„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17-110
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017046
17-110
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
010260050.35.101.017046
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-110

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებულ წესს (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016199) დაემატოს მუხლი 3 შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ავარიულ სახლში განთავსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების სპეციალური  წესი

1. ეს მუხლი არეგულირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ავარიულ სახლში განთავსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის წესსა და პირობებს.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ავარიულ სახლად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ე.წ. ბარაკები, რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V, IV ან III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით, შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ავარიულ სახლში განთავსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ავარიული სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია და მისი საცხოვრებლად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ასევე, თუ  ავარიულ სახლში ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის არსებობის ან ავარიული სახლის ჩამონგრევის გამო, ასეთ სახლში განთავსებული ფართის მესაკუთრე, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებლით ან საცხოვრებელი ფართით სარგებლობის  ქირის კომპენსაციით;

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი მესაკუთრის მიერ ავარიულ სახლში განთავსებული ფართის გამოთავისუფლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადმოცემის პირობით.

5. ამ მუხლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, ქონების მიმღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით აუნაზღაურდება გადასაცემი უძრავი ქონების რემონტის ხარჯები, 1 კვ.მ-ზე  286 ლარის ოდენობით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ფულადი თანხის ანაზღაურების ვადა და პირობები განისაზღვრება უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით.

6. ამ მუხლის მიზნებისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდება წინამდებარე წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -  ქონების მართვის სააგენტოში წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ, სადაც განთავსებულია ავარიული სახლი;

ბ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომლითაც დგინდება ავარიული სახლის ავარიულობის ხარისხი;

გ) ავარიულ სახლში განთავსებული ფართის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით უძრავი ქონების მიღების თაობაზე;

დ) ინფორმაცია ავარიულ სახლში განთავსებული ფართის მესაკუთრის დროებითი საცხოვრებლით ან ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხის განმხილველი ორგანო  უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა.

8. ამ მუხლის დადგენილი წესი და პირობები ვრცელდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილების მიღებამდე  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით გადაცემულ  მიწის ნაკვეთებზე წარმოშობილ უძრავ ქონებებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე