ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ და ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ და ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/10/1554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016741
3/10/1554
04/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016741
ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ და ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/10/1554

2022 წლის 4 ნოემბერი

  ბათუმი

 

  

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ და ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-17 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1554) მომართეს ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ და ცირა ჯავახიშვილმა. №1554 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2020 წლის 2 დეკემბერს. №1554 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1554 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლი ადგენს, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელ ზოგიერთ წესსა და ვადას. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობრივ თანაფარდობას, მე-3 პუნქტი აწესრიგებს მანდატების განაწილების საკითხს, მე-4 და მე-5 პუნქტები არეგულირებს მანდატების განაწილებასთან დაკავშირებულ ნიუანსებს, მე-7 პუნქტი ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს, მე-8 და მე-9 პუნქტები შეეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ხოლო მე-17 პუნქტი შეიცავს 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გამოსაყენებელ დათქმებს.

4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.

5. №1554 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2020 წლის 29 ივნისის კონსტიტუციური კანონი, რომლის საფუძველზეც სადავო ნორმა ჩამოყალიბდა, გამოქვეყნებული არ არის. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნება ის სავალდებულო პროცედურაა, რომლის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიული ძალა ვერ მიენიჭება. შესაბამისად, რამდენადაც 2020 წლის 29 ივნისის კონსტიტუციურ კანონს არ აქვს იურიდიული ძალა გამოქვეყნების სავალდებულო მოთხოვნის დაუცველობის გამო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 196-ე მუხლი არაკონსტიტუციურია.

6. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის განმაპირობებელია ის გარემოებაც, რომ 2020 წლის 29 ივნისის კონსტიტუციური კანონი მიღებულ იქნა კონსტიტუციის 77-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელეების მტკიცებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ არის შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.

7. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმაზეც, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლი, საკონსტიტუციო ცვლილებების აღსასრულებლად, მიღებულ იქნა 2020 წლის 2 ივლისს. მოსარჩელეები თვლიან, რომ, რამდენადაც კონსტიტუციური კანონი, რომლის საფუძველზეც ხსენებული მუხლი ჩამოყალიბდა, 2020 წლის 29 ივნისის იქნა მიღებული, ის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაცემული ვერ იქნებოდა. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარდა, რამაც შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების უფლება, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და გაეკეთებინათ სასურველი არჩევანი.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-17 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.

9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მოცემულ სარჩელთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1554 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-17 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სადავოდ გამხდარი პუნქტები ადგენს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელ წესებს. მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა დაკავშირებულია „„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 29 ივნისის №6500-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნებისა და მისი მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლით დადგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის მოთხოვნების დარღვევასთან. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ხსენებულ კონსტიტუციურ კანონს არ გააჩნია იურიდიული ძალა, რის გამოც, მის აღსასრულებლად მიღებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის სადავოდ გამხდარი პუნქტები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

3. №1554 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც უშუალოდ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის სადავოდ ქცეული პუნქტების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ იქნებოდა მიმართული. მოსარჩელეების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ უკავშირდება თავად სადავო ნორმის ფორმალური ან/და მატერიალური კონსტიტუციურობის საკითხს. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ კონსტიტუციური კანონი, რომლის საფუძველზეც სადავო ნორმა ჩამოყალიბდა, არ იყო მიღებული კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვით - არ ყოფილა დამტკიცებული მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ და არ მომხდარა მისი გამოქვეყნება.

4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხს აწესრიგებს, ადგენს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის რამდენიმე გზას. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი expressis verbis მიუთითებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტის მიერაც. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ კანონს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ის საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა. მოცემულ შემთხვევაში, „„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 29 ივნისის №6500-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს პარლამენტმა სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულირების ფარგლებში მიიღო. ამდენად, ამ მხრივ, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.

5. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ კანონს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი. თავის მხრივ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს“. შესაბამისად, იმისათვის, რათა ნორმატიული აქტი გამოქვეყნებულად ჩაითვალოს, იგი განთავსებული უნდა იყოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ მათი მხრიდან 2020 წლის 29 ივნისის №6500-რს კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნების მოთხოვნის დარღვევად არის აღქმული ის ფაქტი, რომ მისი სრული ტექსტი, კოდიფიცირებული სახით, უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს არ ახლავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტის, მათ შორის, კონსტიტუციაში ცვლილებების შემტანი კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია მისი საჯაროდ განთავსება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. შესაბამისი ცვლილებების იურიდიული ძალმოსილებისათვის რელევანტური არ არის, მოხდება თუ არა მისი უშუალო კოდიფიცირება ძირითად აქტში, რამდენადაც აღნიშნული დიდწილად საკანონმდებლო ტექნიკის საკითხს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ „„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 29 ივნისის №6500-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონი ხელმისაწვდომია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და, ამდენად, მისი გამოქვეყნების მოთხოვნა დაცულად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, ახლავს თუ არა მისი სრული ტექსტი უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტს.

6. საკონსტიტუციო სასამართლო, აგრეთვე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში 196-ე მუხლის ასახვის დროისათვის - 2020 წლის 2 ივლისისათვის, 2020 წლის 29 ივნისის №6500-რს კონსტიტუციური კანონი ხელმოწერილი ვერ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ხსენებული კონსტიტუციური კანონი ძალაში 2020 წლის 29 ივნისს სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერისა და აქტის გამოქვეყნების შემდეგ შევიდა, რასაც ადასტურებს აღნიშნულ აქტზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა, ხელმოწერის თარიღად მითითებული 2020 წლის 29 ივნისი და მითითება მის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებაზე, რაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ასახული მონაცემების მიხედვით, სწორედ 2020 წლის 29 ივნისს განხორციელდა.

7.  მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში აპელირებს იმაზეც, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარდა, რამაც შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებული ძირითადი უფლება. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმის შინაარსი ამოიწურება საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელი ზოგადი წესების რეგლამენტირებით. კონკრეტული არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება ხსენებული ნორმის რეგულირების მიღმაა. შესაბამისად, ამ მხრივ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1554 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1554 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“ და ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში