დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016281 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის: ა) „ა“, „ბ“, „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გაეროს სიით განსაზღვრული ნომერი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და გლობალური ჰარმონიზებული სისტემის კლასიფიცირებისა და ნიშანდების ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთს და ნივთიერებას ან ნივთებისა და ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს“; „ბ) „გათავისუფლება“ (Exemption) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პერიოდული ოფიციალური გამოცემის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc 9284 (შემდგომ – ტი-ები) დებულებებისგან გათავისუფლებას; შენიშვნა: „გათავისუფლების“ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნის, ექსპლუატანტის, ტრანზიტის, გადაფრენის ან დანიშნულების სახელმწიფო.“. „წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის „თანხმობა“ (Approval) (შემდგომ – „თანხმობა“) – სააგენტოს ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის უფლებას: წ.ა) იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია სამგზავრო და/ან სატვირთო საჰაერო ხომალდით და ამგვარი თანხმობის გაცემა აუცილებელია ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად; ან წ.ბ) ნებისმიერი სხვა მიზნით, როდესაც ამას ითვალისწინებს ტექნიკური ინსტრუქციები; შენიშვნა: „თანხმობის“ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი და ექსპლუატანტის სახელმწიფო, თუ ტექნიკური ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; ბ) ჰ3 ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ეს განმარტება არ მოიცავს გარეგანი შეფუთვის განმარტებას“. გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ და ჰ7 ქვეპუნქტები: „ჰ6) სასწავლო ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის მიზანია საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსის მიწოდება.“. „ჰ7) ექსპლუატანტის ტვირთი (COMAT) – ექსპლუატანტის კუთვნილი ტვირთი, სათადრიგო ნაწილების ჩათვლით, რომელიც გადაიზიდება ექსპლუატანტის საჰაერო ხომალდით.“. 2. მე-3 მუხლის მე-9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ავიაგადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში უარი განაცხადოს სახიფათო ტვირთების მიღებაზე ან დააწესოს საკუთარი, განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნები ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე. განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნების დაწესებისას, ავიაგადამზიდველი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოსა და იკაო-ს“. 3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახიფათო ტვირთების ზოგიერთი კლასი, საშიშროების მიხედვით, იყოფა ქვეკლასად და კატეგორიებად. 3. სახიფათო ტვირთების თითოეული კლასის ქვეკლასი და კატეგორია, აგრეთვე მათი მახასიათებელი ნიშან-თვისებები განსაზღვრულია ტი-ით“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს ნივთიერებები განსაზღვრულია ტი-ების მე-3 ნაწილის მე-2 თავის ჩამონათვალის მე-2, მე-3 და მე-4 სვეტებში სიტყვით – „აკრძალულია“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახიფათო ტვირთის მიღებისას, საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილ სახიფათო ტვირთის საბუთს, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები, რათა გადასაზიდად არ იქნეს მიღებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აეროზოლები, ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები, ოდეკოლონები, უსაფრთხო ასანთები, სანთებელები თხევადი აირით, ლითიუმის მეტალის ან იონის ბატარეის შემცველი პორტატული მოწყობილობები, რომლებიც გადაიზიდება ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად ან რეალიზაციის მიზნით, საჰაერო ხომალდის ბორტზე რეისის ან რამდენიმე რეისის შესრულების დროს, მაგრამ იმ სანთებლების გამორიცხვით, რომლებიც ექვემდებარება ხელმეორედ დატენვას ან გაჟონვას დაბალი წნევის პირობებში“; გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) ალკოჰოლის შემცველი ხელის სადიზინფექციო საშუალებები, რომელთა განთავსება ხდება საჰაერო ხომალდზე ექსპლუატანტის მიერ და განკუთვნილია მგზავრებისთვის; ვ) ელექტრონული მოწყობილობები, როგორებიცაა, ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა, პერსონალური გართობის საშუალებები, საკრედიტო ბარათის წამკითხველი მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ლითიუმის ბატარიებს და დამატებითი ლითიუმის ბატარიები, რომელთა გამოყენება დაგეგმილია საჰაერო ხომალდზე ექსპლუატანტის მიერ, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება ტი-ებით გათვალისწინებული მოთხოვნები ამგვარი ბატარიების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“; დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას არსებული სხვა შეზღუდვები განისაზღვრება ტი-ების დებულებებით“. 5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიერ „გათავისუფლება“ გაიცემა ტი-ებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ: ა) არსებობს განსაკუთრებული გარემოებები სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად; ბ) სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია; გ) სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სააგენტო გასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის „თანხმობას“, ტი-ებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ტერიტორიისკენ, ტერიტორიიდან ან ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების (იარაღის და საბრძოლო მასალების) გადაზიდვა შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. 6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საჰაერო გადაზიდვებზე. საქართველოს ტერიტორიიდან, ტერიტორიისკენ და ტერიტორიაზე ტი-ებით ნებადართული რადიოაქტიური ნივთიერებების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე“. 7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა გააჩნდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამა და პროცედურები, რათა შეძლოს სახიფათო ტვირთის ფოსტით გადაზიდვის კონტროლი. აღნიშნული პროგრამა და პროცედურები დამტკიცებული უნდა იყოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ და შეთანხმდეს სააგენტოსთან.“. 8. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. ტვირთგამგზავნი. აეროპორტის ოპერატორი (სამგზავრო აგენტი). საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი). ექსპლუატანტი“. 9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ტვირთგამგზავნის მოვალეობები 1. ტვირთგამგზავნი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეთავაზებამდე, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ეს სახიფათო ტვირთი არ არის აკრძალული საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის და სწორად არის კლასიფიცირებული, შეფუთული, ნიშანდებული, მარკირებული და თან ახლავს სათანადოდ შევსებული სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების დოკუმენტი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია), როგორც ეს დადგენილია ტექნიკურ ინსტრუქციებში. 2. თუ ტექნიკურ ინსტრუქციებში სხვა რამ არ არის მითითებული, საჰაერო გზით გადაზიდვისთვის სახიფათო ტვირთის გამგზავნი პირი/ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს, ხელი მოაწეროს და გადასცეს ოპერატორს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილ ინფორმაციას. 3. სატრანსპორტო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გამგზავნის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გადასაზიდად წარმოდგენილი სახიფათო ტვირთი სრულად და ზუსტად არის განსაზღვრული დასახელების მიხედვით, ასევე არის სწორად კლასიფიცირებული, შეფუთული, მარკირებული, ნიშანდებული და იმყოფება სათანადო მდგომარეობაში საჰაერო ტრანსპორტით გადასაზიდად შესაბამისი წესების დაცვით. 4. საქართველოდან საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, გადაზიდვისათვის საჭირო საბუთები ივსება ინგლისურ ენაზე. 5. ტვირთგამგზავნის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით“. 10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. აეროპორტის ექსპლუატანტის მოვალეობები ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, სწავლებისა და შეფასების პროგრამის შემუშავებისა და პერსონალის მომზადების ვალდებულების გარდა, აეროპორტის ექსპლუატანტი ვალდებულია: ა) შეიმუშაოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პროცედურები (სახელმძღვანელო); ბ) გააჩნდეს იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების განახლებული ეგზემპლარი, სახიფათო ტვირთების მომსახურების შემთხვევაში“. 11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები განსაზღვრულია „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანებით. 12. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ექსპლუატანტი ვალდებულია: ა) გადასაზიდად არ მიიღოს სახიფათო ტვირთი: ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი დოკუმენტი არ არის საჭირო; ა.ბ) ვიდრე არ შეამოწმებს სატვირთო ნაჭერს, გარე საფუთავს ან სატვირთო კონტეინერს სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცლის და ტი-ებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს „მხოლოდ სატვირთო სხ-ზე“ ნიშნით აღჭურვილი სახიფათო ტვირთის შეფუთვის ჩატვირთვა საჰაერო ხომალდზე, ტექნიკური ინსტრუქციების დებულებების შესაბამისად; გ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო კონტეინერები შეამოწმოს გაჟონვასა და დაზიანებაზე საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე ან სატვირთო ნაჭერზე განთავსებამდე. დაზიანების ან გაჟონვის გამოვლენისას, საჰაერო ხომალდზე არ ჩატვირთოს ამგვარი შეფუთვები, გარეგანი შეფუთვები და სატვირთო კონტეინერები. დ) არ ჩატვირთოს საჰაერო ხომალდზე შეუმოწმებელი სატვირთო ნაჭერი, სანამ არ დარწმუნდება, რომ მასში არსებული სახიფათო ტვირთი არ ჟონავს და არ არის დაზიანებული; ე) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ შეფუთვა, რომელიც შეიცავს სახიფათო ტვირთს დაზიანებულია ან ჟონავს, დაუყოვნებლივ ჩამოტვირთოს საჰაერო ხომალდიდან ან მიიღოს სათანადო ზომები, რათა ეს განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ. აგრეთვე, მიიღოს შესაბამისი ზომები დანარჩენი ტვირთის დაბინძურებისგან დასაცავად; ვ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო კონტეინერები შეამოწმოს დაზიანებაზე და გაჟონვაზე საჰაერო ხომალდიდან და სატვირთო ნაჭრიდან გადმოტვირთვისას. დაზიანების ან გაჟონვის ნიშნების გამოვლენისას, დაზიანებასა და დაბინძურებაზე შეამოწმოს საჰაერო ხომალდის ის სათავსოები და არე, სადაც სახიფათო ტვირთი იყო განთავსებული; ზ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი ნებისმიერი სახიფათო დაბინძურება, რაც გამოწვეულია სახიფათო ტვირთის გაჟონვით ან დაზიანებით; თ) რადიოაქტიური ნივთიერებით დაბინძურებისას, საჰაერო ხომალდი მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, სანამ რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს ტი-ებით მითითებულ ნიშნულამდე. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანხმობით; ი) არ განათავსოს ერთმანეთის გვერდით ისეთი სახიფათო ტვირთის შეფუთვები, რომლებიც შესაძლებელია სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, ან ისეთ პოზიციებზე, სადაც შესაძლებელია მოხდეს ამ ნივთიერებების ურთიერთქმედებაში შესვლა, გაჟონვის შემთხვევაში; კ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად; ლ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე ჩატვირთვა და განთავსება განახორციელოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად; მ) უზრუნველყოს ჩატვირთული სახიფათო ტვირთების დაცვა დაზიანებისგან და დამაგრება საჰაერო ხომალდის ბორტზე იმგვარად, რომ გამოირიცხოს სახიფათო ტვირთის შეფუთვის ნებისმიერი გადაადგილება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფუთვების განლაგების შეცვლა. რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების დამაგრება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მთელი გადაზიდვების განმავლობაში დაცულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობები უსაფრთხო მანძილების შესახებ; ნ) მიაწოდოს სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვათან დაკავშირებული პროცედურები საავიაციო სატვირთო ტერმინალებს (სატვირთო აგენტი) და აეროპორტის ექსპლუატანტებს (სამგზავრო აგენტი), რომლებიც უწევენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ო) მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთზე, ნივთიერებებსა და ნაკეთობებზე, რომლის გადატანაც მათთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ავიაბილეთი. აგრეთვე, აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის ადგილებზე, მგზავრებს მიაწოდოს წერილობითი და თვალსაჩინო ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთების ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც აკრძალულია გადასაზიდად მგზავრის ბარგში და ხელბარგში; პ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს საფრენოსნო ეკიპაჟს, ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. საფრენოსნო ეკიპაჟს ასევე უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ; ჟ) სახიფათო ტვირთის მიღებისას ისარგებლოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათით; რ) საჰაერო ხომალდის გაფრენამდე რაც შეიძლება ადრე მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მეთაურს, ტი-ების დებულებების შესაბამისად, იმ სახიფათო ტვირთების შესახებ, რომელთა გადაზიდვა დაგეგმილია ამ საჰაერო ხომალდით; ს) არ გადაზიდოს სახიფათო ტვირთი საჰაერო ხომალდის სალონში, სადაც იმყოფებიან მგზავრები და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინით, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ტი-ების დებულებებით. ტ) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ადამიანებისგან, ცოცხალი ცხოველებისგან და გაუმჟღავნებელი ფოტოფირებისგან განცალკევებით, ტექნიკური ინსტრუქციების დებულებების შესაბამისად; უ) სატვირთო ნაჭრის მომზადებისას უზრუნველყოს სახიფათო ტვირთის სეგრეგაცია და უსაფრთხო დისტანციების დაცვა ტი-ების შესაბამისად; ფ) ვერტმფრენის ექსპლუატანტის მიერ ისეთი ფრენების დაგეგმვის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება ვერტმფრენებით, ფრენის დროს მისი გადმოგდების ან გაფანტვის მიზნით (მაგ., ზვავსაშიშროების აღკვეთის დროს), ექსპლუატანტი ვალდებულია: ფ.ა) შეიმუშაოს და მუდმივად განაახლოს სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეიცავდეს საექსპლუატაციო მითითებებსა და პროცედურებს სახიფათო ტვირთებთან მოპყრობასთან დაკავშირებით, საფრენოსნო, ტექნიკური და სახმელეთო პერსონალის დახმარების აღმოსაჩენად, რომლებიც მონაწილეობენ სახიფათო ტვირთების ვერტმფრენიდან გადმოგდებაში ან გაფანტვაში; ფ.ბ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მხოლოდ იმ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ან შესაბამისი პირების დაშვება, რომელთა ყოფნა აუცილებელია სახიფათო ტვირთების მომსახურების ან გადმოგდებისათვის; ფ.გ) შეათანხმოს ამგვარი ფრენა მომსახურე აეროპორტთან/ვერტოდრომთან. ბ) მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების წარმოქმნისას, საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მისცემს, საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების ორგანოს გადასცეს ინფორმაცია სხ-ზე განთავსებულ ყველა სახეობის სახიფათო ტვირთზე, შემდგომში აეროდრომის ექსპლუატანტისთვის მისაწოდებლად. 3. საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის, სერიოზული ინციდენტის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება საჰაერო ხომალდით ტვირთის სახით, საქართველოში რეგისტრირებულმა ან სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, საჰაერო ხომალდის მეთაურისთვის მიწოდებული ინფორმაცია (NOTOC) სახიფათო ტვირთების შესახებ დაუყოვნებლად უნდა მიაწოდოს ამგვარ ინციდენტზე, სერიოზულ ინციდენტსა და საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩართულ საავარიო სამსახურებს და სააგენტოს. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს ამგვარი შეტყობინების ვალდებულება აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ ინციდენტი ან საავიაციო შემთხვევა მოხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ამგვარი ინციდენტი“. „6. ექსპლუატანტმა, საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, ფრენის დროს, უნდა განათავსოს ადვილად მისადგომ ადგილზე“. 13. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ავარიული ვითარების შემთხვევაში მოქმედების ინსტრუქციები 1. ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (მათ შორის და არა მხოლოდ: შეფუთვა, გაგზავნა, დამუშავება, გადაზიდვა და ა.შ.), ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შემთხვევის, ინციდენტისა და უბედური შემთხვევის შესახებ. შენიშვნა 1: რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვასთან დაკავშირებული შემთხვევის, ინციდენტისა და უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“; შენიშვნა 2: საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს პრაქტიკულ ქმედებებზე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია იკაოს Doc 9481 -ით. 14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. პერსონალის მომზადება 1. დამსაქმებლებმა (საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვთ თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება); საავიაციო სატვირთო ტერმინალები; დანიშნული საფოსტო ოპერატორი; აეროპორტების ექსპლუატანტები; ტვირთგამგზავნები; სატვირთო ექსპედიტორები) და სასწავლო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამები, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით. შენიშვნა: აღნიშნული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებისა“ (Doc 9284) და „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოს“ (Doc 10147) მოთხოვნებს. 2. პროგრამები უნდა დამტკიცდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ. საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, დანიშნული საფოსტო ოპერატორის, საავიაციო სატვირთო ტერმინალებისა და სასწავლო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული პროგრამები შეთანხმებული უნდა იქნეს სააგენტოსთან. 3. პერსონალის მომზადების და შეფასების პროგრამების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მიერ ამ პერსონალისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს. 4. პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა; ბ) სპეციალიზებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა; გ) სახიფათო ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა; დ) მისაწოდებელი საკითხის თემატიკასა და მისთვის გამოყოფილ საათობრივ დროს და დადებითი შეფასების მინიმალურ დონეს. 5. პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის შეფასება სავალდებულოა დამსაქმებლის მიერ დაწესებული შეფასების მექანიზმების შესაბამისად. თეორიული გამოცდის შემთხვევაში შეფასების მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 75 პროცენტზე ნაკლები. 6. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატში უნდა აისახოს: ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; ბ) მომზადების გავლისა და სერტიფიკატის მოქმედების თარიღი; გ) სასწავლო პროგრამის სრული დასახელება; დ) სერტიფიკატის ნომერი. ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელი. 7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პერსონალის მომზადება და შეფასება უნდა განხორციელდეს ყოველ 24 თვეში ერთხელ. 8. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის პერიოდული მომზადება/გადამზადება განხორციელდა მომზადების მოქმედების ვადის გასვლამდე ბოლო სამი კალენდარული თვის პერიოდში, მომზადების მოქმედების ვადა გრძელდება მომზადების გავლის ბოლო ვადის გასვლიდან 24 კალენდარული თვის დამთავრებამდე. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალის სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ გავლილი სასწავლო კურსის შესაბამისობის დადგენა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 10. პერსონალის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკლასო, ასევე ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდით. ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პერსონალის მოსამზადებლად: ა) პილოტები, ჩატვირთვაზე ზედამხედველი პირები და ბორტგამყოლები; ბ) დანიშნული საფოსტო ოპერატორის პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია არასახიფათო ტვირთის შემცველი ფოსტის დამუშავებაზე (ტი-ებით განსაზღვრული B კატეგორია); გ) დანიშნული საფოსტო ოპერატორის დამუშავებაზე, შენახვასა და ჩატვირთვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (ტი-ებით განსაზღვრული C კატეგორია); აღნიშნული სასწავლო კურსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სასწავლო ინფრასტრუქტურის (მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიის, საგამოცდო ოთახის, ჩანაწერების შენახვის სივრცის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად) მოწყობა. 12. სასწავლო ორგანიზაციებს უნდა გააჩნდეთ იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების ბოლო გამოცემა“. 15. 171 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალის მომზადება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალის მომზადება ხორციელდება უცხო ქვეყნის სასწავლო ორგანიზაციის მიერ ან/და უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ. 2. პირმა, ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სასწავლო საგნის მასალები (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია); გ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებული შეფასების ჩანაწერები; ე) იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. ინსტრუქტორი სიღრმისეულად უნდა იცნობდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და/ან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების ცოდნის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ ინსტრუქტორთან გასაუბრების საფუძველზე“. „5. ინსტრუქტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულების შესაბამისად მასზე დაკისრებული მოვალეობები; ბ) სწორად აღრიცხოს მსმენელთა დასწრება; გ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა სასწავლო პროგრამასთან; დ) შეფასებისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის პრინციპით; ე) უზრუნველყოს სასწავლო მასალის მუდმივი განახლება და სრულყოფა“. 16. 172 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამსაქმებლებმა, სახიფათო ტვირთების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებში (ფრენის შესრულების სახელმძღვანელო ან სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოები) უნდა ასახონ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს თავის საფრენოსნო ეკიპაჟს, სხვა პერსონალს და სახმელეთო მომსახურების აგენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯეროვნად შეასრულოს მათზე დაკისრებული ფუნქციები სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული პირველადი სწავლება (ფუნქციაზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე) და ინსტრუქციები სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“. 17. 173 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის სახეები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) შესაბამისად“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მიუხედავად ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ვერტმფრენებით ოპერირების დროს, როდესაც გარემოებების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია პილოტისთვის სახიფათო ტვირთების შესახებ დაბეჭდილი ინფორმაციის მიწოდება, პილოტს შესაძლოა მიეწოდოს შემოკლებული ინფორმაცია (მაგ., რადიოკავშირით, ისეთი საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართვით, როგორიცაა, საბორტო ჟურნალი ან ფრენის საფრენოსნო გეგმა), მხოლოდ სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში“. 18. 174 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის სახეები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) ცხრილი 1-4 შესაბამის: 19. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი: „მუხლი 21. სახიფათო ტვირთების საავიაციო უშიშროება საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ჩართულმა ყველა პირმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი საავიაციო უშიშროების ზომების გატარება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სახიფათო ტვირთის მოპარვა და არამიზნობრივი გამოყენება, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფიზიკურ პირებს, ქონებას ან გარემოს“. 21. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები