„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა
დოკუმენტის ნომერი 3-32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 07/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016707
3-32
07/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
480610000.03.030.016707
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას,

2004 წლის 12 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების თანახმად,

შეთანხმდნენ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდეგ პროგრამაზე.

მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყონ თანამშრომლობასა და დიალოგს მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა კულტურულ თუ ხელოვნების ინსტიტუტებსა და ასოციაციებს და ასევე, იმ პირებს შორის, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. მხარეები აგრეთვე ხელს შეუწყობენ მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობას თავიანთ ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ ქართველი და ესტონელი შემოქმედი პირებისა და ხელოვანთა ჯგუფების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებსა და ღონისძიებებში.

მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ თეატრის, ოპერისა და ბალეტის მსახიობთა და რეჟისორთა ურთიერთგაცვლას, ასევე პროფესიული ჯგუფებისა და შემოქმედი პირების მონაწილეობას ორ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.

მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას სპეციალისტთა ურთიერთგაცვლის, წიგნის გამოფენების ორგანიზებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყონ მწერლების, პოეტებისა და გამომცემლების მონაწილეობას ორ ქვეყანაში გამართულ ლიტერატურულ ფესტივალებში, სემინარებში, შეხვედრებში, პოეზიის კითხვისა და სხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში, რაც მიზნად ისახავს მხარეთა ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

მუხლი 6

6.1  მხარეები ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე პროზის, პოეზიისა და თავიანთი სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მეორე ქვეყნის ენებზე თარგმნის ხელშეწყობის კუთხით. მხარეები აგრეთვე, ხელს შეუწყობენ აღნიშნული ნათარგმნი ნაწარმოებების გავრცელებას.

6.2 წინამდებარე მიზნებისთვის, მხარეები, პროგრამის მოქმედების პერიოდში გაცვლიან ოთხ (4) პირს (მწერლები, პოეტები ან თარჯიმნები), თითოეულს ხუთი (5) დღის ვადით.

მუხლი 7

მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებში, აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის სფეროში. მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას, და აღნიშნულის მიზნით მოახდენენ სპეციალისტების, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8

მხარეები უზრუნველყოფენ მუზეუმებს შორის კავშირების დამყარებას და მუზეუმის ექსპერტების, გამოფენებისა და პუბლიკაციების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა გაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული ოქმების სახით, რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

მუხლი 9

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე სამხატვრო გამოფენების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა ურთიერთგაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული ოქმების სახით, რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

მუხლი 10

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში და დაამყარებენ უშუალო კონტაქტებს და გაცვლიან ინფორმაციას დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით პროფესიულ ორგანიზაციებს შორის.

მუხლი 11

11.1 მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის ინსტიტუციებს, ორგანიზაციებს, სკოლებს, კინოარქივებს, პროდიუსერებსა და კინორეჟისორებს შორის.  პროგრამის მოქმედების პერიოდში მხარეები განიხილავენ ესტონეთში ქართული ფილმის დღეების და საქართველოში ესტონური ფილმის დღეების  ორგანიზების შესაძლებლობას.

11.2 მხარეები ხელს შეუწყობენ ფილმებისა და კინოექსპერტთა დელეგაციების გაცვლას ორივე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.

11.3 მხარეები  ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ფილმების ერთობლივ წარმოებას.

მუხლი 12

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში და მოახდენენ შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულთა და ექსპერტთა ურთიერთგაცვლას საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის; ხელს შეუწყობენ დიზაინის, არქიტექტურის, რეკლამის, კინოს, აუდიოვიზუალური და ახალი მედიის, თამაშების, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკის სექტორის წარმომადგენლების ურთიერთგაცვლას მხარეთა მიერ ორგანიზებულ ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორებიცაა კონფერენციები, შოურუმები, ბაზრობები, კონკურსები, სავაჭრო მისიები და გამოფენები.

მუხლი 13

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სტრატეგიების განვითარების (სამთავრობო, რეგიონული და დარგობრივი), შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების, მათი მონიტორინგის და შეფასების პროცესში, და ამ მიზნით, გაცვლიან ორივე ქვეყნის ექსპერტებს, პუბლიკაციებს და სხვა.; მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის პოლიტიკის კვლევასა და შემუშავებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.).

მუხლი 14

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის და საერთაშორისო სამართლისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ითანამშრომლებენ კულტურული ობიექტების უკანონო გადაადგილებისაგან დაცვის კუთხით და აღნიშნული მიზნებისათვის,  უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და ექსპერტთა გაცვლას.

მუხლი 15

მხარეები ხელს შეუწყობენ ესტონეთში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ესტონელების კულტურულ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ესტონეთში საქართველოს კულტურული ღონისძიებებისა და, შესაბამისად, საქართველოში ესტონეთის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

მუხლი 16

პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები მოახდენენ კულტურის სამინისტროთა ოფიციალური დელეგაციების ურთიერთგაცვლას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს და თითოეულის გაცვლა უნდა მოხდეს 5 დღემდე ვადით.

მუხლი 17

17.1 სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროგრამით განსაზღვრულ მიზნებს, შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

17.2 წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები ყოველი წლის ბოლოს, წინასწარ შეატყობინებენ ერთმანეთს ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, რათა დროულად მოხდეს საჭირო ფინანსების განსაზღვრა შესაბამისი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

მუხლი 18

მხარეები გაცვლიან გამოცდილებას კულტურის სფეროში ევროკავშირის პროგრამების, კერძოდ „შემოქმედებითი ევროპის“ (“Creative Europe”) ინიციატივებთან დაკავშირებით.

მუხლი 19

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კულტურის/სახელოვნებო განათლების ინსტიტუციებს შორის და ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და სასწავლო ვიზიტებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის, საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით. 

მუხლი 20

კულტურის სფეროში მხარეთა მიერ შეთანხმებული ურთიერთგაცვლები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების მოთხოვნათა დაცვით:

20.1 დელეგაციათა გაცვლა.

  • წარმგზავნი მხარე ფარავს საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს.
  • წარმგზავნი მხარე უზრუნველყოფს, რომ დელეგაციის ყველა წევრს ჰქონდეს მოქმედი სამედიცინო დაზღვევა.
  • მიმღები მხარე ფარავს საცხოვრებლის და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნის წარმოდგენას.

20.2 შემოქმედებითი ჯგუფების, მუზეუმის ექსპერტებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენათა ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ექვემდებარება ორგანიზატორებს შორის ცალკეულ მოლაპარაკებებს.

მუხლი 21

პროგრამის დებულებების განხორციელება უნდა მოხდეს მხარეთა შესაბამისი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

მუხლი 22

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროგრამის დებულებების განამარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 23

23.1 პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

23.2 თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის, პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, პროგრამის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. პროგრამა მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 24

წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა პროგრამის ხელმოწერის დღიდან. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. ტალინში, 2022 წლის 7 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე პროგრამის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

                                                                                                            

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით

ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელით

 

 

ხელმოწერილია

 

 

_________________________________

 

 

 

ხელმოწერილია

 

_________________________________