დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობის, მათი გამოყენების წესისა და კონტროლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 27/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.13.007.006.039 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.006.039
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8/2003
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობის, მათი გამოყენების წესისა და კონტროლის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნების სამართლიანად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქების მიზნით,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I.
1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის შესაბამისად:
ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ტელე- ან რადიოკომპანიისაგან მოითხოვოს მათი საეთერო დროის განაწილების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან;
ბ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ტელე- ან რადიო კომპანიისაგან მოითხოვოს თითოეული პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დღიური ფასიანი დროის განაწილების სქემა, ამ დროის შესაბამისი ტარიფი და აკონტროლოს აღნიშნულის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
გ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა ზედამხედველობა გაუწიოს და აკონტროლოს პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის გამოყოფილი საეთერო დროის გამოუყენებლობისას, ამ დროის თანაბრად განაწილების საკითხი და ტელე- ან რადიოკომპანიისაგან მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
2. 13 სექტემბრიდან ტელე- ან რადიოკომპანიები, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან საჯაროდ გამოაცხადონ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცენ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. 13 სექტემბრიდან – დაუშვებელია:
ა) ტელე- ან რადიოკომპანიის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საარჩევნო სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის იმ საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების სააგიტაციო დანიშნულების კომენტარებით გაშვება, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული;
ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საარჩევნო სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის სააგიტაციო ხასიათის ინტერვიუსა და/ან გამოსვლის ჩანაწერის გაშვება, გარდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროისა;
გ) ტელე- ან რადიოკომპანიის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საარჩევნო სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით გასართობი გადაცემების გაშვება;
დ) საარჩევნო სუბიექტებს ან მის წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას სააგიტაციო ხასიათის განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება, გარდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროისა;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობების შესრულების დროს, ტელე- ან რადიო გადაცემაში მონაწილეობისას სააგიტაციო ხასიათის განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება, ხოლო ტელე- ან რადიოკომპანიებს და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს ზემოთ აღნიშნული განცხადებებისა და მოწოდებების გაშუქება;
ვ) ტელე- ან რადიოკომპანიებმა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა საარჩევნო სუბიექტების ან მისი წარმომადგენლის წინასაარჩევნო სააგიტაციო გამოსვლა და პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი საეთერო დროის შუალედისა.
4. ამ დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში:
ა) პირველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ტელე- ან რადიოკომპანიას, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ეძლევა მითითება აღნიშნული დარღვევის თაობაზე;
ბ) მეორე დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა უარი უთხრას ან შეუწყვიტოს დამრღვევ ტელე- ან რადიოკომპანიას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს აკრედიტაცია და რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დარღვევის თაობაზე, ხოლო დამრღვევი პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის საკითხს იხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ღებულობს გადაწყვეტილებას განკარგულებით დამსწრეთა უმრავლესობით, რომლის გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში. საკითხი განიხილება დარღვევის გამოვლენის შემდეგ კომისიის უახლოეს სხდომაზე და გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. მასმედიის საშუალებებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს ეკრძალებათ ისეთი განცხადებები და/ან გამოსვლები, რომლებიც მოუწოდებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ, ეწევიან ძალადობისა და/ან ომის პროპაგანდას და აღვივებენ კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული პარტიის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის თხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ზესაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
მ. კოპალეიშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები