„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 29-18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 30/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016709
29-18
30/11/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
480610000.03.030.016709
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,

ითვალისწინებენ რა საერთო წარსულსა და საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მეგობრობას,

კვლავ ადასტურებენ რა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას,

სურთ რა წაახალისონ და ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში,

აღიარებენ რა, რომ სხვადასხვა დონეზე ჭეშმარიტი და კონსტრუქციული დიალოგი, უპირველეს ყოვლისა, ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში,

აღიარებენ რა უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ, რომელიც აღიარებულ იქნა ევროპული საბჭოს მიერ, 2022 წლის 23 ივნისს,

ითვალისწინებენ რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს  შორის 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის მიზანია რეფორმების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება, და ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას,

ითვალისწინებენ რა ნატოში გაწევრებისკენ საქართველოს მტკიცე მისწრაფებას და მხედველობაში იღებენ რა ალიანსში ინტეგრაციის ისეთ სპეციალურ მექანიზმებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით,

მიზნად ისახავენ რა მიაღწიონ ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. მხარეები, მონაცვლეობით საქართველოსა და უნგრეთში, გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს ორმხრივ საკითხებზე პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურის, განათლების, საკონსულო და სხვა სფეროებში, ისევე როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. მხარეები ერთობლივად, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განსაზღვრავენ კონსულტაციების დღის წესრიგს, თარიღსა და ადგილს.

2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში წამოჭრილ საკითხებზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხებზე, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა:

  • ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმებისთვის თანამშრომლობის სფეროში;
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის სფეროში;
  • საქართველოში ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ხელშეწყობის მიმართულებით;
  • საქართველოსა და უნგრეთის ინსტიტუტებს შორის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში;
  • ევროკავშირთან მიერთების, კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით;
  • საერთო ინტერესის ისეთი თემატური საკითხებისა და პროექტების განსაზღვრაში, რომელიც უფრო განავითარებდა აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ რეგიონულ ინიციატივას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარგი მმართველობა, ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტრანსპორტი, სატრანსპორტო კავშირი და ხალხთაშორისი კონტაქტები, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით;
  • მხარეთა ინტერესებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკისა და  უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

3. ერთობლივი საქმიანობის განსახორციელებლად, მხარეები მოიპოვებენ დაფინანსებას ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით.

4. უნგრეთი მზადაა ხელი შეუწყოს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, განხორციელებაში, გამოცდილების გაზიარების, მათ შორის, და არა მხოლოდ, თბილისში ევროინტეგრაციის საკითხებზე დამატებით ექსპერტთა მივლენისა და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით.  

5. მხარეები შეინარჩუნებენ მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ-უნგრული მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობას, ასევე განამტკიცებენ ორ ქვეყანას შორის კავშირებს, ძირითადად თუმცა არამხოლოდ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, განათლებისა და კულტურის სფეროში. 

6. მხარეები ეცდებიან გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და განვითარების სფეროში, მეგობრული კავშირების გაძლიერების მიზნით, სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებასთან ერთად, საქართველოს ზოგადი მხარდაჭერით მდგრადი განვითარების მიმართულებით და საერთაშორისო მცდელობებში წვლილის შეტანის კუთხით, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. მხარეთა შორის თანამშრომლობა გავრცელდება განათლების, ჯანდაცვის, წყლის რესურსების მართვის, სანიტარიისა და ჰიგიენის, სოფლის მეურნეობის, მდგრადი ენერგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებზე, ორმხრივი ინტერესის სხვა ნებისმიერ სფეროსთან ერთად.

7. მხარეები გამართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებულ, საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის დროულ და სრულ განხორციელებას.

8. მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერებას, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) შედეგზე ორიენტირებული თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის განგრძობადი და პროაქტიური პოლიტიკის გზით.

9. უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელ წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დარჩება მისიის მოვალეობათა შესრულების მტკიცე მხარდამჭერად, ასევე, განაგრძობს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა დელეგირებას მისიის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, და გაითვალისწინებს მომავალში აღნიშნულ სპეციალისტთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას.

10. შესაძლებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს თავიანთი საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივების, ასევე საერთო ინტერესის საერთაშორისო საკითხებზე თავიანთი პოზიციების შესახებ, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე სამუშაოებს. კონსულტაციები  შეიძლება ასევე გაიმართოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ერთ-ერთი მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

11. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების შესახებ და დაინტერესდებიან ერთმანეთის კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობებით.

12. მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავენ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან თავიანთი წარმომადგენლობების  რეგულარული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას.

13. თუ სხვაგვარად არ არის დარეგულირებული, კონსულტაციებში ან სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ყველა ხარჯს დაფარავს წარმდგენი მხარე.

მუხლი 2

მხარეები წაახალისებენ საწყისი კონტაქტების დამყარებას საგარეო პოლიტიკის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო კვლევით ცენტრებს შორის, ასევე ამგვარ კვლევებში ჩართულ სახელმწიფო და კერძო ფონდებს, ორგანიზაციებს, სიმპოზიუმებს, სხვ. შორის. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ კონტაქტების დამყარებას ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მკვლევრებს შორის.

მუხლი 3

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 4

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 5

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან და ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება მეორე მხარისათვის, ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ოქმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლასთან ერთად, მოქმედებას შეწყვეტს ქ. ბუდაპეშტში, 2015 წლის 10 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.

შესრულებულია ორ დედნად, ქ. ბუქარესტში, 2022 წლის 30 ნოემბერს, ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელით