ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/13/1719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016778
2/13/1719
23/12/2022
ვებგვერდი, 11/01/2023
000000000.00.000.016778
ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/13/1719

2022 წლის 23 დეკემბერი

  ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1719) მომართა საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2022 წლის 21 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.

2. №1709 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ“.

5.  №1719 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დაცულია ევროკავშირისა და იმ ქვეყნების მოქალაქეების ინტერესები, რომლებთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალური უფლებები, რომლებთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დაუცველი რჩება. ამ მხრივ, მოსარჩელეს მაგალითად მოჰყავს აშშ-ისა და ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის დროშა ან გერბი თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, თუმცა, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული ნორმის ფარგლებში, ანალოგიური შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რადგან მათ, სადავო ნორმის საფუძველზე, ეზღუდებათ აშშ-ის ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონმდებლობა არ უნდა ასხვავებდეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს იმის მიხედვით, აქვს თუ არა საქართველოს მათი წარმომავლობის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელე აპელირებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ უფლებებს.

 II

სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთსაქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმაერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიგიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

3.  №1719 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა იცავს საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირისა და იმ ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებს, რომლებთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ არ იცავს იმ ქვეყნების მოქალაქეთა პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს, რომლებთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით, ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

5.  სადავო ნორმით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კონკრეტული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო რეგულირება მოსარჩელე მხარეს დისკრიმინაციულად მიაჩნია, რადგან იმ ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გასაჩივრებული ნორმა, ამავდროულად, არ იცავს იმ ქვეყნების მოქალაქეთა ინტერესებსა და უფლებებს, რომლებთანაც საქართველოს ამჟამად არ აქვს დიპლომატიური კავშირი. ამდენად, მოსარჩელე მხარე შესადარებელ პირებად მიიჩნევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. განმასხვავებელ ნიშნად კი იმ გარემოებას, ამჟამად აქვს თუ არა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც ექცევა შესადარებელ პირთა რომელიმე ჯგუფში.

6.  №1719 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ამჟამად არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, იგი არ ექცევა მის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირთა არც ერთ ჯგუფში, მის მიმართ სადავო ნორმატიულ შინაარსს აქვს ნეიტრალური ხასიათი, არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით იგი არ არის დიფერენცირებულ მდგომარეობაში და პირიქით, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, რომ არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ ვლინდება თანასწორი მოპყრობა. მოსარჩელე მხარეს აგრეთვე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედებით, უშუალოდ მოსარჩელეს მიადგა რაიმე ზიანი ან ასეთი ზიანის საფრთხე რეალურია და, შესაბამისად, არსებობს ინდივიდუალური უფლების დარღვევის პრევენციის აუცილებლობა. პირიქით, აშკარაა, რომ მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი უფლებების დასაცავად, არამედ უთითებს სხვათა, იმ ქვეყნების მოქალაქეთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, რომლებთანაც საქართველოს ამჟამად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.

7.  აღნიშნულიდან გამომდინარე, №1719 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არის actio popularis და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.

9.  №1719 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც, განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქეების უფლება, თანასწორ პირობებში შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი დასაბუთება სადავო ნორმის ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1719 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1.  არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1719 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 კოლეგიის შემადგენლობა:

 მანანა კობახიძე

  ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში