„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2388-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020755
2388-IXმს-Xმპ
15/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
470000000.05.001.020755
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. XXI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა“.

2. 123-ე−126-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 123

1. ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.

2. პირს უფლება აქვს, სისხლი ან მისი კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს.

3. პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.

4. დონორობა ანონიმურად უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორისა და რეციპიენტის (პირი, რომელსაც ჩაუტარდა ტრანსფუზია) შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 124

1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2. სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი, აგრეთვე სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 125

სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირება, დამუშავება, შენახვა, განაწილება და გაცემა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 126

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

3. 127-ე−130-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2022 წ.

N2388-IXმს-Xმპ