საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2436-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018050
2436-IXმს-Xმპ
16/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
010250000.04.001.018050
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ი“ ქვეპუნქტი:

„ბ.ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;“.

2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“.

3. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“.

4. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“.

5. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით; უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;“;

ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ვ) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;“.

6. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ კანონის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა.“.

7. 91-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.“.

8. 142-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 142. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული საკრებულო განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.“.

 9. 143-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.“.

10. 144-ე და 145-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის გასაჩივრება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას, მისი საქმიანობის შეჩერებისას, აგრეთვე ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული საქართველოს მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია.

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/კოლეგიური ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ამ თანამდებობის პირის/კოლეგიური ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდეს სასამართლოში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გასაჩივრების უფლება აქვს დათხოვნილი, საქმიანობაშეჩერებული ან უფლებამოსილებაშეწყვეტილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.

 

მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების დაწყების დღემდე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 დეკემბერი 2022 წ.

N2436-IXმს-Xმპ