ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/1609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016771
2/6/1609
23/12/2022
ვებგვერდი, 11/01/2023
000000000.00.000.016771
ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/6/1609

2022 წლის 23 დეკემბერი

 ქ. ბათუმი

 

  

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1609) მომართა ბუდუ შეყილაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 28 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.

2. №1609 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გარდა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტებისა, კომპენსაციის მიმღებ ყველა სხვა პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია თანასწორობის უფლება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს, როგორც პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელს, წარმოეშობა კომპენსაციის მიღების უფლება, რომლის მაქსიმალური ზღვარიც დადგენილია სადავო ნორმით. მოსარჩელის აღნიშვნით, მისთვის პრობლემურია პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის, კომპენსაციის ზედა ზღვრის შეზღუდვის გამო, დამატებით სახელმწიფო პენსიის მიღების შეუძლებლობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ამგვარ შეზღუდვას არ უწესებს სხვა კატეგორიის კომპენსაციის მიმღებ პირებს, რითაც პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი თანამშრომლები, რომლებიც იზღუდებიან კომპენსაციის ოდენობით და დამატებით ვერ იღებენ სახელმწიფო პენსიას, არათანასწორ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულები იმ პირებთან მიმართებით, რომლებზეც გამონაკლისის სახით, არ ვრცელდება სადავო ნორმით დაწესებული კომპენსაციის მიღების ზედა ზღვარი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული მოპყრობა თვითმიზნურია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

6. მოსარჩელე მხარე აუცილებლად მიიჩნევს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოტივაცია, ვინაიდან აღნიშნულ ნორმათა მიზნების გაუმიჯნაობის შედეგად, მოსარჩელის აზრით, კომპენსაციის მიმღები პირებისთვის, შეუძლებელი ხდება კონკრეტულ ასაკს მიღწეული მოქალაქისთვის მისანიჭებელი სარგებლის მიღება, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია.

7. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა. მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული ნორმით, ირღვევა მამაკაცთა უფლება, ვინაიდან მათი საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალთა საპენსიო ასაკი, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

8. მოსარჩელის პოზიციით, ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ხდება საპენსიო ფონდის ფორმირება, დასაქმებულ ქალსაც და მამაკაცსაც შეაქვთ თანაბარი წვლილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად ქალების რაოდენობა მეტია, როგორც დაბადების, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება მამაკაცისთვის საპენსიო ასაკის ქალებთან შედარებით 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოცემული სადავო ნორმის შინაარსის განხილვისას ვერ იქნება გამოყენებული პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო უფლებამოსილია, არათანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებს მოეპყროს განსხვავებულად, რამდენადაც, პირიქით, სახეზე არიან არსებითად თანაბარ ვითარებაში მყოფი პირები. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვა თვითმიზნურია და არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რაც გაამართლებდა შესადარებელი ჯგუფების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს თანასწორობისა და საკუთრების უფლებას, რის გამოც ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს და აღნიშნავს, რომ დასახელებული დებულება პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელს, კომპენსაციის ზედა ზღვრის დაწესებით, უზღუდავს შესაძლებლობას ასევე მიიღოს სახელმწიფო პენსია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპენსაციას და სახელმწიფო პენსიას განსხვავებული მიზნები გააჩნია, რაც სადავო ნორმის საფუძველზე უგულებელყოფილია. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

3. კონსტიტუციური სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობიდან აშკარად იკვეთება მოსარჩელის რეალური ინტერესი, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, ჰქონდეს სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს. კერძოდ, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს რაიმე აკრძალვას, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის შემთხვევაში, დამატებით, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებაზე, არამედ სადავო ნორმის მოწესრიგება შემოიფარგლება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის ზედა ზღვრის დაწესებითა და ამ წესიდან გამონაკლისების დადგენით.

4. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და სახელმწიფო პენსიის მიღების ალტერნატივა დადგენილია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით. კერძოდ, დასახელებული დებულების თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის უფლება, მას აქვს, კანონით მინიჭებული, მხოლოდ ერთი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მისივე არჩევით. ამავე შინაარსის შეზღუდვას შეიცავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც expressis verbis მიუთითებს, რომ, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება, ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

5. ამდენად, მოსარჩელის რეალური ინტერესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმის არარსებობის შემთხვევაშიც, რამდენადაც სახელმწიფო პენსიის მიღებასთან მიმართებით, მოსარჩელის ინტერესის მზღუდავი ნორმატიული მოცემულობა სხვა საკანონმდებლო ნორმებშია მოცემული, რომლებიც, თავის მხრივ, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. უშუალოდ სადავო ნორმას კი არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების მზღუდავი ეფექტი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.

6. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას ასევე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან. მოსარჩელე მხარე, თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასაბუთებისათვის, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა მას უწესებს კომპენსაციის მიღებისათვის ზედა ზღვარს, რის გამოც იგი ვერ იღებს, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, სახელმწიფო პენსიას. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმით დადგენილი ზედა ზღვარი არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებზე, რის გამოც ეს პირები, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, სარგებლობენ სახელმწიფო პენსიით. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში სახელდებით აღნიშნავს, რომ ის არ მოითხოვს ზემოაღნიშნული პირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის დაწესებას, არამედ სარჩელის მოტივაციას წარმოადგენს დაწესებული ზედა ზღვრის გაუქმება იმ ნაწილში, რომ მოსარჩელემ, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, შეძლოს სახელმწიფო პენსიის მიღება. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიემართება დასახელებული საგამონაკლისო პირებისათვის, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობის დისკრიმინაციულობას და მისთვის, როგორც პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი პირისთვის, ამ შესაძლებლობის არარსებობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას.

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში, არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

8. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ ადგენს მოსარჩელე მხარისათვის იმ უფლებრივ შეზღუდვას, რომელზეც იგი მიუთითებს. კერძოდ, სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელე მხარის შესაძლებლობას, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, ისარგებლოს სახელმწიფო პენსიით. სადავო ნორმა არც მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პირთა ჯგუფისათვის არის იმ განსხვავებული რეჟიმის დამდგენი, რომელზეც მოსარჩელე აპელირებს. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, არ არის დადგენილი, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტებისათვის, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, ხსენებულ პირთა უფლებრივ საკითხს არეგულირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის ერთდროულად მიღების აკრძალვა არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.

9. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შინაარსს, რის გამოც №1609 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე

10. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. დასახელებული ნორმის თანახმად, „პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან“. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რამდენადაც მამაკაცთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, ქალებთან შედარებით, ხუთი წლის შემდგომ წარმოიშობა.

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება აკვალიფიცირებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოქმედებას სახელმწიფოს მიერ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, კონკრეტული სქესის წარმომადგენელთა სპეციალური საჭიროებების მხედველობაში მიღებით, მიიღოს განსაკუთრებული ზომები სქესის ნიშნით პირთა შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1/7/1320 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

12. ამდენად, ხსენებულმა კონსტიტუციურმა დანაწესმა დაადგინა პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, მიიღოს განსაკუთრებული ზომები მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტმა სახელმწიფოს დაუდგინა ფაქტობრივი საჭიროებიდან მომდინარე, მამაკაცების და ქალების თანასწორობის მიღწევისკენ მიმართული დამატებითი გარანტიების შექმნის უფლებამოსილება. ამ მექანიზმით, კონსტიტუცია სცდება ვიწროდ სამართლის წინაშე თანასწორობის იდეას, ცნობს და აღიარებს საზოგადოების წევრების უნარების თანასწორად რეალიზების მიღწევის საჭიროებას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

13. №1609 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელისთვის პრობლემურია სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან მიმართებით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა სქესის ნიშნით. ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია შესაძლო დიფერენცირებული მოპყრობის აღმოფხვრისკენ და არა რომელიმე სქესის წარმომადგენელთა საჭიროების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ზომების მიღებისაკენ, რათა არსებული უთანასწორობა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტიას და კრძალავს დისკრიმინაციას „რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და არა ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1609 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში