„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესი“

„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესი“
დოკუმენტის ნომერი 793
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000167
793
27/11/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 06/12/1996
000000150.01(2).000.000167
„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესი“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის,  საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტის“

ერთობლივი ბრძანება №7934-2/91, 558/ო, 174, 115, 12

1996 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესი

1. ზოგადი დებულებანი

 

1.1. საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესი შემუშავებულია „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულების და „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების შესაბამისად, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე საქართველოს სხვა შესაბამისი კანონების და ნორმატიული აქტების მოთხოვნების საფუძველზე.

1.2. ეს წესი განსაზღვრავს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანიზაციულ-მეთოდურ საფუძვლებს, მეწარმე სუბიექტებზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ლიცენზიის (სპეციალური ნებართვის) გაცემის პირობებს და ამ სფეროში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების ძირითად ფუნქციებს.

1.3. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს ლიცენზია, გაცემული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების მიერ.

ლიცენზია გაიცემა კონკრეტული სახეობის კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებაზე. კვების პროდუქტების სხვადასხვა სახეობათა სასაქონლო წარმოება ექვემდებარება დამოუკიდებელ ლიცენზირებას.

საწარმო, ორგანიზაცია (შემდგომში - მეწარმე სუბიექტი) ერთდროულად შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ლიცენზიის მფლობელი.

ლიცენზიის სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. ლიცენზიის ასლს იურიდიული ძალა არა აქვს.

1.4. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების მიერ გაცემული ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ლიცენზია გაიცემა ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათ შორის სხვა სახელმწიფოს მეწარმე სუბიექტზეც.

1.5. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზია წარადგინოს მმართველობის ადგილობრივ ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ლიცენზიის მფლობელის საწარმო (ორგანიზაცია).

2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების სახელმწიფო სისტემა

2.1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას (ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, სალიცენზიო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი) ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოები.

2.2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოები (შემდგომში - სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოები) ახორციელებენ ლიცენზირებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციას და კონტროლს, იძლევიან სათანადო განმარტებებს ამ წესის ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით.

2.3. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:

2.3.1. ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება (ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადების, სათანადო ცნობებისა და ლიცენზირების ამ წესით დადგენილი შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დასკვნების განხილვა, სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების, მანქანა-დანადგარების, პროდუქციის ან პროდუქციის სახდელი პარტიის იდენტიფიკაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება);

2.3.2. ლიცენზიის გაცემა, მისი მოქმედების ვადის დადგენა, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ან გაუქმება;

2.3.3. მეწარმე სუბიექტის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

2.3.4. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონალური ორგანოების საქმიანობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

2.3.5. მეწარმე სუბიექტთა სახელმწიფო ლიცენზირების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა.

2.4. ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოები ქმნიან სალიცენზიო კომისიებს სათანადო შეფასებებისა და დასკვნების მისაღებად, რაც ფორმდება სათანადო საოქმო გადაწყვეტილებით.

საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოები სალიცენზიო კომისიებში იწვევენ კვალიფიციური ექსპერტებსა და სპეციალისტებს დარგობრივი სამმართველოებიდან, გაერთიანებებიდან, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულებებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასოციაციებიდან და სხვა კომპეტენტური ორგანოებიდან.

2.5. ლიცენზიის მიღება ფასიანია. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც იხდის ლიცენზიის მისაღებად განცხადების წარმდგენი მეწარმე სუბიექტი დადგენილი წესის შესაბამისად.

სახელმწიფო ლიცენზირების ორგანო ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სამუშაოებს ატარებს მხოლოდ მეწარმე სუბიექტის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ.

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული ხარჯებს განმცხადებელი ფარავს ლიცენზირების შედეგების მიუხედავად.

სალიცენზიო მოსაკრებელი გამოიყენება კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებით სამუშაოების (პუნქტი 2.3) ღირებულების დასაფარავად, სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების თანამშრომელთა და მოწვეულ სპეციალისტთა მივლინებების, შრომის ანაზღაურებისათვის და მატერიალური წახალისებისათვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის და სხვა.

3. ლიცენზირების ჩატარების ორგანიზაცია და შეფასების კრიტერიუმები

3.1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზიის მისაღებად მეწარმე სუბიექტმა სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოებს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და მასალები:

3.1.1. განცხადება, რომელშიც აღინიშნება მეწარმე სუბიექტის სრული დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ტელეფაქსი (ტელექსი); საბანკო რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიში, კოდი და სხვა), საიდენტიფიკაციო კოდი, საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვის ნომერი კვების პროდუქტების სახეობათა ჩამონათვალი და საწარმოს წარმადობა, რომელთა სასაქონლო წარმოებაზეც მოითხოვს მეწარმე სუბიექტის ლიცენზიის გაცემას. განცხადებაში მიეთითება, რომ მეწარმე სუბიექტი გაეცნო კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების წესს და იღებს ვალდებულებას მის შესრულებაზე;

კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცნობა საპროექტო დოკუმენტაციის სამშენებლო წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის შესახებ, გაცემული სერტიფიცირებული საპროექტო ორგანიზაციების მიერ;

3.1.2. სასამართლოში რეგისტრირებული წესდების ან სასამართლოს დადგენილების ნოტარიულად დამტკიცებული პირი;

3.1.3. ობიექტის (საწარმოს) ჰიგიენური სერტიფიკატი და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატი, გაცემული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

3.1.4. ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებისა და წესების დაცვის შესახებ, გაცემული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ;

3.1.5. დასკვნა საწარმოში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოს მიერ;

3.1.6. დასკვნა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სისტემების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, გაცემული საქსტანდარტის ორგანოს მიერ;

3.1.7. დასკვნა ვეტერინალურ-სანიტარიული წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინების შესახებ, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და ცხოველური წარმოშობის გადამმუშავებელი საწარმოს ლიცენზირებისას, გაცემული ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოს მიერ;

3.1.8. ცნობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ (მისი არსებობის შემთხვევაში), გაცემული "საქპატენტის" მიერ;

3.1.9. მონაცემები სპეციალისტების კვალიფიკაციის (გამოცდილების) შესახებ, წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ;

3.1.10. ინფორმაცია არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მანქანა-დანადგარების, ნედლეულისა და დამხმარე მასალების სასაწყობო მეურნეობის შესახებ, წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ;

3.1.11. ტექნოლოგიური ინსტრუქციები, დამტკიცებული მეწარმე სუბიექტის მიერ;

3.1.12. ცნობა პროდუქციის ხარისხის შიგასაწარმოო (ლაბორატორიული, ტექნოლოგიური პროცესების და სხვა) კონტროლის სისტემის არსებობის შესახებ, წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ (საკუთარ ლაბორატორიაში კვების პროდუქტების უსაფრთხოების მაჩვენებლების განსაზღვრის პირობების უქონლობის შემთხვევაში წარმოადგენს გაფორმებულ ხელშეკრულებას სხვა ლაბორატორიასთან. საკუთარი ლაბორატორია აუცილებელია რძის, ხაჭოს, არაჟანის და კრემიანი საკონდიტრო პროდუქციის წარმოებისათვის).

3.2. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს მიერ გაიცემა დასკვნა ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების, მანქანა-დანადგარების, პროდუქციის ან პროდუქციის საცდელი პარტიის იდენტიფიკაციის შესახებ.

3.3. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღება განცხადებისა და მისდამი თანდართული ყველა აუცილებელი დოკუმენტის სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოში წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.

ლიცენზია არ გაიცემა, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავენ არასწორ ინფორმაციას ან საწარმო ვერ აკმაყოფილებს 3.1. პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს.

3.4. ლიცენზიის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება სამ წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს ობიექტის (საწარმოს) ჰიგიენური სერტიფიკატის მოქმედების ვადისა.

3.5. მეწარმე სუბიექტის სალიცენზიო საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე:

3.5.1. ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლისას;

3.5.2. ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ 3.1. პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების, მოთხოვნების, ნორმებისა და წესების შეუსრულებლობისათვის;

3.5.3. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) წარდგინების საფუძველზე;

3.5.4. მეწარმე სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტისას;

3.5.5. ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტის თხოვნით.

4. მეწარმე სუბიექტთა და ლიცენზირების ორგანოთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

4.1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებისას მეწარმე სუბიექტები და ლიცენზირების ორგანოების ვალდებული არიან უზრუნველყონ სამომხმარებლო ბაზარზე მხოლოდ მოქმედი სტანდარტების შესაბამისი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქციის მოხვედრა, საწარმოთა შორის (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.

4.2. მეწარმე სუბიექტი, რომელიც დაუშვებს ლიცენზიის გარეშე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებას და მათ რეალიზაციას, ან ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ცნობების, მასალების, დოკუმენტების, დასკვნების და ინფორმაციების სიყალბეს, პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.3. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანო, რომელიც დაუშვებს ლიცენზიის არასწორად გაცემის ფაქტს, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანო, რომელიც დაუშვებს ლიცენზირებისას მეწარმე სუბიექტისადმი არასწორი ცნობის, დასკვნის ან ინფორმაციის გაცემის შემთხვევას, პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია:

4.4.1. მეწარმე სუბიექტისათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოტივირებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს, ხოლო პასუხის ასლი გაუგზავნოს მმართველობის ადგილობრივ, სამართალდამცავ და საგადასახადო ორგანოებს;

4.4.2. მოქმედი ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში სათანადო  ინფორმაცია წარუდგინოს მმართველობის ადგილობრივი, სამართალდამცავ და საგადასახადო ორგანოებს, ხოლო ინფორმაციის ასლი გაუგზავნოს მეწარმე სუბიექტს.

4.5. ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის არგაცემის, ან შეჩერება-გაუქმების თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა

და სურსათის მინისტრი                                                                 ბ. გულუა

 

საქართველოს ეკონომიკის

მინისტრი                                                                                           ვ. პაპავა

 

საქართველოს ჯანმრთელობის

დაცვის მინისტრი                                                                            ა. ჯორბენაძე

 

საქართველოს გარემოსა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრი                                                                                                ნ. ჩხობაძე

 

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა

და სერტიფიკაციის სახელმწიფო

დეპარტამენტის  თავმჯდომარე                                                        თ. ხოფერია                                                          

 

საქართველოს საპატენტო უწყება

„საქპატენტის“ თავმჯდომარე                                                          მ. გაბუნია