„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.023811
600
28/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
390050010.10.003.023811
„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №600

2022 წლის 28 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2021, 390050010.10.003.023050) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება

1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.

2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის მომზადების თაობაზე დაინტერესებული პირი მიმართავს განცხადებით შესაბამის ორგანოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

4. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ დებულების  მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესები

1. ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;

ბ) საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამო ნამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად;

გ) საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით საინვესტიციო პროექტის არსებობა. ამ საფუძვლით ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი ვალდებულია, თითოეულ ერთ ჰექტარამდე ფართობზე განახორციელოს არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია.

3. საკომპენსაციო საფასური ერთ ჰექტარამდე ფართობზე განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული საკომპენსაციო თანხები გამოიყენება მხოლოდ ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა და შესაბამისი პროექტი.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილია, პირი ვალდებულია, ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან დაურთოს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) დოკუმენტი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს ტყის კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ დაცვითი კატეგორიის ტყეში, პირი ვალდებულია, ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან დაურთოს გეოლოგიური ან/და ჰიდროლოგიური კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამ მიზნით, დაინტერესებული პირი ვალდებულია, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის ან სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების თაობაზე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, პირი, ვის სასარგებლოდაც მოხდა ტყის სტატუსის შეწყვეტა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და შესაბამისი აღდგენის ღონისძიებების ჩატარება.  

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, დარღვევის აღმოჩენიდან 6 თვის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებების გეგმა-პროექტი, დააბრუნოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში და სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ტყის აღდგენა უნდა განხორციელდეს სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტისა და ვადების შესაბამისად, რაზეც მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც პირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდგომ აფასებს ჩატარებული აღდგენის ღონისძიებების შედეგებს.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ტყის აღდგენის ღონისძიებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ პირთან გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

12. ტერიტორიას, რომელსაც „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი

1. ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

2. დაინტერესებული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნის, საჭიროების (მიზეზი), აუცილებლობის შესახებ, ასევე პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან/და სამუშაოები ხორციელდება არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელვერსია/Shp-ფაილები) და შესაბამისი მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის მასალები, ამ დებულების დანართ №1-ის შესაბამისად.

3. თუ დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის პროცედურას, საქმიანობის განმახორციელებელმა სკოპინგის ანგარიშს უნდა დაურთოს ინფორმაცია ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, საქართველოს ტყის კონტურს შიგნით არსებული ტერიტორიის ფართობზე და მასზე არსებული მერქნული რესურსის ჭრის აუცილებლობის თაობაზე. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება თან უნდა დაერთოს გზშ-ის ანგარიშს.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, განცხადება ეგზავნება სამინისტროს, შესაბამისი დასკვნის წარდგენის მიზნით. სამინისტროს მიერ ასეთი დასკვნის წარდგენის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს მთავრობას წარუდგენს შუამდგომლობას ტყის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამინისტროს დასკვნის მომზადების წესი

1. სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, დასკვნას ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. წარმოებაში ჩართულნი უნდა იყვნენ დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

2. თუ საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, ეს დასკვნა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ფარგლებში.

3. საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დასკვნა მზადდება აგრეთვე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტყის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია.

4. ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება, აღნიშნული დასკვნა მზადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობის, ტყის სტატუსის შენარჩუნების უპირატესობის, ტყის სტატუსის შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგებისა და ტყის სტატუტის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ.

6. სამინისტროს უარყოფითი დასკვნა არ აფერხებს საქართველოს მთავრობისთვის საკითხის თაობაზე შუამდგომლობის წარმოდგენას, გარდა საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი დასკვნისა.

7. საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ სამინისტროს უარყოფითი დასკვნის საფუძველი შეიძლება, იყოს:

ა) თუ განსახილველი ფართობისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სახელმწიფო ტყის ფრაგმენტაციას;

ბ) ამ დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზზშ-ზე უარყოფითი დასკვნის არსებობა;

გ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის შედეგად საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

დ) ამ დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გეოლოგიური კვლევის უარყოფითი შედეგების არსებობა.“. 

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკომპენსაციო ღონისძიებები

1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის საკომპენსაციო საფასურს შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ. კომპენსირებას ექვემდებარება მიწის ფართობი, რომელსაც შეუწყდა ტყის სტატუსი, ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე მერქნული რესურსი, შესაბამისი მოცულობის მიხედვით, ჭრის განხორციელებამდე, ამ დებულების დანართ №2-ის შესაბამისად.

2. საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევებზე.

3. საკომპენსაციო საფასურის ოდენობა მიეთითება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაში.

4. გადახდილი საკომპენსაციო საფასური უკან არ ბრუნდება.“.

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე ჩერდება ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა ამავე მუხლში მოცემული გამონაკლისი შემთხვევისა.“.

8. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. ტყის საზღვრის კორექტირება/შეცვლა

1. ტყის საზღვრის კორექტირება/შეცვლა ხდება ამ დებულებით ტყის სტატუსის მინიჭებისათვის, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისათვის განსაზღვრული წესების დაცვით:

ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-12 ან მე-13 მუხლით განსაზღვრული საფუძვლით;

ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნით ჩატარებული ტყის აღრიცხვის საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში რეგისტრაციას).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება, განხორციელდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

9. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასური ექვემდებარება შეცვლას, ქვეყანაში არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, რაც უნდა განხორციელდეს ამ დებულებაში შესაბამისი ცვლილებით.“.

10. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებისთვის გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის უწყისი

მონიშვნის დაწყების თარიღი: ________________;

მართვის ორგანო: _________________________;

სატყეო უბანი: _____________________________;

სატყეო: __________________________________;

კვარტალ(ებ)ი № ______, ლიტერ (ებ)ი № ______; ფართობი _______ ჰა;

სიმაღლის თანრიგი ______; 

GPS კოორდინატები X _____Y_____; X _____ Y_____ (ფიქსირდება ფართობის თავსა და ბოლოში)

 

ხის 

ჯიში (სახეობა)

ხის დიამეტრი  Dt

ხის ღეროს მოცულობა -  კბ. მ

შეშა  ვარჯიდან -  კბ. მ

სულ ხის მოცულობა -  კბ. მ

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მათ შორის, ჯიშის (სახეობა) მიხედვით

ხეთა რაოდენობა

ხის ღეროს მოცულობა -  კბ. მ

შეშა  ვარჯიდან -  კბ. მ

სულ ხის მოცულობა -  კბ. მ

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:  შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის − ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელის, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. აღრიცხვის უწყისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (აღრიცხვა ხორციელდება თვითეული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით)

მომნიშნავი: _____________

უწყისის შედგენის თარიღი:___________

აღრიცხვის მეთოდი: ___________

 

არასრულყოფილად შევსებული ცხრილისა  და არასწორი მონაცემების შემთხვევაში, სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში. განმცხადებლის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებაზე უარის საფუძველია.“.

 

მუხლი 2
დაევალოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდგომ საქართველოს მთავრობას წარუდგინონ შესაბამისი ანალიზი საკურორტო და სარეკრეაციო მიზნობრიობით ტყის სტატუსის შეწყვეტის პროცესის შედეგებთან დაკავშირებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი