დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.023892 |
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში – საწარმო) მიერ საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია თანდართული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება; დ) საქონელი – ამ წესის დანართ №1-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები; ე) მომსახურება – ამ წესის დანართ №2-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები; ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ზ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; თ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად დასადები ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდებისთანავე, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. შესყიდვის საშუალება 1. გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ხორციელდება ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვა. 2. ამ წესის დანართებში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორთა საბჭო. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვის ობიექტის კონკრეტული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ის გარეშე), საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის თაობაზე, შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის აქციების მმართველ პირთან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.
მუხლი 5. შესყიდვის ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის იდება ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც შესაძლებელია, გაფორმდეს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შემდეგი დოკუმენტაციით: ა) ინვოისით ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტით, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესყიდვის ობიექტის ღირებულება, ან/და ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. 3. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე მიღებული გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეათანხმოს სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. ასევე არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს ბიზნეს-გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა.
მუხლი 6. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ.
მუხლი 7. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოყოს შესაბამის პირთა ჯგუფი (ინსპექტირების ჯგუფი). 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება; გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება; ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.
მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1
დანართი №2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები