საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/15/1700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016762
3/15/1700
25/11/2022
ვებგვერდი, 14/12/2022
000000000.00.000.016762
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/15/1700

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბათუმი


პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

 

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტის, 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისს (რეგისტრაციის №1700) კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1700 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2022 წლის 9 მაისს. №1700 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 25 ნოემბერს.

2. №1700 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში – ორგანული კანონი) 35-ე მუხლის 131 პუნქტი ადგენს მოსამართლის თანამდებობის დაკავების პირობებს იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ განწესდება მისთვის სასურველ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. კანონის 371 მუხლი ადგენს უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესს, ხოლო 45-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, სათანადო საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ჩამოაცილოს საქმეთა განხილვისაგან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლით დადენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი. ორგანული კანონის 751 მუხლის აწესებს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ბოჭავს ვალდებულებით, მოსამართლეობის კანდიდატი ხელახალ კენჭისყრაზე წარადგინონ კომპეტენტურობის კრიტერიუმის საფუძველზე. გარდა ამისა, სადავო ნორმით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევას დამსახურების მიხედვით, ვინაიდან არ არის დადგენილი პირობა, რომ მეორედ კენჭისყრაზე წარდგენილ კანდიდატს, იმ კანდიდატებზე უკეთესი შეფასება ექნება, რომლებსაც პირველად კენჭისყრაზე ეთქვათ უარი. ამასთანავე, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს კანდიდატის სპეციალიზაციის პირობას, ვინაიდან შესაძლებელია, რომ თავდაპირველ კონკურსზე კანდიდატის კომპეტენცია შეფასდეს ერთი კონკრეტული სპეციალიზაციის ფარგლებში, ხოლო ამავე კანდიდატის ხელახალი წარდგენა მოხდეს სხვა სპეციალიზაციისთვის განკუთვნილ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელშიც კანდიდატმა შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს კომპეტენტურობის კრიტერიუმი.

6. მოსარჩელე მხარისათვის ასევე პრობლემურია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, შესაძლებელია, რომ ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის გამო, საბჭოს წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა იმ ვაკანტური თანამდებობის პირველად კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას იღებს, მაგალითად, მისი ნათესავი, თუმცა ამავე საბჭოს წევრმა მონაწილეობა მიიღოს სხვა ვაკანტური თანამდებობების პირველად კონკურსში. ასეთ შემთხვევაში, დასახელებულ საბჭოს წევრს შეუძლია, ამ ვაკანტური თანამდებობების კონკურსში მონაწილეების წინააღმდეგ მისცეს ხმა, რის შედეგადაც, ვაკანტურ თანამდებობებზე ვერ შეირჩევა კანდიდატი და ჩნდება ხელახალი წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ინტერესთა შეუთავსებლობის მქონე კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება ხელახლა ეყაროს კენჭი და განწესდეს თანამდებობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება დამოკიდებული ხდება თვითმიზნურ და არაგონივრულ პირობებზე.

7. მოსარჩელე ხაზს უსვამს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მნიშვნელობას სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების მიზნებისთვის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ასევე ვერ უზრუნველყოფს კანდიდატის შერჩევას აუცილებლად, მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების ხელახლა შერჩევის მომწესრიგებელი ნორმა და მთლიანად პროცესი არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამდენად, პირებს ერთმევათ შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვან კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შერჩეული მოსამართლეებისაგან დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მეშვეობით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

8. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი საკანონმდებლო დათქმა „სხვა ობიექტური გარემოება“, რაც მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების საფუძველია. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ორგანული კანონი მინიმალურ გარანტიებსაც კი არ აწესებს მივლინების მექანიზმის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად გამოყენებისგან დაცვისთვის. სადავო ნორმა შესაძლებელს ხდის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვიოს მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი ზოგად და ბუნდოვან „ობიექტურ გარემოებაზე“ მითითებით, დასაბუთების გარეშე კონკრეტული მოსამართლე, მისი თანხმობის გარეშე, გადაიყვანოს სხვა ნებისმიერ სასამართლოში. მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში. მოსარჩელე მხარე უთითებს იმ გარანტიების არსებობის აუცილებლობაზე, რომელთა ერთობლიობაც დააზღვევდა სადავო ნორმით დადგენილი მექანიზმის თვითნებურად გამოყენებას. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმი, სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში წარმოადგენს მოსამართლეზე ზემოქმედების ბერკეტს და აჩენს აღნიშნული კომპეტენციის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკს. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს საბჭოს მიერ მოსამართლის მივლინების საკითხის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობაზე, რაც არაეფექტურს ხდის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.

9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას, ქმნის მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას.

10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლის მივლინების მართლზომიერად გამოყენების საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა შესაძლებელს ხდის, მივლინების საფუძვლით, კონკრეტული საქმის განხილვას ჩამოაცილონ მოსამართლე ან კონკრეტული საქმის შედეგების გამო, მის მიმართ მივლინება გამოიყენონ როგორც არაფორმალური სადამსჯელო ღონისძიება. მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დარღვევა, თავის მხრივ, არღვევს ნებისმიერი პირის უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ამდენად, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

11. №1700 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს, რომ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევები ზოგადია და მიმართულია მომავალში შესაძლო დაშვებებზე. ამასთან, ცხადი არ არის, თუ რა იგულისხმება ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტში. ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ და სადისციპლინო პალატამ მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების გადაწყვეტილების მიღებისას.

12. მოსარჩელე მხარე ასევ მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, თავისი სიმძიმით, უთანაბრდება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ვინაიდან ხდება არა მხოლოდ მისი (მოსამართლის) საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება, არამედ უფლებამოსილების შეჩერებაც, ასევე წყდება ხელფასის და მატერიალური შეღავათების გაცემა. იმისთვის, რომ მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდეს, აუცილებელია, არსებობდეს დადასტურებული დისციპლინური დარღვევა. ამასთან, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლის ჩამოცილება ხდება არა კონკრეტული საქმიდან, რომელსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს დისციპლინური დევნა, არამედ მის წარმოებაში არსებული ყველა საქმიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია უვადოდ დანიშნული მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის მიმართ დაწყებულია დისციპლინური საქმის წარმოება. უფლებამოსილების შეჩერება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ დისციპლინური კანონის უხეში დარღვევის შემთხვევაში, მას შემდგომ, რაც დასრულდება საქმის განხილვა და დადასტურდება დისციპლინური ქმედების ჩადენა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტებს.

13. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების, მასზე ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ მიიღონ, ზეპირი განხილვის გარეშე, ისე რომ მოსამართლეს არ მიეცეს საკუთარი პოზიციის წარდგენისა და დაცვის შესაძლებლობა. ამასთანავე, თუ ის 3 დღის ვადაში საპატიო მიზეზით ვერ გაასაჩივრებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას, მას წაერთმევა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაცავი სიკეთეა, საქართველოს კონსტიტუციით დაცული მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობა, მოსამართლის დამოუკიდებლობის უსაფუძვლო და არათანაზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილება.

14. საქართველოს სახალხო დამცველის მითითებით, სამართალწარმოება, რომელიც ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის უფლებამოსილებას, მოსამართლეს შეუჩეროს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენის და გადაწყვეტილების გასაჩივრების სათანადო გარანტირების გარეშე, არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

15. №1700 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდაა გამხდარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის და საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღების წესი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი კვორუმის საფუძველზე შესაძლებელია, საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრებმა მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლის უფლებამოსილებასა და საქმიანობაში თვითნებური ჩარევის გზით, რაც ამცირებს მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და ზრდის კორპორაციული გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

16. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისა და მისი თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს ხმათა 2/3-ის უმრავლესობით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მონაწილეობის გზით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაში არ მოიაზრება მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა ასევე გულისხმობს, მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სათანადო კვორუმით.

17. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, კერძოდ, მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ აზღვევს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების არათანაზომიერად შეზღუდვას და არ ადგენს გამოხატვის უფლების დაცვის სათანადო მექანიზმებს. სადავო ნორმა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმისთვის აწესებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. თუმცა საკითხს, თუ რა შინაარსის გამოხატვა შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო ნორმაში, კანონმდებელი სამართალშემფარდებლის განმარტების ამარა ტოვებს. მოსამართლე შესაძლებელია, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად აღიქვამდეს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხზე აზრის გამოთქმას თუ კრიტიკას, რაც მოსამართლეს აიძულებს, უარი თქვას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“, რადგან, რეალურად, აქვს უფლების შეზღუდვის იმაზე გაცილებით ფართო ეფექტი, ვიდრე ეს შეიძლება სადავო ნორმით იყოს გათვალისწინებული.

18. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს, მოქმედ მოსამართლეებს და იმ პირებს, რომლებიც სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

19. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცედურას იმ კანდიდატებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მათ გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იქნენ შერჩეულნი მოსამართლის თანამდებობაზე. აღნიშნული წესის საფუძველზე ჩატარებული კონკურსი გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს, როგორც კონკრეტული კანდიდატისათვის, რომელსაც უარი ეთქმება, ასევე იმ პირთათვის, რომელთა საქმეებსაც განიხილავს სადავო პროცედურის შესაბამისად შერჩეული მოსამართლე. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიჩნევს, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების სადავოდ გამხდარი წესის მოქმედება უნდა შეჩერდეს, რამდენადაც მისი მოსამართლეზე ზემოქმედებისგან დაცვის ყოველგვარი გარანტიების გარეშე გამოყენება შესაძლებელს ხდის მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას და საქმის დამოუკიდებლად გადაწყვეტის ხელშეშლას.

20. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების სადავოდ გამხდარი წესი, რამდენადაც მისი მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის მოსამართლის უფლებამოსილების უწყვეტად განხორციელებას. შესაძლებელია, მოსამართლეს ხანგრძლივი პერიოდით შეუჩერდეს უფლებამოსილება, რაც მოსამართლის თანამდებობის უწყვეტად განხორციელების მიზნებისთვის ქმნის გამოუსწორებელ შედეგს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, მოსამართლის გამართლების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასის და სხვა მატერიალური შეღავათების სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, აღნიშნული ვერ ჩაითვლება მოსამართლის უფლებამოსილების უწყვეტობის უზრუნველყოფის საშუალებად, ვინაიდან ამ წესის საფუძველზე, მართალია, შესაძლებელი ხდება მიუღებელი მატერიალური შეღავათების გაცემა, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამართლის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავად შეუძლებელია.

21. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ გამოუსწორებელი ზიანის დადგომას იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ზემოთ განხილული სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების სადისციპლინო საკითხებზე გადაწყვეტილების სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღება, რამდენადაც ირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და, კონსტიტუციის მოთხოვნის საპირისპიროდ, ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება მარტოოდენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა თანხმობით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შეჩერდეს სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც ზღუდავს მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმას, რამდენადაც მის საფუძველზე, მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება ან სრულად თავისუფლდება თანამდებობიდან.

22. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, უმთავრესი ზიანი ადგება მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის გარანტიებს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელებას, კერძოდ, თუ სადავო ნორმები არ შეჩერდება, მოსამართლეებს შესაძლოა შეუჩერდეთ უფლებამოსილება, დატოვონ თანამდებობა ან კონკრეტული დავები განიხილონ და გადაწყვეტილებები გამოიტანონ მათ საქმიანობაში ჩაურევლობისა და ზემოქმედებისგან დაცვის გარანტიების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უფლების აღდგენას შესაძლებელს გახდის.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1700 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ბოჭავს ვალდებულებით, მოსამართლეობის კანდიდატი ხელახალ კენჭისყრაზე წარადგინონ კომპეტენტურობის კრიტერიუმის საფუძველზე. გარდა ამისა, სადავო ნორმით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევას დამსახურების მიხედვით, ვინაიდან არ არის დადგენილი პირობა, რომ მეორედ კენჭისყრაზე წარდგენილ კანდიდატს, იმ კანდიდატებზე უკეთესი შეფასება ექნება, რომლებსაც პირველად კენჭისყრაზე ეთქვათ უარი. ამასთანავე, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს კანდიდატის სპეციალიზაციის პირობას, ვინაიდან შესაძლებელია, რომ თავდაპირველ კონკურსზე კანდიდატის კომპეტენცია შეფასდეს ერთი კონკრეტული სპეციალიზაციის ფარგლებში, ხოლო ამავე კანდიდატის ხელახალი წარდგენა მოხდეს სხვა სპეციალიზაციისთვის განკუთვნილ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელშიც კანდიდატმა შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს კომპეტენტურობის კრიტერიუმი.

3. სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, თუ მოსამართლეობის კანდიდატი მისთვის სასურველ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს აღნიშნულ საბჭოს, რათა ამ კანდიდატს, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა ეყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება საერთო წესით. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს სპეციალურ წესს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატს შერჩეული აქვს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა, თუმცა კენჭისყრის მომენტისათვის მის მიერ შერჩეული თანამდებობები უკვე დაკავებულია. სადავო ნორმის მიზანი არ არის რაიმე ფორმით დაწუნებული კანდიდატის ხელახალი კენჭისყრა. აღნიშნული ნორმის მოწესრიგება შემოიფარგლება კანდიდატისათვის მისგან არჩეული თანამდებობისგან განსხვავებულ თანამდებობაზე წარდგენის წესის დადგენით და კენჭისყრის შესაძლებლობის მიცემით იმ შემთხვევაში და პირობით, რომ თავად კანდიდატიც თანახმაა შეთავაზებულ ვაკანსიაზე.

4. იმავდროულად, სადავო ნორმის თანახმად, ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესების დაცვით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ის, თუ რა წესებით წარიმართება მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა, დადგენილია არა სადავო ნორმით, არამედ ორგანული კანონის იმ მუხლებით, რომლებიც ადგენს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს, მათ მახასიათებლებს, მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს, კონკურსის ჩატარებისას ინტერესთა შეუთავსებლობას და სხვა. თავის მხრივ, მაგალითად, ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გამოირიცხება საბჭოს მიერ წარდგენილი იმ კანდიდატისათვის კენჭისყრა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. კერძოდ, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

5. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების კონკრეტულ საფუძველსა და მის შედეგებს, თუმცა, იმავდროულად, სადავო ნორმებით მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული არგუმენტაციის მიღმა დადგენილია ასევე სხვა, დამოუკიდებელი წესებიც. კერძოდ, კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია არ გაიზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნას სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ, მიიღება გადაწყვეტილება წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები ადგენს მოსამართლისათვის აღმჭურველ წესს, მიუღებელი ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების სრულად ანაზღაურებისა და ცალკეული უფლებების შენარჩუნების თაობაზე. ამდენად, მოცემული ნორმები არც დამოუკიდებლად და არც სხვა ნორმებთან კავშირში არ აწესრიგებს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებს – მოსამართლის ჩამოცილებას საქმეთა განხილვისაგან.

6. აღნიშნულის მსგავსად, სადავო ნორმებით დადგენილი ცალკეული წესების დიფერენცირების გარეშე, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად ზღუდავს თითოეული მათგანი მოსარჩელის მიერ მითითებულ უფლებას, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები, იმ მოსამართლის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენება საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის სათანადო საპროცესო გარანტიებს. კერძოდ, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის მიერ საკითხის ზეპირი განხილვის გარეშე, მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გადაწყვეტა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდვა.

7. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვის ვადას. ხოლო, მე-5 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების თანახმად, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საჩივარი უნდა წარედგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს, საჩივართან ერთად, გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება ადგენს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის 5-დღიან ვადას. შესაბამისად, აღნიშნული სადავო ნორმები საერთოდ არ ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ ისეთი გარანტიების შეზღუდვის საკითხს, როგორებიცაა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, მისი გასაჩივრების პირობები და საჩივრის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შედეგები. იმავდროულად, ზემოთ მოყვანილი გასაჩივრებული წესების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარეს დამატებით დასაბუთება არ წარმოუდგენია.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-7 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, მე-5 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებებისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1700 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

9. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმადაც, დისციპლინური საქმის მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი განხილვის კონსტიტუციურ პროცესუალურ გარანტიებს.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, აგრეთვე, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

11. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და განსაზღვრულია სასამართლო ხელისუფლების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).

12. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმებს. ესენია: საკონსტიტუციო კონტროლი, მართლმსაჯულება და კანონით დადგენილი სხვა ფორმები. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ორ ფორმას – საკონსტიტუციო კონტროლს და მართლმსაჯულების განხორციელებას იცნობს. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების ხსენებული ფორმების განმახორციელებელ სუბიექტებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ხოლო სასამართლო ხელისუფლების განხორციელების მეორე ფორმას – მართლმსაჯულებას, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ახორციელებენ საერთო სასამართლოები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად არ ახდენს საერთო სასამართლოების სისტემის შიგნით მართლმსაჯულების განმახორციელებელ სასამართლო ორგანოთა სპეციალიზაციის ან მათ შორის იერარქიის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-11).

13. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7517 მუხლი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის სფეროსა და კომპეტენციებს. კერძოდ, 7517 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომ – სადისციპლინო კოლეგია). ამავე კანონის 7519 მუხლი კი ადგენს სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესს, რომლის თანახმადაც, სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დეტალურად გაწერს სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს. ორგანული კანონის მიზნებისათვის, სადისციპლინო კოლეგია წარმოადენს კონკრეტული კომპეტენციის განსახორციელებლად შექმნილ კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრები. ამდენად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციისა და ფორმირების წესის გათვალისწინებით, ნათელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ანიჭებს აღნიშნულ ორგანოს მართლმსაჯულების განხორციელების ფუნქციას ან სასამართლოს სტატუსს.

14. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რაც ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს, გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას.

15. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის ერთ-ერთ პროცესუალურ ასპექტს და იგი არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს. შესაბამისად, მომდინარე (პოტენციური) შეზღუდვა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროს და სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართება არ გააჩნია.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1700 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

17. კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, კონსტიტუციური მოთხოვნა, რომ მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისა და მისი თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ხმათა 2/3-ის უმრავლესობით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მონაწილეობის გზით, ასევე მოიაზრებს მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას ამავე კვორუმით.

18. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ე.წ. შუალედურ გადაწყვეტილებას, რაც საკითხის ინიცირების ტოლფასია და თავისთავად არ იწვევს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ შედეგს.

19. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს და მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. კერძოდ, ორგანული კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. ხოლო ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

20. ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმების შინაარსზე მსჯელობისას ცხადი ხდება, რომ მათი რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საბოლოო შედეგის მომტანი გადაწყვეტა. ამასთან, სადავო ნორმები ასევე არ აწესრიგებს მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების წესს. სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება მარტოოდენ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ინიცირებას ან/და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების პროცედურის წამოწყებას მოიაზრებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არაფერი მიუთითებს, ზოგადი წესიდან განსხვავებული კვორუმით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე.

21. იმავდროულად, აღნიშნული არგუმენტაციისაგან დამოუკიდებლად, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. კერძოდ, მოსარჩელისათვის პრობლემურია მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძვლები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ხსენებული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებითა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებებთან მიმართებით არსებითად განიხილავს აღნიშნული არგუმენტაციის ფარგლებში.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1700 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 31მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

23. №1700 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

24. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცულია საჯარო თანამდებობაზე წვდომის სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-22; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №1/2/1681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29-32).

25. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

26. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს, არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი ამავე ნორმის მე-2 წინადადება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13).

27. სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძვლებსა და პირობებს, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესს. შესაბამისად, ნათელია, რომ გასაჩივრებულ ნორმებს მიმართება აქვთ არა საჯარო თანამდებობის დაკავების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების, მათ შორის, მოსამართლის მიერ საქმის შეუფერხებლად და უწყვეტად განხორციელების დაცვის გარანტიებთან.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, №1700 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

29. №1700 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

30. №1700 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთათვის, მოქმედი მოსამართლეებისთვის და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადრესატებისთვის ქმნის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურ საფრთხეს, რამდენადაც მათი მოქმედების საფუძველზე შესაძლოა, მოსამართლეებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება, დატოვონ თანამდებობა ან კონკრეტული დავები განიხილონ და გადაწყვეტილებები გამოიტანონ მათ საქმიანობაში ჩაურევლობისა და ზემოქმედებისგან დაცვის გარანტიების გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმებით დადგენილი ისეთი წესების შეჩერებას, როგორებიცაა: მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინება, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება და მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი საფუძვლები.

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას. ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-31-35).

32. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

33. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კერძოდ, შეჩერება მიზნის, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, თავდაპირველად, უნდა შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერებით უფლების დარღვევის პრევენციის რეალურობა და აღნიშნულო მექანიზმის გამოყენების მიზნობრიობა წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების დროისათვის.

34. როგორც უკვე აღინიშნა, №1700 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს სხვადასხვა, დამოუკიდებელი წესების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის სადავოდ გამხდარი ნორმების, პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის შეჩერებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები (რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე გამოთქვამს თანხმობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. ხოლო, მე-2 პუნქტი ადგენს, რომ, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინებისა. მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 2 წლით. შესაბამისად, იმისათვის, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, კონკრეტულ სუბიექტებს შეეზღუდოთ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური უფლებები და მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი, აუცილებელია მთელი რიგი გარემოებების კუმულაციურად არსებობა და დროში განვითარება. ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს აუცილებელი ვითარება, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მოტივით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წამოიწყებს მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების პროცედურას, ხოლო, მეორე მხრივ, ხსენებულმა პროცესმა უნდა გაიაროს დროში განსაზღვრული ეტაპები, რაც, მათ შორის, მოიაზრებს მოსამართლეთა თვითინიციატივით სხვა სასამართლოში მივლინებას. სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობის დასაბუთებაში მხარე საერთოდ არ უთითებს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების/სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არსებობს მართლმსაჯულების ინტერესების დაცვით ნაკარნახევი აუცილებლობა, რის საფუძველზეც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართა სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე საერთოდ არ უთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე მიმდინარეობს უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების პროცესი და ნორმის შეჩერების შუამდგომლობას ასაბუთებს მხოლოდ ასეთი პროცესის მომავალში წარმართვის შემთხვევაში ზიანზე მითითებით.

35. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე და 751 მუხლების სადავოდ გამხდარი პუნქტების შეჩერებას. კანონის 45-ე მუხლი ადგენს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესს, რაც მსგავსად კანონის 371 მუხლისა, ხანგრძლივი, რამდენიმე ეტაპიანი პროცედურაა. კერძოდ, მას შემდგომ, რაც მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს დამოუკიდებელი ინსპექტორი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. შემდგომ ეტაპზე, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ.

36. ანალოგიურად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თავი XIII​1 ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული პროცედურა მოიაზრებს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას, რის შედეგადაც ინსპექტორი თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. დამატებით, წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს. შემდგომ ეტაპზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1 თვის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. საბოლოოდ კი, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, საქმის მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში იღებს სადისციპლინო კოლეგია. შესაბამისად, მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორიცაა ორგანული კანონის 75მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, საჭიროებს სათანადო დროსა და წინაპირობებს.

37. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმების პრაქტიკაში გამოყენება, რომელთა შეჩერებასაც ითხოვს მოსარჩელე, მთელ რიგ წინაპირობებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. ამდენად, მათ საფუძველზე მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება, უფლებამოსილების შეჩერება ან/და სხვა სასამართლოში მივლინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტამდე ან საერთოდ არ მოხდება, ან მოხდება მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდგომ. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე - სახალხო დამცველი სადავო ნორმათა შეჩერების მოთხოვნისას უთითებს არა კონკრეტული მოსამართლის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შემთხვევაზე, არამედ საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს სადავო ნორმების მომავალში გამოყენების შესაძლებლობაზე.

38. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განიხილავს №1693 კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, იგივე სადავო ნორმები. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეები არიან რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც არ შუამდგომლობენ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, რამდენადაც სარჩელის შემოტანის დროისათვის ასევე არც მათ წინააღმდეგ არ გამოიყენება სადავო ნორმები.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი ზიანი, მას, როგორც აღინიშნა, შეუძლია საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომაც შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/3/813 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, ზემოთ განხილული პროცედურული ეტაპების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გადაწყვიტოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

 

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1700 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1700 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-7 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებებისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, „ა“ ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. №1693 და №1700 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით არმიღებასთან დაკავშირებით.

9. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში