დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.023866 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს: |
მუხლი 1 |
ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარით. |
მუხლი 2 |
1. საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 3. საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები. |
მუხლი 3 |
1. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს იმ დასაქმებულებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობა გულისხმობს: ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე; ბ) ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის შემდეგ ან 2023 წლის 1 იანვრიდან ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდს; გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალურ მომსახურების სააგენტოში წარდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესითა და ოდენობით, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები