დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 992 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 05/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.11.106.006.048. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.006.048
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №992
2003 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში (ს.ს.მ. №6, მუხ. 51. 2001 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება:
ა) მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ნ” ქვეპუნქტი:
“ნ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულება (დანართი №14);”
ბ) დანართი №14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დანართი №14
თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
თბილისის სააღსრულებო ბიურო (შემდგომში – ბიურო) შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2
ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომლის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (შემდგომში – სააღსრულებო დეპარტამენტი).
მუხლი 3
ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა ბრძანებებით.
მუხლი 4
ბიუროს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
მუხლი 5
ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – თბილისის სააღსრულებო ბიურო”. ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში და სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ჟურნალი.
მუხლი 6
ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისი.
მუხლი 7
ბიურო ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
მუხლი 8
ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-3 კვარტალი №8ა.
თავი II
ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება
მუხლი 9
ბიუროს მიზანია:
ა) “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10
ბიურო უფლებამოსილია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულებას;
გ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
თავი III
სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 11
სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
თავი IV
სააღსრულებო ბიუროს ორგანიზაციული მოწყობა და მართვა
მუხლი 12
1. სააღსრულებო ბიურო შედგება ხუთი ჯგუფისაგან, I ჯგუფი, ii ჯგუფი, iii ჯგუფი, iv ჯგუფი და v ჯგუფი.
2. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია თავისი ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფის უფროსს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
3. თითოეულ სააღსრულებო ჯგუფისადმი სასამართლო აღმასრულებელთა მიკუთვნების საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 13
სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი – ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 14
ბიუროს უფროსი:
ა) იღებს სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს დადგენილი წესის მიხედვით;
ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებელს;
გ) წყვეტს სასამართლო აღმასრულებლის აცილებისა და აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებელთა შეცვლის საკითხს;
დ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო ბიუროს ჯგუფების საქმიანობას;
ე) პერიოდულად მოახსენებს სააღსრულებო დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
ვ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ზ) აღსრულების პერიოდში, მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას აღნიშნულის თაობაზე აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გადავიდა მოვალე;
თ) პასუხისმგებელია სასამართლო აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.
მუხლი 15
1. ჯგუფის უფროსი:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად, აკონტროლებს ჯგუფის წევრების წარმოებაში არსებულ საქმეებზე აღსრულების მიმდინარეობას;
ბ) ასრულებს ბიუროს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.
2. ჯგუფის უფროსი ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე.
3. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი ან სააღსრულებო დეპარტამენტის მოხელე.
თავი V
სასამართლო აღმასრულებელი
მუხლი 16
სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა.
მუხლი 17
სასამართლო აღმასრულებელს აქვს ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია მისი სახელი, გვარი, და სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს იუსტიციის მინისტრი.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები