დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2545-Xრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.09.001.016726 |
|
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლისა და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ივლისის №3488-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №103, 04.08.2006, ნაწილი III, მუხ. 1392). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 დეკემბერი 2022 წ. N2545-Xრს-Xმპ |
საქართველოს
გენდერული
თანასწორობის
სახელმწიფო
კონცეფცია
1. ძირითადი ღირებულებები და პრინციპები საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია (შემდგომ − კონცეფცია ) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს და მიზნად ისახავს ამ პრინციპის საქართველოს კანონმდებლობის , სახელმწიფო პოლიტიკის , პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დანერგვას . კონცეფციის მიზნებისთვის გენდერული თანასწორობა გულისხმობს პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს , მოვალეობებს , პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას . შესაბამისად , კონცეფციის ყველა დებულებაში „გენდერის ნიშნით თანასწორობის “/„გენდერული თანასწორობის “ განმარტება მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას . კონცეფცია არის სახელმწიფოს ხედვა სამოქალაქო , პოლიტიკურ , ეკონომიკურ , სოციალურ და კულტურის სფეროებში , როგორც საზოგადოებრივ , ისე კერძო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის . კონცეფციის ქვაკუთხედია 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლი , რომელმაც ფორმალურ თანასწორობასთან ერთად , ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად , დაამკვიდრა არსებითი თანასწორობის პრინციპი : „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის . სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად .“. კონცეფცია ემყარება აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს , მათ შორის , საქართველოს კანონს „გენდერული თანასწორობის შესახებ “, საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “, საქართველოს კანონს „ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ “, საქართველოს ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ და საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “. კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩოდოკუმენტებს , რომელთა მონაწილეც არის საქართველო . მათ შორისაა : 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია ; 2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ; 3. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი ; 4. ეკონომიკური , სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი ; 5. „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “ კონვენცია (CEDAW) და მისი დამატებითი ოქმი ; 6. ბავშვის უფლებების კონვენცია ; 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ; 8. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ “ კონვენცია ; 9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ; 10. ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ “ (შემდგომ − სტამბოლის კონვენცია ); 11. ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ “; 12. პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა ; 13. მოსახლეობისა და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამა და მისი განხორციელების მე -20 წლისთავზე მიღებული რეგიონალური და გლობალური დოკუმენტები ; 14. გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე (2000) რეზოლუცია და თანამდევი რეზოლუციები ; 15. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ; 16. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე -100 კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ “; 17. „ერთი მხრივ , საქართველოსა და , მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით “ განსაზღვრული , გენდერული თანასწორობის განმტკიცებისკენ მიმართული დირექტივები და რეგულაციები . გენდერული უთანასწორობა და გენდერული ძალადობა აფერხებს ქალთა შესაძლებლობების სრულად რეალიზებას . ამასთანავე , გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა , პოლიტიკა თუ პრაქტიკა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თანასწორობის მიღწევას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინაციული იყოს . ამიტომ სახელმწიფო ხაზგასმით აღნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის სხვადასხვა დონეზე დანერგვის აუცილებლობას . ქალებისა და გოგოების გარკვეული ჯგუფები დისკრიმინაციას , გარდა სქესის ნიშნისა , შეიძლება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული რომელიმე სხვა ნიშნითაც განიცდიდნენ . სახელმწიფო იღებს ზომებს დისკრიმინაციის ასეთ ფორმებზე ეფექტიანი რეაგირებისა და მათი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრისთვის . სახელმწიფო აცნობიერებს გოგოების განსაკუთრებულ მოწყვლადობას გენდერული ნიშნით ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და საზიანო პრაქტიკის გამო . სახელმწიფოს მიაჩნია , რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელთა აქტიური თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს და დაინერგოს . 2. გენდერული თანასწორობის მიღწევის ძირითადი მიმართულებები და ღონისძიებები კონცეფცია გენდერული თანასწორობის მისაღწევად შემდეგ პრიორიტეტებს განსაზღვრავს : 1. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ; 2. ეკონომიკური გაძლიერება , შრომითი უფლებები და მათი დაცვა ; 3. გენდერული ძალადობის , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის დაძლევა ; 4. ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა ; 5. ქალები , მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი ; 6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი ) და სექსუალური ექსპლუატაცია ; 7. განათლება ; 8. ჯანმრთელობის დაცვა , მათ შორის , რეპროდუქციის სფეროში ; 9. ხელოვნება , კულტურა და სპორტი ; 10. ცნობიერების ამაღლება (ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა გადამზადება ); 11. გენდერული მეინსტრიმინგი (საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა ); 12. გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის პერიოდულად გადახედვა და მისი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფა ; 13. გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება ; 14. სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის დოკუმენტებში , აგრეთვე ცენტრალურ ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში გენდერული ასპექტების გათვალისწინება , მათ შორის , მიზნობრივი პროგრამებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით ; 15. გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის სპეციალური ღონისძიებების პერიოდულად შემუშავება და განხორციელება ; 16. სქესის ნიშნით გამოყოფილი მონაცემების სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი გენდერული ანალიზის განხორციელება კერძო და საჯარო სექტორების სხვადასხვა სფეროში ; 17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული ასპექტების გათვალისწინება ; 18. საკანონმდებლო საქმიანობაში , აგრეთვე სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისას ყველა დონეზე გენდერული გავლენის შეფასების დანერგვა ; 19. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების , განხორციელების , მონიტორინგისა და შეფასების პროცესში გენდერული ანალიზის განხორციელების ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა ; 20. გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ; 21. გენდერული თანასწორობის საკითხებზე კვლევების განხორციელებისა და ამ საკითხების სწავლების განვითარების მხარდაჭერა ; 22. გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა , მათ შორის , სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სახელმძღვანელო დოკუმენტების დანერგვით . სახელმწიფო ხელს უწყობს უწყებათა ეფექტიან კოორდინაციას და ხელისუფლების საკანონმდებლო , აღმასრულებელი და სასამართლო შტოების თანამშრომლობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე . ამასთანავე , სახელმწიფო ღიაა გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის . 3. სამართლებრივი ჩარჩო გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მისი განვითარება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია . 1994 წელს საქართველო შეუერთდა „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “ კონვენციას (CEDAW), ხოლო 1995 წელს პეკინის კონფერენციაზე საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ქალთა პირობების გაუმჯობესებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე შეთანხმდა . 2017 წელს სახელმწიფომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და განახორციელა საკანონმდებლო რეფორმა ამ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის . გარდა ამისა , ქვეყანამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) და მოახდინა ჩვიდმეტივე მიზნის ნაციონალიზაცია , მათ შორის , მეხუთე მიზნისა , რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალებისა და გოგოების გაძლიერებას , აგრეთვე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საჯარო თუ კერძო სივრცეში . სახელმწიფო ეყრდნობა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იზიარებს , ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად , საქართველოს კანონმდებლობის პერიოდულად გადახედვის , შემუშავებული ცვლილებების მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობას სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში . კერძოდ , გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად კონცეფცია ხელს უწყობს : 1. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პერიოდულ გადახედვას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცვლილებების ინიციირებას დისკრიმინაციული ნორმების შესაცვლელად ; 2. სახელმწიფოში გენდერული პოლიტიკისა და გენდერულ თანასწორობაზე მისი გავლენის ანალიზის გაუმჯობესებას და ამის საფუძველზე ცვლილებების ინიციირებას , მათ შორის , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერებას ; დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების დახვეწას ; 3. საქართველოს კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების ქმედითობის უზრუნველყოფისა და მათი ეფექტიანად განხორციელების ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი შემთხვევებისა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს . სახელმწიფო გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის სათანადოდ აღსრულებას და ხელს უწყობს სამართლებრივი დაცვის საშუალებებით სარგებლობას . სახელმწიფო იზიარებს „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “ კონვენციისა (CEDAW) და სტამბოლის კონვენციის მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის და ამ კონვენციების მოთხოვნების გათვალისწინებით ეტაპობრივად ავითარებს საქართველოს კანონმდებლობას . სახელმწიფო აცნობიერებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩოდოკუმენტებთან შეერთების , გენდერული თანასწორობის თაობაზე ევროპის საბჭოსა და გაეროს სტრუქტურების მიერ , აგრეთვე სპეციალური პროცედურებით გაკეთებული განმარტებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელობას და მათ როლს საქართველოს კანონმდებლობის განვითარების პროცესში . გარდა ამისა , სახელმწიფო აღასრულებს გენდერული თანასწორობის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით გაეროს შესაბამისი კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს . 4. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ქალთა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიმღებთა თანამდებობებზე მათი წარმომადგენლობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს . პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია აგრეთვე გადაწყვეტილების მიმღებთა თანამდებობების განაწილებისთვის , სამართლიანი წარმომადგენლობისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებისთვის . ბოლო წლებში სახელმწიფომ განსაზღვრა დროებითი სპეციალური ღონისძიებები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ყველა დონეზე ქალებისა და მამაკაცების სრული და თანაბარი მონაწილეობისთვის . კერძოდ , 2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დამტკიცდა გენდერული კვოტირების მექანიზმი , რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების ვალდებულებას , საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიული სია ისე განსაზღვრონ , რომ წარდგენილ სიაში ყოველი 3-4 კანდიდატიდან 1 მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი . ამავე დროს , ამ მიმართულებით არსებული ხელშესახები პროგრესის მიუხედავად , სახელმწიფო აცნობიერებს , რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გენდერულად დაუბალანსებელი მაჩვენებლის არსებობა ჯერ კიდევ გამოწვევაა , განსაკუთრებით − გადაწყვეტილების მიმღებთა თანამდებობებზე . სახელმწიფო შეისწავლის ქალთა არასაკმარისი პოლიტიკური მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიმღებთა თანამდებობებზე მათი არასათანადო წარმომადგენლობის ძირეულ მიზეზებს და ახორციელებს ღონისძიებებს მათ აღმოსაფხვრელად , ამასთანავე , აძლიერებს გენდერული თანასწორობის წამახალისებელ დროებით მექანიზმებს . 5. ეკონომიკური გაძლიერება , შრომითი უფლებები და მათი დაცვა სახელმწიფო აცნობიერებს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას . ამ კუთხით იგი ყურადღებას უთმობს ქალთა ეკონომიკური აქტიურობის , დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემთა გენდერული ანალიზის განხორციელებას და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს , რომლებითაც განსაზღვრავს ქალის ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ გრძელ - და მოკლევადიან ღონისძიებებს . სახელმწიფო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელს უწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე გენდერული , სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის განვითარებას . სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკურ სფეროში არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ , რაც გულისხმობს აგრეთვე ეკონომიკური რესურსების (მათ შორის , ფინანსური რესურსების , უძრავი ქონების , მემკვიდრეობის , ქონების რეგისტრაციისა და ქონებრივი უფლებების ) თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სპეციალური ზომების მიღებას . სახელმწიფოს მიაჩნია , რომ გენდერულ ჭრილში შრომის ანაზღაურების გათანაბრების მისაღწევად მნიშვნელოვანია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ “ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე -100 კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ქალებისა და მამაკაცების შრომის ანაზღაურებასა და შემოსავალს შორის სხვაობის შემცირებისა და აღმოფხვრის ხელშეწყობა , აგრეთვე თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში (EPIC) საქართველოს გაწევრებიდან გამომდინარე შესაძლებლობებით სარგებლობა . სახელმწიფო აძლიერებს მუშაობას შემდეგი მიმართულებებით : ქალებისთვის შრომით ბაზარზე არსებული უხილავი ბარიერების აღმოფხვრა ; დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ; წინასახელშეკრულებო პერიოდში , სამუშაო ადგილზე და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისას თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა ; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და აღმოფხვრა ; ქალთა აუნაზღაურებელი საშინაო შრომის საკითხზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება . როგორც ქალაქში , ისე სოფელში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარს უჭერს ბავშვებისთვის (მათ შორის , ჩვილი ბავშვებისთვის ) ზრუნვის ძირითადი სერვისების შექმნას , აგრეთვე არსებული სერვისების (მათ შორის , ბაღების ) ხელმისაწვდომობას და მათი სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას . ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების , აგრეთვე ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხებზე კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა გენდერული თანასწორობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და მიზნად უნდა ისახავდეს შრომისა და ოჯახური ცხოვრების უფლებების სათანადოდ რეალიზებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას . სახელმწიფო ითვალისწინებს , რომ სხვადასხვა სოციალურ -ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალებს ეკონომიკური გაძლიერების კუთხით განსხვავებული საჭიროებები აქვთ . სახელმწიფო ხელს უწყობს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით სქესის ნიშნით განცალკევებული სოციალურ -ეკონომიკური მაჩვენებლების არსებობას , რათა შესაძლებელი იყოს მოწყვლად ჯგუფებზე მორგებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა . 6. გენდერული ძალადობის , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის დაძლევა სახელმწიფო ეყრდნობა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იღებს ზომებს საქართველოს კანონმდებლობის ამ კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად . იგი ხელს უწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე გენდერულ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას . სტამბოლის კონვენციის მიხედვით , გენდერული უთანასწორობა და საზოგადოებაში ქალთა დაქვემდებარებული როლი გენდერული ძალადობის , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზია . სახელმწიფო იღებს ზომებს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის , მათ შორის , გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით , დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრით , ძალადობის განმეორებისა და ესკალაციის თავიდან აცილებით , ძალადობის მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფით , გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციით , მათ შორის , ძალადობის რისკის შეფასების არსებული მექანიზმის სათანადოდ გაძლიერებით . გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის გამოძიებისთვის სახელმწიფო იყენებს ძალადობის მსხვერპლ , გენდერულად მგრძნობიარე პირებზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიასა და მიდგომას , უზრუნველყოფს ამ დანაშაულთა გამოძიების პროცესში მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას და აღნიშნულ პირთა უსაფრთხოებას , დამნაშავეთა მიმართ ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საჯარო ინტერესის საფუძველზე . სახელმწიფო უზრუნველყოფს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებას , რაც გენდერულ ძალადობაზე სამართლებრივი რეაგირების ერთ -ერთი ძირეული ნაწილია . სახელმწიფო უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების გამოყენების პერიოდულ მონიტორინგს , მათი ეფექტიანობის განსაზღვრას და მათ გადახედვას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით . სახელმწიფო ხელს უწყობს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა გადამზადებას და მართლმსაჯულების ორგანოების გაძლიერებას . სახელმწიფო არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებით იღებს ზომებს გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე სერვისების დანერგვის , ამ პირთა განათლების , მათთვის საცხოვრისის ხელმისაწვდომობის , აღნიშნული პირების ეკონომიკური გაძლიერებისა და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის სერვისებით უზრუნველყოფის მიმართულებით . იგი უზრუნველყოფს აგრეთვე მოძალადეთა ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამების განვითარებას . არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი , რომ სექსუალური ძალადობა ერთ -ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია . შესაბამისად , სახელმწიფო იღებს ზომებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის . 7. ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა სახელმწიფო აცნობიერებს , რომ , ბოლო წლებში გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევის მიუხედავად , საზოგადოებაში კვლავ არსებობს საზიანო პრაქტიკა , რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ერთ -ერთი დაბრკოლებაა . საქართველოში ბავშვთა ქორწინების ჯერ კიდევ არსებული მაჩვენებელი ადასტურებს გენდერულ დისკრიმინაციასა და ძალადობის ამ ფორმასთან ბრძოლის მნიშვნელობას . სახელმწიფო იღებს ზომებს აღნიშნული პრაქტიკის ძირეული მიზეზებისა და მისი შედეგების სხვადასხვა მექანიზმისა და ღონისძიების (მათ შორის , სისხლისსამართლებრივი , მსხვერპლის დაცვასა და დახმარებაზე ორიენტირებული მექანიზმებისა და მოზარდი გოგოების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების ) ეფექტიანი გამოყენებით აღმოსაფხვრელად . სახელმწიფო ითვალისწინებს , რომ საქართველოში ისევ არსებობს ნაყოფის სქესის გენდერული ნიშნით შერჩევის შემთხვევები , და ეფექტიანად იყენებს მექანიზმებს ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად . სახელმწიფო ახორციელებს ეფექტიან კომპლექსურ ღონისძიებებს გენდერის ნიშნით განპირობებული ზიანის მომტანი ისეთი პრაქტიკის გამოვლენისა და აღკვეთისთვის , რომელიც შესაძლებელია გამოიხატებოდეს ქორწინების მიზნით ქალებისა და გოგოების მოტაცებით , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური ქცევის კონტროლით , მათი რეპროდუქციული უფლებებისა და გადაადგილების უფლების შეზღუდვით , რომელიც შეიძლება ხდებოდეს ეთნიკური ან /და რელიგიური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ზოგიერთ რეგიონში . საზიანო პრაქტიკასთან ბრძოლისთვის აუცილებელია გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება , რომლებიც საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა დაქვემდებარებული როლის აღქმის შეცვლას , ღრმად დამკვიდრებული დისკრიმინაციული სოციალურ -კულტურული ნორმების აღმოფხვრას და ქალთა გაძლიერებას . 8. ქალები , მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი სახელმწიფო ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის გავლენას , რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას , რომელიც დღესაც მიმდინარეობს , და , შესაბამისად , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას . სახელმწიფო ეყრდნობა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე (2000) რეზოლუციასა და თანამდევ რეზოლუციებს , საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას ქალების , მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და აღიარებს , რომ შეიარაღებული კონფლიქტი და მის შემდგომ არსებული მდგომარეობა ქალებსა და გოგოებს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს . სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს , რათა უზრუნველყოს : 1. იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა საჭიროებების , პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ; 2. საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა უსაფრთხოების რისკების მართვა და შემცირება ; 3. იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და მათთვის საჯარო სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა . სახელმწიფო ითვალისწინებს , რომ კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობა შეიძლება ომის იარაღად იქნეს გამოყენებული , და თავისი იურისდიქციის ფარგლებში იღებს ეფექტიან ზომებს ამ დანაშაულის გამოძიებისა და დასჯისთვის , მსხვერპლთა /გადარჩენილთა ეფექტიანი რეაბილიტაციისა და მხარდაჭერისთვის . სახელმწიფო აცნობიერებს ქალთა როლს (მნიშვნელობას ) კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების , მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში . ამ მიზნით იგი ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგში , სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების ჩართულობას . საქართველო მიისწრაფვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) ინტეგრაციისკენ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას . 9. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი ) და სექსუალური ექსპლუატაცია უკვე მრავალი წელია , საქართველო ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან ) ბრძოლის მიმართულებით , რაც იმას ნიშნავს , რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს . ამავე დროს , სახელმწიფო განაგრძობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) (განსაკუთრებით − ქალებისა და გოგოების სექსუალური ექსპლუატაციის ) პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით ეფექტიანი ზომების გამოყენებას ტრეფიკინგის დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენით , ამ დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებითა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მხარდაჭერის სახელმწიფო სერვისების სრულყოფით . იგი იღებს ზომებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა − მიგრანტი ქალებისა და გოგოების − დაცვისა და დახმარებისთვის . სახელმწიფო შეიმუშავებს კომპლექსურ ზომებს ქალებისა და გოგოების სექსუალური ექსპლუატაციის ძირეული მიზეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზისთვის . 10. განათლება გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისთვის სახელმწიფო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ზოგადი განათლების სფეროში ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ კომპლექსურ მიდგომას იყენებს . ამ მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს , მათ შორის , აღმზრდელ -პედაგოგთა და მასწავლებელთა მომზადებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე . ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემა სამოქალაქო განათლების პროგრამის განუყოფელი ასპექტია . ამასთანავე , მასწავლებელთა მომზადების , პროფესიით საქმიანობის დაწყებისა და განვითარების პროგრამები მოიცავს გენდერული მგრძნობელობის ამაღლების საკითხს . სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროს სასწავლო პროგრამებში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის , ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ასაკის შესაბამისი ინფორმაციის შეტანას . მნიშვნელოვანია , სასკოლო სახელმძღვანელოები შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში ქალებისა და გოგოების მიერ შეტანილი წვლილისა და იმ ფაქტორების შესახებ , რომლებიც მათ , ისტორიულად , ხელს უშლიდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაში . სახელმწიფო იღებს ზომებს გოგოების (მათ შორის , ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი , სოციალურად დაუცველი , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების ) სკოლაში დასწრებისა და მათ მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით . ამასთანავე , სახელმწიფო ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის შესწავლას . სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში , განათლების ყველა საფეხურზე სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში გოგოების მონაწილეობის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და შესაბამის ზომებს იღებს . სახელმწიფო აცნობიერებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა შორის გენდერული დისბალანსის არსებობას და ზრუნავს ამ გამოწვევის აღმოფხვრაზე . სახელმწიფო უზრუნველყოფს , რომ ბავშვთა ქორწინება ან /და ორსულობა მოზარდობის ასაკში მათ მიერ სკოლის მიტოვების საფუძველი არ გახდეს . სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დახვეწას , მის მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების ეფექტიან მონიტორინგსა და აღსრულებას . მიუხედავად იმისა , რომ სკოლაში სწავლის წლებში გოგოებსა და ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში თანაბარი აკადემიური მაჩვენებლები აქვთ , გენდერული სტერეოტიპების გამო შემდგომ ამ მიმართულებით პროფესიულ კარიერას უმთავრესად ბიჭები ირჩევენ , ხოლო გოგოებისა და ქალების გადანაწილება კვლავ დაბალანაზღაურებად სფეროებში ხდება . ამ მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს , მათ შორის , აღმზრდელ -პედაგოგთა და მასწავლებელთა მომზადებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე . შესაბამისად , სახელმწიფო ახალისებს STEM-დისციპლინებით (მეცნიერება , ტექნოლოგია , ინჟინერია და მათემატიკა ) გოგოების დაინტერესებას და STEM-პროფესიებით საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდას . სახელმწიფო ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერის კვლევის , როგორც დისციპლინის , დანერგვას და გენდერის საკითხებზე პროფესორ -მასწავლებელთა მგრძნობელობის გაზრდას . სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას . გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს : გენდერული დისკრიმინაციის , ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების /პრაქტიკის და პატრიარქალური კულტურის გავლენა და შედეგები . სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს განათლების სისტემაში (მათ შორის , სასკოლო სახელმძღვანელოებში ) ცნობიერების ამაღლებით იმ სოციალური და კულტურული ნორმების აღმოსაფხვრელად , რომლებიც ამკვიდრებს ერთი სქესის უპირატესობას მეორის მიმართ , განამტკიცებს ქალთა დაქვემდებარებულ , სტერეოტიპულ როლს და ხელს უწყობს გენდერული უთანასწორობის შენარჩუნებას . 11. ჯანმრთელობის დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით სახელმწიფო უზრუნველყოფს , მათ შორის , დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის , ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშემწყობი სერვისების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას . სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სრულად უზრუნველსაყოფად , მათ შორის , შესაბამისი სერვისების განვითარებითა და ინტეგრირებით ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველა დონეზე , საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწით , ამ სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და მათი სათანადოდ დაფინანსებით , ხარისხიანი სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათზე მოთხოვნილების გაზრდით , ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებელთა მუდმივი პროფესიული განვითარების დანერგვით , შესაბამისი სუბიექტების ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობით . იგი იღებს განსაკუთრებულ ზომებს მოწყვლადი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ადამიანების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლებების განხორციელებისთვის . სახელმწიფო უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ და მათ მხარდამჭერ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს , მათ შორის , კონტრაცეფციის შესახებ კონსულტაციისა და მომსახურების გაწევას . ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მიუხედავად , სახელმწიფოს გამოწვევად მიაჩნია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემთხვევების არსებული მაჩვენებლები და მათ შესამცირებლად იღებს ზომებს ჩასახვამდელ პერიოდში , ორსულობის ყველა ეტაპზე , მშობიარობის დროს და მშობიარობისშემდგომ პერიოდში სათანადო , ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფით . 12. ხელოვნება , კულტურა და სპორტი ხელოვნების , კულტურისა და სპორტის სფეროებში საკანონმდებლო მარეგულირებელი ნორმები და სტრატეგიები იქმნება გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების გამოყენებით , აგრეთვე გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით , პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა თუ განხორციელების ეტაპზე . სპორტის სფეროში სქესის ნიშნით გამოყოფილი მონაცემები გროვდება და შესაბამისი კვლევები ხორციელდება , რაც მიზნად ისახავს ამ სფეროში გენდერული თანასწორობის გაძლიერებას .სახელმწიფო იღებს ზომებს გოგოებისა და ქალებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპორტული ობიექტებისა და მათი მომსახურების , აგრეთვე სახელმწიფო დაფინანსების მიმღები არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების პროგრამებისა და ღონისძიებების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად . სახელმწიფო ითვალისწინებს მაღალი მიღწევების სპორტში ქალთა მონაწილეობის დაბალ მაჩვენებელს და მხარს უჭერს ქალი სპორტსმენების , მსაჯებისა და მწვრთნელების , აგრეთვე სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრი ქალების რაოდენობის ზრდას . სახელმწიფო ხელს უწყობს სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ სპორტულ ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში , აგრეთვე ამ ორგანიზაციების საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას . სახელმწიფო უზრუნველყოფს კულტურის სფეროს პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას , პოლიტიკური ინიციატივებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში გენდერული ზეგავლენის შეფასებას . 13. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მიზნად ისახავს გენდერული უთანასწორობის , ქალთა მიმართ ძალადობის , მათი დისკრიმინაციის , ქალებისა და მამაკაცების შრომის ანაზღაურებას შორის სხვაობისა და სხვა საკითხების სიღრმისეული გააზრების ხელშეწყობას . ცნობიერების ამაღლების შედეგად იცვლება დამოკიდებულება , აღქმა და ქცევა , რაც , თავის მხრივ , ამცირებს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ უთანასწორობას . ქალთა მიმართ ძალადობას საფუძვლად უდევს დისკრიმინაცია და უთანასწორობა . სახელმწიფო აძლიერებს გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ სოციალურ სტრუქტურებთან ბრძოლას , აგრეთვე სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმის (გენდერულ თანასწორობასა და ქალთა სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური დისკურსი , საკანონმდებლო რეფორმები , ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები , საგანმანათლებლო საქმიანობა , ცნობიერების ასამაღლებელი რეგულარული კამპანიების წარმოება კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ) შემუშავებით . 14. გენდერული მეინსტრიმინგი სახელმწიფო აცნობიერებს გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის მიღწევისა და კარგი მმართველობის დამკვიდრებისთვის . სახელმწიფო უზრუნველყოფს მმართველობის სხვადასხვა სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვას . ამ კუთხით იგი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ყველა სფეროში და ყველა დონეზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების , მონიტორინგისა და შეფასების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგისა და ანალიზის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვას . სახელმწიფო ხელს უწყობს საჯარო მმართველობაში გენდერული გავლენის შეფასებისა და გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვას . გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი და კოორდინირებული პოლიტიკის წარმართვა უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმებით . 15. დასკვნითი დებულებები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად ჩამოყალიბებულია სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმები . მათ შორისაა : გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური ); გენდერული თანასწორობის , ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია ; საქართველოს სახალხო დამცველი ; ადგილობრივ დონეზე მოქმედი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები და მერიების გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები .გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების მონაწილეობით მტკიცდება და ხორციელდება შესაბამისი სამოქმედო გეგმები . კონცეფციის განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ : 1. ყველა სახელმწიფო სტრატეგიაში , სექტორულ სტრატეგიაში , სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესსა და კანონშემოქმედებით პროცესში არსებითი თანასწორობის პრინციპის დანერგვა ; 2. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და მიღებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მონიტორინგი , ანგარიშგება და შეფასება ; 3. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო , ისე აღმასრულებელი შტოს მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ; 4. საქართველოს მთავრობის ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმების ეფექტიანი მონიტორინგი . კონცეფციის განხორციელების მთავარი ფინანსური წყაროა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან /და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი , აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა . კონცეფციაში ცვლილებების შეტანის მიზნით იგი გეგმურად გადაიხედება სულ მცირე ყოველ 7 წელიწადში ერთხელ . ამასთანავე , მოხდება კონცეფციის არაგეგმური გადახედვა გენდერული თანასწორობის კუთხით შექმნილი საჭიროებების შესაბამისად .
|
დოკუმენტის კომენტარები