სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/4/1656
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 07/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016757
2/4/1656
07/11/2022
ვებგვერდი, 25/11/2022
000000000.00.000.016757
სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/4/1656

2022 წლის 7 ნოემბერი

ქ. ბათუმი


კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1656) მომართა სანდრო ურუშაძემ. №1656 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 5 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.

2. №1656 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს. დასახელებული პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის დედისერთა.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

5. №1656 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს მამისერთა შვილს. იგი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მშობლის სქესის ნიშნით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს დედისერთა და მამისერთა შვილებს, რადგან სადავო ნორმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება გათვალისწინებულია მხოლოდ დედისერთებისათვის. მოსარჩელის პოზიციით, სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი გამომდინარეობს თავად ნორმის ტექსტიდან. სადავო ნორმა არ იყენებს გენდერულად ნეიტრალურ ტერმინს „მშობლისერთა“, არამედ მკაფიოდ იყენებს გენდერულად მგრძნობიარე ტერმინს „დედა“. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებლის მიერ ამ გენდერულად მგრძნობიარე ტერმინის შერჩევა ნათლად მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადოს მხოლოდ ქალის და არა მამაკაცის ერთადერთ შვილს. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ ნორმის აღსრულების პრაქტიკაც, თავის მხრივ, მიუთითებს დიფერენცირებაზე დედის ერთადერთ შვილებსა და მამის ერთადერთ შვილებს შორის.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მამის ერთადერთი შვილი, ხოლო, მეორე მხრივ, დედის ერთადერთი შვილი. მოსარჩელე მხარის მითითებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, დედისერთა და მამისერთა პირები არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები, ვინაიდან მამისერთას ისევე აქვს სამართლებრივი ინტერესი, უსასყიდლო ხასიათის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად შრომით გამომუშავებული მატერიალური სახსრები მოახმაროს მარტო დარჩენილ მამას, როგორც დედისერთა წვევამდელს აქვს ინტერესი, იზრუნოს მარტო დარჩენილ დედაზე. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ ადგილი აქვს ასოციაციური ნიშნით დისკრიმინაციას, რადგან დიფერენცირების მიზეზი ხდება არა ნიშანი, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირს უშუალოდ, პიროვნულად ახასიათებს, არამედ პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ხდება მესამე პირისათვის დამახასიათებელი ნიშნის გამო.

7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ეფუძნება გენდერული როლების განზოგადების თაობაზე არსებულ არქაულ შეხედულებებს. იგი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ათავისუფლებს ყველა დედისერთა შვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან იმ შეხედულებაზე დაყრდნობით, რომ შვილის სამხედრო სამსახურში ყოფნის შემთხვევაში, ქალს არ ექნება საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა, ვინაიდან თავის სარჩენად სახსრების გამომუშავება არ არის მისი გენდერული როლის შესაბამისი ქცევა. მეორე მხრივ, სადავო ნორმა არ ათავისუფლებს მამისერთა წვევამდელებს სამხედრო სამსახურიდან, ვინაიდან მამაკაცისათვის დადგენილი გენდერული როლიდან გამომდინარე, იგი შვილის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში მოახერხებს თავის რჩენას, რამდენადაც ანაზღაურებადი მუშაობა მამაკაცის სქესისათვის დამახასიათებელი საქმეა.

8. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ გენდერული როლების თაობაზე არსებული ტრადიციული შეხედულებები ვერ გამოიწვევს დედისერთასა და მამისერთას შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული განსხვავებული მოპყრობის გამართლებას. ნორმის ისეთი მიზანი, რომელიც უზრუნველყოფს ქალის, როგორც დიასახლისის, ხოლო მამაკაცის, როგორც ოჯახის მარჩენლის ტრადიციის განმტკიცებას, არ უნდა იქნეს მიჩნეული ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც წარმოადგენს უფლების შეზღუდვის სერიოზულ, წონად და მხედველობაში მისაღებ გარემოებას.

9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმა საუბრობს მხოლოდ დედისერთობაზე, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების თვითკმარ პირობაზე. წვევამდელს არ ევალება იმის დასაბუთება, რომ დედის ერთადერთი მარჩენალია. აღნიშნულის გამო სადავო ნორმა ერთდროულად იცავს ქალებს, რომლებიც დამოუკიდებლად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, ერთადერთი შვილის მოვლას არ საჭიროებენ და, იმავდროულად, ამგვარ დაცვაზე უარს ეუბნება მამაკაცს, რომლის მარჩენალი შესაძლოა, ერთადერთი შვილი იყოს. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ გენდერულად მგრძნობიარე რეგულაციის ნაცვლად, ქალების დახმარება შესაძლებელი იქნებოდა გენდერულად ნეიტრალური კანონის მიღების გზით.

10. მოსარჩელე მხარე აგრეთვე აპელირებს საქართველოს პარლამენტის დისკრეციაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს პარლამენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, განსხვავებულად მოეპყროს წვევამდელს სქესის ნიშნით, ვინაიდან ეს ნიშანი უშუალოდ უკავშირდება წვევამდელის პიროვნებას და, საბოლოო ჯამში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას, თუმცა წვევამდელის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხის რეგულირებისას, პარლამენტის დისკრეციის ფარგლები უნდა შევიწროვდეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, წვევამდელის მშობლის სქესი არავითარ კავშირში არ არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდასთან და ის არ შეიძლება წარმოადგენდეს ვიწრო სამხედრო სპეციალიზაციის მქონე პირების შესწავლის და დაკვირვების საგანს.

11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

12. №1656 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1656 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1656 კონსტიტუციური სარჩელი („სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში