„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 480570000.10.003.023874
41
30/01/2023
ვებგვერდი, 31/01/2023
480570000.10.003.023874
„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2023 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2020, 480570000.10.003.021764) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს სამუშაო და საკოორდინაციო ჯგუფების თავმჯდომარეები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულების“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კლიმატის ცვლილების საბჭო შექმნილია საქართველოში „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაეროს ჩარჩო კონვენციისა (შემდგომში − კონვენცია) (კონვენციის მიზანია ატმოსფეროში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზება) და „პარიზის შეთანხმების“ („პარიზის შეთანხმების“ მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისადმი გლობალური რეაგირების გაძლიერება) მოთხოვნების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს მიზანია, ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების საპასუხო მოქმედებების კოორდინაცია და კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ მედეგობის ზრდის ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება უშუალოდ საბჭოსგან, საკოორდინაციო ჯგუფებისგან, მათ შორის, მერების შეთანხმების (მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის) ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფისა (შემდგომში − მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი) და სამუშაო ჯგუფებისგან.

2. საბჭო შედგება საბჭოს წევრი საქართველოს მთავრობის წევრების − მინისტრების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისაგან.“;

გ) მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკოორდინაციო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების, პროექტებისა და სხვა საკითხების კოორდინაციის მაღალი საჭიროებისა და დონის მიზნით იქმნება. დებულებით განსაზღვრული საკოორდინაციო ჯგუფის გარდა, საკოორდინაციო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო.

5. სამუშაო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო ეკონომიკურ და სოციალურ დარგებში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, რომელიც შედგება საჯარო მოხელეებისგან, ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა  და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო.“;

დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებზე, რომელიც შედგება მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერებისგან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისა და სახელმწიფო რწმუნებულებისგან.“; 

ე) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო:

ა) წარმართავს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს;

ბ) განიხილავს „პარიზის შეთანხმებით“ დადგენილი მიზნების მისაღწევად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულების განმსაზღვრელი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადების, განახლების, განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებს;

გ) განიხილავს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დასრულებულ დოკუმენტს და, მოწონების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით ამ დოკუმენტების დამტკიცებისა და კონვენციის სამდივნოში წარდგენის თაობაზე; 

დ) განიხილავს საქართველოში „პარიზის შეთანხმების“ განხორციელებისთვის „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოს“ ფარგლებში გაზომვების, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის უწყებათაშორის ეროვნულ სისტემას და, მოწონების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მართვის საერთაშორისო მექანიზმს; 

ე) განიხილავს კონვენციისადმი საქართველოს ეროვნულ შეტყობინებებს, ორწლიურ განახლებულ ან გამჭვირვალობის ანგარიშებს, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებისა და სხვა ანგარიშებს;

ვ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) საქართველოს ეროვნულ პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს ფონდიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით და, მოწონების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს შესაბამისი რეკომენდაციით;

ზ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში დასაფინანსებლად წარსადგენ პროექტებს და, მოწონების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით;

თ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) აკრედიტაციის მიღების მიზნით ეროვნული ორგანიზაცი(ებ)ის წარდგენის საკითხს და, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით;

ი) „პარიზის შეთანხმების“ მე-6 მუხლით განსაზღვრული ემისიებით ვაჭრობაში ჩართვის მოთხოვნით წარდგენილი პროექტებისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავს, რამდენად უწყობს ხელს წარდგენილი პროექტი ქვეყნის მდგრად განვითარებას, შესაბამისობაშია თუ არა ეროვნულ და/ან სექტორულ პოლიტიკასთან და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით განიხილავს ინფორმაციას კლიმატის ცვლილების სფეროში პროექტების მიმდინარეობის შესახებ;

ლ) განიხილავს კლიმატის ცვლილების სფეროში მომზადებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებს, მათ შორის, სტრატეგიებს, გეგმებს და, მოწონების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას;

მ) ქმნის და ამტკიცებს სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი სექტორებისა თუ საკითხისათვის, საჭიროების მიხედვით. ასევე ითანხმებს სამუშაო ჯგუფების მიზნებს, საქმიანობებს, მუშაობის განრიგსა და ვადებს;

ნ) ქმნის და ამტკიცებს საკოორდინაციო ჯგუფებს შესაბამისი თემების კოორდინაციისთვის. ასევე ითანხმებს საკოორდინაციო ჯგუფების მიზნებს, საქმიანობებს, მუშაობის განრიგსა და ვადებს;

ო) განიხილავს კლიმატის ცვლილების კოორდინაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

პ) განიხილავს სამუშაო ჯგუფების ანგარიშებს და, შენიშვნების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფებს აძლევს ვადას ანგარიშების საბჭოსთვის ხელახლა წარსადგენად;

ჟ) სამუშაო ჯგუფების ანგარიშებისა და საკოორდინაციო ჯგუფების წინადადებების საფუძველზე, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.“;

ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე ან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“;

ზ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გადაწყვეტილების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში. გადაწყვეტილება ეცნობება საბჭოს ყველა წევრს.“;

თ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია საბჭოს, საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 გ) უზრუნველყოფს სათანადო პირებისათვის მასალების/ გადაწყვეტილებების დროულად მიწოდებასა და სხვა სახის კომუნიკაციის განხორციელებას, დადასტურების პროცედურის სრულად და ეფექტიანად ორგანიზების მიზნით;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის სხდომის დღის წესრიგისა და მასალების გაგზავნას საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისათვის, შესაბამისი უწყებებიდან/მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს;

ვ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების განახლებულ შემადგენლობას;“;

ი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსი „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) ამზადებს და წარუდგენს საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

ლ) ახორციელებს სამდივნოს ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.“;

კ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით.“;

ლ) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს სხდომის ჩატარება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურ ფორმატში.

 5. ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის, ასევე საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის, ფოსტის, ტელეფონის, ტელეფაქსის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სამდივნოს მონაწილეობით.“;

მ)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. საკოორდინაციო ჯგუფი

1. საკოორდინაციო ჯგუფი:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს;

ბ) განიხილავს კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამზადებს რეკომენდაციებს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს შესაბამის პროექტებს ან საპროექტო კონცეფციებს;

გ) ახორციელებს კოორდინაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.

2. მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს; 

ბ) ამზადებს რეკომენდაციას „მერების შეთანხმების“ სტრატეგიული მიმართულების შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის;

გ) ითვალისწინებს მცირე ზომის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ საკითხებს და განიხილავს კონკრეტული საპროექტო წინადადების ფარგლებში;

დ) განიხილავს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს მუნიციპალიტეტების პოტენციური პროექტების პორტფელს;

ე) წელიწადში ერთხელ იწვევს გაფართოებულ სხდომას საბჭოსთან შეთანხმებული საპროექტო წინადადებების წარსადგენად დონორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისთვის;

ვ) საჭიროებისამებრ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის, მიმართავს საბჭოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ;

ზ) წარადგენს წევრებს საბჭოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში;

თ) ავალებს ჯგუფის წევრებს, 6 თვეში ერთხელ წარადგინონ ინფორმაცია თავიანთ მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის ცვლილების პროექტების შესახებ, საკოორდინაციო ჯგუფის მიერ დადგენილი წესისა და ფორმატის შესაბამისად.

3. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით, საკოორდინაციო ჯგუფის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.

4. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის წესს;

ბ) იწვევს და წარმართავს საკოორდინაციო ჯგუფის სხდომებს;

გ) წარუდგენს ანგარიშებს საბჭოს.“;

ნ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამზადებს ანგარიშებს საბჭოსთვის წარსადგენად.“;

ო) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საკუთარი ანგარიში საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს საბჭოს მიერ დავალების გაცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს საბჭოს და განსაზღვროს ანგარიშის წარდგენისთვის საჭირო ვადა.“;

პ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარუდგენს ანგარიშებს საბჭოს.“;

ჟ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზება

1. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრას იწვევს შესაბამისი ჯგუფის თავმჯდომარე.

2. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება 6 თვეში ერთხელ ან საბჭოს მიერ მიცემული დავალების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე.

3. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს მიმართ წინადადებით.

4. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების ჩატარება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურ ფორმატში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი