„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016666
193/04
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
220010000.18.011.016666
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №193/04

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„დ) სესხის რესტრუქტურიზაციისას ან/და 2019 წლის პირველ იანვრამდე გაცემული სესხის რეფინანსირებისას/საყურადღებო მოდიფიკაციისას არსებული უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფის საშუალების დამატების ან/და ჩანაცვლების შემთხვევებზე;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, მოთხოვნათა დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებები უცვლელი რჩება.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) რესტრუქტურიზებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) ან სესხი, რომლის პირობები იცვლება სესხის მომსახურების პერიოდში მსესხებლის ფინანსური სირთულეების მიზეზით მის მიერ სესხის მომსახურების შეუძლებლობის გამო (მათ შორის, თუ ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები დაირღვა). მსესხებლის ფინანსური სირთულეების შეფასებისა და დადასტურების წესები სესხის გამცემი ორგანიზაციის ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურებით უნდა განისაზღვროს;

ს) რეფინანსირებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი)  იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ სესხის რეფინანსირებისას არ უნდა ხდებოდეს ვალდებულების მოცულობის ზრდა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/სესხებზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი;“;

ა.ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) საყურადღებოდ მოდიფიცირებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესითა“ და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის/რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაცემული სესხით დაიფაროს მსესხებლის რეფინანსირებული/საყურადღებოდ მოდიფიცირებული/რესტრუქტურიზებული სესხით გათვალისწინებული  ვალდებულებები და არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობის ზრდა.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება 2019 წლის პირველ იანვრამდე არსებულ სასესხო ნაშთებსა და მათ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე. აღნიშნული, მათ შორის, არ ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებულ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე (შესაძლებელია, გაკეთდეს რამდენჯერმე), თუ თავდაპირველი სესხი გაცემულია 2019 წლის პირველ იანვრამდე.

2. ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ გაცემული სესხის რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებთან არსებული ვალდებულების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება/საყურადღებო მოდიფიკაცია. გამონაკლისის სახით, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ არმყოფი პირების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებასაყურადღებო მოდიფიკაცია, თუ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

5. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის რეფინანსირებისას/საყურადღებო მოდიფიკაციისას, თუ სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 15 (თხუთმეტი) წელი, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ დებულების მოთხოვნები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე