„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016602
86
23/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
300350000.16.009.016602
„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №86

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016495) პირველი პუნქტით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე



„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“

მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესს, ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემისა და გამოთხოვის წესსა და პირობებს და აწესრიგებს წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განაცხადი  – განმცხადებლის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსთვის რეესტრში ანგარიშის გახსნასთან, მათ შორის, წარმოების საშუალების პირველად რეგისტრაციასთან, წარმოების საშუალების რეგისტრაციის განახლებასთან, დამატებითი წარმოების საშუალების რეგისტრაციასთან  დაკავშირებით ელექტრონულად გაგზავნილი მოთხოვნა;

ბ) კომისია –  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) განმცხადებელი – ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს ელექტროენერგიის წარმოების საშუალებით, აგრეთვე, ტრეიდერი, მიმწოდებელი ან მსხვილი მომხმარებელი (რომელიც ელექტროენერგიით ვაჭრობს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის რომელიმე სეგმენტზე), რომელიც რეესტრში ანგარიშის გახსნის მიზნით წარადგენს განაცხადს;

დ)  წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც ეფუძნება წარმოების კონკრეტული საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემებს გამოხატულს მეგავატსაათებში (მგვტ.სთ);

ე) ანგარიშის მფლობელი – ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომლის განაცხადიც დაკმაყოფილდა;

ვ) დამატებითი მომხმარებელი – განმცხადებლის/ანგარიშის მფლობელის მოთხოვნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ სისტემაში განმცხადებლის/ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე წვდომისათვის დამატებით შექმნილი მომხმარებელი/მომხმარებლები;

ზ) ანგარიში – რეესტრში ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებით არსებული მონაცემებისა  და ინფორმაციის ერთობლიობა;

თ) ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია – მწარმოებლის მიერ წარმოებული და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგია;

ი) რეესტრი – წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრი;

კ) სისტემა – ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით ხორციელდება რეესტრის წარმოება და ადმინისტრირება;

ლ) გამჟღავნება – მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის ქვითრის მეშვეობით გაკეთებული შეტყობინება ან მსხვილი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული და მიწოდებული/მოხმარებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ;

მ) წარმოების აუდტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოების საშუალების მონაცემების შემოწმება და, შესაბამის შემთხვევებში, სადგურისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება, რეესტრში მითითებული ინფორმაციის სისწორის დასადასტურებლად;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალება – ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგური, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურისა, აგრეთვე, მაღალეფექტური კოგენერაციული თბოელექტროსადგური;

ო) უფლებამოსილი ორგანო – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც ამ წესის საფუძველზე და ამ წესის მოთხოვნების დაცვით აწარმოებს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრს, აგრეთვე გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს;

პ) მაღალეფექტური კოგენერაციული თბოელექტროსადგური – წარმოების საშუალება, რომელიც სითბოსა და ელექტროენერგიას აწარმოებს ერთობლივად და შედეგად, სითბოსა და ელექტროენერგიის ცალ-ცალკე წარმოებასთან შედარებით ზოგავს 5%-ზე მეტ ენერგიას.  

ჟ) საანგარიშო პერიოდი  ერთი კალენდარული თვე, პირველი კალენდარული დღის 00:00 საათიდან ბოლო კალენდარული დღის 00:00 საათამდე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 3. რეესტრი

1. სისტემის მეშვეობით რეესტრის წარმოებასა და  ადმინისტრირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მოთხოვნების დაცვით.

2. რეესტრის მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია უფლებამოსილი ორგანო.

მუხლი 4. ანგარიშის გახსნა

1. რეესტრში ანგარიშის გახსნა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, რომელსაც განმცხადებელი ელექტრონულად უგზავნის უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს  განაცხადის ელექტრონულად წარდგენის წესი.

2. განაცხადის ფორმას შეიმუშავებს უფლებამოსილი ორგანო და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. კომისიის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმას უფლებამოსილი ორგანო აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

3. განაცხადის ფორმა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა.ა) განმცხადებლის სახელი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ა.ბ) საქმიანობის სახე;

ა.გ) დამატებითი მომხმარებელი/მომხმარებლები და რეესტრში მისი/მათი უფლებამოსილებები (მოთხოვნის შემთხვევაში);

ბ) წარმოების საშუალების რეგისტრაციისას, წარმოების საშუალების:

ბ.ა) ტექნოლოგიის ტიპი და ენერგიის წყარო, საიდანაც იწარმოება ელექტროენერგია;

ბ.ბ) დადგმული სიმძლავრე;

ბ.გ) საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილი;

ბ.დ) ექსპლუატაციაში მიღების თარიღი;

ბ.ე) მისამართი;

ბ.ვ) საინვესტიციო მხარდაჭერის სქემის ტიპი დანადგარის ან/და ენერგიის ერთეულისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ზ) მოთხოვნა: პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაციის განახლება ან დამატებითი წარმოების საშუალების რეგისტრაცია.

გ) კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალობაზე მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.

4. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, უფლებამოსილი ორგანო აფასებს წარდგენილი განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას.

5. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებს, უფლებამოსილი ორგანო ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 3 სამუშაო დღეს. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განაცხადი რჩება განუხილველი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახალი განაცხადით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უფლებამოსილი ორგანო ამოწმებს, მათ შორის, წარმოების საშუალების ადგილზე შემოწმებით, თუ შინაარსობრივად რამდენად აკმაყოფილებს განაცხადი და წარდგენილი დოკუმენტაცია ამ წესის მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნების დაცვით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილი ორგანო უარს ეუბნება განმცხადებელს ანგარიშის გახსნაზე და დასაბუთებულ უარს უგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილი ორგანო განმცხადებლის სახელზე რეესტრში ხსნის ანგარიშს და  მასზე სრული წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის:

ა) რეესტრში შესვლისა და მის ანგარიშზე წვდომისათვის საჭირო მონაცემებს;

ბ) დამატებითი მომხმარებლის/მომხმარებლების რეესტრში შესვლისა და ანგარიშზე წვდომის მონაცემებს შესაბამისი უფლებამოსილებების გათვალისწინებით – თუ განაცხადით გათვალისწინებული იყო შესაბამისი მოთხოვნა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების დაცვით განმცხადებლის რეესტრში პირველი შესვლის შემდგომ, მას ენიჭება ანგარიშის მფლობელის სტატუსი.

10. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია, სისტემაში ნებისმიერ დროს შექმნას ან გააუქმოს დამატებითი მომხმარებელი ან აღნიშნული მოთხოვნით ელექტრონულად მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს. ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში შექმნას/გააუქმოს დამატებითი მომხმარებელი და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან სისტემით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებით აცნობოს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.

მუხლი 5. ელექტროენერგიის წარმოების საშუალების რეგისტრაცია

1. განმცხადებელი/ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს ერთი ან რამდენიმე წარმოების საშუალება, თუ დაცულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. წარმოების საშუალების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოების საშუალება მდებარეობს საქართველოში და მისი აღრიცხვის მოწყობილობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

3. წარმოების საშუალების რეგისტრაციისთვის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარედგინოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის/მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

4. წარმოების საშუალების რეგისტრაციით, წარმოების საშუალების მფლობელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი თანხმობას აცხადებს წარმოების საშუალების შესახებ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.

მუხლი 6. ანგარიშის მფლობელის რეგისტრირებული მონაცემების  ცვლილება

1. ანგარიშის მფლობელი ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოს, განცხადებით, ელექტრონულად აცნობოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების თაობაზე, მისი განხორციელებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე და განცხადებაში მიუთითოს ცვლილების ამოქმედების ზუსტი თარიღი. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, განცხადებაში მითითებული თარიღის 00:00 საათზე შეწყვიტოს შესაბამის წარმოების საშუალებაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეესტრში ცვლილება ასახოს განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში.

3 ანგარიშის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შესაბამისი ცვლილების განხორციელება და მისი თარიღი, ან თუ ასეთი ცვლილება არ განხორციელდა, მისი განუხორციელებლობა.

4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში სისტემაში ასახოს ცვლილება ან/და განაახლოს წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. თუ ანგარიშის მფლობელის მიერ ცვლილების განხორციელების თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის გაცემული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო  უარს ეუბნება ანგარიშის მფლობელს ცვლილების სისტემაში ასახვაზე და უზღუდავს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემას, რის თაობაზეც ელექტრონულად აცნობებს ანგარიშის მფლობელს. უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას და გადაცემას განაახლებს ანგარიშის მფლობელის მიერ  ხარვეზის გამოსწორებისთანავე. უფლებამოსილი ორგანო ხარვეზის გამოსწორების თაობაზე ანგარიშის მფლობელის მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 

7. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილ ორგანოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შესახებ აცნობებს ცვლილების განხორციელების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანო, ასეთი ინფორმაციის მიღებისთანავე წყვეტს შესაბამის წარმოების საშუალებაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას, ზღუდავს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემული სერტიფიკატების გადაცემას და  მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამასთან:

ა) თუ ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ამ წესის მოთხოვნების დაცვით ვერ დაადასტურებს განხორციელებულ ცვლილებას, უფლებამოსილი ორგანო  გამოითხოვს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემულ ან/და გადაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს;

ბ) თუ ანგარიშის მფლობელი დაადასტურებს განხორციელებულ ცვლილებას, უფლებამოსილი ორგანო ცვლილების დადასტურებისთანავე გამოითხოვს ცვლილების განხორციელების საანგარიშო პერიოდში, ასევე ყოველ მომდევნო დასრულებულ საანგარიშო პერიოდში შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს და ანგარიშის მფლობელს აღუდგენს წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას და გადაცემის უფლებას. 

8. თუ ცვლილების შედეგად რეგისტრირებული წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრე გაიზრდება ისე, რომ დამატებულ სიმძლავრეს აქვს დამოუკიდებელი საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილი (სალტე), დამატებული სიმძლავრე რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნების დაცვით,  დამატებითი წარმოების საშუალების სახით.

9. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ანგარიშის მფლობელს, ასევე, წარმოშობის სერტიფიკატების გამოთხოვის თაობაზე შესაბამის ანგარიშის მფლობელს/მფლობელებს აცნობოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან სისტემის საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა. 

მუხლი 7. რეგისტრირებული წარმოების საშუალების აუდიტი

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს რეგისტრირებული წარმოების საშუალება, რათა დაადგინოს ხდება, თუ არა ელექტროენერგიის წარმოება ელექტროენერგიის წარმოების საშუალებით და ხორციელდება, თუ არა წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და/ან სხვა მოქმედებები სისტემაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად. წარმოების საშუალების შემოწმებაზე უარი ან/და ხელშეშლა წარმოების საშუალების მფლობელის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიიჩნევა ამ წესის დარღვევად.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შემოწმების ზუსტი დრო არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობოს  წარმოების საშუალების მფლობელს.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეგისტრირებული წარმოების საშუალების შემოწმებისთანავე შეადგინოს ოქმი. ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი წარმომადგენელი და რეგისტრირებული წარმოების საშუალების წარმომადგენელი, იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული წარმოების საშუალების წარმომადგენელი ესწრება შემოწმებას. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შემოწმების ოქმის ასლი,  მისი შედგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, გადაუგზავნოს წარმოების საშუალების მფლობელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე.  

4. შემოწმების ოქმში უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) წარმოების საშუალების დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) წარმოების საშუალების მფლობელი;

გ)  ანგარიშის მფლობელი;

დ) შემოწმების თარიღი;

ე) ტექნიკური მონაცემები, რომელთა შემოწმებაც განხორციელდა;

ვ) შემოწმების შედეგი;

ზ) შემოწმების განმახორციელებელი პირი/პირები და  ხელმოწერა;

თ) ოქმის შედგენის თარიღი.

5. თუ წარმოების საშუალების აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ  წარმოების საშუალება აღარ არის შესაბამისობაში ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“-_„ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ წყვეტს წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას და ანგარიშის მფლობელს უზღუდავს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების გადაცემას. უფლებამოსილი ორგანო აღნიშნულის თაობაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოქმის გაგზავნასთან ერთად აცნობებს ანგარიშის მფლობელს და განუმარტავს ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისა და გადაცემის უფლების აღდგენის მიზნით, ანგარიშის მფლობელმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგინოს ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფლებამოსილი ორგანო განცხადებას განიხილავს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. 

მუხლი 8. წარმოების საშუალების რეგისტრაციის განახლება

1. რეესტრში რეგისტრირებული წარმოების საშუალების რეგისტრაცია უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ხუთწლიანი ვადის ათვლა ხდება წარმოების საშუალების პირველადი/განახლებული რეგისტრაციის მომენტიდან.

2. ანგარიშის მფლობელი, რომელსაც დარეგისტრირებული აქვს წარმოების საშუალება, ვალდებულია ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნების დაცვით, რეგისტრაციის განახლების მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო აღნიშნულ განაცხადს განიხილავს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ორი თვით ადრე, ანგარიშის მფლობელს აცნობოს წარმოების საშუალების რეგისტრაციის განახლების ვალდებულების, პირობებისა და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადის თაობაზე სისტემის საკომუნიკაციო საშუალებით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ასეთი შეტყობინების არ გაგზავნა არ ათავისუფლებს ანგარიშის მფლობელს წარმოების საშუალების რეგისტრაციის განახლების ვალდებულებისაგან.  

4. რეგისტრაციის განახლების მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გააუქმოს შესაბამისი ანგარიშის ფარგლებში რეგისტრირებული შესაბამისი წარმოების საშუალების რეგისტრაცია ხუთწლიანი ვადის ამოწურვისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის ფარგლებში რეგისტრირებული იყო ერთი წარმოების საშუალება და ანგარიშის მფლობელმა რეგისტრაციის გაუქმებიდან ერთ წელში რეგისტრაციის განახლების მოთხოვნით არ მიმართა უფლებამოსილ ორგანოს,  უფლებამოსილი ორგანო აუქმებს ანგარიშს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მისი გაუქმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ანგარიშის მფლობელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე აცნობოს გაუქმების შესახებ, მიზეზის მითითებით და განუმარტოს რეგისტრაციის განახლების უფლებისა და პირობების თაობაზე.

მუხლი 9. ანგარიშის მფლობელის მიერ ანგარიშის გაუქმების მოთხოვნა

1. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია, ანგარიშის გახსნიდან 30 სამუშაო დღის შემდეგ განცხადებით, ელექტრონულად მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ანგარიშის გაუქმების მოთხოვნით.

2. უფლებამოსილი ორგანო ანგარიშს აუქმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და ანგარიშის მფლობელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის შეტყობინებას აღნიშნულის თაობაზე. ანგარიშის გაუქმებამდე, ანგარიშის მფლობელი ვალდებულია გადასცეს წარმოშობის სერტიფიკატები სხვა ანგარიშის მფლობელს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული წარმოშობის სერტიფიკატები დაექვემდებარება გამოთხოვას.

მუხლი 10. წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსი

წარმოშობის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ენერგიის წყარო, რომლიდანაც იწარმოება ენერგია, აგრეთვე მისი წარმოების დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ბ) მითითება, რომ ეს სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატს;

გ) იმ დანადგარის საიდენტიფიკაციო მონაცემი, ადგილმდებარეობა, ტიპი და სიმძლავრე, რომლის მიერაც არის წარმოებული ელექტროენერგია;

დ) თუ ისარგებლა და რამდენად  ისარგებლა დანადგარმა საინვესტიციო მხარდაჭერით, თუ ისარგებლა და რამდენად ისარგებლა ენერგიის ერთეულმა ეროვნული მხარდაჭერის სქემით; მხარდაჭერის სქემის ტიპი;

ე) დანადგარის ექსპლუატაციაში მიღების თარიღი;

ვ) წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სერტიფიკატი გაცემულია 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაზე.

მუხლი 11. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

1. უფლებამოსილი ორგანო წარმოშობის სერტიფიკატს ანგარიშის მფლობელზე გასცემს სისტემაში, ელექტრონულად, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან  არაუგვიანეს 8 კალენდარულ დღეში.

2. წარმოშობის სერტიფიკატი ანგარიშის მფლობელზე გაიცემა შესაბამისი წარმოების საშუალების მიერ სალტეზე გაცემულ ყოველ ერთ მგვტ.სთ ელექტროენერგიაზე ავტომატურად, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული აღრიცხვის მონაცემების გათვალისწინებით. 

3. დაუშვებელია წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა:

ა) იმ წარმოებულ ელექტროენერგიაზე, რომელზეც უკვე გაცემულია წარმოშობის სერტიფიკატი;

ბ) წარმოების საშუალების მიერ საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე.

4. წარმოებული ელექტროენერგიის თითოეული ერთეულისთვის (მგვტ.სთ) მხოლოდ ერთი წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა.

მუხლი 12. აღრიცხვის მონაცემები და მონაცემების კორექტირება

1. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ზედა დონის ესკაა სისტემაში დაფიქსირებული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვის მონაცემების რეესტრში შეტანას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის ვადაში.

3. ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების კორექტირების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

ა) მეტი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისას, მომავალ საანგარიშო პერიოდში გასაცემ წარმოშობის სერტიფიკატებს გამოაკლოს ზედმეტად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა;

ბ) ნაკლები რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის შემთხვევაში, მომავალ საანგარიშო პერიოდში გასაცემ წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას დაუმატოს იმ წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა, რომელიც არ გაიცა არასწორი აღრიცხვის მონაცემების გამო.

4. უფლებამოსილმა ორგანომ აღრიცხვის მონაცემების კორექტირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ანგარიშის მფლობელს უნდა აცნობოს  კორექტირების მიზეზის,  იმ აღრიცხვის მონაცემების თაობაზე რომლებიც დაკორექტირდა და კორექტირების შედეგად მომვალ საანგარიშო პერიოდში გასაცემი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობაზე.

5. აღრიცხვის მონაცემებით ნებისმიერი იდენტიფიცირებადი ელექტროენერგიის ნარჩენი რაოდენობა დაემატება იმავე ან ყოველ მომდევნო საანგარიშო პერიოდში გასაცემ ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატს ერთი მგვტ.სთ-ის შესრულებამდე.

მუხლი 13. წარმოშობის სერტიფიკატების გადაცემა

1. ერთი ანგარიშის მფლობელის მიერ სხვა ანგარიშის მფლობელისთვის ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემა ხდება წარმოშობის სერტიფიკატის მფლობელის მიერ უფლებამოსილი ორგანოსათვის სისტემაში ელექტრონულად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადასაცემი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა;

ბ) მიმღები ანგარიშის მფლობელის სახელი/სახელწოდება და მისი ანგარიშის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაადასტუროს წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მისი ინიცირებიდან ერთ სამუშაო დღეში.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უარი უთხრას ანგარიშის მფლობელს წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემაზე თუ ის არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სისტემას აქვს ტექნიკური ხარვეზი. სერტიფიკატის გადაცემაზე უარის ან  შეუძლებლობის შემთხვევაში, გადაცემის მომთხოვნი სისტემაში იღებს ავტომატურ  შეტყობინებას მიმღების ანგარიშზე სერტიფიკატის ასახვის ან გადაცემის შეუძლებლობის თაობაზე, მიზეზის მითითებით, რის შემდეგაც წარმოშობის სერტიფიკატები რჩება არსებულ ანგარიშზე.

4. წარმოშობის სერტიფიკატის წარმატებით გადაცემის თაობაზე, წარმოშობის სერტიფიკატის გადამცემს, ასევე მის მიმღებს სისტემაში ეგზავნება ავტომატური შეტყობინება.

5. გაუქმებული ან ვადაგასული წარმოშობის სერტიფიკატები გადაცემას არ ექვემდებარება.

მუხლი 14. წარმოშობის სერტიფიკატის რეესტრიდან გამოთხოვა

1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, რეესტრიდან გამოითხოვოს გაცემული ან/და გადაცემული წარმოშობის სერტიფიკატი მისი ინიციატივით ან ანგარიშის მფლობელის მოთხოვნით, თუ:

ა) წარმოშობის სერტიფიკატში ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებულია არასწორად;

ბ) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცა არასწორი საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის საფუძველზე;

გ) ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების აღმოჩენიდან, დაუყოვნებლივ, მაგრამ არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ვადაში, წყვეტს წარმოების საშუალებაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას, ანგარიშის მფლობელს უზღუდავს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების გადაცემას და რეესტრიდან გამოითხოვს შესაბამის წარმოშობის სერტიფიკატს/სერთიფიკატებს. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ანგარიშის მფლობელს/მფლობელებს აცნობოს წარმოშობის სერტიფიკატების გამოთხოვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისა და გადაცემის აღდგენის მიზნით, შესაბამისი ანგარიშის მფლობელმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგინოს ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია უფლებამოსილი ორგანოს შეცდომით. უფლებამოსილი ორგანო განცხადებას განიხილავს ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. 

4. იმ შემთხვევაში თუ წარმოშობის სერტიფიკატების გამოთხოვა განპირობებულია უფლებამოსილი ორგანოს შეცდომით, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეცდომის გასწორებამდე შეწყვიტოს წარმოების საშუალებაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა, ანგარიშის მფლობელს შეუზღუდოს შესაბამის წარმოების საშუალებაზე გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატების გადაცემა და დაუყოვნებლივ შეცვალოს სისტემაში რეგისტრირებული მონაცემები თუ შეცდომა გამოწვეულია სისტემაში მონაცემების არასწორად შეტანით. აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილმა ორგანომ შესაბამის ანგარიშის მფლობელს/მფლობელებს უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოთხოვილი წარმოშობის სერტიფიკატების მოცულობაზე, მომდევნო საანგარიშო პერიოდში გასცეს კორექტირებული წარმოშობის სერტიფიკატების შესაბამისი რაოდენობა, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უფლებამოსილი ორგანო წარმოების სერტიფიკატს გამოითხოვს მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ამ სერტიფიკატით წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გამჟღავნება.

7. უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამოთხოვის შემთხვევაში, სერტიფიკატი იშლება სისტემიდან.

 

მუხლი 15. წარმოშობის სერტიფიკატების მოქმედების ვადა

1. წარმოშობის სერტიფიკატი გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი ენერგიის წარმოებიდან 12 თვის განმავლობაში. ამ წესის მიზნებისთვის, ენერგიის წარმოებად მიიჩნევა წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თარიღი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოშობის სერტიფიკატი ექვემდებარება სისტემიდან ავტომატურ წაშლას.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია   წარმოშობის სერტიფიკატის ვადის გასვლის თაობაზე, ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ანგარიშის მფლობელს. წარმოშობის სერტიფიკატი ექვემდებარება ავტომატურ გაუქმებას, მიუხედავად იმისა უფლებამოსილმა ორგანომ გაუგზავნა თუ არა ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ვადის გასვლის თაობაზე.

მუხლი 16. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება

1. წარმოშობის სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას, თუ მოხდა მისი გამჟღავნება.

2. მიმწოდებელი ან/და მსხვილი მომხმარებელი ვალდებულია წარმოშობის სერტიფიკატით ელექტროენერგიის წარმოშობის გამჟღავნების მომენტისთანავე, სისტემით მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება.

3. წარმოშობის სერტიფიკატი უქმდება მიმწოდებლის/მსხვილი მომხმარებლის მიერ გაუქმების მოთხოვნის სისტემაში ინიცირებისთანავე, ავტომატურად.

მუხლი 17. ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის აღიარება

1. ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების საქართველოში აღიარებას ახორციელებს კომისია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე.

2. კომისიის მიერ წარმოშობის სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული სერტიფიკატის შესაბამისობის დადასტურებას. შესაბამისობის დადასტურების მიზნით, კომისია აფასებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემის, გამჟღავნებისა და გაუქმების პირობებს, მათ შორის რამდენად უზრუნველყოფს აღნიშნული პირობები უკვე გაცემული, გადაცემული ან გამჟღავნებული წარმოშობის სერტიფიკატების განმეორებით გაცემის, გადაცემის ან გამჟღავნების თავიდან აცილებას.

3. ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების აღიარება ხდება ერთჯერადად და ვრცელდება შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემულ ყველა იმ წარმოშობის სერტიფიკატზე, რომელიც გაიცა კომისიის მიერ ამ ქვეყნის წარმოშობის სერტიფიკატის აღიარების მიზნით შეფასებული მარეგულირებელი აქტი/აქტების საფუძველზე.

4. დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაში, პირმა განცხადებაში უნდა მიუთითოს შესაბამისი ქვეყნის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემის, გაუქმებისა და გამჟღავნებისათვის დადგენილი პირობები და დაურთოს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი პირობების მომწესრიგებელი მარეგულირებელი აქტი/აქტების ოფიციალური თარგმანი, ქართულ ენაზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია განცხადებას განიხილავს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატის სიზუსტესთან, საიმედოობასთან ან უტყუარობასთან დაკავშირებით. კომისიის უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს როგორც განმცხადებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციის შესაბამისად, წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებაზე ან უარზე, უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

7. კომისიის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის აღიარების შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელ მხარეთა სია, რომელთა წარმოშობის სერტიფიკატების აღიარებაც მოხდა, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

8. კომისია უფლებამოსილია თავიდან განიხილოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის აღიარების საკითხი და იმოქმედოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დაცვით, თუ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  წარმოშობის სერტიფიკატების მომწესრიგებელ მარეგულირებელ აქტში/აქტებში შევიდა ცვლილება, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს წარმოშობის სერტიფიკატის სიზუსტე, საიმედოობა ან უტყუარობა. 

მუხლი 18. წლიური ანგარიში

1. უფლებამოსილი ორგანო ამზადებს წლიურ ანგარიშს წინა წლის განმავლობაში რეესტრით სარგებლობის შესახებ და წარუდგენს მას კომისიას არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა. წლიური ანგარიში ქვეყნდება უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე .

2. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) განაცხადების სრულ რაოდენობას, მათ შორის, დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ რაოდენობებს, შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მითითებით;

ბ) გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

გ) წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემაზე უარის რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

დ) გადაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

ე) გაუქმებული  წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

ვ) გამოთხოვილი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

ზ) ვადაგასული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით;

თ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო საჭიროდ ჩათვლის ანგარიშგებისათვის და არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

მუხლი 19. ინფორმაციის გამოქვეყნება

1. გარდა ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებული ინფორმაციისა, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) რეესტრში ანგარიშის მფლობელების სახელი/სახელწოდება და მისი ანგარიშის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) წარმოების საშუალების:

ბ.ა) დასახელება;

ბ.ბ) ენერგიის წყარო;

ბ.გ) ტექნოლოგია;

ბ.დ) დადგმული სიმძლავრე;

ბ.ე) ექსპლუატაციაში მიღების თარიღი;

ბ.ვ) მისამართი;

გ) ეს წესი.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, ამ წესით გათვალისწინებულ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, განახლებული ინფორმაცია ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მასში ცვლილების შეტანიდან ან ცვლილების დადასტურებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები

1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა შექმნას რეესტრის წარმოებისა და ადმინისტრირებისათვის აუცილებელი სისტემა და რეესტრის ადმინისტრირება და ოპერირება დაიწყოს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა კომისიას წარუდგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 23 იანვრისა.

3. უფლებამოსილმა ორგანომ ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირველი წლიური ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.