აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/507
12/12/2022
ვებგვერდი, 14/12/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/507

2022 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 25 ივნისის №01/2304 და 21 ოქტომბრის №01/2934, №01/2935 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი),  ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა თბილისს აკავშირებს ლაგოდეხთან, აზერბაიჯანის საზღვართან და კახეთის ქალაქებთან. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფნის სამხრეთ დაბოლოებას უერთდება, გადის გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე და კვეთს რამდენიმე ხევს. ამ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების მდგომარეობა გართულებულია, განსაკუთრებით, ბაკურციხე-ვაქირის უბანზე, რომელიც გადის სოფლებზე: ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა და ვაქირი. საავტომობილო გზის გეომეტრიული პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ნორმატიულ მოთხოვნებს, ხოლო მათი გაუმჯობესება არსებული ინფრასტრუქტურის (სახლების, დამხმარე ნაგებობების და ა.შ.) უმეტესი ნაწილის მოშლას მოითხოვს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი შედის ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში. არსებულ საავტომობილო გზას გააჩნია ორზოლიანი სავალი ნაწილი, რომლის მოასფალტებული განი 6.5- 9.0 მეტრ შუალედში იცვლება. საავტომობილო გზა დაახლოებით 24 დასახლებულ პუნქტზე გადის. ახალი ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი გამოეყოფა ამჟამად მშენებარე ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზას, დაახლოებით 1.8 კმ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, საპროექტო გზა მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საირიგაციო არხს, რის შემდეგაც უხვევს მარჯვნივ და გადის არხის პარალელურად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე არ შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზას. ახალი გზის სიგრძე მიახლოებით 16 კილომეტრია და მდებარეობს გურჯაანის (ბაკურციხე) და სიღნაღის (წნორი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო მონაკვეთი კვეთს მაგისტრალურ საირიგაციო არხს. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთზე მოსახვედრად გათვალისწინებულია ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მოწყობა. მაგალითად, სოფლებში (რომლებსაც შემოუვლის ახალი საპროექტო მონაკვეთი) მისასვლელების უზრუნველსაყოფად (კმ11+386 ნიშნულთან) მოეწყობა გზაგამტარი და მასთან შეერთებულ მეორადი მნიშვნელობის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია (გზის ზედაპირი მოასფალტდება). საპროექტო გზის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებთან მისასვლელად გამოყენებული იქნება საპროექტო გზის გასწვრივ გამავალი მოხრეშილი გზა, რომელიც საჭიროებისამებრ დაუკავშირდება შიდა გზების ქსელს გზისქვეშა გადასასვლელების საშუალებით. ბაკურციხე-წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით. სამოდერნიზაციო გზის გადამკვეთი ხევები სათავეს იღებენ ცივგომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე და ცალკეულ უხვნალექიან წლებში ერთვიან მდ. ალაზანს მარჯვენა მხრიდან. აღნიშნულ ხევებში წყლის შედარებით მუდმივი დინება ფიქსირდება ცივგომბორის ქედის ფერდობებზე, ქვემოთ არსებულ დასახლებულ პუნქტებთან და ალაზნის ველზე ხევების კალაპოტები მშრალია. ამ მონაკვეთებზე ხევების კალაპოტებში წყლის ნაკადი აღინიშნება მხოლოდ თოვლის დნობის ან ინტენსიური წვიმების პერიოდში. ცალკეული ინტენსიური წვიმების დროს ხევებზე, მათი კალაპოტების მაღალი ქანობების პირობებში, ყალიბდება წყლის იშვიათი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯები, რომლებიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებენ დასახლებულ პუნქტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული ხევებიდან ერთ-ერთი, სოფ. კარდენახში ჩამომავალი მღვრიე-ხევი, ღვარცოფული ხასიათისაა. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის და ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა, საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე, ნებისმიერი პირისთვის.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული

ნანა დემეტრაშვილის (პ/ნ 40001006461) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ N56.02.48.073) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ავთანდილ ბაკაშვილის (პ/ნ 40001035093), ლილი ბაკაშვილის (პ/ნ 40001032482), მამუკა ბაკაშვილის (პ/ნ 40001035066) და მეგი ხანდოლიშვილის (პ/ნ 40001034357) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №56.04.50.556) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

კახა მენთეშაშვილის (პ/ნ 40001034150) საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №56.03.53.281) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე, 1177 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №56.02.48.073) მესაკუთრეა ნანა დემეტრაშვილი (პ/ნ: №40001006461).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნანა დემეტრაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კN 56.02.48.073).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქობოში მდებარე 1135 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ N56.04.50.556) თანამესაკუთრეები არიან: ავთანდილ ბაკაშვილი (პ/ნ 40001035093), ლილი ბაკაშვილი (პ/ნ №40001032482), მამუკა ბაკაშვილი (პ/ნ 40001035066) და მეგი ხანდოლიშვილი (პ/ნ 40001034357).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ავთანდილ ბაკაშვილის, ლილი ბაკაშვილის, მამუკა ბაკაშვილის და მეგი ხანდოლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 509 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კN 56.04.50.556).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქობოში მდებარე 1791 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ N56.03.53.281) მესაკუთრეა კახა მენთეშაშვილი (პ/ნ №40001034150).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კახა მენთეშაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 283 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N56.03.53.281).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 2 დეკემბრის №7 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე ნანა დემეტრაშვილის (პ/ნ 40001006461) საკუთრებაში არსებულ 1177 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ N56.02.48.073).

1.2 სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქობოში მდებარე ავთანდილ ბაკაშვილის (პ/ნ 40001035093), ლილი ბაკაშვილის (პ/ნ 40001032482), მამუკა ბაკაშვილის (პ/ნ 40001035066) და მეგი ხანდოლიშვილის (პ/ნ 40001034357) თანასაკუთრებაში არსებულ 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 509 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ N 56.04.50.556).

1.3 სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქობოში მდებარე კახა მენთეშაშვილის (პ/ნ 40001034150) საკუთრებაში არსებულ 1791 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 283 კვ.მ-ზე (ს/კ N56.03.53.281).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი    ლევენ დავითაშვილი