თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/1625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 07/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016750
2/6/1625
07/11/2022
ვებგვერდი, 25/11/2022
000000000.00.000.016750
თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

 მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/6/1625

2022 წლის 7 ნოემბერი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1625) მომართეს თამაზ წულაძემ და დიანა წულაძემ. №1625 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 22 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.

2. №1625 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ პენსიონერებს. მათ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უწევთ საპენსიო სესხის აღება, რასაც მაღალი საპროცენტო განაკვეთით გასცემს მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს, „ლიბერთი ბანკს“ საშუალებას აძლევს ისარგებლოს დომინირებული მდგომარეობით და შედეგად, ბანკი პენსიონერზე სესხს გასცემს მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ისინი აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია პენსიონერს დაევალოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გადახდა.

6. მოსარჩელე მხარის მითითებით, მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, პენსიონერები იძულებულები ხდებიან, ისარგებლონ ბანკის მიერ შეთავაზებული სესხით, რისი დაფარვაც მოგვიანებით ხდება ყოველთვიურად მიღებული პენსიიდან. მაღალი საპროცენტო განაკვეთი აუარესებს პენსიონერების ეკონომიკურ მდგომარეობას და იწვევს მათი ღირსების, სიცოცხლის და საკუთრების კონსტიტუციით დაცული უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას. მათ, ფაქტობრივად, გამოერიცხებათ წვდომა ისეთ პირველად საჭიროებებზე როგორებიცაა – საკვები, მედიკამენტები, ჯანდაცვა. ამასთან, სადავო ნორმით პენსიონერებისთვის, განსხვავებით სხვა მოქალაქეებისა, დადგენილია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რაც მოსარჩელეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აქცევთ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობა.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1625 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ გასცემს სესხს პენსიონერებზე.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი აწესრიგებს სესხისთვის გათვალისწინებულ პროცენტს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ „მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი“. აღნიშნული რეგულაცია მხარეებს საშუალებას აძლევს, ურთიერთშეთანხმების გზით, თავად განსაზღვრონ სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. მოსარჩელე სადავოდ ხდის ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“. ნათელია, რომ სადავო ნორმით დადგენილია სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. იგი მოსარჩელეებს იცავს სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-ზე მეტი ოდენობით დადგენისგან. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა (კონკრეტული ბანკის მიერ პენსიონერებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაღალი ოდენობა) მომდინარეობს არა გასაჩივრებული რეგულაციიდან, არამედ იმ ზოგადი ნორმიდან, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული მზღუდავი ხასიათი.

4. დამატებით, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, თანასწორობის უფლების „მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).

5. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით პენსიონერებისთვის, განსხვავებით სხვა მოქალაქეებისა, დადგენილია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აქცევთ.

6. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა თავისი შინაარსით ნეიტრალური ბუნებისაა და მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი სუბიექტების მიმართ იგი არ ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული რეგულაცია განსაზღვრავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ერთნაირია ნებისმიერი პირისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა თუ ამა თუ იმ კატეგორიის კუთვნილებისა. ამდენად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმით არ ხდება განსხვავებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ჯგუფების მიმართ.

7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1625 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენ:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1625 კონსტიტუციური სარჩელი („თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

 

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში