დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსების განაწილებისა და გამოყენების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 07/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.116 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.116
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №24/2003
2003 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილების და გამოყენებისა წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. 1. საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება განხორციელდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებული არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილების შესაბამისად.
2. გაფორმდეს ხელშეკრულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს შორის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
3. საოლქო საარჩევნო კომისიებმა გახსნან ანგარიში მათთვის ხელმისაწვდომ საბანკო ორგანიზაციებში.
4. საოლქო საარჩევნო კომისია განაგებს მის ანგარიშზე ჩარიცხულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სახსრებს.
5. საოლქო საარჩევნო კომისიას მიეცეს უფლება, მოახდინოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ამ მიზნისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით.
6. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მისთვის გამოყოფილი სახსრების გამოყენებისას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დადგენილების შესაბამისად.
7. არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების გამოყენებას კომისიაში ახორციელებენ მისი თავმჯდომარე და ბუღალტერი. კომისიის ბუღალტერს ნიშნავს თავმჯდომარე განკარგულებით. კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი პასუხისმგებელნი არიან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. საოლქო საარჩევნო კომისიამ სამეურნეო ოპერაციები შეიძლება აწარმოოს როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
9. კომისიის ბუღალტერს ევალება ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია გააფორმოს დოკუმენტურად.
10. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან, ხოლო 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშის წარდგენის ფორმის სამართლებრივ საფუძვლად განისაზღვროს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვალის ბრძანებით დამტკიცებული დებულება “საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 27 მარტის კოლეგიის №8/10 საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცებული “დროებითი მეთოდური მითითება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენების შესახებ”;
გ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება “მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.
დ) საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის №1307 განკარგულებით დამტკიცებული “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქცია;
ე) საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 დეკემბრის №1610 განკარგულება “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები