მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023753
542
29/11/2022
ვებგვერდი, 30/11/2022
280120000.10.003.023753
მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2022 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები“ (შემდგომში − სოციალური დახმარების წესი).

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) სოციალური დახმარების წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ის გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

 „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ (შემდგომში − წესი) მიზანია მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემისა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირებისთვის განკუთვნილი ფულადი სახის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) მაძიებელი – სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე პირი სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან:

დ.ა) საქართველოს მოქალაქე;

დ.ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

დ.გ) ამ წესით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაშია (შემდგომში − მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება) მოცემული.

 მუხლი 3. სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრე და ოდენობა

1. სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.

2. სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ ქალებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სოციალური დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ 55 წლის ასაკიდან.

3. ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარების ადმინისტრირება ხორციელდება მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით, სახელმწიფო პენსიისთვის განსაზღვრული ადმინისტრირების წესის შესაბამისად, ხოლო ოდენობა განისაზღვრება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ოდენობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის (ქალები − 60 წელი, კაცები − 65 წელი) მიღწევამდე, თუ არ დადგა სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სახელმწიფო პენსია დაინიშნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

5. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები („მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი: 27 02 02).

მუხლი 4. სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

1. სოციალური დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სოციალური დახმარების დანიშვნას, შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. ამ წესის ადმინისტრირების მიზნებისთვის მიწისქვეშა სამთო სამუშაოები (შახტებსა და მაღაროებში) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მაძიებლის/სოციალური დახმარების მიმღები პირის იდენტიფიცირებისა და სოციალური დახმარების ადმინისტრირების მიზნით, გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ან კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან მაძიებლის/სოციალური დახმარების მიმღები პირის პერსონალური მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია სოციალური დახმარების მისაღები უფლებრივი საკითხის დასადგენად.

4. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, მომსახურე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მუხლი 5. სოციალური დახმარების დანიშვნის, შეჩერების ან/და შეწყვეტის წესი

1. სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე მაძიებელმა განცხადება, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, უნდა წარუდგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა (სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სამუშაო ადგილის/პროფესიის, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების თარიღის მითითებით, ხოლო თუ შრომითი საქმიანობა გრძელდება − სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სამუშაო ადგილის/პროფესიის, სამუშაოს დაწყებისა და შრომითი ურთიერთობის სტატუსის (მიმდინარე) მითითებით). წარდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას/ორგანიზაციას.

3. სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.