ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/13/1623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016744
3/13/1623
04/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016744
ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/13/1623

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“ და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1623) მომართეს ვასილ ჟიჟიაშვილმა და გიორგი გოცირიძემ. №1623 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 22 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1623 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული სიტყვები ადგენს კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის/მოსარჩელეების ხელმოწერის ვალდებულებას. ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად არმიღების ერთ-ერთ საფუძველს. კერძოდ, დასახელებული დებულების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით კი დაცულია პირის უფლება, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით.

5. №1623 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, სადავო ნორმების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერს არა უშუალოდ მოსარჩელე, არამედ მისი წარმომადგენელი, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად. შესაბამისად, ფიზიკურ პირს არ აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სარჩელით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი იმყოფება საზღვარგარეთ ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სარჩელზე მისი უშუალო ხელმოწერა დაკავშირებულია დამატებით სირთულეებთან.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ხასიათისაა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ისინი განსხვავებულად გამოიყენება. კერძოდ, იურიდიულ პირს შეუძლია მინდობილობის საფუძველზე, წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო ფიზიკურ პირს მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნია, შედეგად, სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არსებითად თანასწორი ინტერესები აქვთ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, დიფერენცირებას ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირებს შორის.

7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, დიფერენცირება არ ხასიათდება მაღალი ინტენსიურობით, თუმცა მოკლებულია რაციონალურ ახსნას, შესაბამისად, სახეზეა დისკრიმინაციული მოპყრობა და სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

8. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს უზღუდავს წარმომადგენლის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის თავად წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ხდება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს არა მხოლოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზში წარმომადგენლის მიერ პირის დაცვას, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებასაც.

10. ამდენად, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, იურიდიული პირისაგან განსხვავებით, ფიზიკური პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის უშუალოდ მოსარჩელის მიერ ხელმოწერა წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას. შესაბამისად, თუ მოსარჩელე ფიზიკური პირის ნაცვლად კონსტიტუციურ სარჩელს ხელს მოაწერს მისი წარმომადგენელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიჩნევს, რომ სადავო ნორმით ფიზიკურ პირებს, იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, ეზღუდებათ წარმომადგენლის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების ერთ-ერთ პირობას, კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი არ იქნება მიღებული არსებითად განსახილველად, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სადავო ნორმის შინაარსი აღნიშნული მითითებით ამოიწურება. იგი თავად არ განუსაზღვრავს მოსარჩელეს კონკრეტულ ვალდებულებებს, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის ფორმალური ან შინაარსობრივი გამართულობისთვისაა აუცილებელი. აღნიშნული ვალდებულებები განსაზღვრულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის შესაბამისი დებულებებით. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ფორმალური ან შინაარსობრივი ხასიათის ვალდებულება, მისი კონსტიტუციურობის შეფასება უშუალოდ ამ ვალდებულების დამდგენი ნორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

5. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია კონსტიტუციურ სარჩელზე ფიზიკური პირის ხელმოწერის სავალდებულოობა. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულება, როგორც კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების აუცილებელი წინაპირობა, სადავო ნორმიდან ვერ იქნება ამოკითხული. არამედ, მოსარჩელე მხარემ უნდა გაასაჩივროს ის ნორმა, რომელიც უშუალოდ ადგენს ასეთ მოთხოვნას. მოცემულ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისას, ფიზიკური პირის ვალდებულებას, თავად მოაწეროს ხელი კონსტიტუციურ სარჩელს, ადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება, რომელიც ასევე არის გასაჩივრებული წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსს და მისი არგუმენტაცია აღნიშნულ ნორმას არ მიემართება.

6. ამდენად, №1623 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. მოსარჩელე მხარე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“ არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით.

8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე იზღუდება, ერთი მხრივ, ფიზიკური პირის უფლება წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად წარმომადგენლის უფლება დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მიზნად ისახავს „პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში აერთიანებს პირის მრავალ საპროცესო შესაძლებლობასა თუ გარანტიას, მისი შემადგენელი უფლებრივი კომპონენტები შესაძლოა დაცული იყოს დასახელებული მუხლის სხვადასხვა პუნქტში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგად რეგლამენტაციას და თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ზოგიერთი პუნქტი ვიწროდ მიმართულად იცავს პირის ამა თუ იმ საპროცესო გარანტიას, შესაბამისად, მიუთითებს კონსტიტუციის ნებაზე, რომ ხსენებული უფლებრივი კომპონენტის შინაარსი და ფარგლები სწორედ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე განისაზღვროს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69).

11. სადავო ნორმის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ. კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერის არარსებობის ფაქტი წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავალდებულო ხელმოწერის მოთხოვნის შეუსრულებლობა ფიზიკური პირებისათვის შეუძლებელს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას, უზღუდავს მათ ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელმისაწვდომობას წარმომადგენლის მეშვეობით.

12. სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი რეგლამენტაციისა და ერთგვარი შემავსებელი ფუნქციის გარდა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სხვადასხვა საპროცესო გარანტიების დაცვაზე ვიწროდ მიმართული დამოუკიდებელი შინაარსიც. კერძოდ, თავად კონსტიტუციური დებულების ფორმულირებიდან აშკარაა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება დაცულია სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულია ზოგადად დაცვის უფლება, ხოლო ამ ნორმის სხვადასხვა დებულება, მათ შორის, მე-2 წინადადება, დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობისა და ამ უფლების ეფექტური განხორციელებისკენაა მიმართული.

13. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით ფიზიკურ პირებს ეზღუდებათ უფლება, წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, როგორი სახითაც არ უნდა განხორციელდეს იგი, იქნება ეს პირადად, თუ ადვოკატის ან წარმომადგენლის მეშვეობით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით და არა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით. ცხადია, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, თავისთავად გამოირიცხება პირის მიერ მთელი რიგი საპროცესო უფლებებით, მათ შორის, დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, როგორც სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტი, თუმცა აღნიშნული დაშვება ვერ შეცვლის სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის მიზანმიმართულებას და შესაძლებელს ვერ გახდის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თითოეულ ამ საპროცესო უფლებასთან მიმართებით შემოწმებას.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1623 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

15. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

16. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

17. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა პრაქტიკაში იწვევს დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. კერძოდ, ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ საკუთარი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო იურიდიულ პირებს გააჩნიათ აღნიშნული შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირებს, იურიდიული პირების მსგავსად აქვთ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის ყოლის უფლება და გააჩნიათ თანაბარი ინტერესი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები მოცემულ სამართალურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, ხოლო სადავო ნორმით დადენილი დიფერენცირებული მოპყრობა არ ექვემდებარება ლოგიკურ და რაციონალურ გამართლებას.

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი „არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას ... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევებში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს ... ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“).

19. განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სხვაობა ეფუძნება იმ ფაქტობრივ და ობიექტურ მოცემულობას, რომელიც მათი ბუნებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ფიზიკური პირების შემთხვევაში, სუბიექტს, როგორც წესი, შეუძლია უშუალოდ გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი ნება კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერით ისე, რომ მას ამისათვის არ სჭირდება სხვა, მესამე პირის (წარმომადგენლის) დახმარება, მაშინ, როდესაც იურიდიულ პირს ამის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერის მეშვეობით იურიდიული პირის ნების გაცხადება, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის თაობაზე, ყოველთვის საჭიროებს სხვა, მესამე პირის (წარმომადგენლის) შემოყვანას ამ სამართლებრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა, იურიდიული პირების შემთხვევაში, მოსარჩელის ხელმოწერად მოიაზრებს იმ პირის ხელმოწერას, რომელიც უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელი წარადგინოს იურიდიული პირის სახელით. ფიზიკური პირის შემთხვევაში მსგავსი დაშვება არ გამომდინარეობს სადავო ნორმის შინაარსიდან და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში წარმომადგენლობის ინსტიტუტის ბუნებიდან, შესაბამისად, ფიზიკური პირის შემთხვევაში, მოსარჩელის ხელმოწერის ცნების ქვეშ, თავისთავად, ვერ იქნება მოაზრებული მისი წარმომადგენლის ხელმოწერა. ამდენად, მათი განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ხელმოწერის კონტექსტში, ნების უშუალოდ გაცხადების ობიექტური შეუძლებლობა, განასხვავებს იურიდიულ პირებს ფიზიკური პირებისაგან და გამორიცხავს მათ არსებითად თანასწორ სუბიექტებად მიჩნევას სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის ფარგლებში.

20. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირებისთვისაც შესაძლოა გართულებული იყოს კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერა. მაგალითად, როდესაც ფიზიკური პირი იმყოფება საზღვარგარეთ ან პენიტენციურ დაწესებულებაში. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში, შესაძლოა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერა უშუალოდ მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ მართლაც იყოს დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან, თუმცა იმისათვის, რომ მოცემულ საქმეზე ფიზიკური პირები იურიდიულ პირებთან მიმართებით არსებითად თანასწორ სუბიექტებად ჩაითვალონ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, ფიზიკური პირების მიერ კონსტიტუციური სარჩელის უშუალოდ ხელმოწერის შეუძლებლობა, როგორც ეს ხდება იურიდიული პირების შემთხვევაში. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ჩამოთვლის შემთხვევებს, როდესაც შესაძლოა, ფიზიკური პირებისათვის კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერა იყოს გართულებული, რაც, თავისთავად, არ ნიშნავს მათ მიერ სარჩელზე ხელმოწერის შეუძლებლობას. შესაბამისად, დასახელებული შემთხვევები ვერ გამოდგება მოცემულ საქმეზე ფიზიკური და იურიდიული პირების არსებითად თანასწორ სუბიექტებად წარმოჩენისათვის საკმარის არგუმენტად.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1623 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1623 კონსტიტუციური სარჩელი („ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში