ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/14/1730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016779
2/14/1730
23/12/2022
ვებგვერდი, 11/01/2023
000000000.00.000.016779
ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

 განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/14/1730 

 

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1730) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ნატალია ფერაძემ და კონსტანტინე გურულმა. №1730 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2022 წლის 16 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.

2. №1730 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

5. №1730 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ნატალია ფერაძე 2016 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ადმინისტრაციული სახდელის სახით ნატალია ფერაძეს განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანალოგიურად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი კონსტანტინე გურულის მიმართ და ადმინისტრაციული სახდელის სახით მასაც დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ორივე შემთხვევაში საერთო სასამართლოებმა მიუთითეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებს სცილდებოდა იმის დადგენა, კანონიერი იყო თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ იმ კონკრეტულ ვითარებაში მოსარჩელეთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნა.

6. №1730 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა საერთო სასამართლოების მიერ ხდება ამ ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოყენება. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი სასამართლო აფასებს მხოლოდ პოლიციელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის აბსტრაქტულ კანონიერებას, ჰქონდა თუ არა მას ამგვარი მოთხოვნის წაყენების უფლებამოსილება ზოგადად, ხოლო შეფასების მიღმა რჩება მოთხოვნის კანონიერების საკითხი იმ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც მისი წარდგენა მოხდა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური გარემოებების შესწავლა მნიშვნელოვანია, რამდენადაც შეიძლება, პოლიციელს, ზოგადად, ჰქონდეს რაიმე ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილება (მაგალითად, აქციის დაშლის), თუმცა კონკრეტულ ვითარებაში არ არსებობდეს მისი გამოყენების აუცილებლობა ან/და არ იყოს პროპორციული.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სასამართლოს თავად უნდა ჰქონდეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სავარაუდო უკანონო ქმედებაზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფორმალურად და მატერიალურად უნდა ამოწმებდეს პოლიციის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერების საკითხს და მხოლოდ ამგვარი შესწავლის შედეგად იღებდეს გადაწყვეტილებას, პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს არ შესწევს უნარი, შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერება ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციური უფლებების დაცვის ადეკვატურ გარანტიად.

8. №1730 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ხშირად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლეები დროში შეზღუდულნი არიან, რის გამოც შესაძლოა, ვერ მოესწროს ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პოლიციის წარმომადგენელს აქვს სრული უფლებამოსილება, ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, გადაიღოს სამართალდარღვევის ფაქტი. ამგვარი მტკიცებულების დართვით, სასამართლოსთვის სრულად იქნება შესაძლებელი, შეზღუდულ ვადებშიც კი, დაადგინოს კონკრეტული მოთხოვნის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, დადგენილი შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

9.   მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულისაქმისწარმოების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება, არის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1.  კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2.  №1730 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

3. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ქმედებისთვის პირის სამართალდამრღვევად ცნობისას საერთო სასამართლოები არ იკვლევენ სამართალდამცავი ორგანოს განკარგულების/მოთხოვნის კანონიერებას, არამედ ისინი მხოლოდ იმ გარემოებას აფასებენ, მოქმედებდა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა განაპირობებს პასუხისმგებლობის დაკისრებას მოსამართლის მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც არღვევს მათი სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, პირს ნამდვილად ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ მოთხოვნას/განკარგულებას, რომელიც უკანონოა. დასახელებული დასაბუთების სტანდარტის დასაკმაყოფილებლად კი, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).

5. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა არაორაზროვნად მიუთითებს და expressis verbis დასჯადად აცხადებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რომელიც კანონიერია. შესაბამისად, უშუალოდ სადავო ნორმის ტექსტი მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციისაა. სადავო ნორმის ტექსტის თანახმად, საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან, პირის სამართალდამრღვევად ცნობამდე, შეისწავლონ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ მოთხოვნისა თუ განკარგულების კანონიერება, რომლის დაუმორჩილებლობისათვის, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამდენად, ვინაიდან თავად ნორმის განმარტება არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოადგინოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენებას.

6. მოსარჩელეებს კონსტიტუციურ სარჩელზე დართული აქვთ საერთო სასამართლოების დადგენილებები, რომლებიც მათთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლოს აქტებით საბუთდება სადავო ნორმის მათ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა.

7. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს დადგენილებები ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისას, საერთო სასამართლოები არ იკვლევენ პოლიციელის კონკრეტული მოთხოვნის კანონიერებას და პირს სამართალდამრღვევად ცნობენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნა, რომელსაც მოქალაქე არ დაემორჩილა, უკანონოა. კერძოდ, მართალია, მოსარჩელე ნატალია ფერაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის დადგენილებაში (საქმე №4/3181-16) მითითებულია, რომ: „რაც შეეხება პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კონკრეტული ქმედების კანონიერებას, საკითხი არ წარმოადგენს მოცემული სამართალდარღვევის საქმის ფარგლებში განხილვის საგანს. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით თვითნებური, ძალადობრივი მოქმედებები დაუშვებელია. არამედ კანონით დაშვებულია მხოლოდ პრეტენზიის საჩივრით ან/და სარჩელით გამოხატვა“, თუმცა, აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილებაში (საქმე №4/ა-420-16) სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელე ნატალია ფერაძის ქმედების კანონშეუსაბამობასა და პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის კანონიერებაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „როგორც საქმის მასალებით და ასევე სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლის ჩვენებით სრულად დასტურდება ნატალია ფერაძის მიერ სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნატალია ფერაძე და მასთან მყოფი რამდენიმე პიროვნება, სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად ცდილობდნენ დაცულ ტერიტორიაზე შესვლას და არ ასრულებდნენ სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, მცირე მანძილით მოშორებოდნენ მათ და შეეწყვიტათ წინააღმდეგობა. აღნიშნულ ფაქტამდე სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს გზა და საშუალებას არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ დაცულ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ კი, ნაცვლად იმისა, რომ ნატალია ფერაძეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ავიდა და განთავსდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე, საიდანაც მის ჩამოყვანას გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელი“. არსებითად მსგავსი შინაარსისაა მოსარჩელე კონსტანტინე გურულის საქმესთან დაკავშირებით მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის დადგენილება (საქმე №4/ა-433-16).

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის საპირისპიროდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნას, მოსარჩელეები არ შესულიყვნენ დაცულ ტერიტორიაზე, კანონიერად მიიჩნევს. ამავდროულად, სასამართლო იკვლევს მოსარჩელე მხარის ქმედებას და მას კანონსაწინააღმდეგოდ აფასებს. სააპელაციო სასამართლოს დადგენილებებიდან არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლომ მხოლოდ ის შეაფასა, რამდენად წარმოადგენდა, ზოგადად, პოლიციის მოთხოვნა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს და არ შეისწავლა კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ გაცემული მოთხოვნის კანონიერება. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა სხვა ცხადი და რელევანტური პრაქტიკა, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს უკანონო მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა არის დასჯადი.

9.  მაშასადამე, არც სადავო ნორმის ტექსტი და არც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო პრაქტიკა არ ადასტურებს სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

10. სადავო ნორმიდან მომდინარე შემზღუდველი წესის იდენტიფიცირების პრობლემურობის მიღმა, აღსანიშნავია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/9/884 განჩინება საქმეზე „იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-12). სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს მისი სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1382 განჩინება საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, სადავო ნორმები განსაზღვრავს ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.

12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას. იგი აღწერს კონკრეტულ ქმედებას, რომელიც იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს კონკრეტულ სამართალდარღვევას და არა მისი ჩადენის დადგენის საპროცესო სამართლებრივ წესს. სადავო ნორმას საპროცესო წესად ვერ აქცევს და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას ვერ განაპირობებს თუნდაც მისი იმ შინაარსით განმარტება, რომლის თანახმადაც, ქმედება სამართალდარღვევად ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიციელის მოთხოვნა, რომელსაც მოქალაქე არ დაემორჩილა, უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეული ნორმატიული შინაარსი, თავად სამართალდარღვევის შინაარსს აყალიბებს და არა მისი განხილვის საპროცესო წესს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით შემოთავაზებული განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმა ადგენს მატერიალური უფლების ფარგლებს და მას არ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

13.  ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1730 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1.  არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1730 კონსტიტუციური სარჩელი („ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.   განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში