დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 547 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023756 |
|
ტექნიკური რეგლამენტის – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა
თავი I. შესავალი მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის მიზნები და მოქმედების ტერიტორიული სფერო 1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკისათვის (შემდგომში – თუშეთის დაცული ტერიტორიები), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში მისი შედეგების მიღწევა მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ. მუხლი 2. თუშეთის დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს აღწერა თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობა. მუხლი 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნის ძირითადი მიზნები 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზანია: ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მონიტორინგის, სამეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, უნიკალური ფიჭვნარებისა (Pinus Cochiana) და არყნარების (Betula litwinowii, B. raddeana) კონსერვაცია და ამ ტყეების, როგორც იშვიათი სახეობების ჰაბიტატების, ეროზიის პრევენციის, წყლის რეჟიმის რეგულაციისა და ზვავების შემაკავებელი ფუნქციების შენარჩუნება. 2. თუშეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მთის ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდიდარი ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია, ეკოტურიზმის განვითარება და რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნება. მუხლი 4. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი 1. მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ; ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, GEF-UNDP-ის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით. 2. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ეტაპებისგან (ცხრილი 1): ცხრილი 1: თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების ეტაპები
მუხლი 5. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 9 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 44-ე და 45-ე მუხლებისა და დანართების 10-ისა და 11-ი, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე. მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილების შეტანა და განახლება 1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მეცხრე წლის პირველი კვარტალისა, სააგენტო დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II . თუშეთის დაცული ტერიტორიების აღწერა მუხლი 7. ადგილმდებარეობა და ფართობი 1. თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში (დანართი 1, 2). თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ჯამური ფართობი შეადგენს 81,616 ჰა (დანართი 3). 2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს უკავია 10,275 ჰა და მოიცავს მდინარეების: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებისა და ჭანჭახოვანის ხეობებს, კერძოდ, თუშეთის (გომეწრის) ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდობის უმეტეს ნაწილს – დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს, პირიქითის ალაზნის ქვემო დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს, ჭანჭახოვანის ხეობის მარჯვენა ფერდობს ნახიდურის ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილიდან ჭალას ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილამდე. ნაკრძალი მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყიანი მასივების ნაწილებს, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნების შეერთების ადგილიდან რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარის მარჯვენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს და სპეროზის ქედის ნაწილს. 3. თუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 71,341 ჰექტარს და მოიცავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი ქედის სამხრეთ კალთებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულსა და სპეროზის ქედს. მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (შესაბამისად, ჩეჩნეთთან, ინგუშეთთან და დაღესტანთან). პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, დასავლეთიდან კი − ხევსურეთი. მუხლი 8. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა ეროვნულ დონეზე 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში ამჟამად არსებული 14 ნაკრძალიდან ერთ-ერთია, ხოლო თუშეთის ეროვნული პარკი – 13 ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი. 2. თუშეთის დაცული ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება თუშეთის დაცულ ლანდშაფტს. კახეთის რეგიონში, თუშეთის დაცული ტერიტორიების გარდა, ასევე, მდებარეობს ვაშლოვანის, ჭაჭუნას, ლაგოდეხის, მარიამჯვარის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები. 3. თუშეთის დაცულ ტერიტორიებს დასავლეთით ესაზღვრება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. მუხლი 9. თუშეთის დაცული ტერიტორიების ისტორია 1. თუშეთის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი) ოფიციალურად დაფუძნდა 2003 წელს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. მანამდე თუშეთში არსებობდა სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც, როგორც ახმეტის სახელმწიფო ნაკრძალის შემადგენელი ერთ-ერთი ტერიტორიული ერთეული, დაარსებული იყო 1981 წელს. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსების მთავარი მიზანი იყო უნიკალური და ხელუხლებელი ფიჭვნარების და არყნარების შენარჩუნება-დაცვა. სახელმწიფო ნაკრძალის ფარგლებში მოექცა თუშეთის ფიჭვნარების და არყნარების 2/3. სახელმწიფო ნაკრძალი არ მოიცავდა ალპურ და სუბალპურ ზონებს და, შესაბამისად, მას შეზღუდული მნიშვნელობა ჰქონდა მსხვილი ძუძუმწოვრების და სხვა ცხოველების კონსერვაციისთვის. საბჭოთა პერიოდში ტერიტორიას მართავდა ნაკრძალების მთავარი სამმართველო, რომელიც იყო სატყეო სამინისტროს დაქვემდებარებაში. 1990 წელს ნაკრძალების სამმართველო უშუალოდ დაექვემდებარა ქვეყნის პრეზიდენტს, ხოლო 1993 წელს იგი გადაკეთდა დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სანადირო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტად და 2004 წლიდან დაექვემდებარა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2. 2003 წლის „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუშეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გაიზარდა 118,319 ჰა-მდე, საიდანაც 10,881 ჰა იყო სახელმწიფო ნაკრძალი, 76,004 ჰა – ეროვნული პარკი, ხოლო 31,434 ჰა – დაცული ლანდშაფტი. ეროვნული პარკის და სახელმწიფო ნაკრძალის მართვას ახორციელებდა სსიპ – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია. დაცული ლანდშაფტის მართვა კი ადგილობრივი მმართველობის კომპეტენცია გახდა. 2008 წლიდან სსიპ – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია გახდა სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია. 3. 2019 წელს განხორციელდა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის საზღვრების ბოლო დაზუსტება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. 4. თუშეთის დაცული ტერიტორია მიეკუთვნება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების მართვის ორ კატეგორიას: თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი – კატეგორია Iა და თუშეთის ეროვნული პარკი – კატეგორია II. მუხლი 10. გეოლოგია და ჰიდროლოგია 1. რელიეფი, გეოლოგია და ნიადაგები: ა) რელიეფი: ა.ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის კალაპოტის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2,700 მ-ზე მაღლა, გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა, ე. წ. ცირკებისა და კარების სახით; ა.ბ) თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2,500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი – 4,492 მ-ზე – თებულოს მთა. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფ. შენაქოს, ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები; ბ) გეოლოგია და გეომორფოლოგია: თუშეთის დაცული ტერიტორიები გეომორფოლოგიურად შედის დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდის მაღალმთიანი ნაოჭა სისტემის ოლქში, კერძოდ, ნაწილობრივ ბაიოსის (პორფირიტების წყება) კლდოვანი ვულკანოგენურ-დანალექი ქანების და ქვედა და ზედა იურის კლდოვანი ფიქლების რაიონში. საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური დარაიონების მიხედვით ტერიტორია მიეკუთვნება დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდის მაღალმთიანი ნაოჭა სისტემის ოლქის, ქვედა და შუა იურული ასაკის კლდოვანი ფიქლოვანი ქანების რაიონს, რომელიც წარმოდგენილია მძლავრი (3000 მ) თიხა ფიქლების დასტით, ზედა ნაწილში უპირატესად ქვიშაქვებით კარბონატულ ცემენტზე. ლიასური ასაკის ქანები წარმოდგენილია იზოკლინური ნაოჭებით. თავისი ლითოლოგიური თავისებურებებით გამოიყოფა თიხოვანი და ასპიდური ფიქლები, იშვიათად ქვიშაქვები ქვედა და შუა ლიასური და არკაოზული ქვიშაქვები. გვხვდება პალეოგენ-ნეოგენის, ქვედა და ზედა იურის ფლიშური კლდოვანი ქანები და მეოთხეული ასაკის დელუვიური, ალუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნალექები. ქვედა და ზედა იურის ფლიშური ნალექები წარმოდგენილია ასპიდური დათიხული ფიქლებით, ქვიშაქვების შრეების იშვიათი ჩანართებით. მეოთხეული ასაკის ნალექები წარმოდგენილია დელუვიური თიხნარებით სხვადასახვა კონსისტენციის, ღორღისა და ლოდების ჩანართებით და პროლუვიური ღორღოვანი გრუნტით ლოდების ჩანართებით 20%-მდე, თიხნარის შემავსებლით. ალუვიური ნალექები, რომლებიც წარმოდგენილია ცუდად დამუშავებული კენჭნარი ლოდების ჩანართებით, გვხვდება მდინარის და ხევების ხეობებში, ასევე, ფერდობებზე მდინარის მიერ მილექილი მასალის სახით. მეოთხეული ასაკის ნალექებიდან, ასევე, აღსანიშნავია მორენული ნალექები, რომლებიც წარმოდგენილია ლოდებით და დაუმუშავებელი ანდეზიტების და დაციტების ცალკეული ბლოკებით. პროლუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნალექები დიდი გავრცელებით სარგებლობს ფერდობების ძირებში. მათი წარმოშობა დაკავშირებულია ფერდობების ინტენსიურ გამოფიტვასთან და წარმოდგენილია ფიქლების გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი ღორღოვან-კენჭნაროვანი თიხნარის შემავსებელი ღორღისა და ლოდების ჩანართებით. დელუვიური შრეები, რომლებსაც გააჩნიათ 5 მ-ზე ნაკლები სიმძლავრე, ძირითადად გვხვდება მთების ფერდობებზე, გარდა გაშიშვლებული კლდეებისა. დელუვიურ-პროლუვიური ნალექები გვხვდება მთის ხეობების ფერდობებზე, ზოგიერთ შემთხვევაში კეტავს ხეობებს და ხელს უწყობს მის მიგრაციას. ისინი ძირითადად წარმოდგენილია ცუდად დამუშავებული ნატეხებით, შეცემენტებული თიხოვანი ქვიშაქვების მასალით. ქანების კომპლექსის არაერთგვაროვანი ლითოლოგიური გენეტიკური კომპლექსური შემადგენლობა და უახლოესი ტექოტონიგენეზი სხვადასხვაგვარად აირეკლება თანამედროვე ეგზოგენურ გეოლოგიურ პროცესებზე. ტერიტორიაზე გამოყოფილია მთის ლითოლოგიური ფორმაციები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შემადგენლობით და ფიზიკო-მექანიკური თვისებებით. ასეთ ფორმაციებს მიეკუთვნება მეტამორფული ფლიშები (კარბონატო-ტერიგენული, ტერიგენო-კარბონატული, კარბონატულ-ფლიშური, ტერიგენო-ფლიშური, ტერიგენული, მოლასური, ეფუზიური, მთის მყინვარების და მდინარეების ფერდობებზე) შიგნითა ფორმაციების ლითოგენური შემადგენლობით, საინჟინრო-გეოლოგიური თავისებურებებითა და ზედაპირული ნალექების ცალკეული გენეტიკური ტიპებით, რომლებიც მეოთხეული ასაკისაა; გ) გეოდინამიკური პროცესების მდგომარეობა: რეგიონში გავრცელებულია მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესი: მეწყერები, ღვარცოფები, მდინარეული და ფერდობული ეროზია, დატბორვა, კლდეზვავები, ქვათაცვენა და სხვა. აღნიშნული პროცესები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ავსებენ და წინასწარ განსაზღვრავენ ერთმანეთს. მდინარეების, თუშეთის (გომეწრის) და პირიქითა ალაზნის დინების სახიფათო გეოდინამიკური პროცესებიდან განსაკუთრებით ვლინდება გვერდითი ეროზია, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით. ზოგიერთ ადგილებში მდინარის ძლიერი ნაკადი თითქმის 60°-70° ეჯახება ნაპირებზე განლაგებულ ყრილებს და რეცხავს ვაკისის ძირს. რეგიონის მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას ქმნის ღვარცოფული პროცესები, რომელთა ტრანსფორმაცია დაფიქსირებულია მთისწინეთიდან დაწყებული მთიანი ტერიტორიის ყველა გეომორფოლოგიურ ზონაში და მათი ფორმირების პერიოდი უმთავრესად ემთხვევა ივლის-აგვისტოს თვეებს. რეგიონში ღვარცოფმაფორმირებელი კერების მორფოლოგიიდან და მყარი მასალის მაფორმირებელი პირობებიდან გამომდინარე, ფართოდ არის განვითარებული, როგორც ეროზიულ-გრავიტაციული, ასევე გლაციალური წარმოშობის ღვარცოფები. ეროზიულ-გრავიტაციული ღვარცოფები გაბატონებულია მთისწინეთისა და საშუალო სიმაღლის მთიანეთის მიოპლიოცენისა და ეოცენის ფლიშური ნალექებით აგებულ ზონებში, ხოლო მაღალმთიან ზონაში სჭარბობს გლაციალური ტიპის ღვარცოფები. თუმცა, ორივე შემთხვევაში ღვარცოფული პროცესების მთავარ წყაროს თავსხმა წვიმების სახით მოსული ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს. რეგიონში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-აქტივიზაციას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ ექსტრემალური აქტივიზაცია აღინიშნებოდა გარკვეულ პერიოდში და მეორდებოდა სააშუალოდ 8-12 წელიწადში ერთხელ. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი აქტივიზაციის სიხშირის პერიოდი დაირღვა და მათ ექსტრემალურ გამოვლინებებს ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად. ტექტონიკურად ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმს და მის სამხრეთ ფერდობის ნაოჭა სისტემას. კერძოდ, ამ რაიონში შემოდის ანტიკლინორიუმის მხოლოდ ასპიდური ფიქლების აღმოსავლეთი დაძირვის ზონა. საქართველოს სეისმური დარაიონების მიხედვით, რეგიონი შედის 9-ბალიან სეისმურ ზონაში; დ) ნიადაგები: თუშეთში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. მთის ზედა სარტყელში უმთავრესად კარგად განვითარებული ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება. გავრცელებულია ამავე ტიპის ნიადაგის სუსტად განვითარებული ღორღიანი ნაირსახეობაც. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პრიმიტიულკორდიან-ღორღიანი ნიადაგები, როგორც ტყის, ისე – სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ხეობების ძირებზე, შედარებით ახალგაზრდა ტერასებზე, განვითარებულია მეორადი მდელოებით ან მურყნარით დაფარული პროლივიურ-დელუვიური ჭალის ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე და გამეჩხერებულ ფიჭვნარებსა და არყნარებში გვხვდება მთა-მდელოს სანახევროდ გაკორდებული ნიადაგები. დეკიანებისთვის დამახასიათებელია ტორფიან-ღორღიანი ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ჩრდილოეთის ფერდობებზე როგორც სუბალპურ, ისე ალპურ სარტყლებში. სუბალპურ ზონაში სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ციცაბო ფერდობებზე წარმოდგენილია პრიმიტიული კლდიან-ღორღიანი ნიადაგები. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებულია ქსეროფილური ბუჩქნარ-ბალახეული მცენარეულობა, ზოგან – მეტად მეჩხერი ფიჭვნარები (დანართი 4); ე) ჰიდროლოგია: ე.ა) თუშეთის ტერიტორია, არსებითად, საკმაოდ ვრცელ, გასწვრივ ქვაბულს წარმოადგენს. იგი ორი პარალელური ხეობისგან შედგება. ერთ ხეობაში გაედინება პირიქითის ალაზანი, ხოლო მეორეში – გომეწრის ალაზანი. მათ შორისაა ნაყაიჩო-მაკრატელას წყალგამყოფი გასწვრივი ქედი, რომელიც აწუნთის ქედს გამოეყოფა ამუგოს მწვერვალის მასივთან. მას აღმოსავლეთის მიმართულება აქვს და მთავრდება ომალოს პლატოთი. ამ პლატოს ძირზეა ზემოთ ხსენებული ორი ალაზნის შესართავი, რომელიც ზღ. დ-დან დაახლოებით 1,600 მ-ზე მდებარეობს (დანართი 5); ე.ბ) პირიქითი ალაზნის შედარებით დიდი შენაკადია ლაროვანისწყალი, ხოლო გომეწრის ალაზნისა – ხისოსწყალი (ჭანჭახოვნის ხეობა), ორწყალი და ქიბდუხის ხევი. ეს შენაკადები მარჯვნიდან ერთვიან თუშეთის ალაზნებს. გომეწრის ალაზნის შედარებით დიდი მარცხენა შენაკადებია წოვათისწყალი და სამრულისწყალი, ხოლო თუშეთის შეერთებული ალაზნებისა – დიკლოსხაისწყალი. პირიქითის ალაზნის მარცხენა შედარებით მოზრდილი შენაკადებია ჩიღოსხაისწყალი, დიდხევი, ჭეროსხაისწყალი და ფარსმისხევი. ეს შენაკადები პირიქითის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოედინება. ასევე, უხვადაა წვრილ-წვრილი შენაკადები და წყაროები. თუშეთის რელიეფი ჰიდროგრაფიული ქსელით ძლიერაა დანაწევრებული. ზამთარში მდინარეების უმეტესობა ნაწილობრივ ან მთლიანად იყინება; ე.გ) თუშეთში მრავლადაა სხვადასხვა წარმოშობის მცირე ზომის ტბები. მდ. ორწყალის სათავეებში წარმოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები. პატარა ტბები გვხვდება შავკილდისა და ვებუს სათავეებთანაც. მუდმივად გაყინული ტბა მდებარეობს კალოანის სათავეებში; ე.დ) მაღალი მთის ჭაობები გვხვდება შენაქოს, ომალოს, თურსიეხისა და ხახაბოს მიდამოებში. მათი უმეტესობა ჩამოყალიბებულია ტბების ადგილას და ამჟამად მიწისქვეშა წყლებით იკვებება; ე.ე) თუშეთი მდიდარია მინერალური წყლებით. ძლიერ მარილიანი წყაროა სოფელ ჩიღოში. მჟავე წყაროებია ვეძისხევის ძირში, ხოლო ტუტე წყლები გამოდის სოფლებში ომალო, შენაქო, ფარსმა, ჭონთიო და სხვ. რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლები გვხვდება დოჭუსა და ხახაბოსთან. მუხლი 11. კლიმატი 1. თუშეთში ჰავა სიმაღლებრივი გავრცელებით არის გამოხატული. აქ წარმოდგენილია კლიმატის შემდეგი ტიპები: ა) 1200-2000 მ სიმაღლეზე ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში; ბ) 2000-2500 მ მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავა, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული; გ) 2500 მ-ის ზემოთ მაღალმთის ჰავა, ცივი მკაცრი ზამთრით, მუდმივი თოვლით და მყინვარებით. 2. თუშეთის ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად იცვლება რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით. მაგალითად, საყორნეს უღელტეხილზე (2,970 მ. ზღ. დ.) საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 1,631 მმ; მდ. ორწყალის ხეობაში იგი 1,064 მმ-მდეა. სხვა ადგილებში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 700-900 მმ-ის ფარგლებში. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა კავკასიონის მთავარი ქედი და, საერთოდ, გომეწრის ალაზნის აუზი, სადაც ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 10%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პირიქითა ალაზნის ხეობაში. ეს სათანადოდ აისახება ამ ორი მდინარის წყლის რეჟიმებზეც. ნალექების რაოდენობის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ თუშეთის აღნიშნული ნაწილი უმთავრესად ტენიანდება სამხრეთიდან შემოჭრილი ტენიანი ჰაერის მასებით. 3. თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3.5°C-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14.2°C-ია, ხოლო იანვრისა – მინუს 9.1 °C (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31,5 °C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – მინუს 26,1°C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში – აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით. 4. თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზე. მუხლი 12. კლიმატის ცვლილება 1. დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში. კარგად მართული დაცული ტერიტორია უზრუნველყოფს იქ არსებული ჰაბიტატების დაცვას, მიწათსარგებლობის ცვლილების პრევენციას და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენას, ეს კი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას. დაცული ტერიტორიები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისებს და ამით ზრდიან კლიმატის ცვილებისადმი მედეგობას. თუმცა კლიმატის ცვლილება თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თვითონ დაცულ ტერიტორიებზეც. ბევრმა დაცულმა ტერიტორიამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს თავისი ფუნქცია – დაიცვას ძირითადი სახეობები და მათი ჰაბიტატები. 2. კლიმატის ცვლილების სცენარის მიხედვით საპროგნოზო პერიოდში (2041-2070 და 2071-2100 წლები), საბაზისო პერიოდთან (1971-2000) მიმართებით, საქართველოს მთელ ტერიტორიზე მოსალოდნელია დათბობა. 3. ეს ცვლილება ზეგავლენას იქონიებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ყველა ეკოსისტემაზე მეტ-ნაკლებად, თუმცა ყველაზე სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები მაღალ მთაშია მოსალოდნელი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ ბიომში. ამასთან, კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ზედა საზღვრის ვერტიკალურად მაღლა წანაცვლება შეამცირებს ისედაც ვიწრო სუბ-ალპურ და ალპურ ზონას და, შესაბამისად, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებული იშვიათი სახეობების (არჩვი, ნიამორი, ჯიხვი, შურთხი, როჭო და სხვ.) ჰაბიტატებს. შეფასებების მიხედვით, თუშეთის დაცული ტერიტორიები ინვაზიური სახეობების ზეგავლენის მიღმა დარჩება, თუმცა, სავარაუდოა, გაიზარდოს არსებული მავნებლებისა და დაავადებების გააქტიურება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად სავარაუდოა ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურებაც. გასათვალისწინებელია, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია ვიზიტორთა მონახულების რაოდენობისა და პერიოდის ზრდაც. მუხლი 13. ლანდშაფტები და ჰაბიტატები 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტი წარმოიქმნა სხვადასხვა ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანთა საქმიანობის შედეგად. გამოიყოფა შემდეგი ლანდშაფტები: ა) ტყის ლანდშაფტები (დანართი 6): ა.ა) საშუალო მთები, მთა-ხეობათა რელიეფით, ზომიერად ნოტიო ჰავით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარით. მცენარეული საფარი, ძირითადად, წარმოდგენილია კავკასიური ფიჭვით (Pinus Cochiana). ტყის ზონა წარმოდგენილია ტყის ზედა ქვესარტყლით, რომელიც ზღვის დონიდან 1,650 მ-დან 1,800-1,900 მეტრამდე ვრცელდება. ტყეების დიდ ნაწილს ეკოლოგიური ფუნქცია (წყალშენახვითი, ნიადაგდაცვითი) აქვს. ფიჭვის ტყის დიდი მასივები პირობებს ქმნის მთა-ტყის ლანდშაფტის საკურორტო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, უკანასკნელი შეიძლება დაკავშირებულ იქნეს აქ არსებული მინერალური წყლის გამოსასვლელებთან. ლანდშაფტური ზონის მდინარეებს ჰიდროენერგიის დიდი მარაგი გააჩნიათ. ომალოს, შენაქოს, დიკლოს მიდამოებში მდინარის ტალვეგიდან 250-400 მ სიმაღლეზე ვაკე-ბორცვიან რელიეფზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის (კარტოფილი, ქერი, ჭვავი, შვრია) ვარგისი უბნებია. ლანდშაფტს აქვს უნიკალური რესურსები – რეკრეაციის და ეკოტურიზმის განვითარებისთვის. თაფლოვან-ყვავილოვანი ხე და ბალახმცენარეულობა მეფუტკრეობის განვითარების შესაძლებლობას განაპირობებს. ლანდშაფტის ფარგლებში გეოდინამიკური პროცესებიდან აღინიშნება ღვარცოფული (სელური) მოვლენები; ა.ბ) საშუალო მთები, მთა-ხეობათა რელიეფით, ტყის ღია ყომრალ ნიადაგებზე განვითრებული ფიჭვნარ-არყნარი და არყნარი ტყეებით. ძირითადად, გავრცელებულია ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე. უფრო მეტად გაბატონებულია არყნარი დეკას (Rhododendron Caucasicum) ქვეტყით და არყნარი ბრძამის (Calamagrostis alundinacea) საფარით. არყნარი სუბალპურ ზონაშიც გვხვდება ტანბრეცილი არყნარის სახით. არყნარები (ტანბრეცილი არყნარების ჩათვლით) გავრცელებულია ზღვის დონიდან 1,700-2,400 მ სიმაღლეებზე. ბ) მაღალმთის მთა-მდელოთა ლანდშაფტები: ბ.ა) მაღალი მთები, პალეოგლაციალური რელიეფით, დამრეცი ფერდობებით, კონტინენტური კლიმატით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, სუბალპური მდელოებით, მთა-მდელოს ნიადაგებით (2,200 მ-დან 2,260-2,800 მ). ფართოდ გავრცელებულია დეკა (Rhododendron Caucasicum), მათი დიდი ნაწილი სუბალპურ ტყეებს ზოლად მისდევს პირიქითის ალაზნის ხეობის გასწვრივ. სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე სუბალპურ სარტყელში და ტყის სარტყლის ზედა ნაწილში გავრცელებულია ღვიიანები (Juniperus oblonga, J. depressa, J. sabina). ღვიიანების უმეტესობა მეორეულ მცენარეებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ამ ადგილებში არსებული ფიჭვნარი ტყეების განადგურების (ტყის გაჩეხვა, ტყის ხანძრები) შემდეგ ჩამოყალიბდა. გვხვდება მთების სუბალპური ტანბრეცილი ტყის ფრაგმენტები, სუბალპური მდელო-ბუჩქნარით. გავრცელებულია, როგორც სამკურნალწამლო, ასევე ბუნებრივი საღებავის მომცემი მცენარეები. განვითარებულია მომთაბარე მეცხოველეობა ზაფხულის საძოვრებზე. ხელსაყრელია მეფუტკრეობის განვითარებისთვის. ლანდშაფტი ძვირფასი რესურსია სამთო-კლიმატური კურორტის მოწყობისათვის, ასევე, ალპინიზმის განვითარებისთვის (მწვერვალები დაქუეხი, ქომიტო, დანოსმთა, მოჭეხი, დიკლოსმთა) პირიქითის ქედზე; ბ.ბ) მაღალი მთები სუბალპური და ალპური მდელოებით, მთა-მდელოს ნიადაგებით. ლანდშაფტს ვრცელი ტერიტორია უკავია 2,400-2,800 მ-ის ფარგლებში, განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები. თუშეთის სუბალპური მაღალბალახეულის შემადგენლობაში მონაწილეობს აღმოსავლეთ კავკასიონისთვის დამახასიათებელი სახეობები. ზოგან, უფრო რბილი რელიეფის პირობებში, ალპური მდელოს ფრაგმენტებიც გვხვდება. სუბალპური ბალახეული განვითარებულია დამრეც ფერდობებზე (არყნარი ტყეების ფანჯრები, ტყისპირები). ალპური მდელოები განვითარებულია 2,600 მ-დან 3,300-3,700 მ-მდე. მოსახლეობა დაკავებულია ადგილობრივი მეურნეობით, ბევრია სეზონური სადგომები მსხვილფეხა საქონლის (დაბალ ზონაში) და ცხვრის ფარებისთვის. გავრცელებულია ეროზიული პროცესები, თოვლის ზვავები; გ) მაღალმთის ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტები, გლაციალურ-ნივალური, ეგზარაციული (მყინვარის მოქმედებით წარმოქმნილი) რელიეფით, სუბნივალურ სარტყელში (3,400 მ-დან იწყება). გავრცელებულია ღია ცენოზები (უპირატესად კლდე-ნაშალ-ღორღიანების მცენარეულობის სახით). ჭიუხებით, შიშველი და ციცაბო კლდეებით 3,500 მ-დან 3,700-3,800 მ-ს ზემოთ. მყინვარებით, დენუდაციური პროცესებით, კლდეზვავებით, თოვლის ზვავებით, ცივი, მკაცრი ჰავით. ლანდშაფტი მითითებული სიმაღლეების ზემოთ ვრცელდება, მაგრამ ზოგან, მყინვარების გავრცელების აუზში, გაცილებით ქვემოთ ეშვება. 2. თუშეთის დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორია – თუშეთის ზურმუხტის ტერიტორია (GE0000008) (https://www.coe.int/en/web/bern-convention/emerald-network-reference-portal), საერთო ფართობით 114,375.45 ჰა (დანართი 24). მუხლი 14. ბიომრავალფეროვნება 1. ფლორა და მცენარეულობა: ა) თუშეთი, ისევე როგორც დიდი კავკასიონის სხვა რეგიონები, გამოირჩევა ფლორისტული მრავალფეროვნებით, უკანასკნელი კვლევების მიხედვით აქ გავრცელებულია 1100-მდე ჭურჭლოვანი მცენარე (დანართი 12). თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება შემდეგი ფიტოლანდშაფტური ეკოტოპები: 1. ფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული ტყე; 2. სუბალპური ტანბრეცილი ტყე; 3. სუბალპური და ალპური ბუჩქნარები დეკას სახით; 4. სუბალპური და ალპური მდელოები; 5. სუბნივალური მცენარეულობა; 6. ასევე, ცალკე გამოიყოფა ნაშლების ფლორისტული კომპლექსები; ბ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი მცენარეები, როგორიცაა: მაღალმთის ქოთანა (Silene humilis), ფურისულა (Primula luteola), ჯადვარი (Gymnadenia conopsea), თელა (Ulmus glabra), არაბულა (Arabis mollis), ვავილოვია (Vavilovia formosa), Linnaea borealis. ასევე, თუშეთში გვხვდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიჭვის ბუნებრივი პოპულაცია (Pinus kochiana), რომლის ბუნებრივი განახლებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. გ) თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილია მრავალი იშვიათი სახეობით, რომელთაგანაც: გ.ა) 4 სახეობა შესულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006 წელი); გ.ბ) 294 სახეობის მცენარე არის ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების წითელ ნუსხაში (IUCN red list), რომელთაგან 8-ს გააჩნია NT, 9-ს – VU და 1-ს – EN სტატუსი; გ.გ) 282 სახეობის მცენარე შესულია კავკასიის წითელ ნუსხაში (Red list of the endemic plants of the Caucasus: Armenia, Azerbaijan, Georgia, Iran, Russia, and Turkey), რომელთაგან 27-ს გააჩნია NT, 5-ს – VU და 1-ს – EN სტატუსი; გ.დ) 225 სახეობის მცენარე განეკუთვნება რეგიონის ან ქვეყნის ენდემს. 2. ფაუნა: ა) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნის შესახებ არსებული მონაცემები საჭიროებს განახლებას და შემდგომ კვლევებს. ამჟამინდელი მონაცემებით თუშეთის დაცული ტერიტორიები ხასიათდება ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებით. გამოვლენილია 43 სახეობის მსხვილი, საშუალო და წვრილი ძუძუმწოვარი, რომელთაგან 8 სახეობა კავკასიის ენდემია (დანართი 13, 20). ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანი სახეობები, რომელთა შორისაა ნიამორი (Capra aegagrus) და კავკასიის ენდემი – აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ( Capra cylindricornis). ასევე, გავრცელებულია არჩვი ( Rupicapra rupicapra), ევროპული შველი ( Capreolus capreolus), გარეული ღორი ( Sus scrofa) და კეთილშობილი ირემი ( Cervus elaphus), რომელიც ხელახლა გამოჩნდა 2010 წელს და მისი რაოდენობა იზრდება. თუშეთი გამოირჩევა მსხვილ მტაცებელთა ფაუნის მხრივაც. აქ გვხვდება მურა დათვი ( Ursus arctos), მგელი ( Canis lupus), მელა ( Vulpes vulpes), ფოცხვერი ( Lynx lynx) და სხვა. 2021 წელს დაფიქსირდა ჯიქი (Panthera pardus saxicolor). წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: კავკასიური ციყვი ( Sciurus anomalus), მცირე თხუნელა ( Talpa levantis), დაღესტნური მემინდვრია ( Microtus (Terricola) daghestanicus), გუდაურის მემინდვრია ( Chionomis gud), რადეს ბიგა ( Sorex raddei), კავკასიური ბიგა ( Sorex satunini) და ვოლნუხინის ბიგა ( Sorex volnuchini). აქ დაფიქსირებული ძუძუმწოვრებიდან 9 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია, მათგან ჯიქი (Panthera pardus saxicolor), ფოცხვერი ( Lynx lynx), ნიამორი ( Capra aegagrus) და კეთილშობილი ირემი ( Cervus elaphus) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, არჩვი ( Rupicapra rupicapra) და მურა დათვი ( Ursus arctos) გადაშენების საფრთხის წინაშეა, ხოლო აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ( Capra cylindricornis), ნაცრისფერი ზაზუნა და კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus) მოწყვლადი სახეობებია; ბ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულია ფრინველთა დაახლოებით 180 სახეობა (დანართი 14). წარმოდგენილი სახეობებიდან დაახლოებით 52 მთელი წლის განმავლობაში მუდმივ მაცხოვრებელ და ადგილზე მობუდარ სახეობას წარმოადგენს. მათ შორისაა კავკასიის ენდემები: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus Caucasicus); 54 არის მიგრირებადი სახეობა და ადგილზე შემოდგომასა და გაზაფხულზე შეინიშნება. თუშეთში არსებული ფრინველთა 18 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“, რომელთაგან ბარი (გავაზა) (Falco cherrug) და მცირე (ველის) კირკიტა (Falco naumanni) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, 3 სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე, 13 მოწყვლადი სახეობაა. ამავე დროს აქ არსებული სახეობიდან, რომლებიც IUCN-ის წითელ ნუსხაშია, 3 სახეობა – ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბარი (გავაზი) (Falco cherrug) და ველის არწივი (Aquila nipalensis) – გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ხოლო 3 სახეობა – ბექობის (თეთრმხრება) არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Clanga clanga) და ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) – მოწყვლადი სახეობაა. 3. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე რეპტილიების მინიმუმ 6 და ამფიბიების მინიმუმ 4 სახეობა გვხვდება. რეპტილიებს შორის დაღესტნური ხვლიკი (Darevskia daghestanica) და ლოტიევის გველგესლა (Vipera lotievi) გადაშენების საფრთხის ქვეშაა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით. ეს უკანასკნელი გადაშენების საფრთხის ქვეშაა გლობალურ დონეზეც და IUCN-ის წითელ ნუსხაშია, დინიკის გველგესლა (Vipera dinniki) კი მოწყვლადი სახეობაა საქართველოშიც და გლობალურადაც. (დანართი 15, 16) 4. თევზებიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ ერთი სახეობა – კასპიური მდინარის კალმახი (Salmo caspius) გვხვდება(დანართი 17). 5. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე უხერხემლოთა შესახებ ინფორმაცია მწირია. დაფიქსირებულია მოლუსკებისა და მწერების რიგი სახეობები (დანართი N19). აქ წარმოდგენილი პეპლებიდან (დანართი 18) აღსანიშნავია გლობალურად მოწყვლადი სახეობა აპოლონი (Parnassius apollo), ასევე კავკასიის ენდემი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი, კავკასიური აპოლონი (Parnassius nordmanni). 6. ველური ბიომრავალფეროვნების გარდა, თუშეთი მდიდარია შინაურ ცხოველთა ჯიშებითაც. რეგიონი სამი ენდემური ჯიშის წარმოშობის კერაა. ესენია: თუშური ცხენი (Equus ferus caballus), ქართული ნაგაზი (Canis Lupus familiaris) და თუშური ცხვარი (Ovis Aries). 7. თუშეთის დაცული ტერიტორია მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ წარმოდგენილია ძუძუმწოვრების 7, ფრინველების 2 და ამფიბიების 1 ენდემური სახეობა (დანართი 20). 8. თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება (ფლორა, ფაუნა და ეკოსისტემები) შეიძლება შეჯამდეს ბიომრავალფეროვნების ძირითად ღირებულებებში, რომელიც მოიცავს: ა) სუბალპურ ტყეებს (არყნარები და ფიჭვნარები); ბ) ალპურ და სუბალპურ მდელოებს; გ) მაღალმთის ჭაობებს; დ) საფრთხის ქვეშ მყოფ ტყის მტაცებლებს (ფოცხვერი (Lynx lynx)), ჯიქი (Panthera pardus); ე) საფრთხის ქვეშ მყოფ ჩლიქოსნებს (აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), ნიამორი (Carpa aegagrus), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), არჩვი (Rupicapra rupicapra)); ვ) ენდემურ და საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს (როჭო (Lirurus mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus)); ზ) ენდემურ და საფრთხის ქვეშ მყოფ ჰერპეტოფაუნას (დინიკის გველგესლა (Vipera dinniki), ლოტიევის გველგესლა (Vipera Lotievi)). მუხლი 15. თუშეთის დაცული ტერიტორიების სოციალურ-კულტურული ღირებულებები თუშეთის დაცული ტერიტორიების სოციალურ-კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული თუშური მომთაბარე მეცხვარეობა, რომელიც გაადგილებულია ე.წ. თუშეთის გეოსოციალურ სამკუთხედში (თუშეთი-ალვანი-შირაქ-ელდარი) და ტრადიციული გაძღოლის სისტემით უზრუნველყოფს თუშეთის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რესურსების მდგრად გამოყენებას. მუხლი 16. კვლევა-მონიტორინგი მთის უნიკალური ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებისა და მაღალი ენდემიზმის გამო თუშეთის დაცულ ტერიტორიებს სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნიათ. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფლორის და ფაუნის ძირითადი ჯგუფები დღემდე სრულად არ არის შესწავლილი. თუშეთი, აგრეთვე, საინტერესო ტერიტორიას წარმოადგენს გეოგრაფიული, გეოლოგიური, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, კულტურული, სატყეო, ვეტერინარული და სხვა კვლევების თვალსაზრისითაც. მუხლი 17. ეკოგანათლება 1. თუშეთის დაცული ტერიტორიები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გარემოსდაცვითი განათლების დონის ასამაღლებლად, საველე გაკვეთილების ჩასატარებლად, ბუნებაში ქცევის წესების შესწავლისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოში. 2. თუშეთი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა (კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში) მცენარეთა და ცხოველთა კვლევებისთვის, სასკოლო და სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის. 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, ატარებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებას რეგიონის სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე, თანამშრომლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებთან, ხელს უწყობს ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ეკობანაკების მოწყობას და სტუდენტთა პრაქტიკის განხორციელებას, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობას. მუხლი 18. საზოგადოებასთან ურთიერთობა ადგილობრივი მაცხოვრებლების საქმიანობა ზეგავლენას ახდენს როგორც დაცულ ლანდშაფტზე (ურბანული და ძირითადი სამეურნეო ტერიტორიები), ისე სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკზე. დაცული ტერიტორიები, თავის მხრივ, გარკვეულ რეგულაციებს (მაგ.: ძოვება, თიბვა, ტყის რესურსებით სარგებლობა და ა.შ.) აწესებენ. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების არსის და დაცული ტერიტორიების სარგებლის რეგულარული გაცნობა. ასევე, თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვაში და რესურსების მდგრად გამოყენებაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია თუშეთის, როგორც ტურიზმისთვის უნიკალური რეგიონის პოპულარიზაცია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მუხლი 19. მიწათსაკუთრება და მიწათსარგებლობა 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და ეროვნული პარკის საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა. სააგენტო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მეშვეობით, ახორციელებს მის მართვას. 2. თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. მუხლი 20. თუშეთის დაცული ტერიტორიების ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა 1. თუშეთი, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა საქართველოში. გეოგრაფიულმა იზოლაციამ და ცხოვრების დამახასიათებელმა წესმა ხელი შეუწყო თუშეთის თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების წარმოშობას. თუშური ცხოვრების წესი და ტრადიციები არა მარტო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის ამ მხარეს, არამედ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საუკეთესო მაგალითებს იძლევა. 2. კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები დაცულია და წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამის შემადგენელ ნაწილს ეკოსისტემის პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ახმეტის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ეფექტურად თანამშრომლობენ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. მუხლი 21. ეკოტურიზმი და რეკრეაცია 1. ველური ბუნების, მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს. 2. თუშეთში მოხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საავტომობილო გზის და საქართველოში ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილის – აბანოს უღელტეხილის (2,960 მ) გავლითაა შესაძლებელი. 3. დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრი არსებობს: სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები (რაც რამდენიმედღიანი მოგზაურობის საშუალებას იძლევა), სამთო ველოსიპედით გასეირნება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება, ვიდეოდა ფოტოგადაღება, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და ცხოველებზე, მათ შორის ველურ ჩლიქოსნებზე, საზაფხულო ბანაკები და სხვა. 4. თუშეთის ფიჭვნარები შერწყმული მაღალი მთის კლიმატთან იძლევა სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას. 5. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: სასტუმროს, ცხენების, გიდების, ტრანსპორტირების, კვების და სხვა. მუხლი 22. ადგილობრივი ეკონომიკის და თუშეთის დაცული ტერიტორიების ურთიერთკავშირი 1. თუშების თანამედროვე მეურნეობა მომთაბარე მესაქონლეობას ემყარება და განთავსებულია ე.წ. თუშეთი-ალვანი-შირაქის სამეურნეო-კულტურულ (გეოსოციალურ) არეალში. შესაბამისად, პირუტყვის მიმოქცევის არეალი გამოირჩევა ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებით. თუშეთ-შირაქის სამეურნეო კავშირების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. თუშური მეცხვარეობის საკვებ ბაზას წარმოადგენს ბუნებრივი საძოვრები, რომელსაც, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მომთაბარე მეცხვარეობა სეზონურად იყენებს. ზემოთქმულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მომთაბარე მეცხვარეობის შემდგომ განვითარებას და სპეციალიზაციას. თუმცა, 1950-იან წლებამდე თუშები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ტრადიციულ ცხოვრების წესს – მომთაბარე მეცხვარეობასთან ერთად ისინი კვლავ მისდევდნენ მეძროხეობას და მიწათმოქმედებას და, შესაბამისად, თუშეთში იყო მუდმივი მოსახლეობაც. ამჟამად, ზამთარში თუშეთში მხოლოდ 38-მდე ადამიანი რჩება. 2. ტრადიციულად, თუშეთში მკაცრად იცავდნენ მიწის სავარგულების ვერტიკალური ზონალობის წესებს, რომელიც დღესდღეობით დარღვეულია. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით, მთელი ფართობები სამეურნეო ზონებად იყოფოდა და ყოველ ზონას თავისი სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაკვეთმორიგეობას და თესლბრუნვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფდა ნიადაგსაფარის შენარჩუნებას და, ზოგადად, საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების მდგრად გამოყენებას. 3. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ცხვრის სულადობის ზრდაზე ორიენტირებული საბჭოთა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის პირობებში, მეურნეობის ტრადიციული წესი დავიწყებას მიეცა. ჭარბი და უსისტემო ძოვების გამო, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ზამთრის, ისე – ზაფხულის საძოვრები. დღეისათვის თუშეთის სამეურნეო ფართობის უმეტესი ნაწილი ძლიერ ეროზირებული და დამეწყრილია. განსაკუთრებით მძიმე სურათია წარსულში სახნავ-სათეს, ხოლო ამჟამად საძოვრად გამოყენებულ ფართობებზე. ტრადიციული მეურნეობის მოსპობამ ტრადიციული ცხოვრების წესის ცვლილება გამოიწვია. თუშებმა ხელი აიღეს ხვნა-თესვაზე და მთლიანად მომთაბარე ცხოვრების ნირზე გადავიდნენ. 4. თუშეთი ცნობილია დამახასიათებელი ორნამენტით შემკული ტრადიციული რეწვის ნიმუშებით, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ისე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის. თუშები შალისა და ბუნებრივი საღებავების გამოყენებით ამზადებენ ფარდაგებს, ქუდებს, წინდებს, ტანსაცმელს, ხოლო ხისგან – ავეჯს და ჭურჭელს. 5. ამჟამად, თუშეთის მოსახლეობა ეროვნული პარკიდან პირადი მოხმარებისთვის იყენებს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა: შეშა, საშენი მასალა, კენკრა, სოკო, სამკურნალო/საღებავი მცენარეები და ა.შ. ამ რესურსების მოხმარება, ბოლო წლებში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ადგილი აქვს მის რეალიზაციასაც. 6. ტყის მერქნულ რესურსებს (შეშა, სამასალე მერქანი) მოსახლეობა ძირითადად მოიპოვებს დაცული ლანდშაფტის ტყეებიდან, მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. შეშა მთავარი რესურსია გათბობისა და საკვების მომზადებისთვის. 7. თუშეთში ტურიზმის განვითარება დაცულ ტერიტორიებს უკავშირდება. ეკოტურიზმის განვითარება ადგილობრივების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და მულტიპლიკატორის ეფექტი აქვს სხვა დარგებზე.
თავი III. გრძელვადიანი მიზნები მუხლი 23. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები 1. ზოგადი: თუშეთის ეროვნული პარკის, ისევე როგორც თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი ლანდშაფტები და ჰაბიტატები დაცული და, საჭიროების შემთხვევაში, კანონით დაშვებულ ადგილებში აღდგენილია. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციები და ჯგუფები დაცულია მათ ბუნებრივ და დიდწილად უცვლელ გარემოში. თუშეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ და გლობალურ დონეზე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გენოფონდის გრძელვადიან კონსერვაციას. სახეობების პოპულაციის რაოდენობა გაიზარდა და მიაღწია ტერიტორიისთვის დამახასიათებელ მიახლოებით ბუნებრივ ტევადობას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს თუშეთის დაცული ტერიტორიების იდენტიფიცირებული ძირითადი ბიომრავალფეროვნების და გეომორფოლოგიური ღირებულებებისთვის. მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ: ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარების და არყნარების კონსერვაციის სტატუსი შენარჩუნებული ან გაუმჯობესებულია 2021 წელთან შედარებით, ტყით დაფარული ფართობი შენარჩუნებულია ან გაზრდილი, ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს, მნიშვნელოვანი ტყის მცენარეული სახეობები, მათ შორის არყი (ლიტვინოვის არყი (Betula litvinowi) და რადეს არყი (Betula raddeana), ფიჭვი (Pinus kochiana) და სხვები წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელს და მცენარეთა მავნებლების რაოდენობა მინიმალურია; ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ალპურ და სუბალპურ მდელოებს აქვთ საშუალო ან დაბალი დეგრადაცია 2020 წელთან შედარებით, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებში; გ) მაღალი მთის ეკოსისტემები, სუბალპური ტყეები (ლიტვინოვის არყი (Betula litvinowi) და რადეს არყი (Betula raddeana), ალპური და სუბალპური მდელოები, მაღალმთის ჭაობები, სუბნივალური და ნივალური ეკოსისტემები იქ არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით – ფოცხვერი (Lynx lynx), ჯიქი (Panthera pardus), აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), არჩვი (Rupicapra rupicapra), ნიამორი (Carpa aegagrus), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), კავკასიური როჭო (Lirurus mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), დინიკის გველგესლა (Vipera dinniki) წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელს. მუხლი 24. ეკოგანათლებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მიზნები თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ადგილობრივ სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით, უზრუნველყოფს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების და ცოდნის ზრდას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდას თუშეთის დაცული ტერიტორიების მიმართ და მათ ჩართულობას მართვაში. ადმინისტრაცია, ასევე, უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას. მუხლი 25. ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის შედეგად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მდგრადად ვითარდება ეკოტურიზმი, ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილია სუფთა, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო. მუხლი 26. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივი არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენარჩუნებული, დაცული და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის, უსაფრთხო და ინფორმაციული გზით. ისინი წარმოადგენენ ვიზიტორის პროგრამის შემადგენელ ნაწილს, ეკოსისტემურ სერვისებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. მუხლი 27. სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივი ეკონომიკისა და მოსახლეობის სასარგებლოდ გაუმჯობესებულია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადი კეთილდღეობა, თუშეთის დაცული ტერიტორიები მდგრადად უზრუნველყოფენ ეკოსისტემური სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორისაა: ტყის პროდუქტები, საძოვრები, წყალი, ეკოტურიზმი და სხვა, რაც ახდენს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას. მუხლი 28. ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივ მოსახლეობას სრულად გაცნობიერებული აქვს თუშეთის დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა. დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას მდგრადი გზით, მათთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების მიწოდებით. ამასთან, ადგილობრივი თემებისთვის ქმნის ბუნებრივი რესურსების არამომხმარებლურ გამოყენებაზე დაფუძნებულ შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებს (მაგ.: ეკოტურიზმი), რაც ამცირებს მათ დამოკიდებულებას დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებზე. მუხლი 29. მეცნიერებასა და განათლებასთან დაკავშირებული მიზნები თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ საინტერესო სამეცნიერო-კვლევით ბაზას ქართველი და უცხოელი მეცნიერებისთვის. წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრებთან, ასევე დამოუკიდებელ მკვლევარებთან. ადმინისტრაციას გააჩნია საკმარისი სამეცნიერო ინფორმაცია ტერიტორიის ყველა ძირითადი ღირებულებების შესახებ, დაცული ტერიტორიის მართვის ეფექტურად წარმართვისთვის, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას. მუხლი 30. ადმინისტრაციის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს ყველა აუცილებელი რესურსი იმისათვის, რომ განაგრძოს ტერიტორიის ძირითადი ღირებულებების კონსერვაცია და მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰყავს სათანადო რაოდენობის შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები და ადეკვატურად აღჭურვილია ფინანსური, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული რესურსებით. მუხლი 31. თუშეთის დაცული ტერიტორიების, როგორც ერთიანი სისტემის, თანამონაწილეობრივ მართვასთან და განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები თუშეთის დაცული ტერიტორიების კომპლექსი იმართება, როგორც ერთიანი და განუყოფელი სისტემა, რომელიც ეფუძნება თუშეთის დაცული ტერიტორიების და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციების მჭიდრო თანამშრომლობას და ადგილობრივი თემის და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას. „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ დაარსების შემდეგ თუშეთის ეროვნული პარკი და სახელმწიფო ნაკრძალი მისი შემადგენელი ნაწილებია. თუშეთის დაცული ტერიტორიების წინამდებარე მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევით მას წვლილი შეაქვს ბიოსფერული რეზერვატის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში.
თავი IV. სიტუაციური ანალიზი მუხლი 32. დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების არსებული მდგომარეობა 1. ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების მდგომარეობა: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები განისაზღვრა მე-14 მუხლში. მდგომარეობის ატრიბუტები (მახასიათებლები) განისაზღვრა თითოეული ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებისთვის და მაქსიმალურად შეგროვდა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ (ცხრილი 2). თუმცა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულების მდგომარეობის შესახებ. ცხრილი 2: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა
2. ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულების მდგომარეობა თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ღირებულება განისაზღვრა მე-14 მუხლში (ცხრილი 3). ცხრილი 3: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა
3. სხვა ღირებულებები თუშეთის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებებს შორისაა ბერნის კონვენციის დანართებში მოცემული ის სახეობები, რომლებიც გავრცელებულია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. დამატებით, თუშეთის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებები მოიცავენ უშუალოდ ეკოსისტემურ სერვისებზე დამოკიდებულ ღირებულებებს (ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები). მუხლი 33. დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების საფრთხეები 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირ და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია მე-4 ცხრილში. ცხრილი 4: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები
2. სხვა ღირებულებების საფრთხეები საფრთხეები კულტურულ ღირებულებებზე შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა გაზრდილმა რაოდენობამ, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, კლიმატის ცვლილებამ და ეროზიამ, რისთვისაც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს აღნიშნული საფრთხეების პრევენცია/აღკვეთა, საიფორმაციო ბანერების განთავსება და სხვა. (საფრთხეების ინდიკატორები მოცემულია დანართ 22-ში). 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და მთლიანად სოციალურ-ეკონომიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების საფრთხეებად მოიაზრება ის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკოსისტემების შესაძლებლობებზე და საბოლოო ჯამში, ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე (იხ. ცხრილი №4). მუხლი 34. ბუნებრივი რესურსების დაცვა და პატრულირება 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი ესაზღვრება თუშეთის დაცულ ლანდშაფტს და მის არეალში განლაგებულ 50-ზე მეტ სოფელს და ნასოფლარს. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ანთროპოგენური ზეწოლა ბიომრავალფეროვნების ღირებულებებზე უფრო ინტენსიურია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და ეროვნული პარკის ამ მონაკვეთებზე. 2. ადმინისტრაციას არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება ხდება წლიური სამუშაო გეგმის შესაბამისად, ადმინისტრაციის დირექტორის მიერ დამტკიცებული საპატრულო გეგმების მიხედვით. 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო საქმიანობა მიმართულია ნაკრძალისა და ეროვნული პაკრის დაცვაზე და ეროვნული პარკის რესურსთსარგებლობის (საძოვრები, არამერქნული ტყის რესურსი) კონტროლზე. 4. თუშეთის დაცული ტერიტორიები დაყოფილია 5 უბნად: სპეროზა, ჭანჭახოვანი, ჩაღმა, გომეწარი და პირიქითი. ადმინისტრაციის აზრით, საჭიროა გომეწრის და პირიქითის უბნებიდან ალაზნისთავის და ქვახიდის უბნების გამოყოფა ტერიტორიის სიდიდის და სიშორის გამო. 5. 2018 წელს დაფიქსირდა 6 სამართალდარღვევა. მათ შორის: 5 უკანონო ძოვების და 1 ტყის ჭრის შემთხვევა. 2019 წელს დაფიქსირდა სამართალდარღვევის სულ 2 შემთხვევა: უკანონო თევზჭერა და ძოვება. 2020 წელს სამართალდარღვევები არ დაფიქსირებულა. 6. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების (GIZ, CNF, USDOT-ITAP/USAID NPE Program, UNDP) ძალისხმევით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგებში: საძოვრების მართვა, ტყის მართვა, ბილიკების მოწყობა, ფიტოპათოლოგია. რეინჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: კანონაღსრულება, საძოვრების მდგრადობის შეფასება და მონიტორინგი და სხვა. გარდა ამისა, რეინჯერებმა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეისწავლეს იარაღის გამოყენება და დამრღვევთან ურთიერთობის საკითხები. 7. თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება პატრულირების მეშვეობით. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია 16 საპატრულო მარშრუტი, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის დირექტორი (მათ შორის 3 საფეხმავლო, 8 საცხენოსნო, 3 საავტომობილო, 2 საავტომობილო-საფეხმავლო). პატრულირების სამოქმედო გეგმა-გრაფიკის შემუშავება ხდება ყოველთვიურად. ზამთრის სეზონზე რეინჯერები პატრულირებენ ორ უბანზე (ჩაღმის და სპეროზის უბნები), ხოლო დანარჩენ სეზონებზე ხუთივე უბანზე. პატრულირების მარშრუტების დაგეგმვა ხდება სარეინჯეროების სპეციფიკიდან გამომდინარე. მარშრუტებზე პატრულირების ინტენსივობა იცვლება სეზონების და ანთროპოგენური რისკების შესაბამისად. ყოველწლიურად ხდება არსებული პატრულირების მარშრუტების გადახედვა და კორექტირება საჭიროების მიხედვით. 2019 წლის განმავლობაში განხორციელდა 226 საპატრულო გასვლა. გავლილია 8749 კმ.(მათ შორის 3473 კმ ფეხით, 3656 კმ ცხენით და 1620 კმ ავტომანქანებით). გარდა ამისა, დაცვის განყოფილების უფროსმა წლის განმავლობაში განახორციელა 52 მოულოდნელი რეიდი. 2020 წელს განხორციელდა 232 საპატრულო გასვლა, გავლილია 8408 კმ, განხორციელდა 44 რეიდი. 8. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარები მოწყვლადია ხანძრების მიმართ. ბოლო წლების ყველაზე დიდი ხანძარი იყო 2017 წელს სოფელ ხახაბოს მიმდებარე ფიჭვნარ ტყეში, რომლის ძირითადი ნაწილი შედის თუშეთის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში. 2019 წლის ოქტომბერში თუშეთის ეროვნულ პარკში, ბულანჩოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძარი, რომლის დროსაც დაიწვა დაახლოებით 14 ჰა ბალახოვანი საფარი. 9. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, აგრეთვე, რეინჯერებისთვის აღჭურვილობის ნაკლებობა და არსებულთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების და რეინჯერის პირადი აღჭურვილობის ნაკლებობა (ბინოკლები, ფოტოაპარატები, რაციები, ფოტოხაფანგები, ხარისხიანი უნიფორმები საველე პირობებისთვის და სხვა). მუხლი 35. ადამიანური რესურსები 1. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა SPPA-საქართველოს მხარდაჭერით 2014 წელს შემუშავდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია. 2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ორი განყოფილებაა: ადმინისტრაციული და დაცვის. ადმინისტრაციაში დასაქმებულია 34 მუდმივი და 2 შტატგარეშე თანამშრომელი (აქედან ერთის აყვანა ხდება სეზონურად: ტექნიკური თანამშრომელი თუშეთში არსებულ ვიზიტორთა და ადმინისტრაციულ ცენტრში): ადმინისტრაციის დირექტორი, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ბუღალტერი, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი – 2, უმცროსი სპეციალისტი და დაცვის განყოფილების 28 თანამშრომელი: დაცვის განყოფილების უფროსი, ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი, უფროსი რეინჯერი – 5 და რეინჯერი – 21. უნდა აღინიშნოს, რომ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საჭიროა 16 თანამშრომლის დამატება, აქედან თითო რეინჯერი ჩაღმისა და ჭანჭახოვანის უბნებზე, ასევე დამატებით 2 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი – საძოვრების მართვისა და ტყის მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, სასურველია ქვახიდისა და ალაზნისთავის უბნების ცალკე გამოყოფა, სადაც თითოეულ უბანზე საჭირო იქნება 5 რეინჯერისა და 1 უფროსი რეინჯერის დამატება. 3. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებში შედის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საკითხების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება. 4. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითად ფუნქციებში შედის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, პატრულირება და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში (თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრებში), ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ადგილი აქვს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას. 5. რეინჯერები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო კანონაღსრულებაზე და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგზე, არამედ ჩართულები არიან ტერიტორიის დასუფთავებასა და ვიზიტორებთან ურთიერთობაში. 6. თანამშრომლებს გააჩნიათ ადმინისტრაციაში მუშაობის საშუალოდ 3-დან 5-წლამდე გამოცდილება. დაცვის განყოფილების უფროსი და რამდენიმე რეინჯერი მუშაობს დაცული ტერიტორიების დაარსების დროიდან. 2018-2020 წლებში ადმინისტრაციის თანაშრომლებს გავლილი აქვთ შემდეგი ტრენინგები: დაცული ტერიტორიების მმართველობა და მართვა, კანონაღსრულება, სახანძრო უსაფრთხოება, GPS და ფოტომახეების გამოყენება, საფეხმავლო ბილიკების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, თუშეთში გავრცელებულ მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობები, ტურიზმი და მარკეტინგი, ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, გარემოსდაცვითი განათლება და ეფექტური კომუნიკაცია, ეკოგანათლება და ინტერპრეტაცია (ვიზიტორთა მომსახურებისა და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისთვის), პროექტების წერა და ფონდების მოძიება, ბუღალტერია და ფინანსების მართვა და სხვა. შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროა დამატებით სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. 7. 2020 წელს საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა CNF-ის დაკვეთით მოამზადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია ტერიტორიული ადმინისტრაციების როლის გაძლიერების საკითხი ადამიანური რესურსების მართვაში და შეიმუშავა რეკომენდაციები მათი უნარების და კომპეტენციების განვითარებაზე. მუხლი 36. ადმინისტრაციის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო ოფისი მდებარეობს თუშეთში, სოფელ ომალოში, ხოლო ზამთრის ოფისი – სოფელ ქვემო ალვანში. 2. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა სოფელ ომალოში სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს. აქ შესაძლებელია შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება. ადმინისტრაციის საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სამზარეულოს, თანამშრომლებისათვის საძინებლის და საწყობის მოწყობა. დაგეგმილია მათთვის ცალკე კოტეჯის აშენება ომალოში. 3. ზამთრის ოფისს (სააგენტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან უსასყიდლო უზუფრუქტით აქვს გადაცემული) ოთხი ოთახი უკავია სოფ. ქვემო ალვანის კულტურის სახლის შენობაში. ეს საოფისე ფართი ჰყოფნის მხოლოდ თანამშრომელთა სამუშაო მაგიდების განთავსებას. არ არსებობს დამატებითი სივრცე ადმინისტრაციის საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად. 4. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სულ 3 რეინჯერთა სადგურია: სპეროზა, სამხევი და ქვახიდი. ქვახიდის შენობა ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. ადგილი, სადაც სარეინჯეროა განთავსებული მეწყრულია და საჭიროა ახალი შენობის აშენება, ამისათვის შესაბამის სხვა ადგილზე. სპეროზას და სამხევის სარეინჯეროებში გასაახლებელია წყალმომარაგების სისტემა და მოსაწყობია სეპტიკური სისტემა. ალაზნისთავში არის ერთი ტურისტული თავშესაფარი. თავშესაფრის წყალმომარაგების სისტემა გაუმართავია, ნარჩენების მართვა არ ხდება, არ არის ნაგვის ურნები. 5. ადმინისტრაციას არ გააჩნია სრულფასოვანი დაცვის და ტურისტული საველე ინფრასტრუქტურა. აღჭურვილობა შემოიფარგლება ძველი ზურგჩანთებით, კარვებით, ბინოკლებით, დაბალი ხარისხის ფოტოაპარატებით. არსებული საჭიროებების შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვანია რეინჯერები იყვენენ შესაბამისად აღჭურვილნი როგორც იარაღით, ასევე უნიფორმებით. სასურველია, ასევე, შეძენილ იქნეს რაციები, ფოტოხაფანგები GSM სისტემით, სატელიტური ტელეფონები, კარვები, საძილე ტომრები, ფარნები, ფოტოაპარატები, ბინოკლები, ცხენის აღჭურვილობა. 6. ადმინისტრაციას აქვს 6 მაღალი გამავლობის ავტომანქანა – 1 ცალი ნისან პიკაპის, 1 ტოიოტა ჰაილუქსის, 3 ცალი მიცუბიში ლ 200-ის, 1 ცალი ფიატ ფულბექის. აქედან 1 ტოიოტა ჰაილუქსი ემსახურება დირექტორს, 1 ავტომანქანა ემსახურება დაცვის განყოფილების უფროსს, დანარჩენები ემსახურებიან უფროს რეინჯერებს როგორც პატრულირების განსახორციელებლად, ასევე საგუშაგოებზე ცვლაში მყოფი მორიგე რეინჯერის სარეინჯეროზე აყვანა-ჩამოყვანისთვის. ადმინისტრაციის საჭიროებების შეფასების მიხედვით, საჭიროა ავტოპარკის განახლება – შესაცვლელია ნისან პიკაპი და დასამატებელია 3 ავტომანქანა: 1 – გომეწრის ხეობაში საპატრულოდ, 1 – სწრაფი რეაგირების ჯგუფისათვის და 1 – დირექტორის. მუხლი 37. დაფინანსება 1. ადმინისტრაციის ძირითადი ბიუჯეტი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მდგრად ფინანსირებას წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნული ბიუჯეტი არ არის საკმარისი თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყველა საქმიანობის განხორციელებისთვის. 2. სახელმწიფო დაფინანსებას პერიოდულად ემატება გარკვეული ფინანსური მხარდაჭრა გარე წყაროებიდან (2017-2020). (ცხრილი 5). ცხრილი 5: ადმინისტრაციის დაფინანსება 2018-2020 წ.წ. წყარო: CNF
3. სხვადასხვა ღონისძიებებისთვის დაფინანსების მოძიება აგრეთვე ხდება თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის საშუალებით. პროექტები განხორციელდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საძოვრებით ტრადიციული სარგებლობის აღდგენა, თემთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, ეკობანაკები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის და მოხალისეთა ჩართულობა, ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება ეკოსისტემების კონსერვაციის საკითხებში, ეროზიების ინტეგრირებული კონტროლი და ა.შ. 4. შემოსავლის დამატებითი წყარო ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია (მაგ.: ვიზიტორთა ცენტრიდან, საკემპინგე ადგილების გაქირავებიდან და ა.შ.). ამავდროულად, 2013 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ხორციელდება სახელფასო დანამატის გაცემა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო არსებული კადრების შენარჩუნებას. თუშეთის დაცული ტერიტორიები იღებს დონორულ დახმარებას (მაგ.: GIZ, CNF, USAID ZRDA და ა.შ.), რაც მოსალოდნელია რომ მომავალშიც გაგრძელდება. 5. 2020 წლის მაისში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასება, რომელიც მოიცავს არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, ასევე თითოეული დაცული ტერიტორიის მართვისათვის საბაზისო და ოპტიმალურ ფინანსურ საჭიროებებს 2021-2026 წლების პერიოდისათვის. თუშეთის დაცული ტერიტორიებისათვის არსებული დაფინანსებაა 3,918,000 ლარი მაშინ, როდესაც საბაზისო საჭიროება 6,288,693 ლარს, ხოლო ოპტიმალური საჭიროება 9,342,370 ლარს შეადგენს. ფინანსური დეფიციტი 2021 წელს იწყება 927,709 ლარით და 2026 წლისათვის მცირდება 681,415 ლარამდე. საერთო ფინანსური დეფიციტი (2021-2026) კი შეადგენს დაახლოებით 5.42 მლნ ლარს, რაც დაახლოებით 138%-ით მეტი დაფინანსების საჭიროებას გულისხმობს. მუხლი 38. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა 1. თუშეთის ეროვნულ პარკში მოსახლეობა ტრადიციულად სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით. რესურსების მოხმარება უმნიშვნელოა, რაც ერთი მხრივ 1981 წლიდან არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმმა და რესურსების ძირითადად თუშეთის დაცული ლანდშაფტიდან ათვისებამ, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სეზონურობამ განაპირობა. 2. თუშების თანამედროვე მეურნეობა მომთაბარე მესაქონლეობას ემყარება და განთავსებულია ე.წ. თუშეთი-ალვანი-შირაქის სამეურნეო-კულტურულ არეალში. თუშეთ-შირაქის სამეურნეო კავშირების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. თუშური მეცხვარეობის საკვებ ბაზას ბუნებრივი საძოვრები წარმოადგენს, რომელსაც, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მომთაბარე მეცხვარეობა სეზონურად იყენებს. 3. ამჟამად, თუშეთში არსებული პირუტყვის აბსოლუტური უმრავლესობა სეზონურ მიგრაციას ეწევა. იჯარის ხელშეკრულებების და პირუტყვის აღრიცხვის სისტემის არქონის გამო მუდმივად ცვალებადია ინფორმაცია აქტიური ბინების და პირუტყვის რაოდენობის შესახებ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთში საძოვრების ფართობია 60,500 ჰა, საიდანაც 38,849 ჰა თუშეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს (დანარჩენი თუშეთის დაცულ ლანდშაფტში). მეცხვარის ბინების საერთო რაოდენობაა 59, საიდანაც 34 ეროვნულ პარკში მდებარეობს (დანარჩენი 25 თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე). თუშეთის ზაფხულის საძოვარზე ცხვრის საერთო რაოდენობა შეადგენს 33,578 სულს, საიდანაც 23,740 სული თუშეთის ეროვნულ პარკის ტრადიციული გამოყენების ზონას იყენებს საძოვრად (დანართი 7). 4. მეცხვარეები ძირითადად იცავენ დაცულ ტერიტორიებზე ძოვების რეჟიმის მოთხოვნებს, თუმცა საქონლის ძოვების შემთხვევები ნაკრძალისა და ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონის ტერიტორიაზეც არის. რამდენიმე ადგილას ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის საქონლის გადასარეკი ბილიკი. ძოვების სივრცული განაწილება, ფარების დაყოფა, ბინის ადგილის შერჩევა უმეტესწილად ემყარება საქმის გამარტივებას (ბინების დიდი ნაწილი სოფლის ან გზის სიახლოვესაა) და თითქმის სრულიად უგულებელყოფილია საძოვრის მდგომარეობის შენარჩუნების და/ან გაუმჯობესების საკითხი. მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველო-რუსეთის საზღვრის თუშეთის მონაკვეთზე ბევრ ადგილას ძოვების პროცესი აღარ მიმდინარეობს და მრავალი ხეობა მიტოვებულია, რაც ქმნის გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს. 5. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, საძოვრების საერთო ფართობის დაახლოებით 30% ეროზირებულია. სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – ნაკრესის კვლევის თანახმად (GIZ, 2019), მდგომარეობა იმ საძოვრებისა, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე და გზიდან მოშორებით მდებარეობს შედარებით უკეთესია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ყოფილ სახნავ-სათესებზე, რომლებიც ახლა საძოვრად გამოიყენება (მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე სახნავი და სათიბი სავარგულები). რიგ შემთხვევებში, ეროზიას შეუქცევადი ხასიათი აქვს და სასწრაფო გეოსაინჟინრო სამუშაოებს საჭიროებს (სოფელ ომალოში შესასვლელი გზა, წაროს მონაკვეთი წოვათაში, მეწყრული მონაკვეთი ჭანჭახოვანის ხეობაში და სხვა). ეროზიის მნიშვნელოვანი მაინიცირებელია ახალი გზების მშენებლობა ან ძველი გზების მოვლის სამუშაოები. ამჟამად, ტერიტორიები შემოღობილი არ არის და საკვების ძიების პროცესში საქონელი შედის ნებისმიერ ადგილზე. 6. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით, 2014 – 2018 წლებში შესრულდა კვლევითი სამუშაოები და შემუშავდა თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი. მომზადდა საძოვრის ერთეულის (ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სულ 100 ერთეული, 38,849 ჰა) პასპორტები, რომელიც მოიცავს საძოვრების სივრცულ და ხარისხობრივ მონაცემებს. კერძოდ, თითოეული საძოვრის ერთეულისთვის გაზომილია ბიომასა და პასპორტი იძლევა რეკომენდაციას მისი დატვირთვის შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდა ეროზიის რისკის რუკა (დანართი 8), რომელიც ასახავს დაზიანებულ მონაკვეთებს და კარგი ინსტრუმენტია მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის. მომზადდა, ასევე, მიწისზედა ბიომასის რუკა (დანართი 9), რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის ბიომასაა ამა თუ იმ საძოვარზე და შესაბამისად, რა რაოდენობის პირუტყვის გამოკვება შეუძლია. შემუშავებული საძოვრის პასპორტები და საძოვრის მართვის პროგრამა (ინსტრუმენტი) მნიშვნელოვანწილად ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუმცა დღის წესრიგში მაინც რჩება შესაბამისი სპეციალისტების არსებობის აუცილებლობა. 7. საძოვრების მართვის საკითხს ართულებს რიგი სხვა პრობლემები: ა) დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების საზღვრები, ხშირია შემთხვევები, როდესაც კატეგორიებს შორის არსებული საზღვრები არ მოუყვება რელიეფის ბუნებრივ წარმონაქმნებს (ქედები, ხეობის ძირები, მდინარეები, ხევები, ტყის საზღვრები და სხვა), არამედ კვეთს კონკრეტულ საძოვარს. ეს ძლიერ ართულებს ადმინისტრირების პროცესს; ბ) არსებული რეგულაციების მიხედვით, შეზღუდულია სხვადასხვა სატარიფო პოლიტიკის წარმოება როგორც განსხვავებული ნაყოფიერების მქონე საძოვრებისთვის, ასევე საძოვრებისთვის, რომლებზეც არსებობს ფერმერისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა (მაგ.: ფერმის შენობა, სარწყულებელი, მისასვლელი გზა და ა.შ.). 8. ჭარბი ძოვების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ცხვარში წასვლა თუშებისთვის ტრადიციულ და საამაყო საქმეს წარმოადგენს, ახალგაზრდებს შორის ეს საქმიანობა პოპულარობით აღარ სარგებლობს. ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის არა მარტო ტრადიციულ თუშურ მეცხვარეობას, არამედ მთლიანად უნიკალურ თუშურ კულტურას. გარდა ამისა, საქონლის რაოდენობის და ძოვების შემცირება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს თუშეთის ლანდშაფტებშიც. ზოგიერთ ადგილას საქონლის რაოდენობის და ძოვების შემცირების შედეგად უკვე შეინიშნება მდელოების (მათ შორის ბუნებრივი მდელოების) გატყევების ტენდენცია, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს ბიომრავალფეროვნებაზე. 9. თუშეთის ტყის ჰაბიტატი უმეტესად ფიჭვნარებითაა წარმოდგენილი, რომელსაც კაუჭკბილა (სოსნოვსკის) ფიჭვი Pinus kochiana ქმნის. შედარებით ნაკლები ფართობი უკავია არყნარებს (Betula Raddeana და Betula Litvinowi). მეტად შეზღუდულია ფართოფოთლოვანი ტყეების გავრცელება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყით დაფარული ფართობია 20,200 ჰა, რაც დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობის (82,142.2 ჰა) 25,6%-ია. ტყეების ბოლო ინვენტარიზაცია თუშეთში 1985 წელს ჩატარდა. ვადაგასულია ტყეთმოწყობის დოკუმენტაცია და არ შეესაბამება დაცული ტერიტორიების დაარსების შემდეგ არსებულ რეალობას. განახლებული ინფორმაციის არქონა ართულებს ტყის ეკოსისტემების მონიტორინგს და საშეშე მერქნის შესაბამისი კვოტების დადგენას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რესურსის მდგრადი მოხმარება. 10. GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ჩათვლით, ხორციელდება ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სარწმუნო ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს ტყის სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ინვენტარიზაცია მოიცავს კახეთის მთლიან ტყით დაფარულ ფართობს, განურჩევლად ტყის მართვისა თუ კატეგორიისა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2021 წელს. 11. თუშეთის ტყეებით დაფარული დიდი ფართობი, ასევე, ხეების სახეობათა მრავალფეროვნება თუშებს შესაძლებლობას აძლევდა თავისი საარსებო გარემოდან გაუსვლელად, ადგილზევე ჰქონოდათ მასალა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების, სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღების და ხალხური რეწვის დარგებისათვის (მატყლის დამუშავება, ქსოვა, ღებვა და სხვა) საჭირო ხელსაწყოების დასამზადებლად. 12. ტყის მერქნულ რესურსებს (შეშა, სამასალე მერქანი) მოსახლეობა ძირითადად მოიპოვებს დაცული ლანდშაფტის ტყიდან, მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. თუშეთის მოსახლეობას აქვს უფლება მოიპოვოს შეშა (წაქცეული და ზეხმელი ხეები) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონიდან, თუმცა, ადმინისტრაციის განცხადებით, დაბალი მოთხოვნის გამო ამ ეტაპზე შეშის გაცემა არ ხდება. 13. საქართველოს მთიანეთში, მათ შორის თუშეთში, დღემდე შემონახულია „ხატის ტყეების“ ფენომენი, რომლებიც რელიგიური დატვირთვის „ნაკრძალს“ წარმოადგენს. ხატის ტყეები თითქმის ხელუხლებლად შემონახული ტყის უბნებია, რომლებიც ხშირად განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებით და მდიდარი ბიომრავლფეროვნებით გამოირჩევა. „ხატის ტყეები“, ძირითადად, მოქცეულია დღევანდელი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრებში. „ხატის ტყეები“ ტყის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მაგალითია. 14. მოსახლეობა ტრადიციულად მოიხმარს არამერქნულ რესურსებს. კერძოდ, აგროვებს ჟოლოს, მოცვს, სოკოს და სამკურნალო მცენარეებს. არ არის შეფასებული მათი მარაგები და არ არის დადგენილი მოხმარების კვოტები. თუმცა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შეფასებით, ამ ეტაპზე არ ვლინდება აღნიშნული რესურსის გადაჭარბებული გამოყენება. თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ GIZ/IBiS-ის დახმარებით 2018-2019 წლებში განახორციელა კვლევა თუშეთში არსებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ველური მცენარეების გამოყენებაზე და ამის საფუძველზე მოამზადა და გამოსცა პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე „100 ველური მცენარე თუშეთიდან: ტრადიციები და გამოყენების წესები“. მომავალში ამ რესურსების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სასურველია მონიტორინგის განხორციელება ამ ველური მცენარეების მდგომარეობაზე. 15. ნადირობა თუშეთში საკვების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. თუმცა მას დიდი სოციო-კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. ნადირობა „მეკლდეურობასთან“ (კლდეზე ცოცვის ხელოვნება) იყო დაკავშირებული, მამაკაცის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების საშუალებად ითვლებოდა. ტრადიციული ნადირობა მკაცრად რეგულირდებოდა გარკვეული შეზღუდვებით და აკრძალვებით და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი იყო. ამჟამად ეს პრაქტიკა და, მასთან ერთად ის წეს-კანონები, რაც ნადირობის მდგრადობას განსაზღვრავდა, დავიწყებულია. 16. თუშეთში დღესდღეობით მოიპოვება სამშენებლო მასალა – ფიქალის ქვა (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე), რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს თუშური საცხოვრებელი სახლების ძირითად საშენ მასალას. ფიქალის ქვის მოპოვება შემცირდა არსებულ კარიერებზე მარაგის ამოწურვის გამო, ხოლო ახალი კარიერები მოძიებული და შესწავლილი ჯერ არ არის. შესასწავლად გადაცემულია 7 ახალი კარიერი. 17. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია ბუნებრივი რესურსების მოხმარების გაზრდა ვიზიტორების ზრდასთან ერთად, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული რესურსების მზარდი მოხმარება, ძირითადად სასტუმროებისა და კვების ობიექტების მიერ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ვიზიტორთა ეფექტური მართვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტური კონტროლი, არსებული საფრთხეების ჯეროვანი მონიტორინგის გზით. მუხლი 39. ეკოტურიზმი 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთა გადაადგილება დაიშვება მხოლოდ თუშეთის ეროვნული პარკის ფარგლებში. ვიზიტორები არ დაიშვებიან თუშეთის ნაკრძალში იქ არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმის გამო; ნაკრძალში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით. 2. ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2014 წელს რეგისტრირებული ტურისტების რაოდენობამ 9,786 ვიზიტორი შეადგინა, ხოლო 2019 წელს გაიზარდა 16,427-მდე. 2020 წელს, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგინა 7,055 (მათ შორის, 357-მდე უცხოელი). 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა 34,8% საქართველოს, ხოლო 65,2% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე აღრიცხულ უცხოელ ვიზიტორთაგან უმეტესობას გერმანელი და პოლონელი ტურისტები წარმოადგენენ. 2021 წელს შეინიშნება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური დინამიკა, 2021 წელს თუშეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 12 197 ვიზიტორი. მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით (7 055 ვიზიტორი) 73%-ით არის გაზრდილი. 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ომალოში. სტუმართა ღამისთევის და დასვენებისთვის ფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრთან არსებული სასტუმრო (7 ნომრით, 15 ადგილიანი, 2012 წლიდან გაცემული იჯარით) და ცენტრთან ახლოს მდებარე ჰოსტელი (22 ადამიანზე), ასევე არის ალაზნისთავის ტურისტული თავშესაფარი (12 ადამიანზე). ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს არის 1 საკემპინგე და საპიკნიკე ადგილი. ალაზნისთავში არსებული ტურისტული თავშესაფრის მოვლა-პატრონობა ადმინისტრაციისათვის რთულია და სასურველია მისი იჯარით გაცემა. 4. საკარვე და საპიკნიკე ადგილები საპირფარეშოთი და საშხაპეთი მოწყობილია ალაზნისთავში, ადგილობრივ კოოპერატივზე 2015 წელს 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაცემულ 1,000 კვ.მ.-ზე, სადაც, ასევე, მოწყობილია ცხვრის საწველი ბაკი და ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწარმო. 5. სპორტული და სამოყვარული თევჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში (მათ შორის, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით) განსაზღვრულია რეკრეაციული თევჭერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა, დღეისათვის, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მსგავსი ადგილები არ არის გამოყოფილი. 6. ამჟამად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებობს სხვადასხვა სირთულის, მოქმედი 13 ტურისტული მარშრუტი, რომელიც ერთიან სისტემაშია თუშეთის დაცულ ლანდშაფტში არსებულ ტურისტულ ბილიკებთან (დანართი 23). ბილიკებზე განთავსებულია საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები. ყველა ბილიკი, გარდა ალაზნისთავის და აწუნთა-გირევის მონაკვეთებისა, მარკირებულია. არსებული ტურისტული მარშრუტებიდან 7 (კესელო-ქუე, დართლო-კვავლო, დაქუეხი, წოვათა, გონთა, დოჭუ, ალაზნისთავი) გარკვეულ მონაკვეთებში კვეთს ერთსა და იმავე ადგილებს. ასევე, ეს მარშრუტები არის მხოლოდ წრიული და ცალმხრივი (იწყება და ბრუნდება ერთსა და იმავე ადგილზე). ყველაზე მეტად დატვირთულია ომალო-დართლო და ომალო-შენაქო-დიკლოს მიმართულების ბილიკები, სადაც ვიზიტორთა 80% გადაადგილდება. შესაბამისად, აქ ადგილი აქვს არსებული ბუნებრივ და კულტურულ რესურსებზე ზეწოლას. არსებულ ბილიკებზე შესაძლებელია 1, 2, 3, 4-დღიანი სხვადასხვა თემატიკის ტურების მოწყობა: ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება და ფოტოგადაღება, სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, საგანმანათლებლო, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადდა თუშეთის და ფშავ-ხევსურეთის დამაკავშირებელი ტრანსრეგიონული ტურისტული მარშრუტები კვლევა და „მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარების და ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგის და თუშეთის დაცული ტერიტორიების დაკავშრების მიზნით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“. 7. მთამსვლელებისა და სამთო-მოგზაურობის მოყვარულთათვის მოთხოვნადი და საინტერესო სამოგზაურო ბილიკები ცდება თუშეთის დაცულ ტერიტორიებს. ეს ბილიკია: ა) შატილი-მუცო-აწუნთა-გირევი-დართლო-ომალო (ყველაზე მოთხოვნადი); ბ) ფშავი – უკანა ფშავი – ბორბალოს უღელტეხილი – თუშეთი; გ) პანკისის ხეობა – ალაზნისთავი – ყადორის უღელტეხილი – წოვათა – ვერხოვანი – ჯვარბოსელი – ომალო. ვიზიტორებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება თუშეთიდან შირაქის ველზე (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები) და უკან მეცხვარეებთან ერთად გადაადგილება. 8. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, რა დროსაც თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა არის გახსნილი. მნიშვნელოვანი საკითხია თუშეთის კახეთთან დამაკავშირებელი გზის საიმედოობა და უსაფრთხოება, რაც სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანაა და თუშეთში ტურიზმის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პირობაა. ყოველ სეზონზე ზიანდება გზები, რაც გაწმენდა-შეკეთების სამუშაოებს მოითხოვს და ზოგ შემთხვევაში, ზღუდავს ვიზიტორთა გადაადგილებას. ზამთარში გზის ჩაკეტვის გამო ტურისტული აქტივობები არ ხორციელდება, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ტურის შეთავაზება (მაგ. ნიამორებზე დაკვირვება, თოვლის ფეხსაცმელებით გადაადგილება და სხვა). თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საკითხი განხილვის ეტაპზეა (ერთ-ერთი საკითხია გზებზე საბაგიროების მოწყობა). თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების არსებობას. 9. 2019 წელს ვიზიტორთა მომსახურებიდან ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6621 ლარი (5514 ლარი სასტუმროს იჯარიდან, 650 ლარი ქუეს ტერიტორიაზე აღნაგობით გაცემული ფართის იჯარიდან, 987 ლარი რუკების გაყიდვიდან, 45 ლარი საპიკნიკე ადგილების გაქირავებიდან, 45 ლარი საკარვე ადგილის გაქირავებიდან, 10 ლარი კარვის გაქირავებიდან, 20 ლარი საკონფერენციო დარბაზის გაქირავებიდან). 2020 წლის მონაცემებით ადმინისტრაციის შემოსავლებმა 5156 ლარი შეადგინა. 10. თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის 2011 წელს შემუშავდა „თუშეთის დაცული ტერიტორიების მარკეტინგისა და ტურიზმის განვითარების ქვეგეგმა“, რომელიც საჭიროებს განახლებას. 11. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს, როგორიცაა: სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ცხენები, გიდები, ტრანსპორტირება, კვება და სხვა. 12. ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო დახმარებით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მათგან აღსანიშნავია: ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების (GIZ/IBiS) და USAID/ZRDA-ს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მოიცავს როგორც სწავლებას, ასევე, სერვისების განვითარებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, ასევე „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერა, რომელმაც ადგილობრივი ბიზნესების განვითარებისთვის 80-ზე მეტი მცირე გრანტი გასცა თუშეთში. 13. GIZ-ის დახმარებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და თუშეთის რამდენიმე სოფლის გენერალური განაშენიანების გეგმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ურბანული, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერ და სწორ განვითარებას. 14. 2022 წელს საქართველოში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი: დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“, რომლებიც აღიარებულ იქნა UNSECO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის 34-ე სხდომის ფარგლებში. „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ ძირითადი შემადგენელი ნაწილია თუშეთის დაცული ტერიტორიები. ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ხელს უწყობს თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბუნებასა და კულტურაზე დაფუძნებული ეკოტურისტული სერვისების განვითარებას. მუხლი 40. ეკოგანათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა 1. ეკოგანათლება: ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო აქტივობები შეესაბამება სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო სტრატეგიის ზოგად მიმართულებებს – ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამით უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება; ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ ჰყავს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ცალკე კადრი. ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულები არიან: ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, ვიზიტორთა სპეციალისტი (ძირითადად ვიზიტორებთან), უბნის უფროსი რეინჯერები და ერთი რეინჯერი თუშეთის კულტურული ფასეულობების კუთხით; გ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომზადებულია საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების მიერ ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში, სეზონის განმავლობაში; დ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ატარებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებას სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში ჩართული იყო 620 მოსწავლე და 18 მასწავლებელი. საგანმანათლებლო საქმიანობა ძირითადად მოიცავს; სემინარებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს, საგანმანათლებლო შეჯიბრება-თამაშებს, დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს, ეკოტურებს და სხვა. სასწავლო პერიოდში საგანმანათლებლო ღონისძიებები, ძირითადად, ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში და 2 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში. სკოლებთან არსებული ეკოკლუბები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში: ბუნებრივი რესურსების სპეციალისტთან ერთად მოამზადეს და მიიღეს გრანტი გარემოსდაცვითი მცირე პროექტის განსახორციელებლად. საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება, ასევე, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. სხვა სამიზნე ჯგუფები (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სხვა სკოლები და თელავის მუნიციპალიტეტის სკოლები) არ არიან სრულყოფილად დაფარული, თუმცა დაგემილია მათთანაც მუშაობა; ე) ბოლო წლების განმავლობაში ფუნქციონირებს გიდების მოსამზადებელი სამთვიანი კურსი უფროსკლასელთათვის. კურსი სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მომზადდა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინიციატივით. ყოველწლიურად 12-14 მოზარდი კურსის ფარგლებში ეცნობა და სწავლობს ინფორმაციას თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და მის ფასეულობებზე; ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ზაფხულის პერიოდში ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, უშუალოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. ადმინისტრაციის თანამშრომლები ატარებენ სემინარებს, ლექციებს, საველე გასვლებსა და სხვადასხვა ტიპის ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სხვადასხვა ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ („ეკოვიჟენი“, თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, თავისუფალი უნივერსიტეტი) სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მოწყობილი ეკობანაკების და საველე პრაქტიკების ფარგლებში. 2019 წელს მოეწყო 4 ეკობანაკი, რომელშიც ჯამში მონაწილეობდა 15 მოსწავლე და 90 სტუდენტი; ზ) 2019 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ეკოსაგანმანათლებლო-ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობაში სულ ჩართული იყო 1457 ადამიანი, 2020 წელს – ჩართული იყო 693, ხოლო 2021 წელს – 247 მონაწილე; თ) 2020-2021 წლებში ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულ მონაწილეთა შემცირებული რაოდენობა განპირობებულია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილი მდგომარეობის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვებით; ი) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილი საინფორმაციო და საინტერპრეტაციო ექსპოზიცია. სხვა დაცულ ტერიტორიებზე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სასურველია დამატებითი ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის (მაგ. ეკოსაგანმანათლებლო ბილიკები და სხვა) მოწყობა ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობა: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით იზრდება დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობა და ცნობიერება დაცული ტერიტორიების შესახებ, ხელი ეწყობა დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ჩართულობით; გ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკომუნიკაციო საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას, ვიზიტორებს, მესაქონლეებს და ტურისტული სერვისების მომწოდებლებს. კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ძირითადად, პირდაპირი კონტაქტით, ზეპირი ფორმით ხდება საკმაოდ ინტენსიურად, ყოველდღიურად, მუშაობის პროცესში ან სპეციალურად მოწყობილი შეხვედრებისას; დ) თუშეთის მოსახლეობის ცნობიერების დონე დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესახებ საშუალო დონისაა და საჭიროებს გაუმჯობესებას. თუმცა, თუშეთის მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერება საკმაოდ მაღალია – თუშეთში ტრადიციულად იყო დაცული ტერიტორიები (ე.წ. „ხატის ტყეები“) და თუშური ტრადიციები თავისთავად გულისხმობდა ბუნებრივი რესურსების დაცვას და მდგრად გამოყენებას; ე) თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აქვს საკუთარი ფეისბუქგვერდი. სიახლეების, ფოტოებისა და ვიდეომასალის გავრცელება რეგულარულად ხორციელდება სოციალური ქსელით, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ გვერდზე https://www.facebook.com/TushetiNationalPark/; ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამზადებს წლიურ ანგარიშს სააგენტოსთან ანგარიშგებისთვის და „ბუნების მატიანეს”. მოსახლეობისთვის ამ დოკუმენტების რაიმე ფორმით მიწოდება არ ხდება; ზ) დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცისაგან, ვიზიტორთა სეზონის პერიოდში, სოფელ ომალოში განთავსებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო მთელი წლის მანძილზე სოფელ ქვემო ალვანში მდებარე ოფისში; თ) თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის 2010 წელს შემუშავებული კომუნიკაციისა და თემთან ურთიერთობის სტრატეგია მოძველებულია. CNF-ის მხარდაჭერით იგეგმება ერთობლივი კომუნიკაციის გეგმის შემუშავება თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტისთვის, რომლიც შემუშავების პროცესშიც ჩართული იქნება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაც. კომუნიკაციის გეგმამ უნდა გააუმჯობესოს თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ ცნობადობა, აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში საზოგადოების ცნობიერება და გააღრმავოს დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან; ი) 2020 წლის ივნისში UNDP/GEF/CNF პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემუშავდა „საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია სამიზნე დაცული ტერიტორიების (მათ შორის, თუშეთის დაცული ტერიტორიები) ცნობიერების ასამაღლებლად აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ისეთი სამოქმედო გეგმის თანამონაწილეობრივი შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც საზოგადოებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თვალნათლივ დაანახებს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების ეკონომიკურ სარგებელს და, ბუნებრივია, გააძლიერებს ეროვნული საგანძურის ფლობის განცდას, უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მზაობას დამოუკიდებლად განაგრძონ ცნობიერების ამაღლების ეფექტური ქმედებების დანერგვა CNF/UNDP პროექტის დასრულების შემდეგაც. მუხლი 41. პარტნიორული თანამშრომლობა 1. 2009 წლიდან შექმნილია და ფუნქციობს ა(ა)იპ „თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“, რომელიც დონორებისგან მიღებული გრანტების ფარგლებში რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. მეგობართა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობებში, რესურსების მდგრადი მოხმარების პრაქტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რითაც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, ასევე, საკუთრების განცდის გაძლიერებას ადგილობრივ მოსახლეობაში. 2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ფორმალურად გააჩნია საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საბჭოს წევრების შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში GIZ/IBiS-ის მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა“ ხელი შეუწყო ადგილობრივი საზოგადოებრივი მმართველობის სტრუქტურის „თუშეთის საბჭეოს“ ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება თუშეთის ხეობების არჩეული წარმომადგენლებისგან. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს „თუშეთის საბჭეოსთან“ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის პროცესში. 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) მისი შექმნის დროიდან (2011 წლიდან). ურთიერთთანშრომლობით უზრუნველყოფილია დაცულ ლანდშაფტში მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობების ჰარმონიზება დაცული ტერიტორიების მიზნებსა და ამოცანებთან. დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შეიცვალა არსებული ტურისტული ბილიკების სისტემა, რამაც ხელი შეუწყო დაცული ლანდშაფტისა და ეროვნული პარკის ტერიტორიებზე მდებარე ეკოტურისტული მარშრუტების ჰარმონიზებას – ერთიან სისტემაში მოქცევას. 4. ადმინისტრაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის: საპატრულო და სასაზღვრო პოლიციასთან, ეროვნულ სამაშველო სამსახურთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ახმეტის მუნიციპალიტეტთან და სხვა. 5. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული ცხოვრების წესი – მომთაბარე მეცხოველეობა და მიწათმოქმედება, რომელიც ხორციელდება თუშეთი – ალვანი – შირაქ – სამუხის გეოსოციალურ გარემოში, განაპირობებს თუშეთისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოლოგიურ და კულტურულ კავშირებს. ამ ორ დაცულ ტერიტორიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით, საძოვრების მართვის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებითა და კოორდინირებული ქმედებებით შესაძლებელია რესურსების მდგრადი გამოყენებისა და მომთაბარე მეცხვარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ლანდშაფტური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, ვიზიტორებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება მარშრუტი თუშეთიდან ვაშლოვანამდე, მეცხვარეებთან ერთად, რაც დამატებით თანამშრომლობის საჭიროებას უსვამს ხაზს. 6. ეკოტურიზმის გაუმჯობესების მიზნით, მთამსვლელებისა და სამთო-მოგზაურობის მოყვარულთათვის მოთხოვნადი ტურებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებთან. 7. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ნაყოფიერად თანამშრომლობს მრავალ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციასთან. 2012-2020 წლებში დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ხელი შეეწყო თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარებას. მათ შორის იყო: ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კავკასიის თანამშრომლობის ცენტრი (IUCN CCC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB), თუშეთის განვითარების ფონდი, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, TBC ფონდი, ფონდი „ქართუ“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი და სხვა. მუხლი 42. კვლევა-მონიტორინგი 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, რეინჯერებთან ერთად, პასუხისმგებელია განახორციელოს და მოამზადოს ანგარიში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე. 2. ადმინისტრაციას არ აქვს ბიომრავალფეროვნების ძირითადი ფასეულობების განახლებული მონიტორინგის გეგმა. არსებული გეგმა, რომელიც შემუშავდა სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ მიერ 2011 წელს- მოძველებულია. 3. 2020 წელს, CNF-ის დაფინანსებით, 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა შორისაცაა თუშეთის დაცული ტერიტორიები, განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების ინდიკატორი სახეობები და მომზადდა შერჩეული ინდიკატორების მონიტორინგის ათწლიანი გეგმა. 4. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობები შეზღუდულია რესურსების სიმწირის გამო, მათ შორის: ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური. დღეისათვის ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და საფრთხეების შესახებ. ძირითადად, მონიტორინგი ეყრდნობა რეინჯერთა პატრულირებისას და, ასევე, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე განხორციელებულ დაკვირვებებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები აკვირდებიან მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შერჩეულ საკვანძო სახეობებს: ნიამორს, აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს, კეთილშობილ ირემს, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე წლების შემდეგ, 2010-ში გამოჩნდა და გამრავლების პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. ამ სახეობებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება დაკვირვება, ფოტოხაფანგის მასალა, მიმდინარეობს კვალისა და ექსკრემენტების დაფიქსირება, შეხვედრიანობის აღრიცხვა. ადმინისტრაცია ახორციელებს ფრინველების მონიტორინგს. ხდება გადამფრენ და მობუდარ ფრინველებზე შეხვედრიანობის აღრიცხვა. ფრინველების რაოდენობის დადგენა ხდება ფოტოხაფანგებით გადაღებული კადრებიდან და რეინჯერების ჩანაწერების მიხედვით. თუმცა, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი მონიტორინგისათვის ადამიანური რესურსი, მათი კვალიფიკაცია და აღჭურვილობა საკმაოდ მცირეა. ამასთან, აღნიშნული მეთოდები ვერ იძლევა ზუსტ ინფორმაციას პოპულაციის დინამიკისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. 5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში კვლევებს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, CNF-ის ფინანსური მხარდაჭერით, მათ შორის UNDP/GEF 6 პროექტის ფარგლებში. განხორციელებული კვლევის შედეგების გაზიარება ხდება სააგენტოსთვის. ინფორმაცია ფლორის, ფაუნისა და ჰაბიტატების შესახებ შესავსებია. გეო-ბოტანიკური კვლევები განხორციელდა საძოვრების მართვის სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, მომზადებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების მდელოების სენსიტიურობის რუკები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საძოვრების მართვა. 6. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული საძოვრების მართვის სრულფასოვნად განსახორციელებლად საჭიროა ადმინისტრაციას ჰყავდეს ამ მიმართულების შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი. 7. 2010 წლიდან თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარ კორომებში თავი იჩინა დაავადებების გავრცელების ნიშნებმა. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ძირითადი მავნებლები – ქერქიჭამიების ოჯახის ორი სახეობა: ფიჭვის დიდი ლაფანჭამია (Tomicus piniperda) და ფიჭვის პატარა ლაფანჭამია (Tomicus minor Hart). 2014 წლიდან დაფიქსირდა მდგომარეობის გაუმჯობესება და 2017 წლიდან მავნებლების გავრცელება ფაქტობრივად არ გამოვლენილა. ამ დროისთვის ფიჭვნარი ჰაბიტატების ვიზუალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუშეთის ფოთლოვან ტყეებში 2019 წელს ტყის მავნებლებიდან აღირიცხა შემდეგი სახეობები: უფრთო მზომელა (Eranis defoliaria), კუნელის თეთრულა (Aporia crataegi) და არყის ცილაჭამია (Scolylus ratzeburgi). თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში მოწყობილია 5 მუდმივი სანიმუშო ფართობი, რომლებზეც მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება და მონაცემების შეგროვება. 8. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ფიჭვნარების აქტიურ სუქცესიურ პროცესებს. აღნიშნული მოვლენა განიხილება მდელოს ჰაბიტატების შემცირების და ბიომრავალფეროვნების კარგვის ერთ-ერთ მიზეზად და საჭიროებს დაკვირვებას და ანალიზს. 9. 2019 წლიდან, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის მიერ ხორციელდება პროექტი „სალმონიდები სამხრეთ კავკასიაში: კონსერვაციული სტატუსი, ტაქსონომია და გამოყენება თევზაობის მენეჯმენტში". ამ კვლევის შედეგად უნდა შეფასდეს ნაკადულის კალმახის პოპულაციის მდგომარეობა. 10. ამჟამად (2020-2021 წწ.), სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური მონაცემების დამუშავება და საველე გეოლოგიური კვლევები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდება გეოლოგიური ანგარიში, რომელიც მოიცავს 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიურ, სასარგებლო ნამარხების (მინერალური რესურსები) და ტექტონიკურ რუკებს. 11. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები, აგრეთვე, აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე მტაცებლის და ადამიანების კონფლიქტის შემთხვევებს. მაგალითად, 2018 წელს მგლის თავდასხმის შედეგად განადგურდა 81 სული ცხვარი, ხოლო დათვის თავდასხმის შედეგად 7 სული ძროხა და 1 ცხენი. 2019 წელს მგლის თავდასხმის შედეგად 21, ხოლო დათვის თავდასხმის შედეგად 5 ცხვარი განადგურდა. 12. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად აგროვებს მასალებს „ბუნების მატიანესთვის“, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, სტიქიური მოვლენების შემთხვევებს, სახეობებზე დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობების და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე, გარე მკვლევარებისა და მეცნიერების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად ვერ გამოდგება დაცული ტერიტორიების ადაპტაციური მენეჯმენტისთვის.
თავი V. თუშეთის დაცული ტერიტორიების შიდა ზონირება და დაშვებული საქმიანობები მუხლი 43. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციური ზონები 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ზონირება არ ხდება მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების მიზანია მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. 3. თუშეთის ეროვნული პარკის თავისებურებების გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ადმინისტრაციის ზონა, ტრადიციული გამოყენების ზონა. (ზონირება დატანილია რუკაზე დანართ 10-ში, კოორდინატები მოცემულია დანართ 11-ში). 4. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებზეც ანთროპოლოგიური ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იყო. ეს ზონა წარმოადგენს ნაკლებად სახეცვლილ ეკოსისტემებს, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა მნიშვნელოვანი ჰაბიტატების ძირითად გავრცელების არეალს; ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს ჯიხვის, არჩვის და ტყის პრაქტიკულად ხელუხლებელ ჰაბიტატებს. ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, ეს ჰაბიტატები მოიცავენ, როგორც ფიჭვნარ ტყის ზონას, ისე ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს. შესაბამისად, ამჟამად, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ძირითადი მიზანი თუშეთის ეროვნული პარკის საკვანძო სახეობების ჯიხვის, არჩვის, როჭოს, ირმის და ფოცხვერის პოპულაციების დაცვა/აღდგენის ხელშეწყობაა. მკაცრი დაცვის ზონა ამავე დროს უზრუნველყოფს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას, სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმით გამორჩეული ალპური და სუბნივალური მცენარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვას. 5. ადმინისტრაციის ზონა: ა) ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ადმინისტრაციულ საქმიანობასთან, ეკოგანათლების და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა მოიცავს სოფელ ომალოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც განთავსებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი, აგრეთვე, ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან და ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 6. ტრადიციული გამოყენების ზონა: ა) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად; ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტრადიციული გამოყენების ზონის მთავარი მიზანია, ბუნების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაშვების გზით და ტრადიციულ შინაურ ცხოველთა შენარჩუნება-აღდგენის ხელშეწყობა. ამდენად, საძოვრების მდგრადი გამოყენების მიზნით ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს როგორც ამჟამად აქტიურად გამოყენებად, ასევე პოტენციურ სათიბ-საძოვრებს. მუხლი 44. თუშეთის ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების ფართობი და საზღვრები 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად: ა) თუშეთის სახელმწიო ნაკრძალის ფართობი შეადგენს – 10275 ჰა-ს; ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს – 71 341ჰა-ს. 2. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფუნქციური ზონების ფართობები მოცემულია ქვემოთ: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 21,877 ჰა; ბ) ადმინისტრაციული ზონა – 51 ჰა; გ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 49,413 ჰა. მუხლი 45. თუშეთის დაცული ტერიტორიების თითოეულ კატეგორიასა და ზონაში დაშვებული საქმიანობები 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა; გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა; დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა). 2. თუშეთის ეროვნული პარკის ზონებში დაშვებული ქმედებები: ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა: ა.ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიება; ა.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა და გარემოს მონიტორინგი; ა.გ) ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარება (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა); ა.დ) ტერიტორიის პატრულირება და დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა). ა.ე) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობა, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება. ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისა და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლა-პატრონობისა. გ) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: გ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა, დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; გ.დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა, მათ შორის, არქეოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ძეგლების კვლევისა; გ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ.ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილების, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; გ.ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; გ.თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; გ.ი) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; გ.კ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 12 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და „საქართველოს ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; გ.ლ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა; გ.მ) საფუტკრეების მოწყობისა; გ.ნ) საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა. ასევე, აგროტურიზმის განვითარებისათვის ცხვრის საწველი ბაკის (სიგრძე − არანაკლებ 22 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 2.5 მ-ისა) და ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწყობის (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 5 მ-ისა) მოწყობისა; გ.ო) გადასარეკი ტრასების მოწყობისა მცირე ინფრასტრუქტურითა (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; გ.პ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; გ.ჟ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა, მათ შორის: გ.ჟ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა); გ.ჟ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობის (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა); გ.ჟ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა); გ.ჟ.დ) კაფეტერიის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა); გ.ჟ.ე) საკონფერენციოს მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა); გ.ჟ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა); გ.ჟ.ზ) საჯინიბოს მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა); გ.ჟ.თ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ- ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა); გ.ჟ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა); გ.ჟ.კ) „გ.ჟ.ა“ – „გ.ჟ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; გ.რ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); გ.ს) კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრისა; გ.ტ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა თევზჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში, მათ შორის, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.უ) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობა, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება; გ.ფ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. 3. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ნებისმიერი დაშვებული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით. თავი VI. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები მუხლი 46. პატრულირების და კანონაღსრულების პროგრამა პატრულირების და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი ძირითადი ფასეულობების დაცვა და საფრთხეების პრევენცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 47. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების და საფრთხეების მონიტორინგი ეს პროგრამა უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობას თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ღირებულებების, კონსერვაციის სტატუსის ცვლილების, საფრთხეების ტენდენციებისა და მართვის ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების და სხვა ღირებულებების და საფრთხეების რეგულარული მონიტორინგი და ხელი შეუწყოს რეგულარულად განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 48. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების (მართვის) პროგრამა თუშეთის დაცული ტერიტორიების მართვა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების ყველა ძირითადი ღირებულების კონსერვაციას და ამავდროულად, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსების მდგრად, სამართლიან და თანაბარ გამოყენებას ყველა ზონაში, სადაც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ამავდროულად, დაარეგულიროს საძოვრებისა და ტყის მართვის საკითხები.
მუხლი 49. საგანგებო სიტუაციებით, მავნებელი მწერების, სოკოების და დაავადებების მენეჯმენტის პროგრამა აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს და რეაგირება მოახდინოს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეულ საფრთხეზე. ასევე, თავიდან აიცილოს, ან მართოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებებისადმი დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანი.
მუხლი 50. ეკოტურიზმისა და ვიზიტორთა მენეჯმენტის პროგრამა ეკოტურიზმის პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ეკოლოგიური მთლიანობისა და დაცული ტერიტორიების ღირებულებების ხელყოფის გარეშე.
მუხლი 51. გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებების დაცვას თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდითა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოსახლეობა, ფერმერები, ბიზნესი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორები, მესაზღვრეები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა.
მუხლი 52. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ცნობადობა და საზოგადოების ცნობიერება დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე, ხელი შეუწყოს დადებითი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და შექმნას საკუთრების განცდა ადგილობრივ მოსახლეობაში.
მუხლი 53. კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შეინარჩუნოს და გააძლიეროს თუშეთის დაცული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობა – თუშური მომთაბარე მეცხვარეობა, როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ისტორიული საფუძველი.
მუხლი 54. ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინსტიტუციური საფუძვლები და შესაძლებლობები. პროგრამა, ძირითადად, მიმართულია საკმარისი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაძლიერებაზე, რათა შესაძლებელ იქნეს მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტური განხორციელება.
თავი VII. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი მუხლი 55. ინდიკატორები და მათი შერჩევის საფუძველი მენეჯმენტის გეგმის პროგრამის მიზნები, ქმედებები და მათთან შესაბამისობაში არსებული ინდიკატორები აღწერილია მენეჯმენტის გეგმის მე-6 თავში – მენეჯმენტის გეგმის პროგრამები. მიზნების და ქმედებების ინდიკატორები შემუშავებულია მათი გაზომვადობის პრინციპით (კონკრეტული, გაზომვადი, რეალისტური, მიღწევადი და დროში დაკონკრეტებული). მუხლი 56. მენეჯმენტის გეგმის მიზნების და ქმედებების შესრულების პროგრესის მონიტორინგი მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის მიზანია მართვის ადაპტური მიდგომის დანერგვა და განხორციელება. მენეჯმენტის გეგმის მუდმივი მონიტორინგი და მისი ანალიზი იძლევა შესაძლებლობებს საჭირო ცვლილებების განხორციელების და მათი ადაპტაციისათვის, წინამდებარე მენეჯმენტის გეგმაში. მუხლი 57. მენეჯმენტის გეგმის მიზნებისა და ქმედებების მონიტორინგის პროცედურები და ეტაპები თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგს ახორციელებს ეტაპობრივად: ა) ყოველწლიური მონიტორინგი: ყოველი წლის ბოლოსთვის ადმინისტრაცია მოამზადებს განხორციელებული ქმედებებისა და ღონისძიებების ანგარიშს მენეჯმენტის გეგმის მე-6 თავში განსაზღვრულ და დაგეგმილ ქმედებებსა და ღონისძიებებთან მიმართებით. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს 3-წლიანი საოპერაციო გეგმის განხილვა-განახლების საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, წლიური ბიუჯეტის განსაზღვრისა და წარდგენის საფუძველია. ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის 4-წლიანი ინტერვალით მონიტორინგი: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-5 წლის ბოლოს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის ეფექტურობის შეფასებას. ადმინისტრაცია შეძლებს, ზუსტად შეაფასოს მართვის ეფექტურობის პროგრესი და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მოახდინოს მენეჯმენტის გეგმის ქმედებების და ღონისძიებების ადაპტირება. გ) საბოლოო შეფასება: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის დეტალურ შეფასებას. ადმინისტრაცია შესაბამისი ექსპერტიზის და ორგანიზაციების ჩართულობით მოახდენს განახლებული სიტუაციური ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვას. განახლებული სიტუაციური ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვის შედეგები წარმოადგენს ახალი, მომდევნო 9-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საფუძველს. მუხლი 58. მენეჯმენტის გეგმის მიზნებისა და ქმედებების მონიტორინგის გეგმა
მუხლი 59. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის ღონისძიებები ადაპტური მენეჯმენტის მისაღწევად, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მენეჯმენტის მონიტორინგის პარალელურად ახორციელებს მენეჯმენტის გეგმის რეგულარულ რევიზიას, სამწლიან საოპერაციო გეგმებსა და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებში ქმედებების პრიორიტეტიზაციისა და განახლების გზით. საჭიროა თითოეული ინდიკატორის მონიტორინგი გრაფიკის მიხედვით (ყოველწლიურად, ან სხვა, როგორც წესი უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალით) და ყველა ქმედების შეფასება. შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს საოპერაციო და ყოველწლიური გეგმის ფორმულირებისას ისევე, როგორც მენეჯმენტის გეგმის გადამოწმებისას ცხრა წლის შემდეგ. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი და შეფასება წარმოადგენს სხვადასხვა ღონისძიებების (საშუალებების) კომბინაციას: ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და სააგენტოს მიერ მომზადებული სამწლიანი ოპერაციული და წლიური სამუშაო გეგმები განსაზღვრავენ თითოეულ ქმედებაში მისაღწევ შედეგებს. თითოეული საქმიანობის ქვეშ მიღწეული შედეგების მონიტორინგი ჩატარდება შესაბამისი ინდიკატორის ოქმის მიხედვით (წლიური, ან უფრო დიდი ინტერვალით). შედეგები შეჯამდება შეფასების ანგარიშში, რომელიც გამოყენებული იქნება მომავალი საოპერაციო გეგმის, ან წლიური სამუშაო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების დროს; ბ) საოპერაციო და წლიური სამუშაო გეგმები განსაზღვრავენ განხორციელების ვალდებულებებს და მის მონიტორინგს/დოკუმენტირებას. საოპერაციო და წლიური სამუშაო დაგეგმვისას ხდება მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ქმედებების მოდიფიკაციებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. ეს რეკომენდაციები დოკუმენტირებულია მომავალი წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, რათა მომავალი წლის ყველა დაგეგმილი საქმიანობა ადაპტირებული იყოს გასული წლის გამოცდილების, ახალი გარემოებების, ან ახალი ინფორმაციის შესაბამისად; გ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მთავარი მონიტორინგის სისტემა შეიძლება შეივსოს ზოგად შეფასებაზე დაფუძნებული მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების ინსტრუმენტის – „მენეჯმენტის ეფექტურობის მონიტორინგის ინსტრუმენტი“ – გამოყენებით. აღნიშნული ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენება მთელ მსოფლიოში, დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაზრდაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგისათვის. ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და მიღწეული პროგრესის შეფასება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აღნიშნულ შეფასებას ჩაატარებს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ (საოპერაციო გეგმის შემუშავებამდე, ან მენეჯმენტის გეგმის რევიზიამდე).
თავი 8. დანართები დანართი 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა დანართი 2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა რეგიონულ ჭრილში დანართი 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრები დანართი 4. თუშეთის დაცული ტერიტორიების ნიადაგები დანართი 5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ჰიდროლოგია დანართი 6. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყეები დანართი 7. თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრები დანართი 8. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიწის ეროზიის რისკები დანართი 9. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიწის დაფარულობა დანართი 10. თუშეთის ეროვნული პარკის შიდა ფუნქციური ზონირება დანართი 11. თუშეთის ეროვნული პარკის შიდა ზონირების კოორდინატები დანართი 12. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მცენარეების სახეობები დანართი 13. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ძუძუმწოვრები დანართი 14. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ფრინველები დანართი 15. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ქვეწარმავლები დანართი 16. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ამფიბიები დანართი 17. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული თევზები დანართი 18. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული პეპლები დანართი 19. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული უხერხემლოები დანართი 20. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ენდემური სახეობები დანართი 21. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული წითელი ნუსხის სახეობები დანართი 22: საფრთხეების ინდიკატორები დანართი 23. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული ბილიკები დანართი 24. თუშეთის ზურმუხტის ტერიტორიის სტანდარტული მონაცემთა ფორმა.
დანართი 1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა
დანართი 2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა რეგიონულ ჭრილში
დანართი 3. თუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრები
დანართი 4. თუშეთის დაცული ტერიტორიების ნიადაგები
დანართი 5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ჰიდროლოგია
დანართი 6. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყეები
დანართი 7. თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრები
დანართი 8. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიწის ეროზიის რისკები
დანართი 9. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიწის დაფარულობა
დანართი 10. თუშეთის ეროვნული პარკის შიდა ფუნქციური ზონირება
დანართი 11. თუშეთის ეროვნული პარკის შიდა ზონირების კოორდინატები 1. მკაცრი დაცვის ზონის ფართობი შეადგენს 21 877 ჰა-ს. ა) მკაცრი დაცვის ზონის ფართობი განისაზღვრება შემდეგი კოორდინატებით:
ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვარი წერტილიდან, რომლის გეოგრაფიული კოორდინატებია: 550692 (X) 4676346 (Y) წერტილამდე, რომლის გეოგრაფიული კოორდინატებია – 562098 (X) 4685464 (Y), და წერტილიდან, რომლის გეოგრაფიული კოორდინატებია: 562195 (X) 4695481 (Y) წერტილამდე, რომლის გეოგრაფიული კოორდინატებია – 525823 (X) 4713549 (Y) მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან; 2. ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 51 ჰა-ს. ადმინისტრაციული ზონის საზღვრები განსაზღვრულია შემდეგი კოორდინატებით:
3. თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 49 413 ჰა-ს. თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არაა განსაზღვრული ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით. დანართი 12. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მცენარეების სახეობები გვიმრანაირნი Pteridophytes
შიშველთესლოვანნი Gymnosperms
ფარულთესლოვანნი Angiosperms ორლებნიანნი Dicotyledon
ერთლებნიანები Angiosperms
მცენარეებისათვის სტატუსის მინიჭება მოხდა:
Schatz, George E. Shulkina, Tatyana Solomon, James Clinton
დანართი 13. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ძუძუმწოვრები
დანართი 14. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ფრინველები
სახეობის ადგილზე არსებობის სტატუსი:
YR-R = ცხოვრობს მთელი წლის განმავლობაში, მრავლდება, ადგილზეა მთელი წლის განმავლობაში. დანართი 15. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ქვეწარმავლები
დანართი 16. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ამფიბიები
დანართი 17. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული თევზები
დანართი 18. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული პეპლები
დანართი 19. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული უხერხემლოები
დანართი 20. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ენდემური სახეობები
დანართი 21. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული წითელი ნუსხის სახეობები ფლორა:
ფაუნა
დანართი 22: საფრთხეების ინდიკატორები
დანართი 23. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული ბილიკები №1 ვიზიტორთა ცენტრი მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფიჭვნარ ტყეში ჩაფლული ვიზიტორთა ცენტრი და გადასახედი, პანორამული ხედები მანძილი: 1 კმ ხანგრძლივობა: 1 სთ სირთულე: საფეხმავლო, მარტივი წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ვიზიტორთა ცენტრთან. ტერიტორია გარშემორტყმულია ფიჭვნარი ტყით. ვიზიტორთა ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში იშლება ულამაზესი პეიზაჟი, მთის გასაოცარი პანორამული ხედებით გარშემო მდებარე სოფლებზე – ქუმელაურთა, ჩიგლაურთა და ხახაბო. ბილიკის გასწვრივ შეგიძლიათ ისარგებლოთ საპიკნიკე და საკარვე ადგილებით. №2 კესელო – ქუე მთავარი ღირსშესანიშნაობები: კესელო – სოფელ ომალოს ისტორიული უბანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ქუეს პანორამული გადასახედი, სადაც შესაძლებელია ნიამორებზე დაკვირვება მანძილი: 6 კმ ხანგრძლივობა: 3-4 სთ სირთულე: საფეხმავლო, მარტივი/საშუალო წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ომალოსთან. ბილიკი გაივლის სოფელ ომალოს და ჩადის ქუეში. ომალოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული უბანი – კესელო თავისი ციხე-სახლებით და ერთ-ერთ ციხეში განთავსებული ეთნოგრაფიული მუზეუმით. ომალოდან დაახლოებით 1.5 კმ-ში მდებარე ქუეს პანორამული გადასახედიდან შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. №3 აწუნთა მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ულამაზესი სოფლები: ომალო, დართლო, ჭეშო, ფარსმა და გირევი; შუა საუკუნეების ციხეები; პირიქითის ხეობისა და აწუნთის გადასასვლელის პეიზაჟები; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ჰაბიტატი; ფრინველთა მრავალფეროვნება; მანძილი: 53 კმ ხანგრძლივობა: 4 დღე სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, მარტივი/საშუალო მარშრუტი ომალოდან იწყება და პირიქითის ხეობის გავლის შემდეგ ადის აწუნთის უღელტეხილზე, საიდანაც თუშეთის და ხევსურეთის ულამაზესი ბუნების თვალწარმტაცი ხედი იშლება. აწუნთის უღელტეხილიდან (ხევსურეთი), მუცოს გავლით ბილიკი გადადის შატილში. დღე 1: სოფელი ომალო – სოფელი დართლო. დაახლოებით – 14 კმ. საშუალოდ 5-6 სთ. დღე 2: სოფელი დართლო – სოფელი გირევი. დაახლოებით – 14 კმ. საშუალოდ 4-5 სთ. დღე 3: სოფელი გირევი – ქვახიდი. დაახლოებით – 15 კმ. საშუალოდ 5-6 სთ. დღე 4: ქვახიდი – აწუნთის უღელტეხილი – დაახლოებით 10 კმ. საშუალოდ 3-4 სთ. აწუნთის უღელტეხილიდან დაახლოებით 25 კმ-ში მდებარეობს სოფელი შატილი ღამისთევა საოჯახო სასტუმროებში, ან კარავში – დასახლებულ პუნქტებში. ქვახიდში – საბანაკე ადგილზე. №4 ალაზნისთავი-ბორბალო მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ისტორიული უბანი – კესელო და ეთნოგრაფიული მუზეუმი, ფრინველებზე (ორბი და სხვა ენდემური სახეობები), ნიამორსა და ჯიხვზე დაკვირვება. გომეწრის და ალაზნისთავის ხეობების ულამაზესი ხედები მანძილი: 61 კმ ხანგრძლივობა: 3 დღე სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, მარტივი/საშუალო მარშრუტი ომალოდან იწყება და თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის – გომეწრის გავლით გადადის ალაზნისთავის ხეობაში, სადაც შეგიძლიათ ღამისთევა 12 ვიზიტორზე გათვლილ ტურისტულ თავშესაფარში. დღე 1: ომალო – ჯვარბოსელი. დაახლოებით 25 კმ. საშუალოდ 7-8 სთ. დღე 2: ჯვარბოსელი – ტურისტული თავშესაფარი. დაახლოებით 24 კმ. საშუალოდ 7-8 სთ. დღე 3: ტურისტული თავშესაფარი – ბორბალოს მთა. დაახლოებით 12 კმ. საშუალოდ 3-4 სთ. ბორბალოს უღელტეხილიდან შესაძლებელია, როგორც ხევსურეთის, ისე ფშავის მიმართულებით გზის გაგრძელება. დასახლებულ პუნქტებში ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში ან კარავში, ალაზნისთავში – ტურისტულ თავშესაფარში ან მეცხვარის ბინაში. №5 ორეთის ტბა მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფიჭვის ტყე, მეცხვარის სახლი, ორეთის ტბის ლამაზი ხედები, თოვლიანი მდელოები და მოზაიკური პეიზაჟი ადრეულ სეზონზე აყვავებული დეკის ბუჩქებით, მაღალი მთის წყაროები, ცხოველებზე, კავკასიურ როჭოზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. მანძილი: 25 კმ ხანგრძლივობა: 8-9 სთ სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, მარტივი/საშუალო ცალმხრივი მარშრუტი იწყება და მთავრდება სოფელ ომალოსთან. მარშრუტი მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან საფეხმავლო ბილიკი ადის ორეთის ტბაზე, საიდანაც თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკზე მოძრაობისას შესაძლებელია წააწყდეთ მტაცებლების (დათვი, მგელი და ფოცხვერი) კვალს. ასევე, შესაძლებელია ორნითოფაუნის (ფრინველები) წარმომადგენლებზე დაკვირვება. იმისათვის, რომ დატკბეთ ნისლში გახვეული თუშეთის სილამაზით და მთის წვერზე ამომავალი მზის ცქერით, შეგიძლიათ ერთი ღამე გაატაროთ ორეთის ტბის სიახლოვეს კარავში, ან იქვე მდებარე მეცხვარის ბინაში. №6 სიყვარულის ციხე მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს გარშემო არსებული ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე (თუშური გადმოცემების თანახმად, ვინც ამ ადგილას სიყვარულთან დაკავშირებულ სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად შეუსრულდება). მანძილი: 8 კმ ხანგრძლივობა: 3-4 სთ სირთულე: საფეხმავლო, მარტივი/საშუალო ცალმხრივი მარშრუტი იწყება და მთავრდება სოფელ ომალოსთან. მარშრუტი დაახლოებით 1.5 კმ მანძილზე შენაქოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება, რომელსაც საცალფეხო ბილიკი უერთდება და ეშვება პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მის მეორე მხარეს. აქედან კი დაახლოებით 50 მეტრში ბილიკი მარცხნივ უერთდება სიყვარულის ციხისკენ მიმავალ ბილიკს. მარშრუტზე მოძრაობისას შესაძლებელია ნიამორებსა და ფრინველებზე დაკვირვება. №7 შენაქო-აგეურთა მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს გარშემო არსებული ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, შენაქო – თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და მისი XIX საუკუნის ტაძარი, ნასოფლარი აგეურთა და მისი ციხის ნანგრევები. მანძილი: 12 კმ ხანგრძლივობა: 6-7 სთ სირთულე: საფეხმავლო, მარტივი/საშუალო წრიული მარშრუტი ომალოდან იწყება და საცალფეხო ბილიკით ეშვება პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მის მეორე მხარეს, საიდანაც ადის შენაქოს მიმართულებით. შენაქოდან ბილიკი უხვევს ხელმარჯვნივ და მიდის სოფელ აგეურთას ნანგრევებთან. აგეურთიდან ბილიკი მიუყვება მთის ფერდს ომალოს მიმართულებით. დაახლოებით 1.5 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი უერთდება მთავარ სამანქანო გზას და ბრუნდება სოფელ ომალოში. №8 დიკლო-ტუტარიკი მთავარი ღირსშესანიშნაობები: შენაქო – თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და მისი XIX საუკუნის ტაძარი; სოფელი დიკლო და ძველი დიკლოს ნანგრევები; სოფელი ჩიღო და სოფელი დართლო თავისი ღირსშესანიშნაობებით: საბჭეო (ტრადიციული სასამართლო) – ტრადიციული სამართალწარმოების უნიკალური ძეგლი; შუა საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა- საყდრები, საბრძოლო კოშკები, ტრადიციული საცხოვრებელი ციხე-სახლები; არქეოლოგიური ზონა; შთამბეჭდავი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები; ფრინველთა მრავალფეროვნება, ტრადიციული ლუდსახარშის ნახვისა და ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა. მანძილი: 30 კმ ხანგრძლივობა: 2 დღე სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, მარტივი/საშუალო მარშრუტი ომალოდან იწყება და გაივლის სოფლებს – შენაქოს, დიკლოს, ჩიღოს და სრულდება სოფელ დართლოში. სოფელ დიკლოდან სამანქანო გზით შესაძლებელია უკან დაბრუნება შენაქოში, ან ომალოში. მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ დართლოდან. დღე 1: ომალო – სოფელი შენაქო – სოფელი დიკლო – ძველი დიკლო. დაახლოებით – 16 კმ. საშუალოდ 6-7 სთ. დღე 2: სოფელი დიკლო – ტუტარიკი – სოფელი ჩიღო – სოფელი დართლო. დაახლოებით – 14კმ. საშუალოდ 6-7 სთ. დასახლებულ პუნქტებში ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში, ან კარავში. №9 ხახაბო-გოგრულთა – ჯვარბოსელი მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფლები: ხახაბო, გოგრულთა, ბუხურთა, ილიურთა თავისი XIX საუკუნის ეკლესიით; ფიჭვის ტყეები, ალპური მდელოები, ნიამორებზე დაკვირვება მანძილი: 22 კმ ხანგრძლივობა: 2 დღე სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო მარშრუტი ომალოდან იწყება და ჭანჭახოვანის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის – ხახაბოს გავლით გადადის გომეწრის ხეობაში და კვეთს სოფლებს: გოგრულთას, ბუხურთას, ილიურთას და სრულდება ჯვარბოსელში. თქვენ თვალწინ გადაშლილია გომეწრის და ჭანჭახოვანის ხეობების ულამაზესი ლანდშაფტი. მარშრუტის დაწყება, ასევე, შესაძლებელია სოფელ ჯვარბოსელიდან. დღე 1: ომალო – ხახაბო – გოგრულთა. დაახლოებით 11 კმ. საშუალოდ 6-7 სთ. დღე 2: გოგრულთა – ბუხურთა – ილიურთა – ჯვარბოსელი. დაახლოებით 11 კმ. საშუალოდ 5-6 სთ. დასახლებულ პუნქტებში ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში ან კარავში. №10 წოვათა-ალაზნისთავი ძირითადი ღირსშესანიშნაობები: წოვათის ხეობის ულამაზესი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები, ალაზნისთავის ხედები, ცხოველებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. მანძილი: 19 კმ ხანგრძლივობა: 7-8 სთ სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, მარტივი/საშუალო მარშრუტი ჯვარბოსელიდან იწყება და სამანქანო გზას მიუყვება, რომელიც შედის წოვათას ხეობაში. გაივლის სოფელ წაროს, ინდურთას და ეთელთას, საიდანაც ბილიკი შედის ხეობაში და ადის ყადორის ღელეს (3145 მ) უღელტეხილზე, საიდანაც ბილიკი ჩადის ალაზნისთავის ხეობაში. მარშრუტის დაწყება, ასევე, შესაძლებელია ალაზნისთავიდან. ღამის გათევა შესაძლებელია ალაზნისთავის ტურისტულ თავშესაფარში. წოვათას ხეობაში დარჩენის შემთხვევაში ადგილობრივ ფერმერებთან. №11 გონთაი ძირითადი ღირსშესაშენიშნაობები: უნიკალური ალპური მდელოები, პირიქითის და გომეწრის ხეობების ულამაზესი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება. მანძილი: 13 კმ ხანგრძლივობა: 6-7 სთ სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო მარშრუტი ღელეს უღელტეხილიდან იწყება, საიდანაც მიემართება გომეწრისა და პირიქითას წყალგამყოფ – მაკრატელას ქედზე გონთას მთის მიმართულებით და სრულდება ნაყაიჩოს უღელტეხილზე. მარშრუტის დაწყებიდან დაახლოებით 6 კმ-ში არის გადასახვევი, საიდანაც ბილიკი ეშვება გომეწრის ხეობაში და მიემართება სოფელ დოჭუს მიმართულებით, დაახლოებით 4 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი მთავრდება მთავარ სამანქანო გზასთან. აღნიშნული მარშრუტის გასავლელად დაახლოებით 4-5 საათია საჭირო. მარშრუტის დაწყება, ასევე, შესაძლებელია ნაყაიჩოს უღელტეხილიდან. №12 ნაყაიჩო ძირითადი ღირსშესაშენიშნაობები: უნიკალური ალპური მდელოები, პირიქითის და გომეწრის ხეობების ულამაზესი ლანდშაფტები, სოფელი დადიკურთა, ფრინველთა მრავალფეროვნება. მანძილი: 13 კმ ხანგრძლივობა: 5-6 სთ სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო. ტურისტული მარშრუტი იწყება სოფელ ფარსმასთან და სოფელ ბასოსთან. საფეხმავლო ხიდის გადაკვეთის შემდეგ ბილიკი ადის ნაყაიჩოს უღელტეხილისკენ. ნაყაიჩოს უღელტეხილიდან ბილიკი ეშვება გომეწრის ხეობაში, სოფელ დადიკურთის გავლით ჩადის სოფელ ვერხოვანში და სრულდება სოფელ ჯვარბოსელთან. მარშრუტის დაწყება, ასევე, შესაძლებელია სოფელი ჯვარბოსელიდან. დასახლებულ პუნქტებში ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში, ან კარავში. №13 დართლო – კვავლო – დანო ძირითადი ღირსშესანიშნაობები: სოფელი დართლო თავისი ღირსშესანიშნაობებით: ტრადიციული სამართალწარმოების უნიკალური ძეგლი – საბჭეო (ტრადიციული სასამართლო), შუა საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა – საყდრები, საბრძოლო კოშკები, ტრადიციული საცხოვრებელი ციხე-სახლები, არქეოლოგიური ზონა; სალოცავი სოფელ დანოში, კვავლოს საბრძოლო კოშკი და სოფლის არქიტექტურა. მანძილი: 7 კმ ხანგრძლივობა: 3-4 სთ სირთულე: საფეხმავლო, მარტივი/საშუალო წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება სოფელ დართლოსთან. დართლოდან ბილიკი ადის სოფელ კვავლოში. კვავლოდან ბილიკი მიუყვება მთის ფერდს დანოს მიმართულებით. დანოდან ბილიკი უერთდება სამანქანო გზას და ბრუნდება სოფელ დართლოში. დანართი 24. თუშეთის ზურმუხტის ტერიტორიის სტანდარტული მონაცემთა ფორმა დამტკიცებული ტერიტორია: თუშეთი – GE0000008 ფართობი 1,144.62 კმ²
ეკოლოგიური ინფორმაცია 3. ჰაბიტატის ტიპები და მათი შეჯამება:
3.2 ბერნის კონვენციით დაცული, მე-6 რეზოლუციის სახეობები
3.3 ფლორისა და ფაუნის სხვა მნიშვნელოვანი სახეობები
ტერიტორიის აღწერა 4.1 ტერიტორიის ზოგადი მახასიათებლები
4.2 ხარისხი და მნიშვნელობა A, B, C 4.3 საფრთხეები, ზეწოლა და საქმიანობების ზემოქმედება საიტზე მაღალი ეფექტის მქონე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა საიტზე
რანგი: H = მაღალი, M = საშუალო, L =დაბალი 5. ტერიტორიის დაცვის სტატუსი 5.1 დანიშნულების ტიპები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე:
6. ტერიტორიის მართვა 6.1 ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო
6.2 მართვის გეგმა: არსებობს რეალური მენეჯმენტის გეგმა:
|
დოკუმენტის კომენტარები