დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 19/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.050.000.10.003.001.073 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №128
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულებას დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე
1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის (ტყით დაფარული ფართობი) შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;
ბ) საკურორტო ზონის ტყეები;
გ) მწვანე ზონის ტყეები;
დ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;
ე) ჭალის ტყეები;
ვ) სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი;
ზ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბანი;
თ) თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი;
ი) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეები, აგრეთვე ტყის უბნები, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვ.);
კ) დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);
ლ) მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბნები;
მ) ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;
ნ) რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;
ო) ტერიტორიები, სადაც გათვალისწინებულია ტყით სარგებლობა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებლად;
პ) 200-ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქანებით დაფარული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით დაფარულ ფერდობებზე წიაღითსარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად, აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;
ჟ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 50 მ3-ს;
რ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების შეუქცევადი პროცესი;
ს) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, რომლის ფართობის 50%-ზე მეტი დაფარულია ბუჩქნარით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ესაჭიროება მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.
3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.
6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:
ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე სახელმწიფო და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებს, ხოლო ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
7. ლიცენზიის მაძიებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზიის მიღების მიზნით წარუდგენს განცხადებას, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს:
ა) წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
8. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც:
ა) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრის მეშვეობით არჩევს განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალურ ტერიტორიას, ამზადებს შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მეშვეობით ამზადებს სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს წიაღით სარგებლობისათვის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით;
დ) იხილავს ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების საკითხს.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მონაცემებს სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრისა და სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ უგზავნის სამინისტროს და აცხადებს თანხმობას ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე.
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემის საკითხს უთანხმებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებს და მათი თანხმობის შემთხვევაში აცხადებს აუქციონს.
11. საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, სამინისტრო აუქციონს აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
14. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, რომ დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. სამინისტრო ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.
16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
18. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრისა და სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ანგარიშზე ჩარიცხოს აღნიშნული პირების მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური.
19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.
20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.
21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.“;
გ) დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;
დ) დებულების 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება
ლიცენზიის გაცემისას სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მიწისა და სამთო მინაკუთვნის დაწესების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ასევე ქ. თბილისის მერიასთან) შეთანხმებით.“;
ე) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხე-ტყის მოჭრამდე ხე-ტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადაბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისი სამასალე მერქნული რესურსისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის 5-მაგი ოდენობა.“;
ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.“;
ზ) 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორიგისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.“;
თ) 75 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე სამინისტროში არ წარმოუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ტერიტორია აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებული პროცედურები დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები