კონვენცია ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ

კონვენცია ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14-29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2023
ძალაში შესვლის თარიღი 29/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016713
14-29
09/03/1995
ვებგვერდი, 16/01/2023
480610000.03.030.016713
კონვენცია ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

კონვენცია ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ

პრეამბულა

 

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,

მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი იმოქმედონ მკაცრი და ეფექტური  საერთაშორისო კონტროლის ქვეშ საყოველთაო და სრული განიარაღების მიმართულებით ეფექტური პროგრესის მიღწევის მიზნით, ყველა სახის მასობრივი განადგურების იარაღის აკრძალვის და გამორიცხვის ჩათვლით,

სურთ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპების განხორციელებისათვის ხელშეწყობა,

იხსენებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ დაგმო ყველა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჟენევაში 1925 წლის 17 ივნისს ხელმოწერილ ომის დროს მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა გაზების გამოყენების აკრძალვის და ომის წარმოების ბაქტერიოლოგიური მეთოდების შესახებ ოქმის (1925 წლის ჟენევის ოქმი) პრინციპებსა და მიზნებს,

აღიარებენ რა, რომ წინამდებარე კონვენცია განამტკიცებს ჟენევის 1925 წლის ოქმის და ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების და მათი განადგურების შესახებ ლონდონში, მოსკოვში და ვაშინგტონში 1972 წლის 10 აპრილს ხელმოწერილ კონვენციის პრინციპებს და მიზნებს და ნაკისრ ვალდებულებებს,

მხედველობაში იღებენ ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და დაგროვების და მათი განადგურების შესახებ კონვენციის IX მუხლში მოცემულ მიზანს,

მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მთელი კაცობრიობის გულისათვის, სრულიად გამორიცხონ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებით, ამგვარად ავსებენ რა 1925 წლის ჟენევის ოქმით ნაკისრ ვალდებულებებს,

აღიარებენ რა, მოქმედ შეთანხმებებში და საერთაშორისო სამართლის სათანადო პრინციპებში მოცემულ, ჰერბიციდების გამოყენების, როგორ ომის წარმოების მეთოდის აკრძალვას,

ითვალისწინებენ რა, რომ ქიმიის სფეროში მიღწევები განსაკუთრებულად გამოყენებული უნდა იქნეს კაცობრიობის სასარგებლოდ,

სურთ რა, ხელი შეუწყონ ქიმიკატებით ვაჭრობის განვითარებას, ისევე როგორც ქიმიური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას იმ მიზნებისათვის, რაც წინამდებარე კონვენციით არ არის აკრძალული, თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ამაღლების მიზნით.

დარწმუნებულნი არიან, რომ ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შეძენის, დაგროვების, შენახვის, გადაცემის და გამოყენების სრული და ეფექტური აკრძალვა და მათი განადგურება წარმოადგენს საერთო მიზნების მიმართულებით გადადგმულ აუცილებელ ნაბიჯს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი I

ზოგადი ვალდებულებები

1. წინამდებარე კონვენციის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას არასდროს, არცერთ გარემოებაში არ:

  1. შეიმუშაოს, აწარმოოს, სხვაგვარად შეიძინოს, დააგროვოს ან შეინახოს ქიმიური იარაღი ან ვინმეს პირდაპირ ან არაპირდაპირ გადასცეს ქიმიური იარაღი;
  2. გამოიყენოს ქიმიური იარაღი;
  3. დაკავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის სამხედრო მომზადებით;
  4. დაეხმაროს, წაახალისოს ან წააქეზოს ვინმე, ნებისმიერი საშუალებით ჩაებას წინამდებარე კონვენციით მონაწილე სახელმწიფოსათვის აკრძალულ ნებისმიერ საქმიანობაში.

2.  წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას გაანადგუროს მის მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილას განლაგებული ქიმიური იარაღი.

3. წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას გაანადგუროს ყველა ქიმიური იარაღი, რომელიც მიატოვა სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

4. წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას გაანადგუროს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილას განლაგებული ნებისმიერი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები.

5. მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას არ გამოიყენოს მასობრივი არეულობების შემაკავებელი რეაქტივები როგორც ომის წარმოების მეთოდი.

მუხლი II

განმარტებები და კრიტერიუმები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

1. „ქიმიური იარაღი“ ნიშნავს შემდეგს, ერთად ან ცალ-ცალკე:

  1. ტოქსიკურ ქიმიკატებს და მათ რეაგენტებს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამიზნულია იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით, იმდენად რამდენადაც სახეობები და რაოდენობა შესაბამისობაშია ამგვარ მიზანთან;
  2. სამხედრო აღჭურვილობა და მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად გამიზნულია სიკვდილის ან სხვა ზიანის გამოსაწვევად (a) ქვეპუნქტში მითითებული ტოქსიკური ქიმიკატების მომწამვლელი თვისებების გამოყენებით, რომელიც გამოყოფილი იქნება ამგვარი სამხედრო აღჭურვილობების და მოწყობილობების გამოყენების შედეგად;
  3. ნებისმიერ მოწყობილობას, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი (b) ქვეპუნქტში მითითებული სამხედრო აღჭურვილობისა და მოწყობილობების პირდაპირ გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. „ტოქსიკური ქიმიკატები“ ნიშნავს:

ნებისმიერ ქიმიკატს, რომელსაც სასიცოცხლო პროცესებზე მისი ქიმიური ზემოქმედების შედეგად შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, დროებითი უუნარობა ან მუდმივი ზიანი ადამიანებისათვის ან ცხოველებისათვის. ეს მოიცავს ყველა იმ ქიმიკატს, მიუხედავად მათი წარმოშობისა ან მათი წარმოების მეთოდისა, და მიუხედავად იმისა ისინი წარმოებულია ობიექტებში, აღჭურვილობის სახით ან სხვაგვარად.

(წინამდებარე კონვენციის განხორციელების მიზნისათვის, ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც დადგენილია შემოწმების ზომებისათვის გამოსაყენებლად, ჩამოთვლილია ქიმიკატების შესახებ დანართში მოცემულ ცხრილებში).

3. „რეაგენტი“ ნიშნავს:

ნებისმიერ ქიმიურ რეაგენტს, რომელიც რომელიმე ეტაპზე ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იღებს მონაწილეობას ტოქსიკური ქიმიკატის წარმოებაში. ეს მოიცავს ნებისმიერი ბინარული ან მრავალკომპონენტიან ქიმიური სისტემის ნებისმიერ ძირითად კომპონენტს.

(წინამდებარე კონვენციის განხორციელების მიზნისათვის, რეაგენტები, რომლებიც დადგენილია შემოწმების ზომებისათვის გამოსაყენებლად, ჩამოთვლილია ქიმიკატების შესახებ დანართში მოცემულ ცხრილებში).

4. „ბინარული ან მრავალკომპონენტიანი ქიმიური სისტემის ძირითადი კომპონენტი“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ძირითადი კომპონენტი“) ნიშნავს:

რეაგენტს, რომელიც ასრულებს უმთავრეს როლს საბოლოო პროდუქტის ტოქსიკური თვისებების განსაზღვრაში და სწრაფად შედის რეაქციაში ბინარულ ან მრავალკომპონენტიანი სისტემის სხვა ქიმიკატებთან.

5. „ძველი ქიმიური იარაღი“ ნიშნავს:

  1. 1925 წლამდე წარმოებულ ქიმიურ იარაღს, ან
  2. 1925 და 1946 წლებს შორის წარმოებულ ქიმიურ იარაღს, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მისი, როგორც ქიმიური იარაღის, გამოყენება შეუძლებელია.

6. „მიტოვებული ქიმიური იარაღი“ ნიშნავს:

ქიმიურ იარაღს, ძველი ქიმიური იარაღის ჩათვლით, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს მიერ იქნა მიტოვებული 1925 წლის 1 იანვრის შემდეგ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

7. „მასობრივი არეულობების შემაკავებელი რეაქტივები“ ნიშნავს:

ნებისმიერ ქიმიკატს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ცხრილში, რომელსაც შეუძლია ადამიანის გრძნობის ორგანოების სწრაფად გაღიზიანების გამოწვევა ან ფიზიკური უნარის დაკარგვა, რომელიც სწრაფად ქრება აფეთქების შეწყვეტის შემდეგ.

8. „ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტი“:

a) ნიშნავს ნებისმიერ დანადგარს, ისევე როგორც ამგვარი დანადგარი განთავსების შენობებს, რომელიც შექმნილი, აშენებული ან გამოყენებული იქნა 1946 წლის 1 იანვრის შემდეგ:

i) როგორც ქიმიკატების წარმოების სტადიის ნაწილი („საბოლოო ტექნოლოგიური ციკლი“), სადაც ნედლეულის ნაკადი შეიცავს, როდესაც მოწყობილობა ექსპლუატაციაშია:

1. ქიმიკატების შესახებ დანართის 1-ლ ცხრილში ჩამოთვლილ რომელიმე ქიმიკატს; ან

2. ნებისმიერ სხვა ქიმიკატს, რომელიც არ მოიხმარება, წელიწადში 1 ტონაზე მეტი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ნებისმიერ სხვა ადგილზე, იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით, მაგრამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქიმიური იარაღის მიზნებისათვის; ან

ii) ქიმიური იარაღის შესავსებად, მათ შორის 1-ლ ცხრილში ჩამოთვლილი ქიმიკატების საბრძოლო მასალების, მოწყობილობების ან კონტეინერების შევსების ჩათვლით, ქიმიკატების კონტეინერებში ჩატვირთვა, რომელიც ქმნის აწყობილ ბინარულ საბრძოლო მასალას და მოწყობილობებს ან ქიმიურ ქვემუხტებს, რომლებიც ქმნიან აწყობილ უნიტარულ საბრძოლო მასალას და მოწყობილობის შემადგენელ ნაწილს, და ამ კონტეინერების და ქიმიური ქვემუხტების შესაბამის საბრძოლო მასალებში და მოწყობილობებში ჩატვირთვა;

(b) არ ნიშნავს:

  1. ობიექტს, რომლის (a)(i) ქვეპუნქტში მითითებული ქიმიური სინთეზის წარმოების მოცულობა 1 ტონაზე ნაკლებია;
  2. ობიექტს, რომელშიც (a)(i) ქვეპუნქტში მითითებული ქიმიკატები იწარმოება როგორც წარმოების გარდაუვალი ნარჩენები იმ მიზნებისათვის, რაც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით, იმ პირობით, რომ ქიმიკატების რაოდენობა არ აღემატება საერთო პროდუქციის 3 პროცენტს და რომ ეს ობიექტი იმპლემენტაციის და შემოწმების დანართის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემოწმების დანართი“) მიხედვით ექვემდებარება დეკლარირებას და შემოწმებას; ან
  3. ერთ მცირე ობიექტს 1-ლ ცხრილში ჩამოთვლილი ქიმიკატების საწარმოებლად იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციის მიხედვით, როგორც ეს მითითებულია შემოწმების დანართის IV ნაწილში.

9. „მიზნები, რომლებიც წინამდებარე კონვენციით არ არის აკრძალული“ ნიშნავს:

  1. სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კვლევით, სამედიცინო, ფარმაცევტულ ან სხვა მშვიდობიან მიზნებს;
  2. დამცავ მიზნებს, სახელდობრ, ტოქსიკური ქიმიკატების და ქიმიური იარაღისაგან დაცვასთან პირდაპირ დაკავშირებულ მიზნებს;
  3. სამხედრო მიზნებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ქიმიური იარაღის გამოყენებასთან და არ არის დამოკიდებული ქიმიკატების ტოქსიკური თვისებების, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენებაზე;
  4. საჯარო წესრიგის დაცვის, შიდა არეულობების აღკვეთის მიზნების ჩათვლით.

10. „წარმოების სიმძლავრე“ ნიშნავს

კონკრეტული ქიმიკატის დამზადების წლიურ რაოდენობით პოტენციალს, რომელიც ეფუძნება რეალურად გამოყენებულ ტექნოლოგიურ პროცესებს ან, თუ პროცესი ჯერ არ არის მოქმედი, რომელიც დაგეგმილია შესაბამის ობიექტში გამოსაყენებლად, უნდა ჩაითვალოს საპასპორტო წარმადობასთან გათანაბრებულად ან, თუ არ არსებობს საპასპორტო წარმადობა, საპროექტო წარმადობასთან. საპასპორტო წარმადობა არის პროდუქციის რაოდენობა წარმოების ობიექტის მაქსიმალური რაოდენობის ოპტიმიზირებულ პირობებში, როგორც არის დემონსტრირებული ერთი ან რამდენიმე შემოწმებით. საპროექტო წარმადობა არის შესაბამისი თეორიულად გაანგარიშებული პროდუქციის გამოშვების სიმძლავრე.

11. „ორგანიზაცია“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის VIII მუხლით შექმნილ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას.

12. VI მუხლის მიზნებისათვის:

  1. ქიმიკატების „წარმოება“ ნიშნავს მათ ფორმაციას ქიმიური რეაქციის გზით;
  2. ქიმიკატების „დამუშავება“ ნიშნავს ფიზიკურ პროცესს, როგორიცაა ფორმაცია, ექსტრაცია და გაწმენდა;
  3. ქიმიკატების „შთანთქმა“ ნიშნავს ქიმიური რეაქციის გზით მის გარდაქმნას სხვა ქიმიკატად.

მუხლი III

დეკლარაციები

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, შემდეგი დეკლარაციები, რომელშიც მან:

a) ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით:

  1. უნდა განაცხადოს, გააჩნია საკუთრებაში ან ფლობს თუ არა რომელიმე ქიმიურ იარაღს, ან თუ არის განლაგებული რაიმე ქიმიური იარაღი მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებზე;
  2. მიუთითოს ქიმიური იარაღის ზუსტი მდებარეობა, საერთო რაოდენობა და დეტალური აღწერილობა, რომელიც აქვს საკუთრებაში ან ფლობს, ან რომლებიც განლაგებულია მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ რომელიმე ადგილას, შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის 1-ლი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, (iii) ქვეპუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის გარდა;
  3. შეატყობინოს მის ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში მყოფი და რომელიც სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა ადგილებზე განთავსებული ქიმიური იარაღის შესახებ, შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
  4. განაცხადოს გადასცა ან მიიღო, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე ქიმიური იარაღი 1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ და დააკონკრეტოს ამგვარი იარაღის გადაცემა ან მიღება შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
  5. წარმოადგინოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული, ან მისი იურისდიქციის ან კონტროლი ქვეშ არსებულ ნებისმიერ ადგილას განთავსებული ქიმიური იარაღის განადგურების საერთო გეგმა, შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

b) ძველ და მიტოვებულ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით:

  1. განაცხადოს, აქვს თუ არა მის ტერიტორიაზე ძველი ქიმიური იარაღი და წარმოადგინოს ყველა არსებული ინფორმაცია შემოწმების დანართის IV(B) ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
  2. განაცხადოს არსებობს თუ არა მის ტერიტორიაზე მიტოვებული ქიმიური იარაღი და წარმოადგინოს ყველა არსებული ინფორმაცია შემოწმების დანართის IV(B) ნაწილის მე-8 პუნქტის შესაბამისად;
  3. განაცხადოს, მიატოვა თუ არა მან ქიმიური იარაღი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარმოადგინოს ყველა არსებული ინფორმაცია შემოწმების დანართის IV(B) ნაწილის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

c) ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტებთან დაკავშირებით:

  1. განაცხადოს აქვს ან ჰქონდა თუ არა რომელიმე ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტი საკუთრებაში ან მფლობელობაში, ან განთავსებულია ან განთავსებული იყო თუ არა მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს 1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ;
  2. მიუთითოს ნებისმიერი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტის შესახებ, რომელიც მას აქვს ან გააჩნდა საკუთრებაში ან მფლობელობაში ან რომელიც განთავსებულია ან განთავსებული იყო მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას ნებისმიერ დროს 1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, შემოწმების დანართის V ნაწილის  1-ლი პუნქტის შესაბამისად (იიი) ქვეპუნქტში მითითებული ობიექტების გარდა;
  3. შეატყობინოს მის ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში მყოფი და სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა ადგილებზე განთავსებული ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტების შესახებ, 1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ნებისმიერ დროს შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
  4. განაცხადოს, გადასცა ან მიიღო თუ არ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ქიმიური იარაღის წარმოების ნებისმიერი დანადგარი  1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ და დააკონკრეტოს ამგვარი დანადგარის გადაცემა ან მიღება, შემოწმების დანართის V ნაწილის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად;
  5. წარმოადგინოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ნებისმიერი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტის განადგურების საკუთარი საერთო გეგმა შემოწმების დანართის V ნაწილის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
  6. დაასახელოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ნებისმიერი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტის დასახურად მისაღები ზომები შემოწმების დანართის V ნაწილის 1(ი)  პუნქტის შესაბამისად;
  7. წარმოადგინოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ნებისმიერი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტის ქიმიური იარაღის განადგურების ობიექტად დროებითი გადაკეთების შესახებ საკუთარი საერთო გეგმა შემოწმების დანართის V ნაწილის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

d) სხვა ობიექტებთან დაკავშირებით:

მიუთითოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ნებისმიერი ობიექტის ან დაწესებულების ზუსტი ადგილმდებარეობის, საქმიანობის ხასიათის და ზოგადი სფეროს შესახებ და რომელიც შექმნილი, აშენებული ან ექსპლუატატირებული იქნა 1946 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ უმთავრესად ქიმიური იარაღის შემუშავების მიზნით. ეს განცხადებები უნდა მოიცავდეს, სხვათა შორის, ლაბორატორიებს, გამოსაცდელ და შეფასების ადგილებს;

e) მასობრივი არეულობების შემაკავებელ რეაქტივებთან დაკავშირებით: მიუთითოს ქიმიკატის დასახელება, სტრუქტურული ფორმულა და ქიმიური აბსტრაქციის სერვისის (CAS) სარეგისტრაციო ნომერი, თუ მინიჭებულია, თითოეული ქიმიკატის შესახებ, რომელსაც იგი ფლობს მასობრივი არეულობების შემაკავებელი მიზნებისათვის. ეს განცხადება განახლებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ.

2. წინამდებარე მუხლის დებულებების და შემოწმების დანართის IV ნაწილის შესაბამისი დებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული მონაწილე სახელმწიფოს მითითებით მის ტერიტორიაზე 1977 1-ლ იანვრამდე დამარხულ ქიმიურ იარაღთან მიმართებაში და რომელიც დამარხულად რჩება, ან რომელიც ზღვაში იქნა ჩამარხული 1985 წლის 1-ლ იანვრამდე.

მუხლი IV

ქიმიური იარაღი

1. წინამდებარე მუხლის დებულებების და მისი განხორციელების დეტალური პროცედურა გამოყენებული უნდა იქნეს მონაწილე სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ყველა ქიმიური იარაღის მიმართ, ძველი ქიმიური იარაღის და მიტოვებული ქიმიური იარაღის გარდა, რომელთა მიმართაც გამოიყენება შემოწმების დანართის IV(B) ნაწილი.

2. წინამდებარე მუხლის დებულებების და მისი განხორციელების დეტალური პროცედურები მოცემულია შემოწმების დანართში.

3. ყველა ადგილი, სადაც ინახება ან ნადგურდება 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღი უნდა დაექვემდებაროს სისტემატურ შემოწმებას ადგილზე შემოწმებების და მონიტორინგის მეშვეობით, შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის შესაბამისად.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, III მუხლის 1(a) პუნქტის მიხედვით განცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ ამ განცხადების ადგილზე შემოწმების სისტემატიური შემოწმების მიზნისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღი. ამის შემდეგ, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა მოაცილოს რომელიმე ეს ქიმიური იარაღი, გარდა ქიმიური იარაღის განადგურების ობიექტისა. მან ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამგვარი ქიმიური იარაღი, ადგილზე სისტემატური შემოწმების მიზნისათვის.

5. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეშვება ქიმიური იარაღის განადგურების ნებისმიერ ობიექტზე და მათი შენახვის ადგილებზე, რომელიც აქვს საკუთრებაში ან მფლობელობაში ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას არის განლაგებული, ადგილზე შემოწმების და მონიტორინგის სისტემატური შემოწმების განხორციელების მიზნით.

6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაანადგუროს 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ქიმიური იარაღი შემოწმების დანართის მიხედვით და განადგურების შეთანხმებული რაოდენობისა და წესის მიხედვით (შემდგომში მოხსენიებული როგორც „განადგურების წესი“) ეს განადგურება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს ორი წლის ვადაში მას შემდეგ რაც ამ მონაწილე სახელმწიფოსათვის წინამდებარე კონვენცია შევა ძალაში და დასრულებული უნდა იქნეს არაუგვიანეს ათი წლის ვადაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან. მონაწილე სახელმწიფოს არ ეკრძალება უფრო სწრაფად გაანადგუროს ამგვარი ქიმიური იარაღი.

7. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა:

  1. წარმოადგინოს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის განადგურების დაწვრილებითი გეგმა თითოეული ყოველწლიური ასეთი განადგურების დაწყებამდე 60 დღით ადრე შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის 29-ე პუნქტის შესაბამისად; დაწვრილებით გეგმებს თან უნდა ახლდეს მომდევნო ყოველწლიური გასანადგურებელ პერიოდში გასანადგურებელი რაოდენობა;
  2. წარმოადგინოს ყოველწლიურად დეკლარაციები 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის განადგურების მისი გეგმის განხორციელების შესახებ, ყოველწლიური განადგურების პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში;
  3. დაამოწმოს განადგურების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, რომ 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ქიმიური იარაღი განადგურებულია.

8. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო გაუკეთებს რატიფიცირებას ან შეუერთდება წინამდებარე კონვენციას  მე-6 პუნქტში დადგენილი 10-წლიანი განადგურების პერიოდის გასვლის შემდეგ, მან 1-ლ პუნქტში მითითებული იარაღი უნდა გაანადგუროს, რაც შეიძლება სწრაფად. განადგურების წესი და მკაცრი შემოწმება ამ სახელმწიფოსათვის განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

9. თავდაპირველი დეკლარაციის შემდეგ მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღმოჩენილი ნებისმიერი ქიმიური იარაღი შეტყობინებული, იზოლირებული და  განადგურებული უნდა იქნეს შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის შესაბამისად.

10. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ქიმიური იარაღის ტრანსპორტირებისას, სინჯების აღებისას, დასაწყობებისას და განადგურებისას მაღალი პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და გარემოს დაცვას. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ქიმიური იარაღის ტრანსპორტირება, სინჯების აღება, დასაწყობება და განადგურება უსაფრთხოებისა და ემისიების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.  

11. ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც არის განლაგებული სხვა სახელმწიფოს კუთვნილი ან მფლობელობაში მყოფი ქიმიური იარაღი, ან რომლებიც განლაგებულია მისი იურისდიქციის ან კონტროლი ქვეშ ნებისმიერ ადგილზე უნდა მიიღოს ყველა ძალისხმევა, რომ უზრუნველყოს ამ ქიმიური იარაღი მისი ტერიტორიიდან გატანა არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში, მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენცია მისთვის შევა ძალაში. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა გატანილი ერთი წლის ვადაში, მაშინ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს სთხოვოს ორგანიზაციას და სხვა მონაწილე სახელმწიფოებს დაეხმარონ ამ ქიმიური იარაღის განადგურებაში.

12. თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ორმხრივ საფუძველზე ან ტექნიკური სამდივნოს მეშვეობით ქიმიური იარაღის განადგურების უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

13. წინამდებარე მუხლის და შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მიხედვით შემოწმებითი საქმიანობის განხორციელებისას, ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაწილე სახელმწიფოებს შორის ქიმიური იარაღის დაგროვების და მათი განადგურების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ზედმეტი დუბლირება.

ამ მიზნით, აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეზღუდოს შემოწმება ზომებით, რომლებიც ავსებენ ამგვარი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუ იგი მიიჩვევს, რომ:

  1. ამ შეთანხმების კონტროლის დებულებები შესაბამისობაშია წინამდებარე მუხლის და შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის დებულებებთან;
  2. ამ შეთანხმების განხორციელება უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის შესაბამის დებულებებთან შესაბამისობის საკმარის გარანტიას, და
  3. ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილეებს ორგანიზაცია სრულად ჰყავთ ინფორმირებული მათი შემოწმებითი საქმიანობების შესახებ.

14. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მე-13 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციას ექნება უფლება გაუწიოს მონიტორინგი ამ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების შესრულებას.

15. მე-13 და მე-14 პუნქტებში არაფერი არ ახდენს გავლენას მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაზე, წარმოადგინოს დეკლარაცია III მუხლის, ამ მუხლის და შემოწმების დანართის IV(A) ნაწილის მიხედვით.

16. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაფაროს იმ ქიმიური იარაღის განადგურების ხარჯები, რომლის განადგურებაც მას ევალება. მან ასევე უნდა დაფაროს ქიმიური იარაღის დასაწყობების და განადგურების შემოწმების ხარჯები, თუ აღმასრულებელი საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტს შეზღუდოს ორგანიზაციის შემოწმების ზომები მე-13 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციის მიერ დამატებითი შემოწმების და მონიტორინგის ხარჯები გადახდილი უნდა იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასების შკალის შესაბამისად, როგორც ეს არის მითითებული VIII მუხლის მე-7 პუნქტში.

17. წინამდებარე მუხლის დებულებები და შემოწმების დანართის შესაბამისი დებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული მონაწილე სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 1977 წლის 1-ლ იანვრამდე მის ტერიტორიაზე დამარხულ ქიმიური იარაღის მიმართ და რომელიც დამარხულად რჩება, ან რომელიც ჩამარხული იქნა ზღვაში 1985 წლის 1-ლ იანვრამდე.

მუხლი V

ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები

1. წინამდებარე მუხლის დებულებების და მისი განხორციელების დეტალური პროცედურა გამოყენებული უნდა იქნეს მონაწილე სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი რომელიმე ადგილას განლაგებული ყველა ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტის მიმართ.

2. წინამდებარე მუხლის დებულებების და მისი განხორციელების დეტალური პროცედურები მოცემულია შემოწმების დანართში.

3. 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტი უნდა დაექვემდებაროს სისტემატურ შემოწმებას ადგილზე საინსპექციო შემოწმებების  და ადგილზე არსებული მოწყობილობებით მონიტორინგის მეშვეობით, შემოწმების დანართის V ნაწილის შესაბამისად.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა საქმიანობა 1-ლ პუნქტში მითითებულ ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტებში, დახურვისათვის საჭირო საქმიანობების გარდა.

5. არცერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა ააგოს ნებისმიერი ახალი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები ან გადააკეთოს რომელიმე არსებული ობიექტი ქიმიური იარაღის წარმოების ან წინამდებარე კონვენციით აკრძალული ნებისმიერი სხვა საქმიანობის მიზნით.

6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, მას შემდეგ, რაც წარმოადგენს დეკლარაციას III მუხლის 1(c) პუნქტის მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს 1-ლ პუნქტში მითითებულ ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტებში დაშვება დეკლარაციების ადგილზე შემოწმების სისტემატური შემოწმების მიზნით.

7. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ:

  1. უნდა დახუროს, მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენცია შევა მისთვის ძალაში არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტი, შემოწმების დანართის V ნაწილის შესაბამისად და გააკეთოს ამის შესახებ შეტყობინება; და
  2. უზრუნველყოს დაშვება 1-ლ პუნქტში მითითებულ ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტებში დახურვის შემდეგ, სისტემატური შემოწმების მიზნით ადგილზე საინსპექციო შემოწმების და მოწყობილობებით მონიტორინგის მეშვეობით რათა დარწმუნდნენ, რომ ობიექტი დახურულია და მოგვიანებით იქნება განადგურებული.

8. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაანადგუროს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ყველა ობიექტი და შესაბამისი ობიექტები და დანადგარი შემოწმების დანართის მიხედვით და განადგურების შეთანხმებული ტემპების და წესის შესაბამისად (შემდგომში მოხსენიებული როგორც „განადგურების წესი“). ამგვარი განადგურება დაწყებული უნდა იქნეს არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში მას შემდეგ რაც მისთვის კონვენცია შევა ძალაში და დასრულებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 10 წლის ვადაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან. მონაწილე სახელმწიფოს არ ეკრძალება ამ ობიექტების უფრო სწრაფი ტემპით განადგურება.

9. თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია:

  1. წარმოადგინოს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტების განადგურების დეტალური გეგმა თითოეული ობიექტის განადგურების დაწყებამდე არაუგვიანეს 180 დღით ადრე;
  2. ყოველწლიურად წარმოადგინოს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ყველა ობიექტის განადგურების დეტალური გეგმების შესრულებასთან დაკავშირებული განცხადებები, ყოველწლიური განადგურების პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში; და
  3. დაადასტუროს განადგურების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, რომ 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ყველა ობიექტი განადგურებულია.

10. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო მოახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ან შეუერთდება მას მე-8 პუნქტში მითითებული განადგურების ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, იგი ვალდებულია გაანადგუროს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები რაც შეიძლება სწრაფად. განადგურების წესი და მკაცრი შემოწმების პროცედურა ასეთი მონაწილე სახელმწიფოსათვის განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

11. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტების განადგურებისას, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადამიანების უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაანადგუროს ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები უსაფრთხოების და ემისიების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

12. 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები შეიძლება დროებით იქნეს გადაკეთებული ქიმიური იარაღის განადგურების მიზნით შემოწმების დანართის V ნაწილის მე-18-25-ე პუნქტების შესაბამისად. ასეთი გადაკეთებული ობიექტი უნდა იქნეს მაშინვე განადგურებული, როგორც კი იგი აღარ გამოიყენება ქიმიური იარაღის გასანადგურებლად, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 წლის ვადაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან.

13. მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში, ითხოვოს ნებართვა გამოიყენოს 1-ლ პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით. აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციით, მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციამ უნდა გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა ეს მოთხოვნა და უნდა დაადგინოს მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობები შემოწმების დანართის V ნაწილის D თავის შესაბამისად.

14. ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტები გადაკეთებული უნდა იქნენ იმგვარად, რომ შემდგომში შეუძლებელ იქნეს მათი ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტად უკან გადმოკეთება, გარდა ნებისმიერი სხვა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კვლევითი, სამედიცინო, ფარმაცევტული ან სხვა მშვიდობიანი მიზნებისათვის დანიშნულების ობიექტად, რომელიც არ არის დაკავშირებული 1-ლ ცხრილში მოცემულ ქიმიკატებთან.

15. ყველა გადაკეთებული ობიექტი უნდა დაექვემდებაროს სისტემატურ შემოწმებას ადგილზე საინსპექციო შემოწმების და ადგილზე მოწყობილობებით მონიტორინგის მეშვეობით შემოწმების გზით დანართის V ნაწილის D თავის შესაბამისად.

16. წინამდებარე მუხლის და შემოწმების დანართის V ნაწილის მიხედვით შემოწმებითი საქმიანობის განხორციელებისას, ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ზომები რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაწილე სახელმწიფოებს შორის ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტების და მათი განადგურების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ზედმეტი დუბლირება.

ამ მიზნით, აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეზღუდოს შემოწმება ზომებით, რომლებიც ავსებენ ამგვარი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებით მისაღებ ზომებს, თუ იგი მიიჩვევს, რომ:

  1. ამ შეთანხმების შემოწმების დებულებები შესაბამისობაშია წინამდებარე მუხლის და შემოწმების დანართის V ნაწილის დებულებებთან;
  2. ამ შეთანხმების განხორციელება უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის შესაბამის დებულებებთან შესაბამისობის საკმარის გარანტიას, და
  3. ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილეებს ორგანიზაცია სრულად ჰყავთ ინფორმირებული მათი შემოწმების საქმიანობების შესახებ.

17. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მე-16 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციას ექნება უფლება გაუწიოს მონიტორინგი ამ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების შესრულებას.

18. მე-16 და მე-17 პუნქტებში არაფერი არ ახდენს გავლენას მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებაზე წარმოადგინოს დეკლარაცია III მუხლის, ამ მუხლის და შემოწმების დანართის V ნაწილის მიხედვით.

19. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაფაროს იმ ქიმიური იარაღის წარმოების ობიექტების განადგურების ხარჯები, რომლის განადგურებაც მას ევალება. მან ასევე უნდა დაფაროს ამ მუხლის მიხედვით შემოწმების ხარჯები, თუ აღმასრულებელი საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტს შეზღუდოს ორგანიზაციის შემოწმების ზომები მე-16 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციის მიერ დამატებითი შემოწმების და მონიტორინგის ხარჯები გადახდილი უნდა იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასების შკალის შესაბამისად, როგორც ეს არის მითითებული VIII მუხლის მე-7 პუნქტში.

მუხლი VI

საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით

1. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, წინამდებარე კონვენციის პირობების დაცვით, შეიმუშაოს, აწარმოოს, სხვაგვარად შეიძინოს, შეინახოს, გადასცეს და გამოიყენოს ტოქსიკური ქიმიკატები და მათი რეაგენტები იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით.

2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ტერიტორიის ფარგლებში ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ნებისმიერ სხვა ადგილას ტოქსიკური ქიმიკატების და მათი რეაგენტების შემუშავება, წარმოება, სხვაგვარად შეძენა, შენახვა, გადაცემა ან გამოყენება მოხდეს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით. ამ მიზნით, და იმის შემოწმების მიზნით, რომ საქმიანობები შესაბამისობაშია წინამდებარე კონვენციის ვალდებულებებთან, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაუქვემდებაროს შემოწმების ზომებს ქიმიკატების შესახებ დანართის 1-ლ, მე-2 და მე-3 ცხრილებში ჩამოთვლილი ქიმიკატები, ამ ქიმიკატებთან დაკავშირებული ობიექტები და შემოწმების შესახებ დანართში მითითებული სხვა ობიექტები, რომლებიც განლაგებულია მის ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ რომელიმე სხვა ადგილას, როგორც ეს არის გათვალისწინებული შემოწმების შესახებ დანართით.

3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაუქვემდებაროს 1-ლ ცხრილში ჩამოთვლილი ქიმიკატები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „1-ლი ცხრილის ქიმიკატები“) წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაცემის და გამოყენების აკრძალვას, როგორც ეს არის მითითებული შემოწმების შესახებ დანართის VI ნაწილში. მან 1-ლი ცხრილის ქიმიკატები და შემოწმების შესახებ დანართის VI თავში მითითებული ობიექტები უნდა დაუქვემდებაროს სისტემატურ შემოწმებას ადგილზე საინსპექციო შემოწმების და ადგილზე მოწყობილობებით მონიტორინგის მეშვეობით, შემოწმების შესახებ დანართის VI ნაწილის შესაბამისად.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაუქვემდებაროს მე-2 ცხრილში ჩამოთვლილი ქიმიკატები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მე-2 ცხრილის ქიმიკატები“) და შემოწმების შესახებ დანართის VII ნაწილში მითითებული ობიექტები მონაცემების მონიტორინგს და ადგილზე შემოწმებას შემოწმების შესახებ დანართის VII ნაწილის შესაბამისად.

5. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაუქვემდებაროს მე-3 ცხრილში ჩამოთვლილი ქიმიკატები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მე-3 ცხრილის ქიმიკატები“) და შემოწმების შესახებ დანართის VIII ნაწილში მითითებული ობიექტები მონაცემების მონიტორინგს და ადგილზე შემოწმებას შემოწმების შესახებ დანართის VIII ნაწილის შესაბამისად.

6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დაუქვემდებაროს შემოწმების შესახებ დანართის IX ნაწილში მითითებული ობიექტები მონაცემების მონიტორინგს და საბოლოო ადგილზე შემოწმებას შემოწმების შესახებ დანართის IX ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების შესახებ დანართის IX ნაწილის 22-ე მუხლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მიერ სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი.

7. წინამდებარე კონვენციის მისთვის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შემოწმების შესახებ დანართის შესაბამისად უნდა გააკეთოს თავდაპირველი განცხადება შესაბამისი ქიმიკატების და ობიექტების შესახებ.

8. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შემოწმების შესახებ დანართის შესაბამისად უნდა გააკეთოს ყოველწლიური განცხადება შესაბამის ქიმიკატებთან და ობიექტებთან დაკავშირებით.

9. ადგილზე შემოწმების მიზნისათვის, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დართოს ნება ინსპექტორებს შევიდნენ ობიექტებში, შემოწმების შესახებ დანართის შესაბამისად.

10. შემოწმების განხორციელებისას, ტექნიკურმა სამდივნომ უნდა აიცილოს მონაწილე სახელმწიფოს ქიმიის სფეროში  საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევა, რომლებიც ხორციელდება იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით და, კერძოდ, შეასრულოს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ დანართში (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კონფიდენციალურობის დანართი“) მოცემული დებულებები.

11. ამ მუხლის დებულებები შესრულებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ აცილებულ იქნეს მონაწილე სახელმწიფოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისათვის და იმ მიზნებისათვის, რომლებიც წინამდებარე კონვენციით არ არის აკრძალული ქიმიური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელის შეშლა, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის და ქიმიკატების და ქიმიკატების წარმოებისათვის, დამუშავებისათვის ან გამოყენებისათვის მოწყობილობის საერთაშორისო გაცვლის ჩათვლით იმ მიზნებისათვის, რომლებიც წინამდებარე კონვენციით არ არის აკრძალული.

მუხლი VII

შესრულების ეროვნული ზომები

ზოგადი ვალდებულებები

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, მისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის მიხედვით ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი ზომები, კერძოდ, მან:

  1. უნდა აუკრძალოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მის ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ რომელიმე ადგილზე, როგორც ეს არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ წინამდებარე კონვენციის მიხედვით ამ მონაწილე სახელმწიფოსათვის აკრძალული საქმიანობის წამოწყება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის მიღების ჩათვლით;
  2. არ დართოს ნება მისი კონტროლის ქვეშ მყოფ რომელიმე ადგილას წინამდებარე კონვენციის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოსათვის აკრძალული ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებაზე; და
  3. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაავრცელოს (a) ქვეპუნქტის მიხედვით მიღებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა წინამდებარე კონვენციის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოსათვის აკრძალულ მისი მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირის მიერ ნებისმიერი საქმიანობის ნებისმიერ ადგილზე განხორციელებაზე.

2. 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან და სათანადო ფორმით გაუწიოს სამართლებრივი დახმარება.

3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, წინამდებარე კონვენციის მიხედვით მისი ვალდებულებების შესრულებისას, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადამიანების უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას და ამ მხრივ სათანადოდ უნდა ითანამშრომლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან.

მონაწილე სახელმწიფოს და ორგანიზაციას შორის ურთიერთობა

4. წინამდებარე კონვენციიდან გამომდინარე მისი ვალდებულებების შესასრულებლად, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ან შექმნას ეროვნული ორგანო, რომელიც იმოქმედებს როგორც ეროვნული კოორდინაციის ცენტრი ორგანიზაციასთან და სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ეფექტური კავშირისათვის. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დროს უნდა შეატყობინოს ორგანიზაციას მისი ეროვნული ორგანოს შესახებ.

5. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა შეატყობინოს ორგანიზაციას წინამდებარე კონვენციის შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების შესახებ.

6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს როგორც კონფიდენციალური და განსაკუთრებულად დაამუშაოს ინფორმაცია და მონაცემები, რომლებსაც იგი კონფიდენციალურობის საფუძველზე იღებს ორგანიზაციისაგან წინამდებარე კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით.

მან უნდა გამოიყენოს ეს ინფორმაცია და მონაცემები განსაკუთრებულად  წინამდებარე კონვენციიდან გამომდინარე მისი უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით და კონფიდენციალურობის დანართში მოცემული დებულებების შესაბამისად. 

7. თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან მისი ყველა ფუნქციის განხორციელებაში და განსაკუთრებით დახმარება გაუწიოს ტექნიკურ სამდივნოს.

მუხლი VIII

ორგანიზაცია

A. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები წინამდებარე კონვენციის ობიექტის და მიზნის მისაღწევად, მისი დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მისი შესრულების საერთაშორისო შემოწმების ჩათვლით და მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებისათვის და თანამშრომლობისათვის ფორუმის უზრუნველსაყოფად წინამდებარეთი ქმნიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას.

2. წინამდებარე კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფო არის ორგანიზაციის წევრი. არ შეიძლება მონაწილე სახელმწიფოს ჩამოერთვას ორგანიზაციის წევრობა.

3. ორგანიზაციის სათაო ოფისის მდებარეობის ადგილია ქალაქი ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო.

4. წინამდებარეთი იქმნება ორგანიზაციის შემდეგი ორგანოები: მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია, აღმასრულებელი საბჭო და ტექნიკური სამდივნო.

5. ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული შემოწმებითი საქმიანობა რაც შეიძლება ნაკლებად ინტრუსიული წესით, რაც შეთავსებადია მათი მიზნების დროულად ან ეფექტურად განხორციელებასთან. მან უნდა მოითხოვოს მხოლოდ ის ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციის მიხედვით მისი ვალდებულებების შესასრულებლად. მან უნდა მიიღოს ყველა სიფრთხილის ზომა, რათა დაცულ იქნეს სამოქალაქო და სამხედრო საქმიანობის და ობიექტების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი ხდება წინამდებარე კონვენციის შესრულებისას და, კერძოდ, უნდა შეასრულოს კონფიდენციალურობის შესახებ დანართში მოცემული დებულებები.

6. შემოწმებითი საქმიანობის განხორციელებისას ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების ზომები.

7. ორგანიზაციის საქმიანობის ხარჯები დაფარული უნდა იქნეს მონაწილე სახელმწიფოების მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენატანების შკალის შესაბამისად, რომელიც კორექტირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ამ ორგანიზაციის წევრობის განსხვავებების მხედველობაში მიღებით, და IV და V მუხლების დებულებების მიხედვით. მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსამზადებელი კომისიის დაფინანსებაში შეტანილი თანხა სათანადო გზით უნდა გამოაკლდეს რეგულარული ბიუჯეტში მათ შენატანებს. ორგანიზაციის ბიუჯეტი შედგება ორი ცალკეული ნაწილისაგან, ერთი – დაკავშირებული ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებთან და მეორე – დაკავშირებული შემოწმების ხარჯებთან. 

8. ორგანიზაციის წევრს, რომელსაც გააჩნია ორგანიზაციისადმი დავალიანება, შეუჩერდება ხმის უფლება ორგანიზაციაში იმ შემთხვევაში, თუ დავალიანების რაოდენობა შეადგენს ან აღემატება წინა სრული ორი წლის შენატანების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციას შეუძლია ასეთ წევრს დართოს ხმის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი დაარწმუნებს მას, რომ გადაუხდელობა განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

B. მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია

შემადგენლობა, პროცედურები და გადაწყვეტილების მიღება

9. მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კონფერენცია“) შედგება ორგანიზაციის ყველა წევრისაგან. კონფერენციაში თითოეულ წევრს ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მოადგილეები და მრჩევლები.

10. კონფერენციის პირველი სხდომა მოწვეული უნდა იქნეს დეპოზიტარის მიერ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

11. კონფერენცია შეიკრიბება რეგულარულ სხდომებზე, რომელიც გაიმართება ყოველწლიურად, თუ იგი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

12. კონფერენციის სპეციალური სხდომები იქნება მოწვეული:

  1. როდესაც კონფერენცია ასე გადაწყვეტს;
  2. როდესაც მოითხოვს აღმასრულებელი საბჭო;
  3. როდესაც მოითხოვს წევრი და მას მხარს დაუჭერს წევრთა ერთი მესამედი; ან
  4. 22-ე პუნქტის შესაბამისად კონვენციის მოქმედების განხილვის მიზნით

(d) პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, სპეციალური სხდომა მოწვეული უნდა იქნეს ტექნიკური სამდივნოს გენერალური დირექტორის მიერ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, თუ მოთხოვნაში სხვაგვარად არ არის მითითებული.

13. კონფერენცია ასევე უნდა იქნეს მოწვეული შემსწორებელი კონფერენციის ფორმით XV მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

14. კონფერენციის სხდომები გაიმართება იმ ადგილას, სადაც განლაგებულია ორგანიზაცია, თუ კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

15. ყოველი რეგულარული კონფერენციამ უნდა მიიღოს მისი რეგლამენტი. სხდომის დასაწყისში უნდა აირჩიოს თავმჯდომარე და სხვა საჭირო თანამდებობის პირები. ისინი თანამდებობას დაიკავებენ მომდევნო რეგულარული სხდომისათვის ახალი თავმჯდომარისა და თანამდებობის პირების არჩევამდე.

16. ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა ქმნის კონფერენციის კვორუმს.

17. ორგანიზაციის თითოეულ წევრს კონფერენციაზე აქვს ერთი ხმის უფლება.

18. კონფერენცია გადაწყვეტილებებს პროცედურულ საკითხებზე იღებს დამსწრე  და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უბრალო უმრავლესობით. არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კონსენსუსით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა რომელიმე საკითხზე, თავმჯდომარემ უნდა გადაავადოს ხმის მიცემა 24 საათით და ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ყველა ძალისხმევა კონსენსუსის მიღწევისათვის ხელის შესაწყობად და ამ პერიოდის დამთავრებამდე კონფერენციას უნდა წარუდგინოს ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა 24 საათის ბოლოს, კონფერენციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ორი მესამედის ხმათა უმრავლესობით, თუ წინამდებარე კონვენციით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. როდესაც წამოიჭრება პრობლემა საკითხი არის არსებითი თუ არა, ეს საკითხი მიჩნეული უნდა იქნეს არსებითად, თუ კონფერენციის მიერ არსებით საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობით სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი.

უფლებამოსილებები და ფუნქციები

19. კონფერენცია არის ორგანიზაციის მთავარი ორგანო. მან უნდა განიხილოს ნებისმიერი საკითხი, თემა ან პრობლემა, რომელსაც ხვდება წინამდებარე კონვენციის სფეროში, მათ შორის იმათი ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია აღმასრულებელი საბჭოს და ტექნიკური სამდივნოს უფლებამოსილებებთან და ფუნქციებთან. მას შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მიერ წამოჭრილ ან აღმასრულებელი საბჭოს მიერ მის ყურადღებამდე მიტანილ ნებისმიერ საკითხთან, თემასთან ან პრობლემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მიღება.

20. კონფერენციამ უნდა განახორციელოს წინამდებარე კონვენციის შესრულებაზე ზედამხედველობა და იმოქმედოს მისი ობიექტისათვის და მიზნისათვის ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციამ უნდა განიხილოს წინამდებარე კონვენციის შესრულება. მან ასევე უნდა განახორციელოს ზედამხედველობა  აღმასრულებელი საბჭოსა და ტექნიკური სამდივნოს საქმიანობაზე და შეუძლია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ორივე მათგანს მათი ფუნქციების შესრულებისას მისცეს მითითებები.

21. კონფერენციამ უნდა:

  1. განიხილოს და მიიღოს მის რეგულარულ სხდომებზე აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში, პროგრამა და ორგანიზაციის ბიუჯეტი, ასევე განიხილოს სხვა ანგარიშები;
  2. მიიღოს გადაწყვეტილება მონაწილე სახელმწიფოების ფინანსური შენატანების ოდენობაზე მე-7 პუნქტის შესაბამისად;
  3. აირჩიოს აღმასრულებელი საბჭოს წევრები;
  4. დანიშნოს ტექნიკური სამდივნოს გენერალური დირექტორი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გენერალური დირექტორი“);
  5. დაამტკიცოს აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტი, რომელსაც წარუდგენს ეს უკანასკნელი;
  6. შექმნას ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მისი ფუნქციების შესასრულებლად;
  7. ხელი შეუწყოს ქიმიური საქმიანობის სფეროში მშვიდობიანი მიზნებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობას;
  8. განიხილოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ წინამდებარე კონვენციის მოქმედებაზე, და ამ მხრივ, დაავალოს გენერალურ დირექტორს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მისი ფუნქციების განხორციელებისას, კონფერენციას, აღმასრულებელ საბჭოს ან მონაწილე სახელმწიფოებს გაუწიოს სპეციალიზებული კონსულტაცია მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციასთან. სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო უნდა შედგებოდეს კონფერენციის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან;
  9. განიხილოს და დაამტკიცოს მის პირველ სხდომაზე მოსამზადებელი კომისიის მიერ მომზადებული ნებისმიერი შეთანხმების, დებულებების და მითითებების პროექტები;
  10. შექმნას მის პირველ სხდომაზე დახმარების ნებაყოფლობით ფონდი X მუხლის შესაბამისად;
  11. მიიღოს წინამდებარე კონვენციის შესრულებისათვის და ნებისმიერი სიტუაციის გამოსასწორებლად და კორექტირებისათვის აუცილებელი ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წინამდებარე კონვენციის დებულებებს. XII მუხლის შესაბამისად.

22. კონფერენციამ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს  მეხუთე და მეათე წლის გასვლის შემდეგ, და ამ პერიოდების განმავლობაში იმ სხვა დროებში, რომელზე შეიძლება იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება, უნდა მოიწვიოს სპეციალური სხდომები წინამდებარე კონვენციის მოქმედების გადასინჯვის განხორციელების მიზნით. ასეთი გადასინჯვები უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერ მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებს. ამის შემდეგ ხუთწლიანი ინტერვალებით, თუ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი, ამავე მიზნით შემდგომი სხდომები უნდა იქნეს მოწვეული. 

B. აღმასრულებელი საბჭო

შემადგენლობა, პროცედურა და გადაწყვეტილების მიღება

23. აღმასრულებელი საბჭო შედგება 41 წევრისაგან. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, როტაციის პრინციპის შესაბამისად, იყოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი. აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩევიან კონფერენციის მიერ ორი წლის ვადით. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე კონვენციის ეფექტური ფუნქციონირება, სათანადო ყურადღება ექცევა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას, ქიმიური მრეწველობის მნიშვნელობას, ისევე როგორც პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. აღმასრულებელი საბჭო შედგება:

  1. ცხრა მონაწილე სახელმწიფოსაგან აფრიკიდან, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ რეგიონის მონაწილე სახელმწიფოების მიერ. ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ამ ცხრა მონაწილე სახელმწიფოთაგან, სამი წევრი, როგორ წესი, არიან მონაწილე სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ქიმიური წარმოება ამ რეგიონში, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი და გამოცემული მონაცემების მიხედვით, დამატებით, რეგიონალური ჯგუფი ამ სამი წევრის დანიშვნისას ასევე უნდა შეთანხმდეს სხვა რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებაზე;
  2. ცხრა მონაწილე სახელმწიფოსაგან აზიიდან, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ რეგიონის მონაწილე სახელმწიფოების მიერ. ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ამ ცხრა მონაწილე სახელმწიფოთაგან, ოთხი წევრი, როგორ წესი, არიან მონაწილე სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ქიმიური წარმოება ამ რეგიონში, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი და გამოცემული მონაცემების მიხედვით, დამატებით, რეგიონალური ჯგუფი ამ ოთხი წევრის დანიშვნისას ასევე უნდა შეთანხმდეს სხვა რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებაზე;
  3. ხუთი მონაწილე სახელმწიფოსაგან აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ რეგიონის მონაწილე სახელმწიფოების მიერ. ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ამ ხუთი მონაწილე სახელმწიფოთაგან, ერთი წევრი, როგორ წესი, არის მონაწილე სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ქიმიური წარმოება ამ რეგიონში, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი და გამოცემული მონაცემების მიხედვით, დამატებით, რეგიონალური ჯგუფი ამ ერთი წევრის დანიშვნისას ასევე უნდა შეთანხმდეს სხვა რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებაზე;
  4. შვიდი მონაწილე სახელმწიფოსაგან ლათინური ამერიკიდან, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ რეგიონის მონაწილე სახელმწიფოების მიერ. ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ამ შვიდი მონაწილე სახელმწიფოთაგან, სამი წევრი, როგორ წესი, არიან მონაწილე სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ქიმიური წარმოება ამ რეგიონში, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი და გამოცემული მონაცემების მიხედვით, დამატებით, რეგიონალური ჯგუფი ამ სამი წევრის დანიშვნისას ასევე უნდა შეთანხმდეს სხვა რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებაზე;
  5. ათი მონაწილე სახელმწიფოსაგან დასავლეთ ევროპისა და სხვა სახელმწიფოებისაგან, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ რეგიონის მონაწილე სახელმწიფოების მიერ. ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ამ ათი მონაწილე სახელმწიფოთაგან, ხუთი წევრი, როგორ წესი, არიან მონაწილე სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ქიმიური წარმოება ამ რეგიონში, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი და გამოცემული მონაცემების მიხედვით, დამატებით, რეგიონალური ჯგუფი ამ ხუთი წევრის დანიშვნისას ასევე უნდა შეთანხმდეს სხვა რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებაზე;
  6. ერთი დამატებითი მონაწილე სახელმწიფო დანიშნული უნდა იქნეს თანმიმდევრობით აზიის და ლათინური ამერიკის რეგიონიდან, ამ დანიშვნის საფუძვლად იგულისხმება, რომ ეს მონაწილე სახელმწიფო იქნება როტაციული წევრი ამ რეგიონებიდან.

24. აღმასრულებელი საბჭოს პირველ არჩევნებზე 20 წევრი არჩეული იქნება ერთი წლის ვადით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს რიცხობრივ პროპორციას, როგორც ეს არის მითითებული 23-ე პუნქტში.

25. IV და V მუხლების სრულად შესრულების შემდეგ, კონფერენციას შეუძლია აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე, გადასინჯოს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა 23-ე პუნქტში მითითებული პრინციპებთან დაკავშირებული ცვლილებების მხედველობაში მიღებით, რომელიც არეგულირებს მის შემადგენლობას.

26. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს მისი რეგლამენტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს კონფერენციას.

27. აღმასრულებელმა საბჭომ მისი წევრების რიცხვიდან უნდა აირჩიოს თავმჯდომარე.

28. აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება რეგულარულ სხდომებზე. რეგულარულ სხდომებს შორის მას შეუძლია შეიკრიბოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას მისი უფლებამოსილების და ფუნქციების განხორციელება მოითხოვს.

29. აღმასრულებელი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. თუ წინამდებარე კონვენციაში სხვაგვარად არ არის მითითებული, აღმასრულებელი საბჭო არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მისი ყველა წევრის ორი მესამედის უმრავლესობით. აღმასრულებელი საბჭო პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მისი ყველა წევრის უბრალო უმრავლესობით. როდესაც წამოიჭრება პრობლემა საკითხი არის არსებითი, თუ არა, ეს საკითხი მიჩნეული უნდა იქნეს არსებითად, თუ აღმასრულებელი საბჭო არსებით საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობით სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

უფლებამოსილება და ფუნქციები

30. აღმასრულებელი საბჭო არის ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო. იგი პასუხისმგებელია კონფერენციის წინაშე. აღმასრულებელი საბჭო ახორციელებს წინამდებარე კონვენციის მიხედვით მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას და ფუნქციებს, ისევე როგორც კონფერენციის მიერ მისთვის დელეგირებულ ფუნქციებს. აღნიშნულის განხორციელებისას, მან უნდა იმოქმედოს კონფერენციის რეკომენდაციების, გადაწყვეტილებებისა და მითითებების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს მათი სათანადო და უწყვეტი შესრულება.

31. აღმასრულებელმა საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს კონვენციის ეფექტურ შესრულებას და დაცვას. მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ტექნიკური სამდივნოს საქმიანობას, ითანამშრომლოს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოსთან და ხელი შეუწყოს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს და თანამშრომლობას მათი მოთხოვნის საფუძველზე.

32. აღმასრულებელმა საბჭომ:

  1. უნდა განიხილოს და კონფერენციას წარუდგინოს ორგანიზაციის პროგრამის პროექტი და ბიუჯეტი;
  2. უნდა განიხილოს და კონფერენციას წარუდგინოს ორგანიზაციის წინამდებარე კონვენციის განხორციელების შესახებ ანგარიშის პროექტი, მისი საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში და იმგვარი სპეციალური ანგარიშები, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ან რომელიც შეიძლება კონფერენციამ მოითხოვოს;
  3. ორგანიზება უნდა გაუკეთოს კონფერენციის სხდომებს, დღის წესრიგის პროექტის მომზადების ჩათვლით;

33. აღმასრულებელ საბჭოს შეუძლია მოითხოვოს კონფერენციის სპეციალური სხდომების მოწვევა.

34. აღმასრულებელმა საბჭომ:

  1. კონფერენციის წინასწარი თანხმობით ორგანიზაციის სახელით უნდა დადოს ხელშეკრულებები ან შეთანხმებები სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  2. ორგანიზაციის სახელით უნდა დადოს შეთანხმებები მონაწილე სახელმწიფოებთან X მუხლთან დაკავშირებით და ზედამხედველობა გაუწიოს X მუხლში მითითებულ ნებაყოფლობით ფონდს. 
  3. უნდა დაამტკიცოს შემოწმებითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამდივნოს მიერ მონაწილე სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების შედეგად დადებული ხელშეკრულებები ან შეთანხმებები.

35. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა განიხილოს მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი წინამდებარე კონვენციასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ან საკითხი, და მისი დარღვევის შემთხვევები და საჭიროებისამებრ, შეატყობინოს მონაწილე სახელმწიფოებს და მიიტანოს ეს პრობლემა ან საკითხი კონფერენციის ყურადღებამდე.

36.  შესრულებასთან და დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული ეჭვების ან შეშფოთების განხილვისას, მათ შორის, წინამდებარე კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული უფლებების ბოროტად გამოყენებისას, აღმასრულებელმა საბჭომ უნდა გამართოს კონსულტაციები დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებთან და საჭიროებისამებრ, მოსთხოვოს მონაწილე სახელმწიფოს მითითებულ ვადაში სიტუაციის გამოსასწორებლად ზომების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭოს მიიჩნევს შემდგომი ზომების მიღების აუცილებლად, მან უნდა მიიღოს, სხვათა შორის, ერთი ან რამოდენიმე შემდეგი ზომა:

  1. შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ამ პრობლემის ან საკითხის შესახებ;
  2. მიიტანოს კონფერენციის ყურადღებამდე ეს პრობლემა ან საკითხი;
  3. რეკომენდაციები მისცეს კონფერენციას სიტუაციის გამოსასწორებელი ზომების და შესრულების უზრუნველსაყოფად.

აღმასრულებელმა საბჭომ, განსაკუთრებით სერიოზულ და უკიდურეს შემთხვევებში, ეს პრობლემა ან საკითხი, შესაბამისი ინფორმაციის და დასკვნების ჩათვლით, უნდა მიიტანოს პირდაპირ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ყურადღებამდე. მან, ამავე დროს უნდა აცნობოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ამ ნაბიჯის შესახებ.

D. ტექნიკური სამდივნო

37. ტექნიკური სამდივნო დახმარებას უწევს კონფერენციას და აღმასრულებელ საბჭოს მათი ფუნქციების განხორციელებაში. ტექნიკური სამდივნო ახორციელებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ შემოწმებას. იგი ახორციელებს წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს, ისევე როგორც კონფერენციის და აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისთვის დელეგირებულ ფუნქციებს.

38. ტექნიკურმა სამდივნომ:

  1. უნდა მოამზადოს და აღმასრულებელ საბჭოს წარუდგინოს ორგანიზაციის პროგრამის პროექტი და ბიუჯეტი;
  2. უნდა მოამზადოს და აღმასრულებელ საბჭოს წარუდგინოს ორგანიზაციის ანგარიშის პროექტი წინამდებარე კონვენციის განხორციელების შესახებ და სხვა ანგარიშები, რომლებიც შეიძლება კონფერენციამ ან აღმასრულებელმა საბჭომ მოითხოვოს;
  3. კონფერენციას, აღმასრულებელ საბჭოს და დამხმარე ორგანოებს უნდა აღმოუჩინოს ადმინისტრაციული და ტექნიკური დახმარება;
  4. ორგანიზაციის სახელით მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის და მათგან იღებს შეტყობინებებს წინამდებარე კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  5. მონაწილე სახელმწიფოებს უწევს ტექნიკურ დახმარებას და ახდენს წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელებისას, ცხრილში მოცემული და არმოცემული ქიმიკატების ტექნიკურ შეფასებას.

39. ტექნიკურმა სამდივნომ:

  1. აღმასრულებელი საბჭოს ნებართვის პირობით, მონაწილე სახელმწიფოებთან უნდა შეიმუშაოს ხელშეკრულებები ან შეთანხმებები შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით,;
  2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, მონაწილე სახელმწიფოებთან უნდა მოახდინოს უკიდურესი აუცილებლობის და ჰუმანიტარული მიზნებისათვის მუდმივი მარაგების შექმნის და შენარჩუნების კოორდინაცია X მუხლის მე-7(ბ) და (c) პუნქტების შესაბამისად. ტექნიკურ სამდივნოს შეუძლია შეამოწმოს შენახული ნივთები მათი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობაზე. მარაგისათვის შესანახი ნივთების სია განხილული და დამტკიცებული უნდა იქნეს კონფერენციის მიერ ამ მუხლის 21(i) პუნქტის მიხედვით.
  3. უნდა განკარგოს X მუხლში მითითებული ნებაყოფლობითი ფონდი, შეაგროვოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ გაკეთებული დეკლარაციები და დაარეგისტრიროს ისინი, როდესაც არსებობს ამის მოთხოვნა, მონაწილე სახელმწიფოებს ან მონაწილე სახელმწიფოს და X მუხლის მიზნებისათვის ორგანიზაციას შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებები.

40. ტექნიკურმა სამდივნომ აღმასრულებელ საბჭოს უნდა აცნობოს მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, ეჭვების ან გაურკვევლობების ჩათვლით წინამდებარე კონვენციის შესრულების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მის მიერ შემოწმების განხორციელებისას და რომლის გადაჭრაც ან გარკვევაც ვერ შეძლო დაინტერესებულ სახელმწიფოებთან კონსულტაციების გზით.

41. ტექნიკური სამდივნო შედგება გენერალური დირექტორისაგან, რომელიც არის მისი ხელმძღვანელი და მთავარი ადმინისტრაციული მოხელე, ინსპექტორებისაგან და იმ მეცნიერებისაგან, ტექნიკური და სხვა პერსონალისაგან, რომელიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს.

42. ინსპექტორატი არის ტექნიკური სამდივნოს ქვეგანაყოფი და მოქმედებს გენერალური დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ.

43. გენერალური დირექტორი ინიშნება კონფერენციის მიერ აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ოთხი წლის ვადით, რომელიც განახლებადია მხოლოდ ერთი შემდგომი ვადით.

44. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია კონფერენციის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე პერსონალის დანიშვნაზე და ტექნიკური სამდივნოს ორგანიზაციაზე და ფუნქციონირებაზე. პერსონალის დაქირავებისას და სამსახურის პირობების განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტურობის მაღალი სტანდარტების, კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის აუცილებლობას. გენერალურ დირექტორად, ინსპექტორებად ან პროფესიული ან კანცელარიის პერსონალის სხვა წევრებად შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პერსონალის აყვანას რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე. პერსონალის შერჩევისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ტექნიკური სამდივნოს მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის მინიმალური რაოდენობის პრინციპით. 

45. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია ორგანიზაციაზე და 21 (h) პუნქტში მითითებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციონირებაზე. გენერალურმა დირექტორმა, მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციებით, უნდა დანიშნოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლებიც იმსახურებენ ინდივიდუალურად. საბჭოს წევრები დანიშნული უნდა იქნენ წინამდებარე კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში მათი პროფესიონალიზმის საფუძველზე, გენერალურ დირექტორს, საჭიროებისამებრ, ასევე შეუძლია საბჭოს წევრებთან კონსულტაციების გზით, კონკრეტულ საკითხებზე რეკომენდაციების წარმოსადგენად შექმნას მეცნიერების დროებითი სამუშაო ჯგუფი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გენერალურ დირექტორს წარუდგინონ ექსპერტების სია.

46. გენერალურმა დირექტორმა, ინსპექტორებმა და პერსონალის სხვა წევრებმა მათი მოვალეობების შესრულებისას არ უნდა ითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები რომელიმე მთავრობისაგან ან ორგანიზაციის გარეთ სხვა წყაროსაგან. მათი თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი საქმიანობისაგან, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მათ, როგორც საერთაშორისო მოხელეების, სტატუსზე, რომლებიც მხოლოდ პასუხისმგებელნი არიან კონფერენციის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.

47. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ განსაკუთრებულად პატივი უნდა სცეს გენერალური დირექტორის, ინსპექტორებისა და პერსონალის სხვა წევრების მოვალეობების საერთაშორისო ხასიათს და არ უნდა შეეცადოს მათი ფუნქციების განხორციელებისას გავლენა მოახდინონ მათზე.

E. პრივილეგიები და იმუნიტეტები

48. ორგანიზაცია თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მისი იურისდიქციის და კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ნებისმიერ ადგილზე სარგებლობს მისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო უფლება-უნარიანობითა და პრივილეგიებით და იმუნიტეტებით.

49. მონაწილე სახელმწიფოების დელეგატები, მათ მოადგილეებთან და მრჩევლებთან ერთად. აღმასრულებელ საბჭოსთან წარგზავნილი წარმომადგენლები, მათ მოადგილეებთან და მრჩევლებთან ერთად, გენერალური დირექტორი და ორგანიზაციის პერსონალი სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც აუცილებელია ორგანიზაციასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების დამოუკიდებელი განხორციელებისათვის.

50. ამ მუხლში მითითებული უფლება-უნარიანობა, პრივილეგიები და იმუნიტეტები განისაზღვრება ორგანიზაციასა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმებებში, ასევე ორგანიზაციასა და იმ სახელმწიფოს შორის დადებულ შეთანხმებაში, რომელშიც არის ორგანიზაციის სათავო ოფისის სამყოფელი. ეს შეთანხმებები განხილული და დამტკიცებული უნდა იქნეს კონფერენციის მიერ 21(i) პუნქტის შესაბამისად.

51. 48-ე და 49-ე პუნქტების მიუხედავად, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ გენერალური დირექტორი და ტექნიკური სამდივნოს პერსონალი შემოწმებითი საქმიანობის განხორციელებისას, დადგენილია შემოწმების დანართის II ნაწილის B თავში.

მუხლი IX

კონსულტაციები, თანამშრომლობა და ფაქტების დადგენა

1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამართონ კონსულტაციები და ითანამშრომლონ ერთმანეთს შორის პირდაპირ ან ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო პროცედურების მეშვეობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის ფარგლებში პროცედურების ჩათვლით და მისი წესდების შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას წინამდებარე კონვენციის ობიექტთან და მიზანთან ან მისი დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

2. რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე შემოწმების მოთხოვნის უფლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მონაწილე სახელმწიფოებმა, როდესაც ეს შესაძლებელია, პირველ რიგში უნდა მიიღონ ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციების მეშვეობით გამოარკვიონ და მოაგვარონ ნებისმიერი საკითხი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის შესრულებაზე ეჭვი, ან რომელიც წამოჭრის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მიჩნეული იქნეს ბუნდოვნად. მონაწილე სახელმწიფო, რომელიც სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან მიიღებს რომელიმე საკითხის გარკვევის შესახებ მოთხოვნას, რომელსაც მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო მიიჩნევს ამგვარი ეჭვის და შეშფოთების გამომწვევ მიზეზად, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ინფორმაცია, რომელიც საკმარისია წამოჭრილი ეჭვზე და შეშფოთებაზე პასუხის გასაცემად იმის ახსნასთან ერთად, თუ როგორ გადაჭრის წარმოდგენილი ინფორმაცია წამოჭრილ საკითხს. წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ უნდა ახდენდეს გავლენას ორი ან რამოდენიმე მონაწილე სახელმწიფოს უფლებაზე მიაღწიონ ურთიერთთანხმობას მათ შორის შემოწმებაზე და რომელიმე სხვა პროცედურაზე ნებისმიერი საკითხის გასარკვევად ან მოსაგვარებლად, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის შესრულების ეჭვი, ან რომელიც წამოჭრის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მიჩნეული იქნეს ბუნდოვნად. ამგვარი ზომები არ უნდა ახდენდეს გავლენას რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებიდან გამომდინარე უფლებებზე და ვალდებულებებზე.

განმარტების მოთხოვნის პროცედურა

3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს აღმასრულებელ საბჭოს სთხოვოს დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში გარკვევაში, რომელიც შეიძლება მიჩნეული იქნეს ბუნდოვნად ან რომელიც წარმოშობს შეშფოთებას სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ შეშფოთებასთან.

4. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს აღმასრულებელ საბჭოს სთხოვოს სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან მოიპოვოს განმარტება  ნებისმიერ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბუნდოვნად ან რომელიც წარმოშობს შეშფოთებას წინამდებარე კონვენციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამგვარ შემთხვევაში, გამოიყენება შემდეგი:

  1. გენერალური დირექტორის მეშვეობით აღმასრულებელმა საბჭომ უნდა გადაუგზავნოს განმარტების შესახებ მოთხოვნა დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათში;
  2. მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ აღმასრულებელ საბჭოს უნდა წარუდგინოს განმარტება შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგარამ ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში;
  3. აღმასრულებელმა საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ეს განმარტება და გადაუგზავნოს იგი მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს  მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში;
  4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო განმარტებას მიიჩნევს არასათანადოდ, მას უფლება აქვს აღმასრულებელ საბჭოს სთხოვოს მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოსაგან მოიპოვოს შემდგომი განმარტებები;
  5. (დ) ქვეპუნქტის მიხედვით შემდგომი განმარტების მოპოვების მიზნით, აღმასრულებელ საბჭოს შეუძლია გენერალურ დირექტორს შესთავაზოს ტექნიკური სამდივნოდან ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, ან თუ ტექნიკურ სამდივნოში არ არსებობს სათანადო პერსონალი, მაშინ სხვა წყაროებიდან, ყველა არსებული ინფორმაციისა და მონაცემების შესამოწმებლად, რომელიც დაკავშირებულია შეშფოთების გამომწვევ სიტუაციებთან. ექსპერტთა ჯგუფმა აღმასრულებელ საბჭოს უნდა წარუდგინოს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიში მისი დასკვნების შესახებ;
  6. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო (d) და (e) ქვეპუნქტების მიხედვით მოპოვებულ განმარტებას მიიჩნევს არადამაკმაყოფილებლად, მას უფლება აქვს მოითხოვოს აღმასრულებელი საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევა, რომელშიც დაინტერესებულ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან მონაწილე სახელმწიფოები, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ. ამ სპეციალურ სხდომაზე, აღმასრულებელმა საბჭომ უნდა განიხილოს საკითხი და შეუძლია რეკომენდაცია გააკეთოს ნებისმიერი ზომის მიღებაზე, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლის სიტუაციის გამოსასწორებლად. 

5. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება აღმასრულებელ საბჭოს სთხოვოს ნებისმიერი სიტუაციის განმარტება, რომელიც მიჩნეულია ბუნდოვნად ან რომელმაც წარმოშვა შეშფოთება კონვენციის შესაძლო შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დააკმაყოფილოს ამგვარი მოთხოვნა ამ დახმარების გაწევის გზით.

6. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა აცნობოს მონაწილე სახელმწიფოებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განმარტების ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ.

7. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ეჭვი ან შეშფოთება შესაძლო დარღვევის შესახებ არ მოგვარდება აღმასრულებელი საბჭოსათვის განმარტების მოთხოვნის წარდგენიდან 60 დღის ვადაში, ან თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი ეჭვი მოითხოვს გადაუდებელ განხილვას, მიუხედავად მისი მოთხოვნის საფუძველზე შემოწმების მოთხოვნის უფლებისა, მას შეუძლია მოითხოვოს კონფერენციის სპეციალური სხდომის მოწვევა VIII მუხლის 12(c) პუნქტის შესაბამისად. ამ სპეციალურ სხდომაზე, კონფერენციამ უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი და შეუძლია გააკეთოს რეკომენდაცია ნებისმიერი ზომის მიღებაზე, რომელსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ სიტუაციის გამოსასწორებლად.

მოთხოვნის საფუძველზე შემოწმების პროცედურა

8. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი ობიექტის ან პუნქტის ადგილზე საინსპექციო შემოწმების განხორციელება, რომელიც განლაგებულია რომელიმე სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ ნებისმიერ სხვა ადგილზე წინამდებარე კონვენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევის და მოგვარების ერთადერთი მიზნით, და უფლება აქვს დაყოვნების გარეშე ეს საინსპექციო შემოწმება განხორციელებული იქნეს ნებისმიერ ადგილას გენერალური დირექტორის მიერ დანიშნული საინსპექციო ჯგუფის მიერ და შემოწმების შეახებ დანართის შესაბამისად.

9. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა არ სცილდებოდეს წინამდებარე კონვენციის ფარგლებს და საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნაში წარმოადგინოს ყველა სათანადო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა შეშფოთება წინამდებარე კონვენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც ეს არის გათვალისწინებული შემოწმების შესახებ დანართით. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს დაუსაბუთებელი შემოწმების მოთხოვნებისაგან, ასევე იზრუნოს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბოროტად გამოყენება. მოთხოვნის საფუძველზე შემოწმება განხორციელებულ უნდა იქნეს მხოლოდ შესაძლო დარღვევის ფაქტების დადგენის მიზნით.

10. წინამდებარე კონვენციის შესრულების შემოწმების მიზნით, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ტექნიკურ სამდივნოს უნდა დართოს მე-8 პუნქტის მიხედვით ადგილზე მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების განხორციელების ნება.

11. ობიექტის ან პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების მოთხოვნის მიხედვით და შემოწმების შესახებ დანართით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, შესამოწმებელ მონაწილე სახელმწიფოს აქვს:

  1. უფლება და ვალდებულება მიიღოს ყველა გონივრული ძალისხმევა მის მიერ წინამდებარე კონვენციის შესრულების სადემონსტრაციოდ და ამ მიზნით, საინსპექციო ჯგუფს მისცეს მათი მანდატის განხორციელების საშუალება;
  2. ვალდებულება უზრუნველყოს მოთხოვნილ ადგილზე ფაქტების დასადგენის ერთადერთი მიზნით დაშვებადობა, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო დარღვევის შესახებ შეშფოთებასთან;
  3. მგრძნობიარე მოწყობილობების დასაცავად ზომების მიღების და კონფიდენციალური ინფორმაციისა და მონაცემების გამჟღავნების აღკვეთის უფლება, რომლებიც არ არიან დაკავშირებული წინამდებარე კონვენციასთან.

12. დამკვირვებელთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი:

  1. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, შესამოწმებელი მონაწილე სახელმწიფოს თანხმობის პირობით, გაგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იყოს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს ან მესამე მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე, მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების განხორციელებაზე დაკვირვების საწარმოებლად.
  2. შესამოწმებელმა მონაწილე სახელმწიფომ ამ შემთხვევაში შემოწმების შესახებ დანართის შესაბამისად უნდა მისცეს ამ დამკვირვებელს შესვლის უფლება.
  3. როგორც წესი შესამოწმებელმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიღოს შემოთავაზებული დამკვირვებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელი მონაწილე სახელმწიფო უარს განაცხადებს, ეს ფაქტი უნდა დაფიქსირდეს საბოლოო ანგარიშში.

13. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილე სახელმწიფომ საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა ადგილზე მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებით მისი სწრაფად დამუშავების მიზნით უნდა წარუდგინოს აღმასრულებელ საბჭოს და იმავდროულად გენერალურ დირექტორს.

14. გენერალურმა დირექტორმა დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს, რომ საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა აკმაყოფილებს შემოწმების შესახებ დანართის X ნაწილის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს საინსპექციო შემოწმების მოთხოვნის სწორად წარდგენაში. შესაბამისად, თუ საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების მომზადება უნდა იქნეს დაწყებული.

15. გენერალურმა დირექტორმა უნდა გადაუგზავნოს საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა შესამოწმებელ მონაწილე სახელმწიფოს საინსპექციო ჯგუფის შესვლის პუნქტში დაგეგმილ ჩასვლამდე არანაკლებ 12 საათით ადრე.

16. საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნის მიღების შემდეგ, აღმასრულებელმა საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ამ მოთხოვნაზე გენერალური დირექტორის მიერ მიღებული ზომები  და  უნდა განიხილოს ეს შემთხვევა საინსპექციო შემოწმების მთელი მიმდინარეობის განმავლობაში. თუმცა, მისმა განხილვამ არ უნდა შეაფერხოს საინსპექციო შემოწმების პროცესი.

17. აღმასრულებელ საბჭოს შეუძლია, საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათში, მისი ყველა წევრის სამი მეოთხედის უმრავლესობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების არგანხორციელების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიჩნევს, რომ საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნა აშკარად დაუსაბუთებელია, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას ან აშკარად სცილდება წინამდებარე კონვენციის მოქმედების ფარგლებს, რაც მითითებულია მე-8 პუნქტში. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს არც მოთხოვნის წარმდგენ და არც შესამოწმებელ მონაწილე სახელმწიფოს. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტს, არ იქნეს ჩატარებული მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმება, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა იქნეს შეჩერებული და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები უნდა იქნენ ინფორმირებულნი შესაბამისად. 

18. მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების განსახორციელებლად გენერალურმა დირექტორმა უნდა გასცეს საინსპექციო შემოწმების მანდატი. საინსპექციო შემოწმების მანდატი წარმოადგენს მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულ სამუშაო ფორმაში მოცემული საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნაs და უნდა შეესაბამებოდეს საინსპექციო შემოწმების შესახებ მოთხოვნას.

19. მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმება უნდა იქნეს განხორციელებული შემოწმების დანართის X ნაწილის შესაბამისად ან, სავარაუდო გამოყენების შემთხვევაში, XI ნაწილის შესაბამისად. საინსპექციო ჯგუფი უნდა ხელმძღვანელობდეს მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების განხორციელების პრინციპებით, რაც შეიძლება ნაკლები ინტრუსიული წესით, მისი დავალების ეფექტურად და დროულად დასრულებასთან შესაბამისობაში.

20. შესამოწმებელი მონაწილე სახელმწიფო მოთხოვნის საფუძველზე  საინსპექციო შემოწმების მთელი მიმდინარეობის განმავლობაში უნდა დაეხმაროს საინსპექციო ჯგუფს და გაუადვილოს ამოცანები. იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელი მონაწილე სახელმწიფო წარმოადგენს წინადადებას, შემოწმების შესახებ დანართის X ნაწილის C თავის მიხედვით, წინამდებარე კონვენციის შესრულების დემონსტრირებისათვის, სრული და ამომწურავი შესვლის ალტერნატივას, მან უნდა მიიღოს ყველა გონივრული ძალისხმევა, საინსპექციო ჯგუფთან კონსულტაციების გზით, ფაქტების დადგენასთან დაკავშირებულ პროცედურებზე შეთანხმების მისაღწევად მის მიერ შესრულების დემონსტრირების მიზნით.

21. საბოლოო ანგარიში უნდა შეიცავდეს ფაქტებით გამყარებულ დასკვნებს ასევე საინსპექციო ჯგუფის მიერ მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების დამაკმაყოფილებლად  განსახორციელებლად გაწეული შესვლის უფლების და თანამშრომლობის ხარისხის და ხასიათის შეფასებას. გენერალურმა დირექტორმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს საინსპექციო ჯგუფის ეს საბოლოო ანგარიში შესამოწმებელ მონაწილე სახელმწიფოს, აღმასრულებელ საბჭოს და სხვა დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. გარდა ამისა, გენერალურმა დირექტორმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს აღმასრულებელ საბჭოს მოთხოვნის წარმდგენი და შესამოწმებელი მონაწილე სახელმწიფოების შეფასებები, ასევე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მოსაზრებები, რომელიც შეიძლება გადაეცეს გენერალურ დირექტორს ამ მიზნისათვის, და შემდეგ წარუდგენს მათ ყველა მონაწილე სახელმწიფოს.

22. აღმასრულებელმა საბჭომ, მისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების შესაბამისად უნდა განიხილოს საინსპექციო ჯგუფის საბოლოო ანგარიში მისი წარმოდგენისთანავე, და უნდა განიხილოს ნებისმიერი შეშფოთება შემდეგთან დაკავშირებით:

  1. ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე დარღვევას;
  2. მოთხოვნა გაკეთებული იქნა წინამდებარე კონვენციის ფარგლებში; და
  3. და ადგილი ჰქონდა თუ არა მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმების განხორციელების უფლების ბოროტად გამოყენებას.

23. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო მისი უფლებამოსილებების და ფუნქციების შესაბამისად მივა იმ დასკვნამდე, რომ 22-ე პუნქტთან დაკავშირებით შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი ზომების მიღება, მან უნდა მიიღოს სათანადო ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად და წინამდებარე კონვენციის შესრულების უზრუნველსაყოფად, კონფერენციის კონკრეტული რეკომენდაციების ჩათვლით. უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, აღმასრულებელმა საბჭომ უნდა განიხილოს საკითხი იმის შესახებ, უნდა აგოს თუ არა მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილე სახელმწიფომ მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებული ფინანსურ შედეგებზე პასუხი.

24. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს და შესამოწმებელ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში. აღმასრულებელმა საბჭომ კონფერენციის მომდევნო სხდომაზე უნდა აცნობოს მონაწილე სახელმწიფოებს ამ პროცესის შედეგის შესახებ.

25. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელმა საბჭომ კონკრეტული რეკომენდაცია მისცა კონფერენციას, კონფერენციამ უნდა განიხილოს ზომების მიღება XII მუხლის შესაბამისად.

მუხლი X

დახმარება და ქიმიური იარაღისაგან დაცვა

1. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „დახმარება“ ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოებისათვის ქიმიური იარაღისაგან დაცვის კოორდინირებას და დახმარების აღმოჩენას, რაც მოიცავს, სხვათა შორის, შემდეგს: აღმოჩენის მოწყობილობებს და სიგნალიზაციის სისტემებს, დამცავ მოწყობილობებს, დეგაზაციის დანადგარს და დეგაზაციის საშუალებებს, სამედიცინო ანტიდოტებსა და სამკურნალო საშუალებებს, და ნებისმიერ ამ აღნიშნულ დამცავ საშუალებებზე კონსულტაციას.

2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი უნდა განიმარტოს რომელიმე სახელმწიფოს უფლების დამაბრკოლებლად განახორციელოს კვლევა, შეიმუშაოს, აწარმოოს, გადასცეს ან გამოიყენოს ქიმიური იარაღისაგან დამცავი საშუალებები, იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით.

3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ხელი შეუწყოს და უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ქიმიური იარაღისაგან დამცავ საშუალებებთან დაკავშირებული მოწყობილობის, მასალებისა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის მაქსიმალურად გაცვლაში.

4. დამცავ მიზნებთან დაკავშირებული ეროვნული პროგრამების ტრანსფარენტულობის გაზრდის მიზნებისათვის, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ტექნიკურ სამდივნოს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მისი პროგრამების შესახებ, VIII მუხლის 21(i) პუნქტის მიხედვით კონფერენციის მიერ განსახილველი და დასამტკიცებელი პროცედურების შესაბამისად.

5. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში ტექნიკურმა სამდივნომ უნდა დააარსოს და შეინახოს, ნებისმიერი მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გამოსაყენებლად, მონაცემთა ბანკი, რომელიც შეიცავს თავისუფლად ხელმისაწვდომ ქიმიური იარაღისაგან დასაცავი სხვადასხვა საშუალებების შესახებ ინფორმაციას და ასევე იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მონაწილე სახელმწიფოების მიერ.

ტექნიკურმა სამდივნომ მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში და რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ასევე უნდა გაუწიოს ექსპერტიზა და დაეხმაროს მონაწილე სახელმწიფოს, მისი დამცავი შესაძლებლობების განვითარებისა და გაუმჯობესების პროგრამების განხორციელებაში.

6. წინამდებარე კონვენციაში არაფერი უნდა განიმარტოს რომელიმე სახელმწიფოს უფლების დამაბრკოლებლად მოითხოვოს და აღმოუჩინოს დახმარება ორმხრივ საფუძველზე და დადონ ცალკეული შეთანხმებები სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან საგანგებო სიტუაციებში დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.

7. თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ორგანიზაციის მეშვეობით აღმოუჩინოს დახმარება და ამ მიზნისათვის აირჩიოს შემდეგი ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება:

  1. დახმარების ნებაყოფლობით ფონდში, რომელიც შეიქმნება კონფერენციის მიერ მის პირველ სხდომაზე, შენატანების შეტანა;
  2.  თუ შესაძლებელია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, ორგანიზაციასთან დადოს შეთანხმებები, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
  3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, განაცხადოს, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია ორგანიზაციის მოთხოვნის საპასუხოდ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოს შემდგომში აღარ შეუძლია მისი განცხადებით გათვალისწინებული დახმარების გაწევა, მას მაინც ეკისრება ამ პუნქტის შესაბამისად დახმარების გაწევის ვალდებულება.

8. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს და მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მიიღოს დახმარება და ქიმიური იარაღის გამოყენების ან გამოყენების საფრთხისაგან დაცვა იმ შემთხვევაში, თუ კი იგი მიიჩნევს, რომ:

  1. მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი;
  2. არეულობების შემაკავებელი რეაქტივები მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული როგორც ომის წარმოების მეთოდი; ან
  3. მას ემუქრება რომელიმე სახელმწიფოს მიერ მონაწილე სახელმწიფოებისათვის I მუხლით აკრძალული მოქმედების ან საქმიანობის საფრთხე.

9. ამგვარი მოთხოვნა, რომელიც გამყარებულია სათანადო ინფორმაციით, უნდა გადაეგზავნოს გენერალურ დირექტორს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადაუგზავნის აღმასრულებელ საბჭოს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს, გენერალურმა დირექტორმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს ეს მოთხოვნა იმ მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც მე-7 (b) და (c) პუნქტების შესაბამისად გამოთქვეს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის სურვილი ქიმიური იარაღის ან მასობრივი არეულობების შემაკავებელი რეაქტივების, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენების შემთხვევაში, ან ქიმიური იარაღის გამოყენების სერიოზული საფრთხის შემთხვევაში ან მასობრივი არეულობების შემაკავებელი რეაქტივების, როგორც ომის მეთოდების, გამოყენების სერიოზული საფრთხის შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევის სურვილი, ამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათში. გენერალურმა დირექტორმა ამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათში, უნდა წამოიწყოს გამოძიება იმისათვის, რომ საფუძველი დაუდოს შემდგომ ქმედებებს. იგი ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული გამოძიება 72 საათის ვადაში და გადაუგზავნოს ანგარიში აღმასრულებელ საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო გამოძიების დასასრულებლად, იმავე ვადაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შუალედური ანგარიში. გამოძიებისათვის საჭირო დამატებითი დრო არ უნდა აღმატებოდეს 72 საათს. თუმცა, შესაძლებელია ეს ვადა იქნეს გაგრძელებული იმავე პერიოდებით. თითოეული დამატებითი პერიოდის ბოლოს ანგარიშები უნდა წარედგინოს აღმასრულებელ საბჭოს. გამოძიებამ სათანადოდ და მოთხოვნის და მოთხოვნაზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით უნდა დაადგინოს მოთხოვნასთან დაკავშირებული სათანადო ფაქტები, აგრეთვე დამატებითი დახმარების და საჭირო დაცვის ტიპი და მასშტაბები.

10. გამოძიების შესახებ ანგარიშის მიღებიდან აღმასრულებელი საბჭო უნდა შეიკრიბოს არაუგვიანეს 24 საათში სიტუაციის განხილვის მიზნით და მომდევნო 24 საათის ვადაში უბრალო უმრავლესობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, დაავალოს თუ არა ტექნიკურ სამდივნოს დამატებითი დახმარების გაწევა. ტექნიკურმა სამდივნომ დაუყოვნებლივ ყველა მონაწილე სახელმწიფოს და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა გადაუგზავნოს გამოძიების ანგარიში და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება. აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გენერალურმა დირექტორმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების გაწევა. ამ მიზნით გენერალურ დირექტორს შეუძლია ითანამშრომლოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოსთან, სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა დახმარების გასაწევად.

11. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე გამოძიებიდან ხელმისაწვდომი ინფორმაცია ან სხვა სანდო წყარო იძლევა იმის საკმარის მტკიცებულებას, რომ არსებობს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად მსხვერპლი და გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობა, გენერალურმა დირექტორმა უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს და უნდა მიიღოს დახმარების გადაუდებელი ზომები, ამგვარი ექსტრემალური სიტუაციებისათვის კონფერენციის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსების გამოყენებით. გენერალურ დირექტორს ინფორმირებული უნდა ჰყავდეს აღმასრულებელი საბჭოს ამ პუნქტის მიხედვით განხორციელებული ზომების შესახებ. 

მუხლი XI

ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება

1. წინამდებარე კონვენციის დებულებები უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მონაწილე სახელმწიფოების ეკონომიკური ან ტექნოლოგიური განვითარების და იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით, ქიმიური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შეფერხება, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციისა და ქიმიკატების და მოწყობილობის გაცვლის იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით, ქიმიკატების წარმოების, დამუშავების ან გამოყენების ჩათვლით.

2. წინამდებარე კონვენციის დებულებების გათვალისწინებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისათვის და გამოყენებადი ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, მონაწილე სახელმწიფოები:

  1. უფლებამოსილნი არიან ინდივიდუალურად ან კოლექტიურად აწარმოონ კვლევები, შეიმუშაონ, აწარმოონ, შეიძინონ, შეინახონ, გადასცენ და გამოიყენონ ქიმიკატები;
  2. კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ, იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის აკრძალული წინამდებარე კონვენციით ქიმიის განვითარებასთან დაკავშირებული ქიმიკატების, მოწყობილობის და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის მაქსიმალურად გაცვლაში;
  3. ერთმანეთს შორის არ აწესებენ რაიმე შეზღუდვას, იმ საერთაშორისო შეთანხმებების ჩათვლით, რომლებიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელიც ზღუდავს ან აფერხებს ვაჭრობას და ქიმიის სფეროში, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კვლევითი, სამედიცინო, ფარმაცევტული ან სხვა მშვიდობიანი მიზნებისათვის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებას და ხელშეწყობას;
  4. არ გამოიყენებენ წინამდებარე კონვენციას იმ ღონისძიებების გატარების საფუძვლად, იმათ გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია ან ნებადართულია წინამდებარე კონვენციით, ასევე არ გამოიყენებენ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმებას წინამდებარე კონვენციასთან შეუსაბამო მიზნის განსახორციელებლად;
  5. განახორციელებენ მათი არსებული ეროვნული წესების გადასინჯვას ქიმიკატებით ვაჭრობის სფეროში, იმისათვის, რომ ისინი შესაბამისობაში მოიყვანონ წინამდებარე კონვენციის ობიექტთან და მიზანთან.   

მუხლი XII

მდგომარეობის გამოსასწორებელი და შესრულების უზრუნველმყოფი ზომები, სანქციების ჩათვლით

1. კონფერენციამ უნდა მიიღოს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა წინამდებარე კონვენციის შესრულების უზრუნველყოფის და ნებისმიერი სიტუაციის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წინამდებარე კონვენციის დებულებებს, გამოსწორების ან კორექტირების მიზნით. ამ პუნქტის მიხედვით ზომის განხილვისას, კონფერენციამ მხედველობაში უნდა მიიღოს აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და რეკომენდაცია.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც აღმასრულებელი საბჭოს მონაწილე სახელმწიფოს სთხოვს სიტუაციის გამოსწორებას, რომელიც ქმნის პრობლემებს ამ სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და როდესაც მონაწილე სახელმწიფო ვერ ასრულებს მოთხოვნას მითითებულ ვადაში, კონფერენციას შეუძლია, სხვათა შორის, აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შეუზღუდოს ან შეუჩეროს მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციიდან გამომდინარე უფლებები და პრივილეგიები, მანამ, სანამ იგი არ მიიღებს აუცილებელ ზომას წინამდებარე კონვენციიდან გამომდინარე მისი ვალდებულებების შესასრულებლად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც წინამდებარე კონვენციის ობიექტს და მიზანს შესაძლოა მიადგეს სერიოზული ზიანი წინამდებარე კონვენციით, კერძოდ მისი I მუხლით, აკრძალული საქმიანობის შედეგად, კონფერენციას შეუძლია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდოს კოლექტიური ზომების მიღებისაკენ.

4. განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევებში კონფერენციას შეუძლია, მოცემული პრობლემა სათანადო ინფორმაციისა და დასკვნების ჩათვლით, მიიტანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ყურადღებამდე.

მუხლი XIII

სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან მიმართება

წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად,  რომ რაიმენაირად ზღუდავდეს ან ამცირებდეს ჟენევაში 1925 წლის 17 ივნისს ხელმოწერილ ომის დროს მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა გაზების გამოყენების აკრძალვის და ომის წარმოების ბაქტერიოლოგიური მეთოდების შესახებ ოქმის და 1972 წლის 10 აპრილს ლონდონში, მოსკოვში და ვაშინგტონში ხელმოწერილ ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოების, და დაგროვების და მათი განადგურების შესახებ კონვენციის მიხედვით რომელიმე სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

მუხლი XIV

დავების მოგვარება

1. დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე კონვენციის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით, მოგვარებული უნდა იქნეს წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების შესაბამისად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებებთან შესაბამისობაში.

2. თუ დავა წარმოიშობა ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის ან ერთ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორის, წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ერთმანეთს შორის ამ დავის მოლაპარაკებების ან, მხარეთა არჩევანის მიხედვით, სხვა მშვიდობიანი საშუალებებით სწრაფი მოგვარების მიზნით, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული შესაბამის ორგანოებისადმი მიმართვისა და ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსადმი მისი სტატუსის შესაბამისად მიმართვის ჩათვლით. ჩართული მონაწილე სახელმწიფოებს ინფორმირებული უნდა ჰყავდეთ აღმასრულებელი საბჭო მიღებული ზომების შესახებ.

3. აღმასრულებელ საბჭოს უფლება აქვს ხელი შეუწყოს დავის მოგვარებას  ნებისმიერი საშუალებებით, რომლებსაც იგი მიიჩნევს სათანადოდ, რომლებიც მოიცავს კეთილი სამსახურის შეთავაზებას, დავის მონაწილე სახელმწიფოებისადმი მოწოდებას მათი არჩევანის მიხედვით დავის მოგვარების პროცესის დაწყებისაკენ და ნებისმიერი შეთანხმებული პროცედურებზე ვადების რეკომენდირებას.

4. კონფერენციამ უნდა განიხილოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ დავებთან დაკავშირებით წამოჭრილი ან აღმასრულებელი საბჭოს მიერ მის ყურადღებამდე მიტანილი საკითხები. კონფერენციამ, როგორც იგი ამას საჭიროდ მიიჩნევს, უნდა შექმნას ან დაავალოს ორგანოებს ამ დავების მოგვარებასთან დაკავშირებული ამოცანები, VIII მუხლის 21(f) პუნქტის შესაბამისად.

5. კონფერენციას და აღმასრულებელ საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ნებართვის პირობით, დამოუკიდებლად ენიჭებათ უფლება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვონ საკონსულტაციო გადაწყვეტილების გამოტანა ორგანიზაციის საქმიანობის სფეროში წამოჭრილ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ამ მიზნით ორგანიზაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის უნდა დაიდოს შეთანხმება, VIII მუხლის 34(a) პუნქტის შესაბამისად.

6. წინამდებარე მუხლი ზიანს არ აყენებს IX მუხლს ან სიტუაციის გამოსწორების ზომების შესახებ და შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დებულებებს, სანქციების ჩათვლით.

მუხლი XV

შესწორებები

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანის წინადადების შემოთავაზება. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ასევე შეუძლია ცვლილებების შეტანის შემოთავაზება წინამდებარე კონვენციის დანართებში მე-4 პუნქტის შესაბამისად. შესწორებების შესახებ წინადადება ექვემდებარება მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ პროცედურებს. ცვლილებების შესახებ წინადადება მე-4 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება მე-5 პუნქტის პროცედურებს.

2. შემოთავაზებული შესწორების ტექსტი უნდა წარედგინოს გენერალურ დირექტორს მონაწილე სახელმწიფოებისათვის გადაგზავნის მიზნით და დეპოზიტარს. შემოთავაზებული შესწორება განხილული უნდა იქნეს მხოლოდ შემსწორებელი კონფერენციის მიერ. ამ შემსწორებელი კონფერენციის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოთა ერთი მესამედი ან მეტი აცნობებს გენერალურ დირექტორს არაუგვიანეს 30 დღის ვადაში მისი ცირკულაციის შემდეგ, რომ ისინი მხარს უჭერენ წინადადების შემდგომ განხილვას. შემსწორებელი კონფერენციის სხდომა უნდა გაიმართოს კონფერენციის რეგულარული სხდომის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუ ამაზე მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოები არ მოითხოვენ უფრო ადრე შეხვედრას.

3. შესწორებები ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის ძალაში შედის ქვემოთ (b) ქვეპუნქტში მითითებული ყველა მონაწილე სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს:

  1. თუ მიღებულია შემსწორებელი კონფერენციის მიერ ყველა მონაწილე სახელმწიფოს ხმათა უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მის წინააღმდეგ არცერთ მონაწილე სახელმწიფოს არ მიუცია ხმა; და
  2. რატიფიცირებული ან მიღებულია ყველა მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელთაც მხარი დაუჭირეს შემსწორებელი კონფერენციაზე.

4. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე კონვენციის ხანგრძლიობა და ეფექტურობა, დანართების დებულებები ექვემდებარება ცვლილებებს მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ცვლილებები დაკავშირებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ან ტექნიკური ხასიათის საკითხებთან. ქიმიკატების შესახებ დანართში ყველა ცვლილება განხორციელებული უნდა იქნეს მე-5 პუნქტის შესაბამისად. კონფიდენციალურობის შესახებ დანართის A და C თავების, შემოწმების შესახებ დანართის X ნაწილის და შემოწმების შესახებ დანართის I ნაწილში მოცემული განმარტებები, რომლებიც განსაკუთრებულად დაკავშირებული მოთხოვნის საფუძველზე საინსპექციო შემოწმებასთან, არ ექვემდებარება ცვლილებებს მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5. მე-4 პუნქტში მითითებული შემოთავაზებული ცვლილებები განხორციელებული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურების შესაბამისად:

  1. შემოთავაზებული ცვლილებების ტექსტი აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად უნდა გადაეგზავნოს გენერალურ დირექტორს. შემოთავაზების შეფასებისათვის დამატებითი ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს ან გენერალური დირექტორის მიერ. გენერალურმა დირექტორმა სწრაფად უნდა გადაუგზავნოს ნებისმიერ ასეთი წინადადებები და ინფორმაცია ყველა მონაწილე სახელმწიფოს, აღმასრულებელ საბჭოს და დეპოზიტარს;
  2. მისი მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, გენერალურმა დირექტორმა უნდა შეაფასოს წინამდებარე კონვენციის დებულებებზე და მის განხორციელებაზე შემოთავაზების შესაძლო შედეგების განსაზღვრის მიზნით და ამგვარი ინფორმაცია უნდა გადაუგზავნოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს და აღმასრულებელ საბჭოს;
  3. აღმასრულებელმა საბჭომ უნდა განიხილოს შემოთავაზება მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის ფონზე, იმის ჩათვლით აკმაყოფილებს თუ არა ეს შემოთავაზება მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, აღმასრულებელმა საბჭომ მისი რეკომენდაციის შესახებ, სათანადო განმარტებებთან ერთად, განხილვის მიზნით უნდა აცნობოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. მონაწილე სახელმწიფოებმა მიღება უნდა დაადასტურონ 10 დღის ვადაში;
  4. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო ყველა მონაწილე სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციას, რომ შემოთავაზება იქნეს მიღებული, იგი ჩაითვლება მიღებულად, თუ კი არცერთი სახელმწიფო არ გამოთქვამს პროტესტს ამ რეკომენდაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო ყველა მონაწილე სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაცია, რომ შემოთავაზება იქნეს უარყოფილი, იგი ჩაითვლება უარყოფილად, თუ კი არცერთი სახელმწიფო არ გამოთქვამს პროტესტს რეკომენდაციის უარყოფასთან დაკავშირებით ამ რეკომენდაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში;
  5. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია ვერ აკმაყოფილებს (d) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღების პირობებს, შემოთავაზების შესახებ გადაწყვეტილება, იმის ჩათვლით აკმაყოფილებს თუ არა მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, მიღებული უნდა იქნეს როგორც არსებით საკითხზე კონფერენციის მიერ მის მომდევნო სხდომაზე;
  6. გენერალურმა დირექტორმა უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს და დეპოზიტარს ამ პუნქტის მიხედვით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ;
  7. ამ პროცედურით მიღებული ცვლილებები ძალაში შედის ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის გენერალური დირექტორის მიერ მათი მიღების შესახებ შეტყობინებიდან 180-ე დღეს, თუ აღმასრულებელი საბჭოს მიერ არ არის რეკომენდირებული ან კონფერენციის მიერ გადაწყვეტილი სხვა დრო.

მუხლი XVI

კონვენციის მოქმედების ვადა და კონვენციიდან გასვლა

1. წინამდებარე კონვენცია მოქმედებს უვადოდ.

2. წინამდებარე კონვენციის თითოეული მონაწილე სახელმწიფოს მისი სუვერენიტეტის განხორციელებისას უფლება აქვს გავიდეს კონვენციიდან, თუ იგი გადაწყვეტს, რომ კონვენციის შინაარსთან დაკავშირებული საგანგებო მოვლენებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უზენაეს ინტერესებს. მან ამ გამოსვლის შესახებ 90 დღით ადრე უნდა შეატყობინოს კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, აღმასრულებელ საბჭოს, დეპოზიტარს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს. ამ შეტყობინებას თან უნდა ახლდეს საგანგებო სიტუაციების შესახებ ანგარიში, რომელსაც იგი მიიჩნევს მისი უზენაესი ინტერესებისათვის სახიფათოდ.

3. წინამდებარე კონვენციიდან მონაწილე სახელმწიფოს გასვლა არცერთ შემთხვევაში ზიანს არ აყენებს სახელმწიფოების ვალდებულებას გააგრძელონ საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი ნორმის მიხედვით, განსაკუთრებით 1925 წლის ჟენევის ოქმით, ნაკისრი ვალდებულებები.

მუხლი XVII

დანართების სტატუსი

დანართები ქმნიან წინამდებარე კონვენციის განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე კონვენციაზე ნებისმიერი მითითება ასევე მოიცავს დანართებსაც.

მუხლი XVIII

ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია მის ძალაში შესვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

მუხლი XIX

რატიფიკაცია

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ რატიფიკაციას მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად.

მუხლი XX

შეერთება

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც არ მოუწერია ხელი წინამდებარე კონვენციაზე მის ძალაში შესვლამდე, შეუძლია შეუერთდეს მას ნებისმიერ დროს ძალაში შესვლის შემდეგ.

მუხლი XXI

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 65-ე სარატიფიკაციო დოკუმენტის დეპონირებიდან 180-ე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მისი ხელმოსაწერად გახსნიდან 2 წელზე ადრე.

2. სახელმწიფოებისათვის, რომელთა სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტები დეპონირებულია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, იგი ძალაში შედის მათი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტების დეპონირებიდან 30-ე დღეს.

მუხლი XXII

დათქმები

წინამდებარე კონვენციის მუხლები არ ექვემდებარებიან დათქმებს. წინამდებარე კონვენციის დანართები არ ექვემდებარება დათქმებს, რომლებიც შეუთავსებელნი არიან მის ობიექტთან და მიზანთან.

მუხლი XXIII

დეპოზიტარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარეთი ინიშნება წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად და მან, სხვათა შორის:

  1. დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს და სახელმწიფოს, რომელიც უერთდება კონვენციას, თითოეული ხელმოწერის თარიღის, რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტის ყოველი დეპონირების თარიღის და წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ, და სხვა შეტყობინებების მიღების შესახებ;
  2. გადაუგზავნოს წინამდებარე კონვენციის სათანადოდ დამოწმებული ასლები ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს და სახელმწიფოს, რომელიც უერთდება კონვენციას, მთავრობებს; და
  3. დაარეგისტრიროს წინამდებარე კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდები 102-ე მუხლის მიხედვით.

მუხლი XXIV

ავთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენცია, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული რუსული, და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია პარიზში ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის იანვრის ოცდამეათე დღეს.