საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 31/05/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 17, 20/07/1961
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
31/05/1961
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 17, 20/07/1961
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

გამომდინარე სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 24 თებერვლის, 25 მარტის, 5 და 18 მაისის ბრძანებულებებიდან, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონში და „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანას, აგრეთვე 1961 წლის 24 მაისის ბრძანებულებიდან, რომელიც აწესებს გეგმების შესრულების ანგარიშგებაში წარმატებისა და სხვა დამახინჯებისათვის პასუხისმგებლობას, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. მუხლი 24 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება –  სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე დაშვებულია სიკვდილით დასჯის - დახვრეტის გამოყენება სამშობლოს ღალატისათვის (მუხლი 65), ჯაშუშობისათვის (მუხლი 66), ტერორისტული აქტისათვის (მუხლები 67, 68), დივერსიისათვის (მუხლი 69), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78), ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გასაღების მიზნით დამზადებისა ან გასაღებისათვის, რაც ხელობადაა გადაქცეული (88 მუხლის მეორე ნაწილი), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104 და 258 მუხლის „გ“ პუნქტი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისთვის (მუხლი 96), ხოლო ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში - სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სსრ კავშირის კანონმდებლობით.

სიკვდილით დასჯის დახვრეტის გამოყენება დაშვებულია აგრეთვე განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან მძიმე დანაშაულებისათვის და რომლებიც ტერორით აშინებენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გამოსწორების გზაზე დამდგარ პატიმრებს, ან აწყობენ თავდასხმებს ადმინისტრაციაზე, ან ამ მიზნით ქმნიან დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობენ ასეთ დაჯგუფებებში (მუხლი 181).

სიკვდილი არ შეიძლება მიესაჯოს იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, და ქალებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულად არიან. სიკვდილით დასჯა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალის მიმართ, რომელიც განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულად არის“.

2. 44-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების შემდეგ „ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78)“ დაემატოს სიტყვები „შრომა-გასწორების დაწესებულებების მუშაობის დეზორგანიზაციისათვის (მუხლი 781)“, სიტყვების შემდეგ „ყაჩაღობისათვის (96 და 152 მუხლები)“ დაემატოს სიტყვები: „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისათვის (მუხლი 961)“.

ამავე მუხლს დაემატოს პუნქტი მეოთხე შემდეგი შინაარსისა:

„4) პირი, რომელიც საპატიმრო ადგილებში სასჯელის მოხდისას ჩაიდენს განზრახ დანაშაულს, მიუხედავად მის მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულისა“.

  3. 46-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, აგრეთვე დამნაშავის სამუშაო ადგილიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მუშათა, მოსამსახურეთა, კოლმეურნეთა კოლექტივების შუამდგომლობას მისთვის პირობითი მსჯავრის დადების შესახებ, სასამართლოს შეუძლია გადასცეს ამ ორგანიზაციებს ან კოლექტივებს პირობით მსჯავრდებული ხელახლა აღზრდისა და გამოსწორებისათვის“.

4. მუხლი 54 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით

თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, გამასწორებელი სამუშაო, გადასახლება, გასახლება ან სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა, სანიმუშო ყოფაქცევით და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება, მის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს, სასჯელის დანიშნული ვადის სულ ცოტა ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ, სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამასთან მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს აგრეთვე შემდეგი სახის დამატებითი სასჯელებისაგან:  გადასახლების, გასახლების ან გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან.

ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის სულ ცოტა ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან შემდეგი დანაშაულისათვის:

მასობრივი არეულობისათვის (მუხლი 80), 

მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებათა განძრახ დაზიანებისათვის  (მუხლი 87), 

კონტრაბანდისათვის (მუხლი 79), 

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი ოდენობით დატაცებისათვის (91 მუხლის მესამე ნაწილი, 92 მუხლის მესამე ნაწილი, 93 მუხლის მესამე ნაწილი და 94 მუხლის მესამე ნაწილი), 

განზრახ მკვლელობისათვის (მუხლი 105), 

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110), 

გაუპატიურებისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ასეთივე დანაშაული (117 მუხლის მეორე ნაწილი), 

ქრთამის აღებისათვის (189 მუხლის პირველი ნაწილი); 

წინასწარი შეცნობით უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის (192 მუხლის მეორე ნაწილი); 

წინასწარი შეცნობით უკანონო განაჩენის გამოტანისათვის, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა (193 მუხლის მეორე ნაწილი); 

სპეკულაციისათვის დამამძიმებელ გარემოებაში (165 მუხლის მეორე ნაწილი);

ქურდობისათვის, ძარცვისათვის, თაღლითობისათვის, რაც ჩადენილია განმეორებით (91 მუხლის მეორე ნაწილი, 92 მუხლის მეორე ნაწილი, 93 მუხლის მეორე ნაწილი, 150 მუხლის მეორე ნაწილი, 151 მუხლის მეორე ნაწილი, 153 მუხლის მეორე ნაწილი); 

ბოროტი ხულიგნობისათვის (228 მუხლის მეორე ნაწილი); 

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი უფროსისადმი წინააღმდეგობის გაწევის ან იძულებისათვის, რათა მან დაარღვიოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობა (258 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები); 

უფროსის მიმართ ძალადობისათვის (მუხლი 260).

თუ იმ პირმა, რომლის მიმართ გამოყენებული იყო ვადამდე პირობით გათავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი იმავე გვარის ან არანაკლებ მძიმე დანაშაული, სასამართლოს შეუძლია ახალი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ მიუმატოს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რისთვისაც იხელმძღვანელებს ამ კოდექსის 42 მუხლში დადგენილი წესებით.

ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ გამოიყენება:

1) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტების მიმართ (მუხლი 44);

2) იმ პირების მიმართ, რომლებიც ადრე ვადამდე პირობით გათავისუფლებულ იქნენ თავისუფლების აღკვეთისაგან, ან რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით, თუ მათ სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინეს ახალი განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა;

3) იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74 მუხლები),

ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78),

ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა ან გასაღებისათვის (მუხლი 88),

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89),

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისათვის (მუხლი 961);

განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104),

გაუპატიურებისათვის, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, ან არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (მუხლი 117-ის მეორე და მესამე ნაწილი);

ყაჩაღობისათვის (96 და 152 მუხლები),

ქრთამის აღებისა და მიცემისათვის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის, რაც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (189 მუხლის მეორე ნაწილი და 190 მუხლის მეორე ნაწილი)“.

5. განსაკუთრებული ნაწილის პირველ თავს „სახელმწიფო დანაშაული“ დაემატოს 781 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 781. მოქმედებანი, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომაგასწორების დაწესებულებათა მუშაობაში

განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, აგრეთვე მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, რომლებიც ტერორით აშინებენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გამოსწორების გზაზე დამდგარ პატიმრებს ან აწყობენ თავდასხმებს ადმინისტრაციაზე, აგრეთვე ქმნიან ამ მიზნით დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ან აქტიურად მონაწილეობენ ასეთ დაჯგუფებებში,

ისჯებიან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით“.
6. 88-ე მუხლს დაემატოს მეორე ნაწილი შემდეგი შინაარსისა:

„იგივე მოქმედება, ჩადენილი ხელობის სახით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.

7. მუხლი 89 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 89. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა, აგრეთვე სავალუტო ფასეულობების ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე სავალუტო ფასეულობების და ფასიანი ქაღალდების აუცილებელი კონფისკაციით და გადასახლებით  ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.

სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, აგრეთვე სავალუტო ოპერაციების შესახებ წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ამ მუხლის პირველი ნაწილით იყო მსჯავრდებული,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გასახლების გარეშე“.
8. 65, 66 მუხლებს, 67 მუხლის პირველ და მეორე ნაწილს, 68 მუხლის  პირველ და მეორე ნაწილს, 69, 70, 78, 79 მუხლებს, 88 მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების შემდეგ „წლამდე, ქონების კონფისკაციით“, 71 მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების შემდეგ „შვიდ წლამდე“, 71 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების შემდეგ „ათ წლამდე“, 72 მუხლს სიტყვების შემდეგ „რვა წლამდე“, 87 მუხლს სიტყვების შემდეგ „თხუთმეტ წლამდე“, დაემატოს სიტყვები „და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე“.

9. განსაკუთრებული ნაწილის პირველ თავს „სახელმწიფო დანაშაული“ დაემატოს 901 მუხლი შემდეგი შინაარსის:

„მუხლი 901. სახელმწიფო დანაშაულის დაფარვა

წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშულის, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 65-70, 73, 78, 79, 88, 89 მუხლებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ან ისჯება გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე“.

10. განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავს „დანაშაული სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ“ დაემატოს 961 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 961. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება, მიუხედავად დატაცების ხერხისა (91-94, 96 მუხლები), –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან ისჯება სიკვდილით ქონების კონფისკაციით“.

11. 91 და 150 მუხლების შენიშვნებში 96 მუხლზე მითითების შემდეგ დაემატოს მითითება „961 მუხლზე.

12. განსაკუთრებული ნაწილის მეექვსე თავს „სამეურნეო დანაშაული დაემატოს 1631 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1631. წამატება და სხვა დამახინჯება გეგმის შესრულების ანგარიშგებაში

წამატება სახელმწიფო ანგარიშგებაში და გეგმების შესრულების შესახებ სხვა განზრახ დამახინჯებული საანგარიშგებო მონაცემების წარდგენა, როგორც სახელმწიფო საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

13. 205 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების შემდეგ „თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით“ და მეორე ნაწილში სიტყვების შემდეგ „თავისუფლების აღკვეთა ათი წლით და მეტი ვადით“ დაემატოს სიტყვები“ (გარდა ამ კოდექსის 901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა)“.

14. 206-ე მუხლში სიტყვები „დიდი ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით“; ფრჩხილებში სიტყვების შემდეგ „94 მუხლის მესამე ნაწილი“ დაემატოს სიტყვები „მუხლი 961“.

II. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. მუხლი 32 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს და ავტონომიური ოლქის სასამართლოს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და ავტონომიური ოლქის სასამართლოს ქვემდებარეა სისხლის სამართლის საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 65, 67-781, 80, 82 ნაწ. მეორე, 85, 86 ნაწ. პირველი, 87-901, 104, 160, 1631, 192-195 მუხლებით“.

2. 88 მუხლში 89 მუხლზე მითითების შემდეგ დაემატოს „90“, ხოლო 96 მუხლზე მითითების შემდეგ დაემატოს „961“.

3. 126 მუხლში 65-90 მუხლებზე მითითების ნაცვლად ჩაიწეროს „65-901“, 96 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „961“, ხოლო 161 მუხლის შემდეგ ჩაიწეროს „1631“; სიტყვები „161 პირველი ნაწილი“ შეიცვალოს სიტყვებით „116 მეორე ნაწილი“.

4. 375 მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მითითება 65-74, 78, 96, 104 და 152 მუხლებზე; 117 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს სიტყვები „გაუპატიურება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ასეთივე დანაშაული“; 189 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს სიტყვები „პირველი ნაწილი“.
5. 376 მუხლის მეორე ნაწილში 78 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „781,“ 87 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „88 მუხლის მეორე ნაწილი და 89 მუხლის მეორე ნაწილი“, ხოლო 96 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „961“.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ბ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი   ზ. გელდიაშვილი.


ქ. თბილისი, 1961 წლის 31 მაისი.