ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016279
276
16/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
310050000.54.066.016279
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №276

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჰ64“, „ჰ65“, „ჰ66’’ და „ჰ67“ ქვეპუნქტები:

„ჰ64) IGE – მიწის ზედაპირის ეფექტი;

 ჰ65) OEI – ერთი ძრავის გაუმართაობა;

 ჰ66) OGE – მიწის ზედაპირის ეფექტის ზონის არქონა;

 ჰ67) PNR – დაბრუნების წერტილი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჰ61“, „ჰ62“, „ჰ63’’, „ჰ64’’ და „ჰ65“ ქვეპუნქტები:

„ჰ61) საბაზისო აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი –   სხ, რომელსაც გააჩნია ისეთი მინიმალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მოსალოდნელ პირობებში აფრენისთვის, დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის.

62) გაუმჯობესებული აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი – სხ, რომელსაც საბაზისო აღჭურვილობის სხ-ისგან განსხვავებით გააჩნია დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა მოცემულ პირობებში აფრენისათვის, დასაფრენად შესვლის და დაფრენისათვის;

63) საექსპლუატაციო კრედიტები – დამატებითი კრედიტები, რომელიც საშუალებას აძლევს გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ს გამოიყენოს აეროდრომის უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმი, ვიდრე იყენებს საბაზისო აღჭურვილობის სხ და რომელიც დაფუძნებულია გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ის სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებზე, გარე ინფრასტრუქტურის გამოყენებით;

64) მახასიათებლებზე დაფუძნებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი (PBAOM) – საბაზისო აღჭურვილობის სხ-სთვის მოცემულ პირობებში აფრენის, დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის გათვალისწინებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზე უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმი.

შენიშვნა: 1. PBAOM განისაზღვრება სხ-ის და მიწისზედა ხელმისაწვდომი საშუალებების კომბინირებული შესაძლებლობის საფუძველზე. დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9365;

2.PBAOM შეიძლება დაფუძნებული იყოს საექსპლუატაციო კრედიტებზე;

3. PBAOM არ შემოიფარგლება მხოლოდ PBN-ით ფრენებით.

65) COMAT – (სათადარიგო ნაწილები), რომლებიც გადაიზიდება სხ-ით საკუთარი მიზნებისათვის.“.

3.  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „შენიშვნა” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: საექსპლუატაციო კონტროლის და ფრენების მომზადების ავიადისპეტჩერების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს DOC-ში 8335. ფრენების მომზადების დისპეტჩერების უფლებამოსილების, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების  სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს DOC-ში 10153. ფრენების მომზადების ავიადისპეტჩერის მოწმობის მიღების მოთხოვნები მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესში“.“

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ვერტმფრენის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და ზედამხედველობა

1. ვერტმფრენის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ანიჭებს უფლებას ექსპლუატანტს შეასრულოს ფრენები საექსპლუატაციო დაშვებების შესაბამისად.

შენიშვნა: სხ-ის ექსპლუტანტის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნები და ზედამხედველობის პირობები დადგენილია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით.“.

2. ექსპლუატანტმა უნდა შეასრულოს იმ სახელმწიფოს მოთხოვნები, სადაც ასრულებს ფრენებს.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი  და ამავე პუნქტის „შენიშვნა 2“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ისათვის სააგენტო გასცემს საექსპლუატაციო კრედიტების გამოყენების ნებართვას. თუ საექსპლუატაციო კრედიტები ეხება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებს, სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას. აღნიშნულმა ნებართვამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურების კლასიფიკაციაზე.

შენიშვნა 2. საექსპლუატაციო კრედიტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა და საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ასახვის ინსტრუქცია მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ და „22“ პუნქტები:

„21. საექსპლუატაციო კრედიტების სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სხ-ის შესაბამისობა საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნებთან;

ბ) რომ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს ორივე პილოტისთვის, თუ ფშს ითვალისწინებს ერთზე მეტ ეკიპაჟის წევრს;

გ) შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოების რისკების შეფასება;

დ) სტანდარტული და არასტანდარტული ვითარებების პროცედურების და MEL-ის შემუშავება;

ე) საფრენოსნო ეკიპაჟის და ფრენის მომზადებაში ჩართული შესაბამისი პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავება;

ვ) მონაცემთა შეგროვების, შეფასების და ტენდენციების მონიტორინგის სისტემის შემუშავება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებისთვის, რომლისთვისაც არსებობს საექსპლუატაციო კრედიტი;

ზ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნების (ტექნიკური მომსახურების და რემონტის) პროგრამასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავება.

შენიშვნა: 1. უსაფრთხოების რისკების შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9859.

2. საექსპლუატაციო კრედიტების ნებართვების მიღების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებაში და იკაოს Doc-ში 9365.

22. საექსპლუატაციო კრედიტის მქონე სხ-ისთვის სააგენტო ადგენს უსაფრთხო ექსპლუატაციის კრიტერიუმებს, თუ ხილვადობის მინიმუმი აღემატება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის დადგენილ მინიმუმს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).“.

6. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. სათადარიგო ვერტოდრომები

1. აფრენისათვის სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა და აღინიშნება ფრენის სამუშაო გეგმაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები გაფრენის ვერტოდრომზე შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე ნაკლებია.

2. სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა იმ პირობით, რომ მისი გამოყენების სავარაუდო დროისათვის მეტეოროლოგიური პირობები შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე მეტია.

3. დანიშნულების  პუნქტის  სათადარიგო  ვერტოდრომი უნდა შეირჩეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, შეირჩევა ერთი სათადარიგო ვერტოდრომი მაინც   და აღინიშნება ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა.ა) ფრენის ხანგრძლივობა და მეტეოროლოგიური პირობები იძლევა იმის საფუძველს, რომ დანიშნულების ვერტოდრომზე მიფრენის სავარაუდო დროისათვის და ამ დროიდან 1 საათით ადრე და 1 საათის შემდეგ დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში;

ა.ბ) დაფრენის ვერტოდრომი არის იზოლირებულ რაიონში და არ არსებობს გამოსადეგი სათადარიგო ვერტოდრომი. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დაბრუნების წერტილი (PNR);

ბ) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომად უნდა შეირჩეს ის ვერტოდრომი, რომელზეც გამოყენების სავარაუდო დროისათვის ამინდის პროგნოზი იძლევა იმის გარანტიას, რომ დასაფრენად შესვლის პირობები იქნება საექსპლუატაციო მინიმუმების შესაბამისი;

გ) თუ, დანიშნულების ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი დაბალია მის საექსპლუატაციო მინიმუმზე, არჩეული უნდა იყოს ორი სათადარიგო ვერტოდრომი. ერთ-ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს დანიშნულების ვერტოდრომის მინიმუმზე, ხოლო მეორე სათადარიგო ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს სათადარიგო ვერტოდრომების საექსპლუატაციო მინიმუმებზე. ვერტიკალური მხედველობა უნდა აღემატებოდეს ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს 120მ-ით (400ფტ), ხოლო ხილვადობა 1500მ-ით.

4. სააგენტო გასცემს დანიშნულების პუნქტის სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომის ოპერატიულად გამოყენების სპეციალურ ნებართვას.

5. საზღვაო ვერტოდრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც დანიშნულების პუნქტის საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომი, თუ ნაპირზე არსებული დანიშნულების სათადარიგო ვერტოდრომი მიუღწევადია. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მხოლოდ დაბრუნების წერტილის გადალახვის (PNR) შემდეგ და თუ სანაპირო სათადარიგო ვერტოდრომი გეოგრაფიულად მიუღწევადია. PNR-ის მიღწევამდე გამოიყენება მხოლოდ სანაპირო დანიშნულების სათადარიგო ვერტოდრომი;

ბ) ოპერატორს ფშს-ში გაწერილი უნდა ჰქონდეს რისკის შეფასების პროცესი, რომელიც ეხება საზღვაო ვერტოდრომის, დანიშნულების პუნქტის საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომად გამოყენებას. ეს შეფასება ოპერატორმა უნდა განახორციელოს ვერტოდრომის არჩევამდე;

გ) ოპერატორს ფშს-ში გაწერილი უნდა ჰქონდეს დანიშნულების პუნქტის საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომზე ფრენისათვის კონკრეტული პროცედურები და შესაბამისი სასწავლო პროგრამები;

დ) ოპერატორმა წინასწარ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გამოსაყენებლად განკუთვნილი დანიშნულების პუნქტის საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომის ვარგისობა და შესაბამის ფორმით ასახოს ფშს-ში, მათ შორის კოორდინატების მითითებით;

ე) ერთი ძრავის გათიშვის შემთხვევაში შვეულმფრენს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს დაფრენა დანიშნულების პუნქტის საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომზე;

ვ) MEL უნდა შეიცავდეს ამ ტიპის ფრენისათვის კონკრეტულ დებულებებს.

6. საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომის გამოყენება შესაძლებელია მარტო იმ ვერტმფრენებისათვის, რომლებსაც მიწის ზედაპირის ეფექტის (IGE) პირობებში, ამ ვერტოდრომზე, ერთი გაუმართავი ძრავით (OEI) შეუძლიათ განახორციელონ დაკიდება მომუშავე ძრავის შესაბამის რეჟიმით.

7. თუ საზღვაო ვერტოდრომის ზედაპირი ან არსებული პირობები (განსაკუთრებით ქარის სიჩქარე) მიწის ზედაპირის ეფექტის პირობებში (IGE) ერთი გაუმართავი ძრავით (OEI) ხელს უშლის დაკიდების რეჟიმის განხორციელებას, დასაფრენი მასის გამოსათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს დაკიდების რეჟიმის მახასიათებლები მიწის ზედაპირის ეფექტის ზონის გარეშე (OGE) OEI-ით მუშა ძრავის შესაბამისი რეჟიმით.

8. ვერტმფრენის დასაფრენი მასა გამოთვლილი უნდა იყოს ფშს-ში მოცემული ცხრილების საფუძველზე. დასაფრენი მასის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს ვერტმფრენის კონფიგურაცია, გარემო პირობები და იმ სისტემების ზემოქმედება, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებზე.

9. ვერტმფრენის გამოთვლილი დასაფრენი მასა, ეკიპაჟის, მგზავრების, ხელბარგის, ტვირთის და 30 წუთის ფრენისათვის საწვავის საჭირო ფინალური რეზერვის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს დასაფრენ მასას, ერთი გაუმართავი ძრავით (OEI) საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომზე მიფრენის დროს.

10. რისკების შეფასების პროცესში ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ფრენის ტიპი და გარემოება;

ბ) ფრენის არეალი, მათ შორის ზღვის მდგომარეობა, გადარჩენის შესაძლებლობა და სამძებრო-სამაშველო საშუალებები;

გ) საზღვაო ვერტოდრომის ხელმისაწვდომობა და შესაბამისობა დანიშნულების პუნქტის სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომად გამოყენების მიზნით, მათ შორის ვერტოდრომის ფიზიკური მახასიათებლები, ზომები, კონფიგურაცია, დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმები და ქარის მიმართულების, სიძლიერისა და ტურბულენტობის გავლენა;

დ) გამოსაყენებელი ვერტმფრენ(ებ)ის ტიპ(ებ)ი;

ე) ვერტმფრენის ძრავების, მართვის კრიტიკული სისტემების და კომპონენტების მექანიკური საიმედოობა;

ვ) ტრენინგების და ექსპლუატაციის პროცედურები, მათ შორის ტექნიკური გაუმართაობის შედეგების შემცირება;

ზ) შედეგების შემცირების კონკრეტული ღონისძიებები;

თ) ვერტმფრენის აღჭურვილობა;

ი) სხ-ზე დამატებითი საწვავის აღების შესაძლებლობა;

კ) ამინდის მინიმუმები, მეტეოროლოგიური ინფორმაციის სიზუსტის და საიმედოობის გათვალისწინებით;

ლ) კავშირის და თვალთვალის საშუალებები.

 შენიშვნა: 1. ვერტმფრენის მართვის სისტემის მტყუნების შემთხვევაში დაფრენის მეთოდიკა, რომელიც მითითებულია სეს-ში, შეიძლება არ იძლეოდეს ზოგიერთი საზღვაო ვერტოდრომის სათადარიგო ვერტოდრომად გამოყენების საშუალებას.

2. ვერტმფრენის მართვის სისტემის მტყუნების შემთხვევაში, შედეგების მინიმალიზების ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს აღჭურვილობის გაუმჯობესებას, ისეთი როგორიცაა: ვერტმფრენის წყალზე ავარიული დაფრენის სერტიფიცირების სტანდარტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აღჭურვილობა და თვალთვალის აღჭურვილობა.

11. სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ წესის 69-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მოთხოვნები, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს ისეთი საკითხებით, როგორიცაა: მარშრუტის კლასიფიკაცია, ფრენებისათვის მომზადება, საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომებზე ოპერირების კონცეფცია და მათი გამოყენების კრიტერიუმები. სასწავლო პროგრამა უნდა ეხებოდეს მფრინავებს და სხვა შესაბამისი პერსონალის მომზადებას, (მათ შორის: მეტეოდამკვირვებლებს და საზღვაო ვერტოდრომის სხვა პერსონალს, რომლებიც ჩართული არიან ამ ფრენებში.

12. როდესაც იგეგმება საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომის გამოყენება დამკვირებელმა, რომელიც აკმაყოფილებს დანიშნული მეტეოროლოგიური ორგანოს მოთხოვნებს, დაკვირვებები უნდა განახორციელოს დანიშნულების და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომებზე.

შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნებს შეიძლება აკმაყოფილებდეს შესაბამისი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურებიც.

13. სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კომერციული დატვირთვის გაზრდის მიზნით.

14. ვერტმფრენის მართვის კრიტიკული სისტემების და კრიტიკული კომპონენტების მექანიკური საიმედოობის დემონსტრირებისათვის, ოპერატორმა ვერტმფრენი უნდა აღჭურვოს და გამოიყენოს მონიტორინგის სისტემა ამ ტიპის ფრენებისათვის მორგებული კრიტერიუმებით.

15. ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დანიშნულებისა და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომების საექსპლუატაციო მინიმუმების დადგენისას, სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის საიმედოობა და გეოგრაფიული პირობები.

16. ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ღრუბლების ქვედა ზღვარი და ხილვადობის კრიტერიუმები, რომლებიც შეესაბამება საზღვაო ვერტოდრომის შემაღლებას და მდებარეობას.

17. დანიშნულების სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომების გამოსაყენებლად ექსპლუატანტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დანიშნულების და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომებიდან  60 საზღვაო მილის მანძილზე, მიფრენის სავარაუდო დროიდან 1 საათით ადრე და 1 საათის შემდეგ პერიოდში, არ იქნება  ნისლი და არც არის პროგნოზირებული.

18. სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომი არჩეული უნდა იყოს დანიშნულების ვერტოდრომიდან არა ნაკლებ 30 საზღვაო მილის დაშორებით, რათა შემცირდეს ლოკალიზებული ამინდის მოვლენის ალბათობა, რომელიც ხელს შეუშლის, როგორც დანიშნულების, ასევე სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომზე დაფრენას.

19. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ PNR-ის გადაკვეთამდე განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:

ა) მიღებულია დადასტურება დანიშნულების და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომებამდე ფრენის შესაძლებლობაზე;

ბ) დამყარებულია რადიოკავშირი დანიშნულების და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომებთან (ან მთავარ რადიოსადგურთან);

გ) მიღებულია დადასტურება, რომ დანიშნულების და სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომებზე ამინდი არის დადგენილი მინიმუმის ტოლი ან მასზე მაღალი;

დ) ბოლოს მიღებული მეტეოროლოგიურ პირობები შეესაბამება OEI-ით დაფრენაზე დადგენილ მოთხოვნებს;

ე) სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომზე მიმდინარე და პროგნოზირებადი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, დანიშნულების ან დანიშნულების სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომზე გადაფრენამდე, უპირატესობამინიჭებული სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომის ოპერატორის მიერ, შეძლებისდაგვარად, გარანტირებული იქნება სადგომი;

20. თუ პირობები  იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს სახმელეთო სათადარიგო ვერტოდრომი, საზღვაო ვერტოდრომი არ გამოიყენება.“.

7. 61-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  და „შენიშვნა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდა ამ წესის მე-16 მუხლის „21“ და „22“ პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, თუ ვერტმფრენი აღჭურვილია დაფრენის ავტომატური სისტემით, HUD ან ეკვივალენტური ინდიკატორებით EVS, SVS ან CVS-ით ან მათი ნებისმიერი კომბინაციით, მათი გამოყენების კრიტერიუმები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დგინდება სააგენტოს მიერ.

შენიშვნა: 1. ინფორმაცია, რომელიც ეხება ავტომატური დაფრენის სისტემის კოლიმატორულ ან ეკვივალენტურ ინდიკატორებს, EVS, SVS ან CVS მოცემულია იკაო-ს DOC-ში 9365.“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შენიშვნა 8 “ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საფრენოსნო ეკიპაჟების მოსამზადებელი პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc-ში 0153.“.

9. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შენიშვნა 2“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხები, რომელიც ეხება პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავებას და ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორსა და შესაძლებლობებს, მოცემულია იკაოს DOC-ში10002.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი