„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 19/12/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016282
279
19/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
310150000.54.066.016282
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №279

2022 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016061) დამტკიცებულ „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (შემდგომ – ტერმინალი) – ობიექტი, სადაც ხორციელდება ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა, შენახვა და გაცემა“;

„დ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემის, ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (DOC 9284) ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით“.

2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერმინალის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, მასში ცვლილებების შეტანას, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას და სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასერტიფიკაციო პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.“.

„4. სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა, გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია

1. განმცხადებელი ტერმინალის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, ითხოვს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლებას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) შენობა-ნაგებობების (ან მათი ნაწილის), აგრეთვე სხვა ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;

გ) ინფორმაცია იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებზე და მექანიზმებზე (ტვირთის ასაწონი მოწყობილობები, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური   მოწყობილობები და საშუალებები, სპეციალური და თვითმავალი ტვირთამწევი საშუალებები და მექანიზმები, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებები, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის/გადმოტვირთის საშუალებები), რომლებიც გამოყენებული იქნება ტერმინალში, ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღების, შემოწმების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან ჩატვირთვის/გადმოტვირთვის, შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;

დ) „სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად; 

ე) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის,  საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის დანიშვნის ბრძანებები;

ვ) საავიაციო უშიშროების  უზრუნველმყოფი პერსონალის, მათ შორის, საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირისა და  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის   საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც აკმაყოფილებს  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებაზე, თუ ავიასაწარმოს არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი, საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელებაზე, თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების  სამსახური და ა.შ);

თ) იმ პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები), რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის მომსახურება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ჩათვლით. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს; 

ი) ტერმინალში სახიფათო ტვირთის განლაგების სქემა (სახიფათო ტვირთის მომსახურების შემთხვევაში);

კ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვასთან დაკავშირებით პერსონალის მომზადების და შეფასების პროგრამა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებისა“ (DOC 9284) და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამა უნდა დამტკიცდეს სატვირთო ტერმინალის მიერ და შეთანხმებული იყოს სააგენტოსთან;

ლ) სახიფათო ტვირთების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, სახიფათო ტვირთების მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს სახიფათო ტვირთის მომსახურების პროცედურებს და ავარიულ შემთხვევებში რეაგირების გეგმას. ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სახელმძღვანელოს მუდმივი შესაბამისობა იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების ბოლო გამოცემებთან.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერმინალის შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებით (ცეცხლმაქრები და/ან სხვა სახის საშუალებები).“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახიფათო ტვირთის მომსახურება უნდა განხორციელდეს იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად“;

დ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა/მოწყობილობები;

ე) მე-5 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტერმინალის ფუნქციონირებას უნდა უზრუნველყოფდეს სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი.“;

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ტერმინალს უნდა გააჩნდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) ან იატას „სახიფათო ტვირთების რეგულაციების“ (DGR) განახლებული ეგზემპლიარი.

9. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, სატვირთო ტერმინალი ვალდებულია:

თ.ა) განახორციელოს საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად;

თ.ბ) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლი;

თ.გ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება;

თ.დ) უზრუნველყოს ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ.ე) განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილების ,,სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად;

თ.ვ) განახორციელოს ტვირთის/ფოსტის შემოწმება იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/ფოსტის სახეობის გათვალისწინებით;

თ.ზ) განახორციელოს ტვირთის/ფოსტის შემოწმება, შესაბამისი სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და შესაბამისი დადგენილი მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/ფოსტის ეფექტურ შემოწმებას;

თ.თ) უზრუნველყოს შემოწმებულ ტვირთზე/ფოსტაზე ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის უშიშროების დეკლარაციის წარმოება;

თ.ი) უზრუნველყოს შემოწმებული ტვირთის/ფოსტის დაცვა;

თ.კ) ტვირთის/ფოსტის შემოწმება/დაცვა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“  მოთხოვნების შესაბამისად.“.

6. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს შესაბამისი სახის ტერმინალის სერტიფიკატს (დანართი №1 ან დანართი №2).“.

7. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა“.

ბ) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ტერმინალის სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს (სასერტიფიკაციო მოთხოვნებს), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალის სერტიფიკატის შეჩერებამ, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვამ ან სერტიფიკატის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, სერტიფიკატის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება ერთი თვის ვადით გააგრძელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობა, სააგენტოს ზედამხედველობით.“.

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტო უფლებამოსილია, საავიაციო სატვირთო ტერმინალის მიერ სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესების დარღვევის შემთხვევაში, შეუზღუდოს ტერმინალს სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლება, სატვირთო ტერმინალის მიერ კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებას 30 დღის ვადაში, სააგენტო უფლებამოსილია 6 თვის ვადით შეუჩეროს ტერმინალს სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლება.“.

8. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“,„კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

„3. სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღებისას, საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, შეამოწმოს:

ა) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების სისრულე და სისწორე;

ბ) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე ტვირთის გამგზავნის ხელმოწერების არსებობა;

გ) გადაზიდვის საბუთებში ტვირთის ყველა ნაჭრის სრულად ასახვა;

დ) გადასაზიდად, ისეთი ნივთიერებების და ნაკეთობების შემოთავაზების არარსებობა, რომლის გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;

ე) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული „თანხმობის“ და/ან „გათავისუფლების“ არსებობა;

ვ) ტვირთის ნაჭრების მდგომარეობა დაზიანებაზე, გაჟონვაზე და ფუთას მთლიანობაზე;

ზ) ფუთაში ისეთი ნაჭრების არარსებობა, რომლებიც საჭიროებენ ცალკე განთავსებას;

თ) საფუთავების შესაბამისობა ამ წესებთან და ტი-ებით განსაზღვრული შეფუთვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან;

ი) გადაზიდვის საბუთში მოცემული სახიფათო ტვირთის რაოდენობის და ფუთის შიგთავსის (ნეტოს) ოდენობის შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

კ) საფუთავზე აღნიშნული ნაწერების შესაბამისობა გადაზიდვის საბუთებთან და ტი-ების მოთხოვნებთან;

ლ) საჭიროებისას, ტვირთის ნაჭრებზე ნიშნის: ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ აღნიშვნა;

 მ) ტვირთის ნაჭრებზე, საფუთავზე აღნიშნული საშიშროების ნიშნების შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

4. საავიაციო სატვირთო ტერმინალი:

ა) სახიფათო ტვირთის მიღებას ახორციელებს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცლით;

ბ) თუ გადაზიდვის საბუთში შეფუთვის რომელიმე სახიფათო ნივთიერების ჯგუფი არ არის აღნიშნული ან ტვირთგამგზავნი მის დასახელებას ვერ ახერხებს, შეფუთვის ჯგუფი განისაზღვრება მაღალი დონის საშიშროების ჯგუფით;

გ) სხ-ში ჩატვირთვისას, უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას დაზიანებისაგან;

დ) სხ-ში ჩატვირთულ ტვირთს ამაგრებს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნაჭრების გადაადგილება და ურთიერთგანლაგების შეცვლა;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ტვირთის ნაჭრებს ამაგრებს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) განუცხადებელი სახიფათო ტვირთის სხ-ში შერეულ ტვირთად ჩატვირთვის გამოსარიცხად, ტვირთგამგზავნისაგან მოითხოვს ნებისმიერი ნაჭრის შიგთავსის დადასტურებას (იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ნაჭრები სახიფათო ტვირთს შეიცავს); განუცხადებელი სახიფათო ტვირთების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით;

ზ) ტვირთის მიღების ზონაში, ტვირთგამგზავნის  გაფრთხილების მიზნით, განათავსოს  თვალსაჩინოდ ინფორმაცია სახიფათო ტვირთების შესახებ; 

თ) სატვირთო ნაჭრებზე აღნიშვნის დაკარგვის, ნიშანდების დარღვევის ან საშიშროების ნიშნების შეუსაბამობისას, ამაგრებს და/ან აღნიშნავს შესაბამის ნიშნებს, გადაზიდვის საბუთებით აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად;

ი) სახიფათო ტვირთის შესანახად უზრუნველყოფს ცალკე იზოლირებულ სასაწყობო სათავსოებს, სადაც განთავსებული უნდა იყოს სახიფათო ტვირთის მომსახურებასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებები;

კ) უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის კუთხით;

ლ) საჰაერო ხომალდის მეთაურს აწვდის წერილობით ინფორმაციას (NOTOC-ს) ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომელიც საჰაერო ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ეს ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ტი-ების მოთხოვნებს;

მ) სახიფათო ტვირთის მიღებას, შენახვას და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვას და დამაგრებას ახორციელებს ტი-ების დებულებების მოთხოვნების და/ან ექსპლუატანტის „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად;

ნ) უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, მის გადამზადებას კომპეტენციის შესაბამისად და მისი თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავებას.

5. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამის მუდმივი განახლება.“.

9. №1 და 2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი