). 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                                               ლევან დავითაშვილი