დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2213-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.020715 |
|
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს მართვის ორგანოა საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას. 4. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით აცხადებს საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები. 5. შესარჩევი კომისია განაცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ორჯერ მეტ საბჭოს წევრობის კანდიდატს. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ საბჭოს წევრობის იმდენ კანდიდატს, რამდენი საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობაცაა. 7. თუ საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საქართველოს პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს 30 დღის ვადაში წარუდგენს ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა კანდიდატებს. 8. საბჭოს წევრს თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. საბჭოს წევრი აირჩევა 5 წლის ვადით. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 10. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს. 11. საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს: ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 40 კალენდარული დღისა; ბ) საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში − მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა. 12. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს, თუ: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; გ) აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. 13. საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა არჩევიდან 1 თვის ვადაში საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პირადი განცხადებით უარი თქვას საბჭოს თავმჯდომარის სტატუსზე. 14. თუ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, ამ მუხლით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ირჩევს საბჭოს ახალ თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. 15. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ იმავდროულად არ არსებობს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 16. პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 17. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრთაგან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 18. საბჭოს წევრს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთხელ უგრძელდება ამ მუხლით დადგენილი წესით საბჭოს წევრად მის ან სხვა პირის არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 19. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს წევრზე ამ მუხლის მე-18 პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება, თუ საბჭოს შემადგენლობაში არანაკლებ 3 წევრია დარჩენილი. 20. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა; ბ) საბჭოს წევრის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ საბჭოს წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) საბჭოს წევრის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ე) საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ვ) საბჭოს წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა; ზ) საბჭოს წევრის გადადგომა; თ) საბჭოს წევრის გარდაცვალება. 21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „ა“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო იმავე პუნქტის სხვა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრს უფლებამოსილება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე უწყდება. 22. საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე; ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი/მმართველი ორგანოს წევრი ან/და წილის/აქციების მფლობელი; გ) პოლიტიკური პარტიის წევრი. 23. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს სხდომის მონაწილე საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ხმა. 24. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საბჭოს 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 25. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 26. საბჭოს სხდომის წარმართვასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. 27. საბჭო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად იყენებს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილ პროცედურულ წესებს. 28. სააგენტოს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 29. პირი სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს, თუ: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 30. სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება ამ მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების დებულებები. 31. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება ახალი საჯარო კონკურსი. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე. 32. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ახორციელებს საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2022 წ. N2213-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები